"პრემიერი ის იქნება, ვინც ივანიშვილს სურს" - გზაპრესი

"პრემიერი ის იქნება, ვინც ივანიშვილს სურს"

ამ თემაზე ექსპერტები, დემურ გიორხელიძე და თორნიკე შარაშენიძე გვესაუბრებიან.

დემურ გიორხელიძე:

- პოლიტიკაში ყველაფერი საქმითა და შედეგებით უნდა გაიზომოს, საზოგადოება ჩამოყალიბებული კრიტერიუმებით უნდა აფასებდეს პოლიტიკოსებს. პიროვნულად, რა თქმა უნდა, ყველა ნორმალური ადამიანია და ამაზე ცხადია, არ არის საუბარი. ჩვენ შედეგები გვჭირდება.

- მაგალითად, თქვენ როგორ მიიჩნევთ, როდესაც საუბარია ქვეყნის მთავარ წამყვან ფიგურაზე - პრემიერ-მინისტრზე, კონკრეტულად რა კრიტერიუმები უნდა გვქონდეს ჩამოყალიბებული და რას უნდა მოვითხოვდეთ მისგან?

- პრემიერი მთავრობის მეთაურია, ქვეყანა სიღარიბეში იხრჩობა, ტოტალური უმუშევრობაა, მიზერული ეკონომიკა, მონგრეულია განათლება და სოციალური ინფრასტრუქტურა, ცუდად ფუნქციონირებს სახელმწიფო ინსტიტუტები, საბაზრო ეკონომიკის დამახასიათებელი ინსტიტუტები ჩანასახოვან მდგომარეობაშია ან პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს, ამიტომაც არაფერი გამოდის ეკონომიკაში - პრემიერ-მინისტრმა ეს ყველაფერი უნდა გამოასწოროს. შეძლებს ამას ნებისმიერი ადამიანი? შესანიშნავი იქნება. ვერ შეძლებს? ვიძახოთ ახლა, ეს კარგი ბიჭია, მე ეს მომწონს, მე - ის მომწონს. პირადად მე, ყველა მომწონს, ვინც საქმეს გააკეთებს და შედეგს დამანახვებს.

GzaPress

- თქვენი აზრით, ახლანდელ პრემიერს რატომ არ გამოსდის ეს ყველაფერი? ასაკისა და გამოუცდელობის ბრალია, ყველა ამ სფეროში შესაბამისი ცოდნის ნაკლებობის თუ დამოუკიდებლობის უქონლობის?

- საქმე ისაა, რომ ქვეყანას სისტემური რეფორმები სჭირდება და მოდერნიზაციის მკვეთრად გამოკვეთილი ტრაექტორია, რომელიც უშეცდომო იქნება. ასე რომ, ამას გამოცდილებაც უნდა, სისტემური აზროვნებაც და რა თქმა უნდა, 15-20 კაცი, რომლებიც ღრმა პროფესიონალური ცოდნითა და გამოცდილებით გამოირჩევიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის მძიმე მდგომარეობაში ვიქნებით.

- დღევანდელი მთავრობის წევრებიდან დაახლოებით რამდენი ადამიანი გესახებათ ისეთ პროფესიონალად, რომელთა გაერთიანებითა და აქტიური გუნდური მუშაობით რაიმე სასიკეთო ნაბიჯების გადადგმა შეიძლება?

- საქმე ისაა, როგორია მმართველობის სტილი, რა ამოცანებს ისახავს მთავრობა და როცა ეს ამოცანები გახდება ჩვენთვის ცნობილი, იოლად მივხვდებით, რომელ ადამიანებს შეუძლიათ ამის გაკეთება და რომლები - ვერ შეძლებენ. პიროვნული მახასიათებლით შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი კარგი ადამიანია, მაგრამ ჩვენ შედეგებზე ორიენტირებული შეფასებები გვინდა!

- ვინ უსახავს იმ ამოცანებს? ერთი პიროვნება?

