შუათითით დაწყებული ერევნის "მაიდანი" - გზაპრესი

შუათითით დაწყებული ერევნის "მაიდანი"

სულ მალე, სოციალური მოთხოვნებით გამოსულ აქციის მონაწილეებს, პოლიტიკური თემებით გამომსვლელებიც შეუერთდნენ. მათი თქმით, სომხეთის ხელისუფლებას არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს და მის ინტერესებს... მოგვიანებით, აქციის მონაწილეთა ნაწილმა აქციები შეწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი, რომელიც აქციის მონაწილეებს შეიარაღებული პროტესტისკენ მოუწოდებდა...

რა ვითარებაა ახლა ერევანში, რა მოთხოვნები აქვთ აქციის მონაწილეებს და როგორ შეიძლება ეს ყველაფერი დასრულდეს, ამის გასარკვევად "რადიო თავისუფლების" სომხეთის ბიუროს ჟურნალისტს, რუზან გიშიანს დავუკავშირდით.

რუზან გიშიანი:

- 28 ივნისს კიდევ ერთხელ დაიძაბა სიტუაცია. აქციის მონაწილეები დარბევის მოლოდნში იყვნენ, რადგან პოლიციამ მათ დაშლისკენ არაერთხელ მოუწოდა. კვირას, გვიან ღამით, დემონსტრანტებთან მივიდა ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე, ვალერი ოსეპიანი. ჩვენს კითხვაზე - რას აპირებდნენ სამართალდამცავები, - ოსეპიანმა უპასუხა: - "უყურეთ და ნახავთ". მანამდე, 27 ივნისს, პოლიციის უფროსმა, ვლადიმირ გასპარიანმა აქტივისტებს უთხრა, თავისუფლების მოედნისკენ წასულიყვნენ. მანამდე კი, დემონსტრანტებს 30 წუთი მისცა ბაგრამიანის პროსპექტის დასატოვებლად და გააფრთხილა, რომ დროის ამოწურვის შემდეგ პოლიცია "წესრიგს აღადგენდა". დემონსტრანტთა უმეტესობამ პოლიციის ხელმძღვანელის გაფრთხილებას ყური არ ათხოვა და არც მათ დაუშლიათ აქცია. განსაკუთრებით აქტიურობენ ე. წ. "ელექტრონული ერევნის" ახალგაზრდული მოძრაობის წევრები, თუმცა, აქციაზე ყველა ასაკის ადამიანია.

GzaPress

- ვიცით, რომ პირველ დღეებში რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დააკავეს. რამდენად გაქვთ ადგილობრივ ჟურნალისტებს თავისუფლად და დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება?

- საკმაოდ თავისუფლად ვმუშაობთ. თუ არ ჩავთვლით, რომ თავდაპირველად, აქციის დაწყების პირველ ღამეს, როდესაც აქცია დაარბიეს, რამდენიმე ჟურნალისტი და ოპერატორი დააკავეს. ზოგიერთ მათგანს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. დაუმტვრიეს კამერა და ფოტოაპარატი, თუმცა, როგორც ირკვევა, მათ ასეთი ხისტი დამოკიდებულების გამო, სამსახურში საყვედური მიიღეს. მას შემდეგ გაცილებით მოზომილი არიან და ჩვენ მიმართ შეზღუდვებიც მოიხსნა.

- აქციის ორგანიზატორები და ლიდერები პრეზიდენტს უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. რატომ?

- აქციის მონაწილეების აზრით, 5 კაცი აქციაზე მყოფი ყველა ადამიანის სათქმელს ვერ იტყოდა. ერთი სიტყვით, მიაჩნდათ, რომ პრეზიდენტი უნდა მისულიყო მათთან თუნდაც იმიტომ, რომ თავის დროზე ამ ხალხმა აირჩია. კიდევ ერთი: მათივე თქმით, ეს არის პრობლემა, რომელიც შეხვედრის გარეშე უნდა მოგვარდეს.

- მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოციალურ პრობლემებს თანდათან პოლიტიკური შეემატა, - ანუ რუსეთის მიმართ პროტესტი თანდათან იმატებს...

