"კაციჭამია ქართველის" სტერეოტიპი აფხაზურ ცნობიერებაში - გზაპრესი

"კაციჭამია ქართველის" სტერეოტიპი აფხაზურ ცნობიერებაში

"რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელმა - დავით ზურაბიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენებში, როგორც საბურთალოს რაიონის ერთ-ერთმა მაჟორიტარმა კანდიდატმა, გაიმარჯვა. ამჯერად მას არა შიდა პოლიტიკაზე, არამედ აფხაზურ-ქართულ შეხვედრაზე სასაუბროდ ვესტუმრე.

- პირველ რიგში, არჩევნებში გამარჯვებას გილოცავთ... რა კონკრეტული გეგმები გაქვთ საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებით?

- საბურთალო სამ ოლქად იყო დაყოფილი და ჩემი ოლქი მოიცავს ხილიანის, დოლიძის, ბახტრიონის, პეკინის, იოსებიძის ქუჩებს და სპორტის სასახლის ტერიტორიას. საკრებულოს წევრი ვარ და მის საქმიანობაში აქტიურად ვაპირებ ჩართვას, მეორე მხრივ, როცა მაჟორიტარი დეპუტატი ხარ, ამომრჩევლების მიმართ გარკვეული ვალდებულებები გაკისრია და შევეცდები, რასაც დავპირდი, შევასრულო. საკრებულოს წევრობა საკმაოდ რთულია, საყოფაცხოვრებო პრობლემები შესაბამის სამსახურებთან უნდა მიიტანო, მოსთხოვო, რომ გააკეთონ, მერე, გააკონტროლო და ა.შ. ამ უბნის გაცნობა ასე თუ ისე, მოვახერხე.

- როგორც ვიცი, სულ ცოტა ხნის წინ, ლონდონში ბრძანდებოდით, სადაც აფხაზეთისა და საქართველოს წარმომადგენლები შეხვდით ერთმანეთს. იქნებ ამ საკითხზე გვიამბოთ, რა სახის შეხვედრებს აწყობს ინგლისის მხარე?

- საზღვარგარეთ, ძირითადად, საქმიანი ვიზიტები მაქვს ხოლმე. ვინაიდან აფხაზები თბილისში არ ჩამოდიან და ჩვენ იქ ვერ ჩავდივართ, ამ შეხვედრებს ინგლისური ორგანიზაცია გეგმავს და ერთმანეთს ლონდონში გვახვედრებს. სახელმწიფოს წარმომადგენლები იშვიათად ესწრებიან, ქართული და აფხაზური არასამთავრობო სექტორი იკრიბება, თუმცა, ამ შემთხვევაში მეც გახლდით. იყო მაგალითად, გალის რაიონის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, რუსლან ქიშმარია.

- რამდენად ნაყოფიერია ეს შეხვედრები? როგორია მათი დამოკიდებულება?

- ჩვენთვის სახარბიელო ნამდვილად არ არის. მათ ცნობიერებაში საქართველო ნომერ პირველი მტერია. ზოგი უფრო პრორუსულია, ზოგი - ნაკლებად. ვინც ჩვენ გვხვდებოდნენ, მაინცდამაინც პრორუსულად განწყობილები არ იყვნენ და აფხაზეთში რუსეთის გავლენის ზრდა აშფოთებთ კიდეც, მაგრამ ქართველი მათთვის მაინც მტერია. ეს მითი მათ ცნობიერებაში მყარადაა გამჯდარი და ჩემი აზრით, დიდი შრომაა ჩასატარებელი, რომ ამ ადამიანებს ეს სტერეოტიპი შეეცვალოთ. ურთულესი პრობლემაა და ჩემი დაკვირვებით, ძალიან გადაეჯაჭვა აფხაზურ ნაციონალიზმსა და ცნობიერებას. ვინც აფხაზობს, მათი ანტიქართველობა ლამის თავისთავად იგულისხმება. მათ ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული მითოლოგიური სქემა აქვთ გამჯდარი, თითქოს მთელი ისტორიის მანძილზე, ქართველები აფხაზებს ვებრძოდით, მათი განადგურება გვინდოდა, მეტი საქმე არ გვქონდა და ამით ვიყავით დაკავებულები. მათ ეს სერიოზულად სჯერათ, ამიტომ ამის ერთი ხელის მოსმით შეცვლა, გამორიცხულია.

- რა პერსპექტივა გვაქვს ქართველებს?

