რატომ არ მიიჩნევს ობამას განცხადებას საგანგაშოდ და ვისი აბეზარი თაყვანისმცემლების მოგერიება უხდებოდა დავით ზალკალიანს
საგარეო პოლიტიკის ცხელ საკითხებზე, გამოწვევებსა და თავისი ცხოვრების გზის საინტერესო ეპიზოდებზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი გვესაუბრება.
- ახლახან ჟენევის შეხვედრების მორიგი რაუნდი დასრულდა, რომელზეც საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდით. რა კონკრეტული შედეგი მოჰყვა მას? ხშირად ამბობენ, რომ ამ მოლაპარაკებებს ხელშესახები არაფერი მოაქვს...
- ჟენევის ფორმატი ერთადერთია, სადაც საერთაშორისო თანამეგობრობის თანდასწრებით ხდება ყველაზე მწვავე საკითხების განხილვა ოკუპირებულ ტერიტორიებთან, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით. მოლაპარაკებების ეს ფორმატი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესასრულებლად შეიქმნა და სამი ძირითადი მიმართულებაც განისაზღვრა, - ძალის გამოუყენებლობა ორივე მხრიდან, დევნილთა დაბრუნების საკითხი და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის ამოქმედება. ახლახან ამ შეხვედრების 27-ე რაუნდი გაიმართა. ჩვენი ხელისუფლების მონაწილეობით ეს მე-6 რაუნდი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, კონკრეტული შედეგი თითქოს არ ჩანს, მისი შენარჩუნება აუცილებელია, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობის თანდასწრებით ვურთიერთობთ რუსეთთან და ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლებთან - აფხაზებთან და ოსებთან პრობლემურ საკითხებზე ვმსჯელობთ. ამას ადასტურებს თუნდაც ის, რომ ამ ხნის მანძილზე მათი მხრიდან რუსეთის ორკესტრირებითა და აფხაზეთისა და ცხინვალის წარმომადგენლების შესრულებით, არაერთხელ ჰქონდა ადგილი ფორმატის შეცვლის მცდელობას. ორივე დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, მათი სტატუსი ამაღლდეს და ისეთივე იყოს, როგორიც ჟენევის პროცესის სრულფასოვანი მონაწილეების - საქართველოს, აშშ-ის, რუსეთისა და თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციების.
- ამის გამო შეწყდა ჟენევის მოლაპარაკებები რამდენჯერმე?
- საქართველოს მხრიდან ფორმატის ჩაგდების მცდელობა არ ყოფილა, მის დაკნინებას ისინი ცდილობენ, ვის ინტერესშიც არაა ეს მოლაპარაკებები. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, გაერო და ეუთო ამას კატეგორიულად არ ეთანხმებიან. ბოლო რაუნდი ამ მხრივ ყველაზე სტაბილური რაუნდი იყო; ჩვენ მუდმივად ვითხოვთ რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებას, საქართველომ ეს ვალდებულება 2-ჯერ აიღო, ახლა ჯერი რუსეთზეა. ეს ნაბიჯი თუნდაც უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარეა მნიშვნელოვანი, რომელმაც, ფაქტობრივად, თავდაყირა დააყენა ევროპული უსაფრთხოების მთელი სისტემა, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის როლი, დასავლეთი საგონებელშია, არ იცის, რა დაუპირისპიროს რუსეთის აგრესიას.
- ამ სიტუაციაში რამდენად პერსპექტიულია რუსეთთან წარმოებული დათმობის პოლიტიკა? მით უმეტეს, რომ კარასინ-აბაშიძის შეხვედრა უკვე რამდენჯერმე გადაიდო?
- ჩვენი ხელისუფლების ამოცანა ევროატლანტიკურ სწრაფვასთან ერთად რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაცია, განმუხტვა იყო. პირველ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სავაჭრო, კულტურული ურთიერთობები, მიმოსვლა... აბაშიძე-კარასინის შეხვედრები ჟენევის ფორმატისგან მკაფიოდ გავმიჯნეთ და რამდენიმე რაუნდის შემდეგ კონკრეტულ შედეგებამდეც მივედით: ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზარი გაიხსნა, გაიზარდა ქვეყნიდან ექსპორტი, გააქტიურდა მიმოსვლა, კულტურული კავშირები, გადაიდგა საკმაოდ მტკივნეული ნაბიჯი სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ეს არ გახლდათ ადვილად მისაღები გადაწყვეტილება, მაგრამ რუსეთისთვის არ უნდა მიგვეცა მცირე საბაბიც კი იმის სათქმელად, რომ საქართველო ხელს უშლის რეგიონში სტაბილურობის მიღწევას. ამასთან, ამერიკელების, ევროპელების მხრიდან ამ ნაბიჯს დადებითი შეფასება მოჰყვა. დესტრუქციის მცდელობები იქნება, - თუნდაც მავთულხლართების გაბმა, მაგრამ არჩეულ გზაზე უარი არ უნდა ვთქვათ.
