ვინ და რა თანხით აფინანსებს ქართულ პოლიტიკას: პარტიების შემოწირულობების მონაცემების მოულოდნელი შედეგი - გზაპრესი

ვინ და რა თანხით აფინანსებს ქართულ პოლიტიკას: პარტიების შემოწირულობების მონაცემების მოულოდნელი შედეგი

როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი, ზურაბ აზნაურაშვილის ამბობს, აღნიშნული პარტიისთვის რამდენიმე ფიზიკურმა პირმა საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა გაიღო: "პირველ ადგილზე წელს არის "თავისუფალი დემოკრატები". მათ ჰქონდათ რამდენიმე მსხვილი შემოწირულობა. მსგავსი ტიპის შემოწირულობა არცერთ სხვა პარტიას არ მიუღია. "ნაციონალურ მოძრაობას" ძირითადად საწევრო შენატანები აქვს. მსგავსი მონაცემები აქვთ "რესპუბლიკურ პარტიასაც". საარჩევნო პერიოდიც რომ არ არის, შესაბამისად, არ არის დიდი შემოწირულობები".

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის პირველი იანვრიდან 31 ივლისამდე ალასანიას პარტიამ 145 500 ლარი მიიღო. მათგან ყველაზე მსხვილ შემომწირველებს დავით ანდღულაძე, გია ხომასურიძე და ვახტანგ კურტანიძე წარმოადგენენ. მათ 30 000-30 000 ლარი შესწირეს პარტია "თავისუფალ დემოკრატებს". ისინი სხვადასხვა სახის შპს-ებს ფლობენ. ალასანიას პარტიას ასევე 10000-10000 ლარი შესწირეს ალექსანდრე ბურჭულაძემ, ალექსანდრე ჯოხაძემ და გოჩა მინაშვილმა.

რაც შეეხება "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", იგი შემოწირულობებით მეორე ადგილას გავიდა. ბოლო მონაცემებით, აღნიშნულმა პარტიამ 136 400 ლარი მიიღო. ყოფილ მმართველ გუნდს საკმაოდ ბევრი მსხვილი შემომწირველი ჰყავს. მათ შორისაა საკალათბურთო კლუბ "თბილისის" დამფუძნებელი ლევან ბეჟაშვილი, რომელმაც პარტიას 5000 ლარი გადაურიცხა. ასევე სხვადასხვა შპს-ების მფლობელები - მირიან სარიშვილი, ირმა სტეფნაძე-იაშვილი, გიორგი სულხანიშვილი და სხვა.

შემოწირულობების რაოდენობის მიხედვით ბოლო 7 თვის განმავლობაში მესამე ადგილას ირმა ინაშვილის პარტია "პატრიოტთა ალიანსია", რომელმაც უკვე 54 980 ლარი მიიღო. აღნიშნულ პარტიას 46 040 ლარი გადაურიცხა გოჩა თევდორაძემ, რომელიც "საქართველოს მომხმარებელთა ფედერაცია გეოკონსუმერ"-ის დირექტორია. რაც შეეხება მეორე შემომწირველს, იგი საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს შუამავალი L.T.D MIDDLEMAN-ის დირექტორი და მფლობელი, ლევან ტაკაშვილია. განაგრძეთ კითხვა