პოლიტიკურ "სუფრაზე" "ნაცების" "დაშლა-არმოშლა" თუ ახალი კვარტეტის "ნადიმის" დასაწყისი - გზაპრესი

პოლიტიკურ "სუფრაზე" "ნაცების" "დაშლა-არმოშლა" თუ ახალი კვარტეტის "ნადიმის" დასაწყისი

ერთ დროს "ნაციონალური მოძრაობის" უერთგულესი პარტმუშაკები - გოგა ხაჩიძე, ზურაბ ჯაფარიძე, პავლე კუბლაშვილი და გიორგი მელაძე დამოუკიდებლობის დღეს დამოუკიდებლები შეხვდნენ და ერსა და "ნაციონალურ მოძრაობას", ყველას გასაკვირად, ეს დღე ასე "დამოუკიდებლად" "მიულოცეს". "მთავარი ოპოზიციური ძალის" გამოკვეთილი ლიდერ-აქტივისტების წასვლამ საზოგადოებაში სხვადასხვაგვარი ეჭვი, თავად პარტიაში კი, რა თქმა უნდა, უარყოფითი რეაქცია და წყენა გამოიწვია. ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი "კვარტეტის" მიერ გადადგმულ ნაბიჯს აფასებს:

- "ნაციონალურ მოძრაობას" განრიდებული კვარტეტი არ გახლავთ პირველი ჯგუფი, რომელმაც ეს პარტია დატოვა. კარგად გვახსოვს, გასულ შემოდგომაზე, "ნაციონალ" მაჟორიტართა ათეული, რომელიც მილიონერებით იყო დაკომპლექტებული, რა დიდი სიმშვიდით გადაბარგდა "ქართულ ოცნებაში" და მმართველ პოლიტიკურ კოალიციას პარლამენტში უმრავლესობა შეუნარჩუნა. რატომღაც, შემოდგომაზე რაიმე საჯარო წუხილი არ გამოთქმულა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისგან, რაც შეიძლება იმასაც ნიშნავდეს, რომ მილიონერ "ნაციონალებს" საკუთარი თავის ამ პარტიიდან გამოსყიდვა ძვირი დაუჯდათ და ამიტომ ისინი კრიტიკის ობიექტები არ გამხდარან. ახალი კვარტეტი, რომელიც ჯერ თავად ვერ გარკვეულა, რა პოლიტიკური მომავალი აქვს, რასაკვირველია, პარტიისთვის უფრო გამაღიზიანებელია, რადგან მათ შორის არის არც მეტი, არც - ნაკლები, ამ პოლიტიკური ძალის აღმასრულებელი მდივანი. როგორც ჩანს, მან უკვე აღასრულა ყველაფერი, რაც კი შეეძლო და გაახსენდა, რომ დამფუძნებელია ორგანიზაციისა - "სუფთა პოლიტიკა", რასთანაც რეალური შეხება პრაქტიკულად არ ჰქონდა და ეს მცდელობა, რომ ეგებ, სადმე რამე სუფთა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობდეს ან თავად გახდეს სუფთა პოლიტიკის პრინციპების შემთავაზებელი. ზურაბ ჯაფარიძე აქტიური პროფესიონალია, პოლიტიკოსად არცთუ დიდი ფიქრის შემდეგ ჩამოყალიბდა და არ გამოვრიცხავ, რომ ის უფრო სასარგებლო გამოდგეს საკუთარი თავისა და ქვეყნისთვისაც, როგორც პროფესიონალი ეკონომისტი და არა - როგორც აგრესიული და მავნებელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი.

GzaPress

- როგორ ფიქრობთ, ოპოზიციის ოპოზიციაში გადასვლით მოსახლეობის თვალში მათი რეიტინგი აიწევს? რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეთ დამოუკიდებელი მოძრაობის წამოწყებით?

- თუ ამ კვარტეტის რომელიმე წევრი დღევანდელ პარლამენტში არსებულ რომელიმე ფრაქციაში აღმოჩნდება, ასეთი ფრაქციისთვის ეს პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასი იქნება, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წევრები, რომლებიც დღევანდელ ხელისუფლებასთან მუდმივად მხოლოდ თავდასხმის რეჟიმში ურთიერთობდნენ, რასაკვირველია, შეფასებულები იქნებიან როგორც კაპიტულანტები. კვარტეტის პერსპექტივებზე საუბარი ამ ეტაპზე ძნელია. ისინი ბრძანებენ, რომ პოლიტიკურ შეხედულებას არ იცვლიან, შეიძლება ეს დავიჯეროთ, მაგრამ თვით ფორმა, როგორც მათ ახასიათებენ ყოფილი კოლეგები, იმაზე მეტყველებს, რომ რაიმე მინიშნება გუნდის მიმართ პატივისცემაზე აქ მოსატანი არ არის. ამ ფაქტს რაიმე სერიოზული მნიშვნელობის თემად ნუ გადავაქცევთ ქვეყანაში, რომელიც უამრავი გამოწვევის წინაშე დგას და ალბათ, უპრიანი იქნება, თითოეულმა ჩვენგანმა ყურადღება გავამახვილოთ ისეთ გამოწვევათა არიდების ქმედებისკენ, რომელიც დღეს როგორც საშინაო, ასევე, საგარეო პოლიტიკის მახასიათებელი გახლავთ.

