როცა მკვდარი ცოცხალს ჯობს... - გზაპრესი

როცა მკვდარი ცოცხალს ჯობს...

არადა, გადახედეთ ამ წლების მანძილზე დაწერილ რამდენიმე ასეულ "პროვოკაციას" და თქვენც დარწმუნდებით.

აი, წინა სამშაბათსაც, ასე დავიწყე: "უგულავას ჰა და ჰა - დაიჭერენ ალბათ..." და ჟურნალმა გამოსვლა ძლივს მოასწრო, რომ მერყოფილი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.

ძალიან "ჭკვიანი" ტიპები რომ არიან, რამე რომ მოხდება და ერთადერთი უნივერსალური ახსნა რომ აქვთ (ზოგიერთი "ექსპერტად" წოდებულიც ამ კატეგორიაში გადის), დაახლოებით ასეთი: "აი, კოსტა-რიკა ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, იმიტომ, რომ არჩევნებში ხალხის პასიურობა გადაეფარათ!", ახლაც, ღმერთო შემინდე და, მეგონა, რომ იტყოდნენ: "შევარდნაძის გარდაცვალება სპეციალურად დაამთხვიეს, რომ უგულავას დაპატიმრება გადაეფარათ!"

შეგიძლიათ, ეს უადგილო ხუმრობად ჩამითვალოთ, მაგრამ ვიღაც ჩემზე მეტად ბოროტად გონებამახვილმა უკვე იხუმრა სოცქსელში: მაგას რაღაც ექნება ჩაფიქრებული, ეგ ტყუილად არ მოკვდებოდაო...

არ გეგონოთ, დაუფიქრებლად დავწერე ის, რაც ზემოთ წაიკითხეთ. მეც ვხვდები, რომ შევარდნაძის გარდაცვალება, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში მის მიმართ დამოკიდებულების ძალიან ფართო სპექტრია "უდიდესი პოლიტიკოსიდან" - "იუდამდე" და "ქვეყნის დამაქცევარამდე", შეიძლება, არც იყოს "პროვოკაციაში" განსახილველი თემა, მაგრამ მეორე მხრივ, არც ეს გვერდია მხოლოდ საშაყირო და საღლაბუცო ადგილი. ასე რომ, გარდაცვლილის უპატივცემულობად კი არა, მისდამი პატივისცემად ჩათვალეთ ის ორიოდე წინადადება, რომელსაც ვიტყვი.

მართლაც ორ რამეზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას: ერთი ძველი ამბავია, მეორე - ახალი.

ძველი: შევარდნაძე რომ ააფეთქეს, ანუ ტერაქტი რომ მოუწყვეს და მერე "მაიკით" რომ იჯდა, ის კადრები ხომ გახსოვთ? გახსოვთ, მისი გამომეტყველება? რას ხედავთ მის სახეზე? გაბრაზებას, წყენას, ბოღმასაც, მუქარასაც, სამაგიეროს გადახდის სურვილსაც, შეშფოთებასაც - ყველაფერს, რაც გნებავთ, მაგარამ არა - შიშს! "მუხა" თუ რაღაც ჯანდაბა ესროლეს, პირდაპირი დამიზნებით გაარტყეს, პროცენტის მეათასედით გამოძვრა ცოცხალი და შიშის ნატამალი არ ეტყობოდა.

კი ბატონო - ქვეყანა დააქცია, კორუფცია ააყვავა, ჯაბა და კიტოვანი აბლატავა, ნავთის ჭვარტლი გვაყლაპა და კიდევ ათასი ცოდვა დაიდო, მაგრამ რა ვქნა, პატივს ვცემ მამაც ხალხს და რაც ზემოთ ვთქვი, მის სიცოცლეშიც ვამბობდი: შევარდნაძე მამაცი ადამიანი იყო! ვისაც არ სჯერა, მე ნუ მეტყვის და ნურც ნურავისთან გამოტყდება, რომ ასეა, უბრალოდ თავისთვის, გულში წარმოიდგინოს: იქ შევარდნაძის ადგილზე რომ სააკაშვილი ყოფილიყო, რისგან მოკვდებოდა?! სწორია, - შიშისგან. თუ ვერ წარმოიდგინეთ, გორის კადრები გაიხსენეთ და ეს დაგეხმარებათ ფანტაზიის გაძლიერებაში.

GzaPressახალ ამბავს რაც შეეხება: სოცქსელებსა და ინტერნეტმედიაში ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, ძალიან ბევრი სტატია, ბლოგპოსტი თუ ვრცელი კომენტარი გამოქვეყნდა, რომელთა ავტორები (განსაკუთრებით - ახალგაზრდები) საოცარი აღშფოთებითა და სიძულვილით იხსენებენ "ეძიკას დროს" (რომელიც ბევრ მათგანს არ ახსოვს) და 87 წლის, ახლადგარდაცვლილ, მაგრამ დიდი ხნის წინ "ისტორიას ჩაბარებულ" პერსონას სულაც არ შეეფერება. რაღაცნაირ, ომის შემდეგ ბაქი-ბუქსა თუ ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევას ჰგავს ეს ყველაფერი და ცოტა არაადექვატურად მეჩვენება. სულელი ხომ არ ვარ, აშკარად იშიფრება, რომ ამ ავტორთა აბსოლუტური უმეტესობა მიშისტ-"ნაცმოელია" და მინდა ვუთხრა: შეეშვით იმ კაცს, აღარ არის, გარდაიცვალა! მაგრამ საღამოს მივხვდი, რაც არის თქვენი გამწარების მიზეზი: მთელი მსოფლიოს პოლიტიკურმა ელიტამ, ძველმაც და ახალმაც, მათ შორის - "თქვენებმაც" (კარლ ბილდტმა და ხავიერ სოლანამც კი) დაწერეს, რომ შვარდნაძე იყო ძალიან მაგარი! და თქვენ, თქვენი პატარაკაცობიდან გამომდინარე, დაიბოღმეთ, გული გაგისკდათ!

შევარდნაძისტობას ვერავინ დამწამებს - "პროვოკაციები" სამი წელი სწორედ მის რეჟიმს ებრძოდა, ამიტომ ვამბობ თამამად: მკვდარი შევარდნაძე გჯობიათ! გრცხვენოდეთ და ენა ჩაიგდეთ, აცადეთ იმ კაცის დასაფლავება!

P.S. დღეს პირველი ნახევარფინალია და იმედი მაქვს, როდესაც ჟურნალი გამოვა, ფინალში უკვე არგენტინა და გერმანია იქნებიან გასულები. თანაც დასაწყისში ნახსენებ ჩემს "გულთმისნობასაც" დავადასტურებ.

შევარდნაძე ბრაზილიის გულშემატკივარი ყოფილა, სააკაშვილზე ამბობენ, ჰოლანდიის შემდეგ (მოყვრების ხათრით), არგენტინას გულშემატრკივრობსო. ჩემი აზრით, ეს ერთადერთია, რაშიც მიშა შევარდნაძეზე უკეთესია - არ მიყვარს ეს ბრაზილია და რა ვქნა!

პროვოკატორი