ახალი პროვოკაცია ოკუპირებულ ზონაში და გარემოებები, რომლებიც სუსტ იმედს ასაზრდოებს - გზაპრესი

ახალი პროვოკაცია ოკუპირებულ ზონაში და გარემოებები, რომლებიც სუსტ იმედს ასაზრდოებს

ბოლო დღეებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სამინისტრო არაერთხელ გამხდარა საზოგადოების თავდასხმის ობიექტი. განსაკუთრებით ემოციური შეფასებები მოჰყვა რუსი სამხედროების მიერ "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" ბანერის გადმოწევას, რის შემდეგაც ქართულმა მხარემ გამყოფ ხაზზე ბანერებისა და მავთულხლართების განთავსება გააპროტესტა და ამ პროცესის შეჩერება მოითხოვა...

რას აკეთებენ ამ დროს პაატა ზაქარეიშვილი და მისი უწყება? რა შედეგები აქვს საერთაშორისო ორგანიზახიების ჩარევას და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს პროვოკაციას?- ამ შეკითხვებზე პასუხების მიღებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის პირველ მოადგილესთან საუბრისას შევეცადეთ.

ქეთევან ციხელაშვილი:

- ხურვალეთის ამბებით დავიწყოთ, რომლის გარშემოც მღელვარება არ ცხრება: საზოგადოების ნაწილი მუდმივად კითხულობდა,- რას აკეთებს ამ დროს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწრობის საკითხებში სამინისტრო?..- ემოციურად, როგორც რიგითი ქართველისთვის, ძალზე ძნელია, ბანერების განთავსების, მავთუხლართების გავლებისა და ქართული დროშის ჩამოხსნის ცქერა. ასევე მტკივნეულია ისიც, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია და სამხედრო ბაზებიც აქვს რუსეთს განთავსებული, მაგრამ საჯარო პირი ვარ და ემოციების გამოხატვის ფუფუნება არ მაქვს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არ მაწუხებს, რომ გალში ქართველ მოსახლეობას მშობლიურ ენაზე სწავლას უკრძალავენ და მათი უფლებები წარამარა ირღვევა... რაც შეეხება ჩვენი სამინისტროს პოზიციას: ამ დღეების განმავლობაში ვხვდებოდით მოსახლეობას, ვესაუბრებოდით ადგილობრივ ორგანიზაციებს, გვქონდა ურთიერთობა ჟენევის თანათავჯდომარეებთან და ყველა იმ პირთან, ვინც ჩაბმულია ამ საქმეში. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და ცოტას ვყვირით. ბანერის დადგმა მორიგი პროვოკაციაა, რომლის მსგავსიც, ოღონდ სხვადასხვა ფორმით გამოხატული, არაერთხელ გვინახავს 2008 წლის აგვისტოს შემდეგ. ეს არის ოკუპაციის გაგრძელება. თუ ადრე მავთუხლართებს ავლებდნენ, ახლა ბანერებზე გადავიდნენ. ოკუპაციის პირობებში ამ ქმედებებს სხვადასხვა ინტენსიობა ჰქონდა... 2013 წელს ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად შევძელით ამ პროცესის შეჩერება. ასეთ მიზანმიმართულ ქმედებებს წინასწარ გათვლილი მიზანი აქვს. ამას იმისთვის აკეთებენ, რომ ვითარების ესკალაცია მოხდეს და საქართველომ დასახული კურსიდან გადაუხვიოს და პროვოკაციას წამოვეგოთ. მესმის საზოგადოების ემოცია, მაგრამ როგორღაც უნდა შევძლოთ და ცივი გონებით უნდა შევხედოთ მძიმე ვითარებას, თორემ კარგად გვახსოვს, როგორ "ბედნიერად" ჩაგვითრია 2008 წელს რუსეთმა და რა მივიღეთ შედეგად...