- ამ ოთხეულს ახლა უკვე ყოფილი თანაპარტიელები უპასუხისმგებლოებს, მათ ნაბიჯს კი - არაადეკვატურს უწოდებენ. პარტიის შიდა სამზარეულო მათ კარგად იციან და მიუხედავად იმისა, რომ ლიდერები აცხადებენ, თითქოს ამ ოთხი ადამიანის წასვლა მათთვის ბევრს არაფერს ნიშნავს, თუ იქნება დანაკლისი გუნდისთვის?

- ნებისმიერი პარტია უკმაყოფილოა, როცა მას ვინმე საკუთარი ნებით ტოვებს. ეს ჩვენს ყველა ყოფილ ლიდერსაც ახასიათებდა და გადადგომა, ნებისმიერ შემთხვევაში აღიქმება როგორც სილა ძალაუფლების ან პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმართ. ამიტომ, როგორც წესი, საქართველოში გადადგომის ინსტიტუტი უიშვიათესი მოვლენა გახლდათ და ქვეყნის პირველი პირები მაქსიმალურად ცდილობდნენ, გადადგომის განცხადება არ ყოფილიყო უმალ შესრულებული. მცდელობები მუდმივად იყო, ეს პროცესი რამდენიმე კვირით მაინც გაეგრძელებინათ და გათავისუფლება სწორედ უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ გამოცემული ბრძანებების საფუძველზე მომხდარიყო და არა - ვინმეს სურვილითა და ინიციატივით. გამონაკლისი მხოლოდ შარშან შემოდგომაზე ვნახეთ, როდესაც თანამდებობიდან "თავისუფალ დემოკრატთა" დიდი გუნდი გადადგა და გარკვეული დროით, მართვის ის ფლანგი გააშიშვლეს, რომელიც მათ ჰქონდათ ჩაბარებული. ამიტომ, თავისთავად კვარტეტი, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო, სამომავლოდ ნებისმიერი გზით შეიძლება გადაადგილდეს ან თავად გამოთქვას რაიმე პრეტენზია და მზაობა, რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის შექმნის თაობაზე, მაგრამ ჯერჯერობით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ კვარტეტს მათი ერთ-ერთი წევრის მიერვე შექმნილი სიმღერა - "მიშა მაგარია" მოჰბეზრდა და შესაძლოა, იმავე კომპოზიტორმა უკვე მოამზადა ახალი სიმღერა სათაურით - "მიშა ფარჩაკია".

- საზოგადოების ნაწილში ეჭვებიც გაჩნდა, კვარტეტის ეს ნაბიჯი ხომ არ არის "ნაციონალური მოძრაობის" მორიგი თამაში და ხრიკი, ფორმალურად გადამდგარი იმავე სახეებით ახალი მოძრაობის წამოწყებისა, რომელიც ქვეყანას "ოლიგარქისგან იხსნის". შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ასეა?

- არა მგონია, რომ მაზოხიზმი იყოს "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი მახასიათებელი. მათი არსებობის ფორმა წლების განმავლობაში სადიზმთან უფრო ასოცირდებოდა და არა - მაზოხიზმთან, ამიტომ რაიმე ტიპის ფალსიფიცირებული განცდები მათგან ძნელადაა მოსალოდნელი. თანაც, ეს კვარტეტი არცთუ მარიონეტებისგანაა დაკომპლექტებული და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ რაღაც უსაშველო დანაშაული აქვთ ჩადენილი, შეეძლებოდა "ნაციონალურ მოძრაობას" ასეთი როლის იძულება, მე კი დარწმუნებული ვარ, რომ კვარტეტის წევრთაგან (რადგან არ ვიცნობ რა დეპუტატ მელაძეს, შემიძლია მხოლოდ ტრიოზე ვისაუბრო), პირადად არ ასოცირდებოდნენ სადისტურ ქმედებებთან, კორუფციულ გარიგებებთან, ფულის მოხვეჭასთან და ა.შ. ისინი პროფესიონალები არიან, ვერ ვიტყვი, რომ სამართლიანობის შუქურები გახლდნენ, თუმცა, პროფესიული თვისებებიდან და მათი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ვერ გავაიგივებ პარტიის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან.

როგორც ჩანს, გაზაფხულის დადგომამ და ნანატრმა გამოდარებამ ახალი პოლიტიკური ვნებები შეჰყარა ჩვენს პოლიტიკოსებს და შესაძლოა ასეთი მომატებული ენერგიის პირობებში აქტიურობა არცთუ იშვიათი მოვლენა გახდეს არა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობისთვის".

თამთა დადეშელი