- დიალოგის ფორმატი ერთი პერიოდი არასამთავრობო დონეზეც შეწყდა, ახლა განახლდა და ორმხრივად სასარგებლო საკითხების განხორციელებაა შესაძლებელი. პირად საუბრებში ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ, კულტურული, ნორმალური ადამიანები არიან, უცხოეთში ნამყოფები, ევროპაც იციან, არც აგრესიულობას იჩენენ, მაგრამ ვერ ხედავენ უსამართლობას იმაში, რომ მაგალითად, სოხუმსა და ზოგადად, აფხაზეთში, ბინის ყიდვა რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, ეთნიკურად ქართველს კი - არა. ცივილიზებული ადამიანისთვის ეს ნორმალური არ უნდა იყოს და როცა ამაზე ელაპარაკები, გაოცებული თვალებით გიყურებს. -Aაბა, როგორ? ქართველს უნდა მისცენო?! მათთვის ეს წარმოუდგენელია და როცა ასეთ სიტუაციას ვაწყდები, სკეპტიკურად განწყობილს იმედი საერთოდ მეკარგება, რაღაზე უნდა ველაპარაკო-მეთქი? - ვფიქრობ. ეს ძალიან შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებაა და როცა ვუმტკიცებ, რომ ქართველების ამოცანა აფხაზების განადგურება არ არის, არ სჯერათ! მოგეხსენებათ, მოსახლეობა აქ სამკურნალოდაც ჩამოდის და სულ უკვირთ, რომ ქართველები მათ საოპერაციო მაგიდაზე არ კლავენ და ექიმები კარგად ეპყრობიან. ამ იდეოლოგიით იქ თაობები იზრდება და ახალი მითიც დაემატა, რომელიც ძველს კიდევ უფრო ამყარებს - ომი, - აფხაზების გმირული ბრძოლა ქართველი დამპყრობლების წინააღმდეგ. თუნდაც ქიშმარია, პიროვნულად თითქოს სულ არ არის ანტიქართული განწყობის, მაგრამ როგორც კი საუბარს პოლიტიკაზე დაუწყებ, დამთავრებულია...

- როცა აფხაზეთში ჩადიოდით, ახალგაზრდობისას, უარყოფით დამოკიდებულებას მაშინაც გრძნობდით?

GzaPress- ანტიქართული განწყობა მათ ხომ საბჭოთა პერიოდშიც ჰქონდათ. ფუ, ქართველი ხარ და გიღრენდნენ - სხვაგან ასეთი რამ არსად მიგრძნია და ერთადერთი ასეთი ადგილი, აფხაზეთი იყო. ამის ნიადაგზე უამრავი კონფლიქტი იყო. ეს ცნობიერება მაშინ ყალიბდებოდა, აფხაზური ინტელიგენციის მხრიდან იყო გაღვივებული. სწორედ მაშინ იწერებოდა აფხაზეთის ისტორია, ლიტერატურა, ქართველის, როგორც მტრის ხატზე. მე ანეკდოტი მეგონა, როცა ჰყვებოდნენ, აფხაზმა თქვა - ჩვენი ძველი, აფხაზური ანბანი ქართველებმა ისე დამალეს, ვეღარსად ვპოულობთო. თურმე, მართლა ასე ამტკიცებდნენ - თითქოს ჰქონდათ და ქართველებმა გაუნადგურეს. როგორ შეიძლება ანბანი დაუმალო ვინმეს?! მუდმივად ცდილობენ, ქართულ სახელმწიფოებრიობასთან კავშირი თავიანთი ისტორიიდან წაშალონ, რაც, ერთი შეხედვით შეუძლებელია, ვინაიდან ერთი მთლიანობაა. ერთიანი ქართული სახელმწიფო ერთი მხრივ აფხაზური დინასტიის და მეორე მხრივ, აღმოსავლეთისა და ქართლის მეფეების "ალიანსი" იყო. ბაგრატ III ასე დაჯდა ტახტზე და პირიქით, მაშინ აფხაზებმა და ქართველებმა ლაზეთისა და ეგრისის სამეფო დაჩაგრეს. შუა საუკუნეებისა და შემდგომი აფხაზური არისტოკრატია, რა თქმა უნდა, ქართული იყო, ქართულად მეტყველებდნენ, დამწერლობა ქართული ჰქონდათ, საეკლესიო ენა - წირვა-ლოცვები ქართულად აღესრულებოდა და ა.შ. აფხაზეთი ერთ-ერთი ეპარქია კი არ იყო, მეტსაც გეტყვით, ჩვენთან ეს დიდად გახმაურებული ფაქტი არაა, რომ საქართველოში ორი საპატრიარქო იყო - მცხეთისა და ბიჭვინთის, რომელსაც მთელი დასავლეთ საქართველო ექვემდებარებოდა. იგივე გელათი, დავით აღმაშენებლის დროს, აფხაზეთის საპატრიარქოს შემადგენლობაში შედიოდა, ქართველ მეფეებს ორივესთან ჰქონდათ საქმე. ღვთისმსახურება რომ ქართულად სრულდებოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ლიტერატურა, კულტურა, განათლება ქართულად იყო. აფხაზი ეთნიკურად არაქართველი კი იყო, მაგრამ სახელმწიფო ქართული გახლდათ! აფხაზთა სამეფოს ქუთაისში ჰქონდა დედაქალაქი. ამ ყველაფერს ისინი სხვანაირად კითხულობენ, თითქოს აფხაზეთის ეკლესია საქართველოსთან კავშირში არასდროს ყოფილა. ქართული წარწერები შემდგომიაო, ამტკიცებენ და არ იციან, რა უყონ. აფხაზებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია წარსული, მაშინ რა მოხდა, ვიდრე ახლანდელი და მომავალი. როცა ეუბნები, მოდი, წარსულს თავი დავანებოთ, ნუ ვიკამათებთ და ვიფიქროთ, აწი რა ვქნათ-თქო, - ამაზე უკვე შეუძლებელია ელაპარაკო. ის სხვა ისტორიით, სხვა სამყაროდან გელაპარაკება. ეს პრობლემა ოსებთან არ გვაქვს.