- თუმცა, მართლაც ძნელია, ამ ყველაფერს გულგრილად უყურო...- არ ვამბობ, რომ გულრგილად უნდა ვუყუროთ. გავაგრძელოთ სვლა ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცისკენ, რაც ყველაზე მეტად აღიზიანებს რუსეთს, და მეორე- კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით გადავდგათ კარგად გათვლილი, სწორი ნაბიჯები. ჩვენი უწყების მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხმამაღლა ყველაფერს ვერ ვიტყვით, მაგრამ ჩვენ ვესაუბრებით კონფლიქტის რეგიონში მცხოვრებ ხალხსაც. ეს ჩვენი სამინისტროს მუშაობის მთავარია ხაზია. საბედნიეროდ, ინტერესი მეორე მხრიდანაც არსებობს და უფრო მეტად, ვიდრე გასულ წლებში. ეს იცის რუსეთმა და სწორედ ამის აღსაკვეთად მიმართავს ხელოვნური ბარიერების აღმართვის ხერხს... აქეთ გადმომსვლელთა რაოდენობა რომ გაიზარდა, ამაზე დაკავებულთა რაოდენობაც მიანიშნებს: ცხინვალის რეგიონიდან აქ სამკურნალოდ ლარსის გზით მომავალთა რაოდენობა გასამმაგდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ცხინვალში, რომელიც თვითიზოლირებულია, "გეტოსავით", და თუ ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიას არ ჩავთვლით, კავშირი არავისთან აქვს. მათ მკურნალობის გარდა, პროდუქტებისა და მედიკამენტების ჩათვლით, ყველაფერი აქედან შეაქვთ... ასეთ მძიმე ვითარებაში, ჩვენი მთავარი მექანიზმია, დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების მობილიზაცია, რათა მათ შემდგომ ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე.- "ზეწოლის" შედეგი რა არის?

- ის, რომ არ გამეორდეს ბანერების აღმართვა, მავთუხლართების გავლება, ადამიანების გატაცება, იქ მცხოვრებთა უფლებების დარღვევა... გასაგებია, რომ საზოგადოების ერთი ნაწილისთვის ასეთი ტიპის განცხადებები საკმარისი არ არის, მაგრამ საქართველო ომს ვერ გამოუცხადებს რუსეთს, ჩვენ მეგობრების ძალა უნდა გამოვიყენოთ რუსეთზე ზეწოლისთვის, რათა დათმობაზე წავიდეს. ამ შემთხვევაში ჩვენი პარტნიორი დასავლეთია და მისი მხარდამჭერა უნდა გამოვიყენოთ. საქართველოს ხელისუფლებას აქვს რამდენიმე მექანიზმი: არ დაუშვას, პროვოკაციის შედეგად ვითარების ესკალაცია და არ განახლდეს კონფლიქტი. ახლა, 100-მდე ოჯახის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშაა და ჯერჯერობით გაურკვეველია, შეძლებენ თუUარა ისინი მოსავლის აღებას. ჩვენ ეს საკითხი სხვადასხვა შეხვედრაზე უკვე დავაყენეთ; ის მანამდე დაგროვილ პრობლემათა ჩამონათვალს დაემატა. პრობლემა კი მართლაც, მრავალნაირი იყო: ადამიანები, ვისაც მიწა ჰქონდა, მაგრამ ვერ ამუშავებდნენ, რადგან სარწყავი წყალი არ ჰქონდათ, ე.წ. "საზღვრისპირა" სოფლებში არ იყო გათბობა, ჯანდაცვა, განათლება, მაგრამ ამ ორი წლის განმავლობაში ამ პრობლემების მოგვარება შევძელით. 550-მდე სტუდენტის სწავლაც დაფინანსებულია... ასე რომ, უბრალოდ უხერხული უნდა იყოს ჩვენი ოპონენტებისთვის ჩვენთვის ტალახის სროლა, რადგან ეს ადამიანები წლების განმავლობაში მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის სჭირდებოდათ და სხვა დროს არავის ახსოვდა... ბოლო ინცინდენტის გარშემო კიდევ ერთი კითხვა გაჩნდა: ოკუპირებულ ზოლში ჰყვება საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მილსადენის ნაწილი და ეს ცალკე განგაშის საგანია, რომელიც ქართულ-რუსულ ურთიერთობებს სცილდება. მართალია, ამ პროექტს პრობლემა არ შეექმნება, მაგრამ ეს ალბათ არის საქართველოს ტრანზიტული მარშრუტისთვის საფრთხის შემცველი... ასე რომ, ამ მართლაც მძიმე ვითარებაში, ყვირილი კი არა, ჩუმად საქმის კეთებაა საჭირო, მით უემტეს, რომ საკმაოდ მძიმე ვითარებაა ჩვენ გარშემოც: ბელორუსიის გარდა, ყველა ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორი კონფლიქტურ ვითარებაშია, აღარაფერს ვამბობ უკრაინის ომზე, რომელიც იმიტომ არ გვარდება, რომ რუსეთს აძლევს ხელს.- ამ ვითარებაში საქართველოს რამდენად აქვს რუსეთთან ურთიერთობის დალაგების შესაძლებლობა?