- არა, ასეთი რამ არ ხდება. უკმაყოფილება სოციალურ ფონზე დაიწყო. რაღაც განცხადებები გაკეთდა, მაგრამ ფაქტობრივად, ცალკეულმა ადამიანებმა გამოთქვს პრეტენზიები... მთლიანობაში, ეს არის სოციალურ პრობლემებზე აგებული აქცია, თუ არ ჩავთვლით, იმ გლობალურ პრობლემას, - დენის გაძვირებასთან დაკავშირებით რუსული ენერგოკომპანიის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.

GzaPress

- თქვენი აზრით, როგორ შეიძლება დასრულდეს ყველაფერი?

- იმედია, ყველაფერი ხალხის გამარჯვებით დასრულდება. აქტივისტების თქმით, ისინი მხოლოდ მაშინ დაიშლებიან, თუ ხელისუფლება დათმობაზე წავა.

მაქს სარგსიანი, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი:

- რამდენიმედღიანი მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, 23 ივნისს, გამთენიისას, სპეცრაზმმა მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა... დენის საფასურის გაზრდა უკმაყოფილების ბოლო წვეთი იყო, რადგან ადგილობრივ მოსახლეობაში ისედაც უმძიმეს სოციალური ფონია. თუ ეს ხელისუფლებამ არ იცის, მით უარესი მათთვის. გვეუბნებიან, - ვალი დაგროვდა, რადგან გვალვა იყო და ატომურ ელექტროსადგურს რემონტისთვის წინასწარ გათვალისწინებულზე დიდი დრო დასჭირდაო, რაც სიცრუეა. საქმე ის არის, წყლის ნაკლებობისა და ატომური სადგურის ხანგრძლივი გაჩერების მიზეზით, 2013-14 წლებში ელექტროენერგიის ტარიფი უკვე გაიზარდა. ეს წელი კი, პირიქით, ძალიან წვიმიანი იყო. ჰიდროელექტროსადგურები ახლა სრული დატვირთვით მუშაობენ, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს... მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის თქმით, - "თუ დოლარის კურსს რაიმე საშინელება არ მოუვა და გვალვა არ იქნება, შესაძლოა, მომავალ წელს ტარიფი 4 დრამით შემცირდეს". არ გვჯერა. სომხეთში არ არსებობს პრეცედენტი, ერთხელ გაძვირებული გაიაფდეს. ხალხი თუ ახლა გაჩუმდა, ხვალ და ზეგ უარესი მოხდება... ასეთი დაძაბული ვითარებაა ქალაქში და პოლიციის უფროსი მუდმივად გვაფრთხილებს, - დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, პოლიცია კანონით გათვალისწინებულ გადამჭრელ ზომებს მიიღებსო. კი, ბატონო, დაგვარბიეს წყლის ჭავლით, მაგრამ ამით აქციაზე მომსვლელთა რაოდენობა გაიზარდა. რამდენიმე დღის წინ, დემონსტრანტებში ასაფეთქებელ ნივთიერებებს ეძებდნენ; მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს დასავლეთი გვაფინანსებს და ეს ყველაფერი პროდასავლური პოლიტიკოსების ორგანიზებულია. აქ უბრალო ხალხი დგას. ისინი, ვინც უარესმა ხვალინდელმა დღემ შეაშინა. ხელისუფლება კი, მათ გაჩუმებასUცდილობს. კი ბატონო, გაგვაჩუმონ!

GzaPress

სერგეი მინასიანი, კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე:

- სათქმელი მართლაც ბევრია, მაგრამ მოზომილი განცხადებები ჯობია, რადგან რუსეთი სომხეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი და სტრატეგიული სამხედრო მოკავშირეა, სომხური დიასპორაც ყველაზე დიდი მასშტაბით სწორედ რუსეთშია... ვითარება მართლაც არასახარბიელოა, რადგან რუსეთის წინააღმდეგ ახალგაზრდული მუხტი ყოველდღიურად ძლიერდება, რასაც ვერ ვიტყვი უფროს თაობაზე, რომელთაც ან შეჩვეული ჭირი ურჩევნიათ, ან უბრალოდ, მოსწონთ საბჭოთა კავშირის ნარჩენებში ცხოვრება... ასეა თუ ისე, სომხეთის ხელისუფლებამ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები რომც აღიაროს, მის გაკრიტიკებას მაინც ვერ შეძლებს, რადგანაც მისი კონტროლოს ქვეშ იმყოფება. სომხეთი უკვე არის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი, ჰყავს უცხო ქვეყნის დიდი სამხედრო წარმომადგენლობა რუსული ჯარის სახით და საგარეო ვაჭრობის მეოთხედს რუსეთში ახორციელებს.