- რა კეთდება იმისთვის, რომ სამხრეთ ამერიკისა და ოკეანეთის ქვეყნების მიერ აფხაზეთისა და ოსეთის აღიარების პროცესი არ გაგრძელდეს? არის თუ არა ეს აღიარებები ქართული დიპლომატიის სისუსტის ნიშანი?
- აუღიარებლობის პოლიტიკის გაგრძელება საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებმაც აღიარეს ან შესაძლოა, მომავალში აღიარონ ეს ე.წ. რესპუბლიკები. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისას, 5 ქვეყანას ჰყავდა ეს რეჟიმები აღიარებული: ვენესუელას, ნიკარაგუას, ვანუატუს, ტუვალუსა და ნაურუს. დღეისათვის ორმა მათგანმა - ტუვალუმ და ვანუატუმ უკან წაიღო აღიარება და ამ მიმართულებით საქმიანობას ვაგრძელებთ. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ აფხაზმა და ოსმა თანამოძმებმა დაინახონ, რა უპერსპექტივოა ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად ჩამოყალიბება. ამაზე ყველა ქვეყანასთან ვმუშაობთ, დიდთან თუ პატარასთან, რადგან ყველას ერთი ხმა აქვს, რომელიც ხშირად გადამწყვეტია. ვმუშაობთ როგორც წყნარი ოკეანის რეგიონში, ისე აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში.
- ნიკარაგუასა და ვენესუელასთან თუ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა?
- ამ ეტაპზე არ გვაქვს მათთან დიპლომატიური ურთიერთობა. რაც შეეხება ურთიერთობას ლათინური ამერიკის ზოგიერთ სახელმწიფოსთან, აქ არის ობიექტური და სუბიექტური ფაქტორები, - მათ დღევანდელ ხელისუფლებასთან, პოლიტიკურ ლიდერებთან რთულია მუშაობა, მაგრამ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ამ მიმართულებით წინსვლა გვქონდეს.
- ნატო-ს უელსის სამიტის წინ გაჩნდა მოლოდინი საქართველოსთვის მაპ-ის, წევრობის სამოქმედო პროგრამის მინიჭებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერ პრეზიდენტ ობამას მინიშნებამ და ახლა ალიანსის სპეციალური წარმომადგენლის - აპატურაის სიტყვებმა, რომ "ქართველებმა მოვლენებს არ უნდა გაუსწრონ", ეჭვები გააჩინა. რეალურად, გვაქვს მაპ-ის მიღების შანსი?
- ეს წელი ძალზე მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. ველით, რომ ნატო-ს სექტემბრის სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნები აღიარებენ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია როგორც დემოკრატიული რეფორმების, თავისუფალი არჩევნების, ისე გლობალურ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანის თვალსაზრისით. ეს ახლახან ჩატარებულ ნატო-ს მინისტერიალზეც აღიარეს და აღნიშნეს, რომ ქვეყანა იმსახურებს, მიღწეული პროგრესი მომავალ სამიტზე აისახოს. არცOობამას განცხადება უნდა აღვიქვათ დრამატულად. ყველამ ვიცოდით, რომ უელსის სამიტზე ნატოს წევრი არ გავხდებოდით. რაც შეეხება მაპ-ის მიღებას, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ახლა ჯერი ნატო-ს წევრ ქვეყნებზეა, საბოლოო გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ.
- შესაძლებელია თუ არა, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებმა - ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებებმა, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პროკურატურაში დასაკითხად დაბარებამ, სასამართლოს გამჭვირვალობასთან დაკავშირებულმა კითხვებმა, ამ პროცესს ხელი შეუშალოს?