- საქართველო და მთელი ევროპა არწმუნებს რუსეთს, რომ მეზობლად, სტაბილური და განვითარებული საქართველო უფრო ხელსაყრელია მისთვის, რადგან ასეთი ნაბიჯებით მტრულ განწყობას აღვივებს. კრემლში ეს არ ესმით. ჰოდა, ვიდრე მათ ეს არ ესმით, ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, ვიმოძრაოთ ევროპისკენ და ამავდროულად, რუსებს ჩვენი პარტნიორების დახმარებით, მათი პასუხისმგებლობა შევახსენოთ.- კონფლიქტურ რეგიონებში მოსახლეობაში ურთიერთობების აღდგენა ახსენეთ. რა ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით?

- როგორც უკვე აღვნიშნე, ყველაფერზე ვერ ვისაუბრებთ: რაღაც საკითხებზე დაუფარავი ლაპარაკით საქმე ზარალდება, მაგრამ სხვა მნიშველოვან საკითხებთან ერთად, ვმუშაობთ იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასაცავად. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმუმი შევთავაზოთ კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, რათა ქართული მხარის მეშვეობით გაჩნდეს ერთგვარი "მაშველი რგოლი".Mახლა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ასეთი მოცემულობაა: ან ევროპული საქართველო, სადაც ყველას იდენტობა დაცული იქნება, ან- რუსეთის ანექსია, რომლის "გემოც" მათ კარგად იციან. იდენტობის პრობლემა ძალზე მნიშვნელოვანია ოსებისთვისაც, მაგრამ იქ განსხვავებული ვითარებაა, ანუ ცხინვალის რეგიონი თითქმის დაცლილია მოსახლეობისგან. ყველაზე ვერ ვიტყვით, მაგრამ ვინც დარჩა, რუსეთის პროპაგანდის ქვეშ არის. აფხაზებში კი, ნაციონალისტური განწყობა უფრო მეტია და საყრდენი ძალაც არსებობს. მათ აინტერესებთ დასავლური განათლება. ისიც ესმით, თუ რას ნიშნავს დასავლეთთან ურთიერთობა რუსეთთან სიახლოვის ფონზე, რომელიც საქართველოსგან მუდმივად მტრის ხატს ქმნის. იციან, რომ ევროპაში სრულყოფილად არის დაცული ყველა ადამიანის, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების უფლებები. დეტალებზე საუბრისგან თავს შევიაკევბ, მაგრამ ამ ეტაპზე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ კონფლიქტის მოგვარების რესურსი ნამდვილად გვაქვს.- გასაგებია, რომ აფხაზეთი რუსეთთან მიერთებას არ შეეგუება, მაგრამ არც პროქართული განწყობებია. რას ელოდებიან ისინი ჩვენგან და რა ფორმით წარმოუდგენიათ ქართულ მხარესთან თანაცხოვრება?