- თქვენ როდის იყავით აფხაზეთში ბოლოს?

- საბჭოთა პერიოდის შემდეგ, არ ვყოფილვარ. საომარ მოქმედებებს თუ არ ჩავთვლით. რამდენადაც ვიცი, ფოტოებიდან და სხვა წყაროებიდან, ეკონომიკურად მთლად კარგად ვერ არის მათი მდგომარეობა. სოხუმს კიდევ არა უშავს, გაგრა და სხვა ქალაქები ძალიან მიგდებულია. არც არის გასაკვირი. აფხაზებს და ზოგადად, ასეთი ტიპის ე.წ. პატარა სახელმწიფოების არსებობა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მეზობელი უფრო დიდი სახელმწიფოების ნება არსებობს. დღესდღეობით, აუღიარებელი სეპარატისტული სახელმწიფო მხოლოდ იმიტომაა, რომ რუსეთს უნდა ასე. სხვაგვარად ვერ იქნებოდა. აფხაზებს, როგორც პატარა ეთნოსს, გამძაფრებული გრძნობა აქვს იმისა, რომ - ვაიმე, არ გავქრეთ და სხვა ერებს არ შევერიოთ, განსაკუთრებით - ქართველებს. ჩემთვის უთქვამთ, ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვგავართო, ტრადიციები, კულტურა, საერთო გვაქვს და ჰგონიათ, იოლად გავითქვიფებით და გადავშენდებითო; და რადგან რუსებისგან განსხვავდებიან, არ გავითქვიფებით და იქ გვირჩევნიაო. ასეთი მიდგომაც არსებობს და პირველ რიგში, ხანგრძლივი მუშაობაა საჭირო. ტერიტორია შეიძლება დაიბრუნო, ის საბჭოთა კავშირის დროსაც ჩვენად ითვლებოდა, თუმცა, რომ ჩავდიოდი, ლამის მტრულ სახლმწიფოში მეგონა თავი. თვითონ აფხაზებთან ურთიერთობაში, თორემ ქართველებს არ ვგულისხმობ. მაგალითად, ბიჭვინთაში, იქაურებთან სულ კონფლიქტები გვქონდა, რაც აბსოლუტურად ტყუილუბრალოდ ხდებოდა. თუმცა, მერე ზოგს ვუმეგობრდებოდით და სხვების აგრესიისგან გვიცავდნენ. შეიძლებოდა, ნებისმიერ რამეზე აგშარებოდნენ. ერთხელ, მაგალითად, გუდაუთაში სადღაც ვისხედით, ერთ მეგობარს "ადიდასის" სპორტული ტანსაცმელი ეცვა, გამოიარა ვიღაცამ და "ადიდასი" ვისაც აცვია, იმის დედაო. ასე იწვევდნენ. როცა შეამჩნევდნენ, რომ ქართველები ვიყავით. მერე ჩვენც რამეს ვეტყოდით და იწყებოდა ჩხუბი. თუმცა, სადაც მეგობარი აფხაზები იყვნენ, იქ ნაკლებად. გუდაუთაში 1984 წელს ვისვენებდი და ვისაც პირადად ვიცნობდი, მშვენიერი ურთიერთობა მქონდა. ისე, აფხაზეთში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საკურორტო ზონა შეიძლებოდა გაკეთებულიყო, საქართველოს შემადგენლობაში რომ დარჩენილიყო. ფაქტია, ახლანდელი აჭარა ბევრად უფრო კეთილმოწყობილია, ვიდრე აფხაზეთი და სამწუხაროა, რომ "კაციჭამია" ქართველის სტერეოტიპი, სტერეოტიპად რჩება.

თამთა დადეშელი, ჟურნალი "გზა"