- ეს პროცესები საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, ღიად მიმდინარეობს. ეუთო აკვირდება ყველა გახმაურებულ სასამართლო პროცესს. ასევე, ევროკავშირს ჰყავს სპეციალური წარმომადგენელი თომას ჰამერბერგი, რომლის რეკომენდაციებს, მითითებს ვითვალისწინებთ; ამ თემებზე საუბრისას დასავლელ პარტნიორებს ვეუბნებით, რომ კანონი უზენაესია და მასზე მაღლა არავინ დგას. მათ შორის - ყოფილი თუ ახლანდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები. ყველა კითხვაზე, გახმაურებულ საქმეზე საბოლოო პასუხს სასამართლო გასცემს, რომელიც დღეს ბევრად გამჭვირვალე და დემოკრატიულია, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს.
- ახლა უფრო მსუბუქ თემებზე გადავიდეთ, - ცოტა რამ გვითხარით თქვენი გვარის წარმოშობაზე, საკმაოდ იშვიათი გვარია...
- წარმოშობით სვანეთიდან, სოფელ კალადან ვართ. ძალზე მცირერიცხოვანი გვარია, მერე მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოსახლდა ლეჩხუმში, ჩემს ბებია-ბაბუასაც ლეჩხუმში, სოფელ ორბელში ჰქონდათ სახლი. ზალკალიანები ცხოვრობენ რაჭაში, კახეთში, ქართლშიც. რაკი დიდი გვარი არ არის, ყველანი ერთმანეთის ნათესავები ვართ და ვცდილობ, ყველასთან მქონდეს კავშირი. თუმცა, ცხოვრების სწრაფი ტემპიდან გამომდინარე, ძნელია და ამის საუკეთესო საშუალება "ფეისბუკია", რომელმაც ბევრ ჩემს მოგვარესთან დამამეგობრა. კარგი იქნება, თუ ზალკალიანების გვარის შეკრებაც მოხერხდება, როგორც სხვა გვარების წარმომადგენლები იკრიბებიან. რაც შეეხება ჩემს ოჯახს, მშობლები ახლა არ მუშაობენ, პენსიონერები არიან. მამა - მურთაზ ზალკალიანი ეკონომისტია, თანამდებობებიც ეკავა, - ცეკავშირის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ვაჭრობის მინისტრი იყო, პარლამენტის წევრიც გახლდათ. დედა - დოდო ფრუიძე მეღვინეა, ინჟინერ-ტექნოლოგი. ჩემი უფროსი ქალიშვილი, ნინო, 20 წლისაა, პრაღის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მესამე კურსელია, მისი მომავალი სპეციალობა საერთაშორისო მედია და კომუნიკაციებია. საერთაშორისო კონფლიქტები აინტერესებს, წერს კიდეც და როგორც მეუბნებიან, კალამიც უჭრის. უმცროსი, სოფიო, 17 წლისაა, ახლა დაამთავრა ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია და სწავლის გაგრძელება მასაც უცხოეთში უნდა, გაგზავნა კიდეც რამდენიმე უნივერსიტეტში თავისი საგამოცდო ტესტების შედეგები, 4-5 უნივერსიტეტიდან დასტურიც მოუვიდა, მაგრამ ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული. ველოდებით, რომ მნიშვნელოვანი დაფინანსებაც მიიღოს. სოფიოს უფრო ეკონომიკა აინტერებს.
- შვილებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ, გახსნილები არიან გოგონები მამასთან?
- ჩვენმა ოჯახმა მნიშვნელოვანი წლები გაატარა საზღვარგარეთ, 1996 წლიდან 2009 წლამდე სხვადასხვა საელჩოში ვმუშაობდი. Uუფროსი გოგონა 3 წლის იყო, უმცროსი - სამი თვის, როცა ავსტრიაში ჩავედით. მე და ჩემი ცოლი ძალზე ახალგაზრდები ვიყავით და ეს ჩვენი ოჯახისთვის პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი იყო. პირველ ხანებში ძალიან გაგვიჭირდა, ხან დედაჩემი ჩამოდიოდა დასახმარებლად, ხან - ჩემი მეუღლის დედა. თუმცა, ვთვლი, რომ ჩვენი ოჯახის სიმყარისთვის ეს წლები ძალზე მნიშვნელოვანი იყო. ბავშვებსაც გაუჭირდათ - უცხო გარემო, უცხო ენა. მათი პირველი უცხო ენა გერმანული გახლდათ, თუმცა, ჩემი ცოლი სახლში ქართულად ელაპარაკებოდა, ქართულ წიგნებს უკითხავდა, რომ ენა კარგად სცოდნოდათ.Mმერე ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავედით და ინგლისურენოვან სამყაროში აღმოჩნდნენ, თუმცა ბავშები ენებს ადვილად სწავლობენ და ეს ბარიერიც გადალახეს. ახლა ორივე ენა ისე იციან, როგორც ქართული. მინდა, გულწრფელები იყვნენ ჩემთან, რამდენადაც გოგონა შეიძლება მამასთან გახსნილი იყოს. ჩემი საზრუნავი ეს არის.