- რაც შეეხება სამართლებრივ ასპექტებს, ეს მეორე მხარესთან მოლაპარაკების საგანია. რაღაც შეთავაზებები არის, მაგრამ ფორმასა და სტატუსზე ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ეს ორმხრივი პროცესია.- დევნილთა დაბრუნების შესახებ ბოლო დროს ყველაზე ნაკლებს საუბრობდნენ...

- ვერ დაგეთანხმებით, მიჩუმათებული ნამდვილად არ არის, თუმცა, საკითხი პოლიტიზებულია. ამაზე საუბარი მათ არ სურთ, რაც რუსეთის გავლენის შედეგია. საქმე ის არის, რომ საერთაშორისო ორგანაზაციებთან მოლაპარაკების საგანიც კი არ არის დევნილთა დაბრუნება, რადგან ეს უპირობოდ უნდა მოხდეს, ვინაიდან სახლიდან გამოდევნილი ადამიანის დაბრუნებას არავითარი მოლაპარაკება არ სჭირდება. ჩვენ ამის წინაპირობა უნდა შევქმნათ.- ცნობილია, რომ ხაჯიმბა ერთმნიშვნელოვნად პრორუსული მენტალიტეტის პოლიტიკოსია. რა შეიცვლა "პრეზიდენტად" მისი მოსვლის შემდეგ?

- არც ერთი დე ფაქტო ლიდერი ქართველებთან დიალოგზე თანახმა არ იყო და ახლაც არ არის, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაფერხოს. ახლა დაიწყო ე.წ. ლონდონის პროცესი, რომელშიც საერთაშორისო საზოგადოებაა ჩართული და აფხაზეთიდანაც ჩამოდიან. ასევე ხდება ჟენევაში. ჩვენ აფხაზებთან ერთად ვსაუბრობთ სხვადასხვა, მათ შორის მწვავე თემებზე, მაგალითად- იქ მცხოვრები ქართველების განათლების, სამედიცინო მომსახურების პრობლემებზე და სხვ.- ჟენევის ფორმატში შეხვედრის 32 რაუნდი გაიმართა. წინა წლებთან შედარებით რა შეიცვალა?

- თუ შედეგზე მეკითხებით, ძალიან მწირი შედეგი გვაქვს, რადგან ეს რუსულ-ქართული მოლაპარაკების ფორმატია. ქართული მხარე ყველა პირობას ასრულებს, რუსული მხარე- თითქმის არაფერს. თუმცა, რაღაც მაინც ხდება: დიდი ძალისხმევის ფასად მივაღწიეთ სამედიცინო ევაკუაციასა და მიმოსვლის გაადვილებას... ასე რომ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ილუზიები არ მაქვს და ვერ ვიტყვი, რომ პროქართული განწყობა იგრძნობა, მაგრამ მიმაჩნია, რომ მათთან მუშაობა შეიძლება, რადგან ძალიან რეალურად აფასებენ ყველაფერს. ძალიან ცუდია, რომ ახალგაზრდა თაობას ქართველებთან თანაცხოვრების გამოცდილება არ აქვს. მათ, კონფლიქტის გარდა, ქართველებთან დაკავშირებით გასახსენებელი არაფერი აქვთ, არადა, იქაური ოჯახების ერთი მესამედი ქართული-აფხაზური იყო... არაერთხელ მქონია შემთხვევა, როდესაც აფხაზებთან პოლიტიკის მიღმა, თავისუფლად მისაუბრია. რუსული პროპაგანდა რომ არა, გაცილებით ახლოს ვიქნებოდით ერთმანეთთან. ამიტომაც არის საჭირო არაფორმალური შეხვედრები.- ენგურის ხიდთან დაგეგმილი თავისუფალი სავაჭრო ზონის, ასევე "ერგნეთის ბაზრობის" ახალ ვერსიაზეც გკითხავთ: რა ეტაპზეა ეს პროექტები?