- ვერ გეტყვით, მთავარია, პრემიერს ღრმად ესმოდეს ის პრობლემები, რომლებიც ქვეყნის წინაშეა, თორემ სააკაშვილმა ჩაუყარა საფუძველი ფანტასტიკურ სიმახინჯეს - შეგიძლია ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშნო, მიუხედავად იმისა, რომ იცოდეს, რა ევალება ამა თუ იმ პოსტზე. შედეგი ძალიან სავალალო მივიღეთ. ახლა, გააჩნია, როგორი იქნება პრემიერის ამბიციები და ამის მიხედვით, ყველაფრის დალაგება შეიძლება. ის, რომ პროფესიონალები ქვეყანაში ნამდვილად არიან და ამის პრობლემა არ არსებობს, ფაქტია, მაგრამ რამდენადაა დამოუკიდებელი პოლიტიკური აზროვნების და როგორი პროფესიული ხედვა აქვს, ეს უკვე მეორე საკითხია.

ეს ამოცანები პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა უნდა დაისახონ, რომლებიც ხელისუფლებაში მოდიან და ქვეყნის ჭაობიდან ამოსაყვანად, მაღალი ამბიციები უნდა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, 25 წელია, გაკოტრებულ ხელისუფლებებს ვხედავთ და ეს ხელისუფლებაც გაკოტრდება, თუკი სერიოზულ ცვლილებებს უმოკლეს დროში ვერ განახორციელებს. საჭიროა პოლიტიკურად მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, პროფესიონალი ადამიანები. უნდა დასრულდეს შემთხვევითი, საიდანღაც "გამოჩეკილი" ადამიანების დანიშვნა, რომლებიც უმაღლეს თანამდებობებს იკავებენ. ეს კატასტროფული საკადრო პოლიტიკაა, რაც წარმატების პერსპექტივას სპობს.

GzaPress

- როცა პრემიერობის სავარაუდო კანდიდატებზე საუბრობენ და ნოდარ ჯავახიშვილს, დავით სერგეენკოსა და თავით უსუფაშვილს მოიაზრებენ, თქვენი აზრით, რომელ მათგანს აქვს მეტი შანსი და რატომ?

- ვერ გეტყვით. როგორც აღვნიშნე, ჩემთვის მთავარია, საქმე დავინახო და ვინ გააკეთებს, მნიშვნელობა არა აქვს. ამ სამ კანდიდატზე მხოლოდ იმის შემდეგ შემიძლია ვილაპარაკო, თუ ჩამოაყალიბებენ, რის გაკეთებას აპირებენ და ვისთან ერთად. აი, მერე უკვე შევძლებ, თითოეულ მათგანზე დეტალურად ვისაუბრო, გამოვა აქედან რამე, თუ - ვერა.

- თუ, დავუშვათ, პრემიერ-მინისტრად დავით უსუფაშვილი დაინიშნა, თავდაცვის მინისტრი მისი მეუღლეა, ხომ არ იქნება ეს "რესპუბლიკური პარტიის" კიდევ უფრო აღზევება, მმართველობის ბერკეტების მთლიანად მათ ხელში გადასვლა, რაც ბევრს აღიზიანებს და აფრთხობს?

- პრობლემას ვერ ვხედავ, თუ პრემიერ-მინისტრი დავით უსუფაშვილი გახდება, შედეგი დადოს ცოლ-ქმარმა - კეთილდღეობის ზრდა, უმუშევრობის ლიკვიდაცია, სიღარიბის დაძლევა და ა.შ. ის, რაც აღმასრულებელ ხელისუფლებას ევალება. სულაც არ შემაწუხებს, თუ ცოლ-ქმარი მინისტრები იქნებიან, საქმე გააკეთონ. მაგრამ მაინც მგონია, რომ არაფერი გამოვა, რადგან როგორც ვთქვი, დანიშვნები ისე გაგრძელდება, როგორც ეს 25 წელია, კეთდება - მხოლოდ პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე.

- დაბოლოს, მაჟორიტარი დეპუტატების არჩევასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზეც მინდა გკითხოთ, რა აზრის ხართ?