- მეუღლე სად გაიცანით?
- ჩემი მეუღლე, თამუნა ქემოკლიძე ინგლისური ენის სპეციალისტია. ახლა კონსერვატორიასთან არსებული სკოლის დაწყებით კლასებს ასწავლის. ბავშვობა ერთად გავატარეთ, მეზობლები ვიყავით, მაგრამ ერთმანეთის მიმართ სიმპათია გვიან გავაცნობიერეთ, უკვე სტუდენტობის მიწურულს. 25 წლისები ვიყავით, როცა ოჯახი შევქმენით.
- ვინ არიან თქვენი უახლოესი მეგობრები, კლასელები, თანაკურსელები...
- დიდი სამეგობრო მყავს. თბილისის პირველი საშუალო სკოლა მაქვს დამთავრებული, ბევრი ჩემი სკოლელი დღეს ხელისუფლებაშია. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩემზე ერთი კლასით დაბლა სწავლობდა. ასევე, მისი მრჩეველი, ვანო მაჭავარიანი. კლასელებიდან ჩემი უახლოესი მეგობრები არიან დათო ქოიავა, პროფესიით არქიტექტორი, გიორგი ხარაბაძე, პავლე გრძელიშვილი, რომელი ახლა ამერიკაში ცხოვრობს. ჩემი უფროსი მეგობარი იყო ლევან მიქელაძე, რომელთან ერთადაც დიდხანს ვმუშაობდი და განსაკუთრებული როლი ითამაშა ჩემს დიპლომატად ჩამოყალიბებაში. ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელმაც 2007 წლის 7 ნოემბრის გამო ელჩობაზე უარი თქვა. გარკვეულწილად ამანაც განაპირობა, რომ მისმა უმცროსმა მეგობრებმა - ირაკლი ალასანიამ, ბუკა პეტრიაშვილმა, ვიქტორ დოლიძემ და მე მოგვიანებით იგივე ნაბიჯი გადავდგით და პოლიტიკაში წავედით. ახლო მეგობრობის გარდა, ჩვენ საერთო ღირებულებებიც გვაერთიანებს. ჩემი თანაკურსელია პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილიც.
- ბავშვობაში პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ვოკალურ კვარტეტში მღეროდით, რომელიც მაშინ "მზიურზე" არანაკლებ პოპულარული იყო...
- სასახლეში ვოკალის ცნობილ პედაგოგთან, შურა ჯანელიძესთან დავდიოდი, კვარტეტში სამი გოგო და ერთი ბიჭი ვიყავით. განსაკუთრებით პოპულარულები მას შემდეგ გავხდით, რაც რეჟისორმა, ზაალ კაკაბაძემ ჩვენი მონაწილეობით გადაიღო ფილმი - "ინოლა გურგულიას საბავშვო სიმღერები". მანვე გადაიღო "მზიური" და "მღერის მართვე". ინოლას შესანიშნავ სიმღერებს ვასრულებდით, პედაგოგი გიული დარახველიძე იყო. გადაღებები აფხაზეთში - ბიჭვინთაში, რიწის ხეობაში გვქონდა, ეს ჩვენი ბავშვობის ლამაზი ზღაპარია. მიხარია, რომ ჩემს კვარტეტელ მეგობრებთან - ია ლევანიშვილთან, ნინიკო ნაცვლიშვილთან და ხათუნა გაბისიანთან დღემდე ვმეგობრობ, ჩვენი შვილებიც მეგობრობენ. ძალიან ლამაზი გოგონები იყვნენ, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდათ, ერთი ბიჭი ვიყავი და ყველას ეგონა, რომ რომელიმე მათგანთან სასიყვარულო ურთიერთობა მქონდა. არადა, მსგავსი არაფერი ყოფილა. იყო გაუთავებელი ზარები და ახსნა-განმარტება, მათი აბეზარი თაყვანისმცემლების დამშვიდება მიწევდა. მერე ისე მოხდა, რომ მათ ჩემზე ადრე შექმნეს ოჯახები, ყველა "დავაბინავე" და მერე მივხედე საკუთარ თავს.
ნინო კვიტაშვილი