- ენგურის მხარეს უკვე დაწყებულია მშენებლობა. რაც შეეხება ერგნეთს, რომელიც, თავის დროზე ძალიან უხეშად დახურეს- არავინ დაობს, რომ არალეგალური იყო, მაგრამ ის ურთიერთობების ადგილი და სამშვიდობო რესურსი იყო და სხვა ჩარჩოში მოქცევა შეიძლებოდა...- ახლა თქვენ მიერ განვლილ გზაზეც მოგვიყევით, სანამ ამ უწყებაში მოხვიდოდით.

- გარკვეული ხნის განმავლობაში ბუდაპეშტში ვსწავლობდი. მოგვიანებით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში კვლევით ორგანიზაციებში მომიწია მუშაობამ. ძალზე საინტერესო იყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის პროცესი. საკმაო ხანს ვიმუშავე პრაღაში, ერთ-ერთ ონლაინგამოცემაში. შემდეგ კი მივხვდი, რომ დაგროვილი გამოცდილების საქართველოში რეალიზება მინდოდა... 2000-იანი წლებიდან, სახელმწიფო მინისტრის აპარატშიც ვმუშაობდი და საჯარო უწყება ჩემთვის ახალი არ იყო, მაგრამ როდესაც ეს უწყება ჩამოყალიბდა და პაატა ზაქარეიშვილმა მინისტრის მოადგილის პოსტი შემომთავაზა, დავფიქრდი. ვითარება რთული იყო და პასუხისმგებლობაც- დიდი. დავთანხმდი... სიძნელე ყველგან არსებობს, მით უმეტეს, ისეთი ტიპის უწყებაში, რომელიც კონფლიქტის მოგვარებაზე მუშაობს. ზოგჯერ მეც ვგრძნობ იმედგაცრუებას. მეგონა, სხვანაირი შედეგის მიღებას შევძლებდი. გარე და ზოგჯერ შიდა ფაქტორების გამო, ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც გვინდა, მაგრამ ის პატარ-პატარა შედეგები მუშაობის სტიმულს მაძლევს.- ორი მცირეწლოვანი შვილი გყავთ, არა?

- დიახ. ტყუპი გოგონა და გერმანელი მეუღლე მყავს- არმინ ჰუტენლოხერი. მეუღლე ბერლინში ცხოვრობს, მე- თბილისში და "გზაში ვცხოვრობთო",- ვხუმრობთ ხოლმე. უფრო მეტად მას უწევს "გზაში ცხოვრება": ორ კვირაში ერთხელ მაინც ცდილობს შვილების ნახვას, რადგან მე ბავშვებისა და სამსახურის გამო, ძირითადად, საქართველოში ვარ. გერმანიაში ჩემი წაყვანაც უნდოდა, მაგრამ ვერ დამიყოლია... ჩემი თხოვნის საფუძველზე, ჩემს შვილებს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, გერმანულთან ერთად. ქართული გვარიც აქვთ. თან ორივეს ორ-ორი სახელი აქვს- თინა-მარია და სოფია-მალი: ერთი სახელი მე შევურჩიე, მეორე- მეუღლემ. ორ-ორი სახელი და გვარი აქვთ და როდესაც გაიზრდებიან, რამდენად კმაყოფილი იქნებიან მშობლების არჩევანით, არ ვიცი... ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს აქაურობა, თუმცა თავადაც მძიმე გრაფიკი აქვს სამსახურში და ხშარად ვერ ახერხებს აქ ყოფნას. ვინაიდან ქართული ოჯახი აქვს, საქართველოსა და საერთოდ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას სუბიექტურია და ამას ყოველთვის ამბობს... ზოგჯერ მგონია, რომ ორი პატარა შვილით, ამ რთული გრაფიკით მუშაობა ჩემს ძალებს აღემატება, მაგრამ როგორღაც ვახერხებ, თუნდაც იმიტომ, რომ დედობა ყველაფერზე მნიშვნელოვანია ამქვეყნად.

ლალი პაპასკირი