ქეთი ყიფშიძე: ”იმედი მაქვს, საქართველოში ასეთი ადამიანი ცოტაა”. - გზაპრესი

ქეთი ყიფშიძე: ”იმედი მაქვს, საქართველოში ასეთი ადამიანი ცოტაა”.

ყოფილი ტელეწამყვანი და მოდელი ქეთი ყიფშიძე პოლიტიკაში საკმაოდ კარგად ერკვევა. როცა ინტერვიუსთვის დავუკავშირდი და ჩვენი საუბრის თემის შესახებ მოვახსენე, გაუხარდა კიდეც, - ამ საკითხზე სიამოვნებით დაგელაპარაკებიო. საუბარი კი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენით დავიწყეთ.

- ყველაზე ბოლო და აქტუალური სიახლე ქართულ პოლიტიკაში ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერაა, რაც ძალიან მიხარია. განათლებით ევროპის მცოდნე ვარ და ამ ხელშეკრულების მნიშვნელობა საკმაოდ კარგად მესმის. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ნიშნავს, რომ დავიწყებთ წინსვლას, ევროპასთან ინტეგრირებას. თუ სამოქმედო გეგმას კარგად შევასრულებთ, გარკვეული დროის შემდეგ ვიზების ლიბერალიზაცია მოხდება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნება. ხალხს შესაძლებლობა მიეცემა, მოკლე ვადით, მაგრამ უვიზოდ ევროპის ქვეყნებში გაემგზავროს. ეს ყველაფერი ევროპასთან კულტურულად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად ძალიან დაგვაახლოებს, რაც საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

- გარდა ამისა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე რა აზრის ხარ?

- პოლიტიკურ მოვლენებზე რა აზრის უნდა ვიყო? ახლა ამ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის გამო პოზიტიურად ვარ განწყობილი და იმედი მაქვს, რომ ქვეყანა განვითარებისკენ წავა. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ და არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც მოითხოვენ, რომ ჩვენ ევრაზიული კავშირის წევრები უნდა ვიყოთ. იმედი მაქვს, რომ საქართველოში ასეთი ადამიანი საკმაოდ ცოტაა.

- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურზე როგორი მოსაზრების ხარ? როგორ ჩაიარა ამ პროცესმა?

- უმეტეს ოლქებში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა მოიგეს, მაგრამ ფაქტია, რომ მათი რეიტინგი დაეცა, რადგან ბევრ ოლქში 50-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მოსახლეობისთვის მეტი უნდა გააკეთონ. ხალხს უნდა უჩვენონ, რომ მეტად ქმედუნარიანები არიან და ქვეყნის წინ წაყვანა ჩქარი ტემპებითAშეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლეს ოლქში გამარჯვება მაინც მათ დარჩათ, ფაქტია, რომ მათი რეიტინგი 2012 წლის პირველ ოქტომბერს რომ იყო, ისეთი მაღალი აღარ არის.

- როგორ ფიქრობ, რეიტინგის ვარდნა რისი ბრალია?

- მე ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ და ჩემს აზრს მოგახსენებთ: ეს იმის ბრალია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რასაც ხალხს დაჰპირდნენ, ბევრი რამ არ შეუსრულეს. ანუ მათი მისამართით საზოგადოებაში გარკვეული იმედგაცრუებაა. წინასაარჩევნო პროგრამაში ჰქონდათ და მათი ნებისმიერი მნიშვნელოვანი ფიგურა ხმამაღლა აცხადებდა, რომ კომუნალური გადასახადები საგრძნობლად შემცირდებოდა, შემცირდებოდა ტარიფები. ხალხს იმედი ჩაესახა, მაგრამ ეს ყველაფერი ასე არ მოხდა. ბევრი დაპირება არ შეასრულეს.

- ანუ "ოცნება არ მუშაობს"?

- ასეთი რადიკალური შეფასებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ფაქტია, რომ მათი დაპირებების დიდი პროცენტი არ შესრულდა. რასაკვირველია, რაღაცებს აკეთებენ, მაგრამ...

- უფრო კონკრეტულად? შენი აზრით, ახალმა ხელისუფლებამ რა გააკეთა დადებითი?

- ასოცირების ხელშეკრულაბზე ხელისმოწერას ნამდვილად მივესალმები, თუმცა, ეს ამ ხელისუფლების დამსახურება არ არის. ეს ნაბიჯი პირველმა წინა ხელისუფლებამ გადადგა, ბევრმა ადამიანმა დიდი შრომა ჩადო ამ ყველაფერში, ახალმა ხელისუფლებამ კი ეს ნაბიჯი დაასრულა, რასაც ნამდვილად მივესალმები. გარდა ამისა, მომწონს, რომ არჩევნები საკმაოდ კარგად ჩატარდა. ბოლო პერიოდში ინტენსიურად ვაკვირდები არჩევნების პროცესს და ძალიან მომწონს. ამ ყველაფერში, რასაკვირველია, "ცესკო" საკმაოდ დიდ როლს ასრულებს, დემოკრატიულად ტარდება ყველაფერი, თუმცა, მიუხედავად ამისა, ბოლო არჩევნებზე გარკვეული დარღვევები იყო, მაგალითად, მარნეულში და მიმაჩნია, რომ ის პირები უნდა დაისაჯონ, რომლებმაც კანონი დაარღვიეს. კარგია, რომ ამ დარღვევებმა საბოლოო შედეგებზე გავლენა არ მოახდინეს.

- რადგან არჩევნებს ასე გულმოდგინედ ადევნებ თვალყურს, შეიძლება გაგვიმხილო, როგორი იყო შენი არჩევანი?

- არა, აჯობებს, ეს ჩემთვის დავიტოვო. უბრალოდ, გეტყვით იმას, რომ პიროვნებას ან პოლიტიკურ პარტიას წინასაარჩევნო პროგრამით ვაფასებ. ხალხის უმეტესი ნაწილი მათ მხარს მაშინ უჭერს, როცა სოციალური პროგრამა აქვთ, რადგან საქართველოში ხალხს ძალიან უჭირს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუ რა საგარეო პრიორტეტი აქვს ამა თუ იმ პოლიტიკურ კანდიდატსა თუ პარტიას. თუ ის ევრაზიის კავშირის მომხრეა, როგორი კარგი სოციალური პროგრამაც უნდა ჰქონდეს, მას ხმას ნამდვილად არ მივცემ.

- ჯანდაცვის სისტემის შეცვლაზე რას ფიქრობ?

- უფასო მშობიარობა ნამდვილად არის და ვიცი, რომ ეს ბევრი ადამიანისთვის საკმაოდ დიდი შეღავათია, მაგრამ ამ ყველაფერს ორი მხარე აქვს. ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში უფასო არაფერია. თუ უფასოა გარკვეული სამედიცინო მკურნალობა, მომსახურების ხარისხი დაბალია. სისტემა ისე აქვთ აწყობილი, რომ საავადმყოფოში თანხების გადარიცხვას აგვიანებენ და ა.შ. ეს უფასო მშობიარობა მოსახლეობისთვის კი კარგია, მაგრამ ამით ექიმები ზარალდებიან, რადგან გადარიცხვა გვიანდება და შესაბამისად, ხელფასსაც ვერ იღებენ. ამ სფეროში ექსპერტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ სამინისტრომ რაღაც რეგულაცია უნდა გააკეთოს. მომხმარებელიცა და ექიმებიც დაკმაყოფილებულები უნდა იყვნენ...

ნათია ჟივიძე