- სანამ მაჟორიტარებზე ვისაუბრებთ, მთავარი თემა არის ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოთხოვნა, პოლიტიკური სისტემის წარმოდგენა მთლიანობაში და უკვე მერე შეიძლება ვილაპარაკოთ, რა უნდა იყოს - პროპორციული სიები, მაჟორიტარები თუ სხვა. ჩვენ გვაინტერესებს პოლიტიკური სისტემა, რომელიც მონგრეულია. არ გვაინტერესებს არჩევნების ეს მახინჯი სისტემა - მაჟორიტარები, რომლებიც ყოფილი საბჭოთა რაიონების გაუგებარი წარმომადგენლები არიან. არ არსებობს საკანონმდებლო სფეროში რეგიონული ინტერესების გამტარებელი, თვითონ ვერ გაუგიათ თავიანთი ფუნქცია და მაჟორიტარები განაგებენ რაიონებს, ამასთან, ქალაქების მერებსა და თვითმმართველობებს თავიანთ შეხედულებებს ახვევენ თავს. ეს მარაზმია. ამიტომ, როდესაც პარლამენტი ასეთ მოუწყობელ სისტემაში რაღაცის ცვლილებას იწყებს, რომელიც ზოგად სიტუაციას არ ცვლის, პირადად მე, ეჭვის თვალით ვუყურებ. პოლიტიკური სისტემა არ არის აწყობილი, ხელისუფლება ადმინისტრაციული ტერიტორიის დაყოფის საკითხს ვერ წყვეტს, ასევე, ვერ წყვეტს, ბოლოს და ბოლოს, როგორი იქნება დაბალანსებული საკანონმდებლო ორგანო, შეიძლება, აუცილებელ სიტუაციაში, ეს ორპალატიანი იყოს და ამის ნაცვლად სთავაზობს თამაშს, რომლისგანაც არაფერი სახეირო არ გამოვა.

GzaPress

თორნიკე შარაშენიძე:

- ახლანდელ პრემიერ-მინისტრს მე მგონი ის პრობლემა აქვს, რომ შეცდომის აღიარება აშკარად არ უყვარს. არ ვიცი, შიგნით რა ხდება, მაგრამ საჯაროდ ასე ჩანს და ყოველთვის ლაპარაკობს მიღწევებზე, რაც საზოგადოების ინ ნაწილს აშკარად აღიზიანებს, რომელიც მათგან უფრო მეტს ელოდა და როგორც ვატყობ, ის ამას არ ითვალისწინებს. როგორც ვიცი, სერგეენკოს პრემიერობის სურვილი არა აქვს და სასტიკ უარზეა, თავისი ახლანდელი ადგილით კმაყოფილია და მეტი არ უნდა; უსუფაშვილს, ჩემი აზრით, ერთი პლუსი აქვს - შესწევს უნარი, გარშემო უფრო მეტი ჭკვიანი ადამიანი შემოიკრიბოს და კარგი გუნდი შეკრას; რაც შეეხება ნოდარ ჯავახიშვილს, როგორც ცნობილია, 1990-იანი წლების შემდეგ აქტიურად არ გამოჩენილა, ერთ-ერთ ბანკში გახლდათ დასაქმებული და მასზე, როგორც მინისტრზე ვერ ვილაპარაკებ და ამ ამპლუაში ვერ წარმოვიდგენ. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ აგრესიული განცხადებებით გამოირჩევა. კონსტრუქციულობით გამოირჩევა სერგეენკო, უსუფაშვილიც, გარდა ამისა, დამაჯერებლობითაც, აშკარად იკვეთება, რომ ჯავახიშვილი უფრო აქტიურად მოიაზრება მომავალ პრემიერ-მინისტრად და ეს ბიძინა ივანიშვილის განცხადებებიდანაც ჩანს. მე მგონი, მას უფრო მეტი მუშაობა დასჭირდება, რომ საზოგადოებას საკუთარი გეგმები გააცნოს და უკეთ დაანახვოს საკუთარი თავი, რადგან მისი აგრესიული გამოსვლები უფრო მეტ ნეგატივს ატარებს, რაც, რა თქმა უნდა, კარგი არ არის. საბოლოოდ, მაინც ისე გადაწყდება, როგორც ბიძინა ივანიშვილს სურს.

თამთა დადეშელი