დანიელ ონასიანი, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი:

- რამდენიმე დღის განმავლობაში მჯდომარე აქციას ვმართავდით. ჩვენ გარშემო, მიმდებარე ტერიტორიაზე სახანძრო და სპეციალიზებული ტექნიკა იყო მობილიზებული. იქვე იყვნენ პოლიციის დანაყოფები, დამცავი ფარებითა და რეზინის ხელკეტებით... მათი რაოდენობა, აქციის მონაწილეების პარალელურად, ყოველდღიურად მატულობდა. ეგონათ, შეგვაშინებდნენ. არადა, რა გვაქვს დასაკარგავი? ისედაც უკან მივდივართ და 1-ლი აგვისტოდან დენის ტარიფსაც გვიძვირებენ. ვინაიდან არასახარბიელო გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს, თურმე რუსეთის გარდა, სხვა მოკავშირე არ გვყავს... ამასობაში ჩვენ გარშემო, მეზობელი ქვეყნები დემოკრატიულ სახელმწიფო ინსტიტუტებს აშენებენ. საქართველოში ნატოში გაწევრებაზე ოცნებობენ, ჩვენ კი ისევ "საბჭოთა კავშირში" ვცხოვრობთ და რუსეთი ამასაც გვამადლის. ხელისუფლებამ გაპროტესტების მორალური უფლებაც კი წაგვართვა. რუსეთს მხოლოდ სამხედრო ბაზისთვის სჭირდება სომხეთი. სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება და არა - რუსულ სამხედრო ბაზაზე. ყველაფერი ერთად დაგროვდა: სომხეთის ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანია რუსული ენერგოგიგანტი სახელმწიფო კომპანია რაო-ს შვილობილი კომპანიაა, რომელმაც ტარიფი გაგვიძვირა და ამის აუცილებლობა სომხეთის ეროვნული ვალუტის, დრამის დოლართან გაუფასურებით ახსნა... დაშლისკენ მოგვიწოდეს და აქციის მონაწილეებისკენ წყლის ჭავლი მიუშვეს. პასუხად შუათითი ვაჩვენეთ. ეს იქნება შუათითით დაწყებული ერევნის "მაიდანი". მე და ჩემს თანამოაზრეებს რეზინის ხელკეტებით გაგვისწორდნენ, მაგრამ გავუძლებთ.

GzaPress

მარკ არმანიანი, აქციის მონაწილე:

- მცემეს. დაჟეჟილობები მაქვს და წყლის ჭავლმა კინაღამ სასუნთქი გზები შემიკრა, მაგრამ გადავრჩი... ვერ შეგვაშინეს, - ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებას, კორუფციის წინააღმდეგ მოთხოვნებიც შეუერთდა. თავის დროზე, უფროსი თაობის დამთმობმა პოზიციამ მოგვიყვანა ამ რეალობამდე, - რუსეთის მრავალრიცხოვან ბაზებს "სამშვიდობოებს" ეძახდნენ მაშინ, როდესაც ისინი მთელი სომხეთის ოკუპაციას ახდენდნენ. რუსეთის ხელისუფლება ჩვენ ყოველ ნაბიჯზე გვატყუებდა და იგივე გრძელდება. ისინი გახდნენ ყველაფრის პატრონი ჩვენს ქვეყანაში - რკინიგზის, ელექტროსადგურებისა და დანარჩენი სტრატეგიული ობიექტების. რას უნდა ველოდოთ ჩვენი დამონებული და კორუმპირებული ხელისუფლებისგან?!. ხალხმრავალი აქციები პრეზიდენტის სასახლესთანაც გაიმართება. გვემუქრებიან, თუ არ დაიშლებით, - დაგშლითო! ვნახოთ...

ლალი პაპასკირი