ვინ არის ადამიანი, რომელიც "კასრის კადრებში" მსხვერპლს აუპატიურებს და რა ჩვენება მისცა გამოძიებას - გზაპრესი

ვინ არის ადამიანი, რომელიც "კასრის კადრებში" მსხვერპლს აუპატიურებს და რა ჩვენება მისცა გამოძიებას

, თუ როგორ აღმოჩნდა ფირები უკრაინულ მედიაში, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, გავრცელებული კადრები ე.წ. "კასრების საქმეში" იდო, როგორც მტკიცებულება. შეგახსენებთ, 2013 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის ტყის მასივში 8 ცალი პოლიეთილენის კასრი იპოვეს, სადაც დიდი ოდენობით ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, შსს-ს საინფორმაციო ბაზიდან წამოღებული დოკუმენტები, ნარკოტიკული საშუალებები და 18 ცალი ვიდეოფირი აღმოჩნდა. გამოძიებამ კასრებში ნაპოვნი ვიდეოფირები გაშიფრა და აღმოაჩინეს, რომ ორ ფირზე ორი მამაკაცის გაუპატიურების ფაქტი იყო ჩაწერილი. გამოძიებამ ფირზე აღბეჭდილი ყველა პირის იდენტიფიცირება მალევე შეძლო და მათი დაკავება ხმაურით მოხდა.

გამოძიება ირწმუნებოდა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოსა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას, პოლიციელებისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისგან შექმნილი ჰქონდა დაჯგუფება, რომლის წევრებიც უკანონოდ აპატიმრებდნენ ადამიანებს და სასურველი ჩვენება რომ მიეღოთ, წინასწარ აშენებულ მიწისქვეშა ბუნაგებში აწამებდნენ და აუპატიურებდნენ. დაკავებულის გასაუპატიურებლად კი ადამიანს ქირაობდნენ და ამაში თანხას უხდიდნენ. პროკურატურაში აცხადებენ, რომ გავრცელებულ კადრებში ასახული მოძალადეები უკვე პასუხისგებაში არიან და სასჯელს იხდიან.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წელს ორ პიროვნებას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და მიიყვანეს ზუგდიდის რაიონის ტყეში სპეციალურად მოწყობილ კონსპირაციულ მიწურში, სადაც მეგის ქარდავამ, სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა _ კოხტა კოდუამ, დავით ჩაგინავამ, თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კობა თოდუამ და თეიმურაზ უბირიამ არარსებული ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მისაღებად სასტიკად სცემეს, გააშიშვლეს, მაგიდაზე დააბეს და აწამეს. ამის შემდეგ აღნიშნული პირების ბოლომდე გასატეხად, მათზე განხორციელდა გაუკუღმართებული სექსუალური კონტაქტი ძალადობით. აღნიშნულ სასტიკ ძალადობრივ ქმედებებს ვიდეოკამერით იღებდა კოხტა კოდუა.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ თერთმეტი პირი გაასამართლა. მეგის ქარდავა, დავით ჩაგინავა და კოხტა კოდუა დამნაშავედ ცნეს სსკ-ის იმ მუხლებით, რაც გულისხმობს გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებას, წამებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. სასამართლომ მათ დაუსწრებლად მიუსაჯა სასჯელის ზომა _ თითოეულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა ისინი არავის დაუკავებია, დღემდე იძებნებიან. ცოტა ხნის წინ მხოლოდ დავით ჩაგანავა დააკავეს და მისი ექსტრადირება მოხდა საქართველოში. 9 წელი მიუსაჯეს კიდევ ერთ ბრალდებულს _ კობა თოდუას, რომელიც ადამიანის წამებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში იყო მხილებული. გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებისთვის თემურ უბირიაა გასამართლებული და მას სასჯელის ზომად 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

თ. უ-ს ჩვენებიდან:

"2009 წელს, ზაფხულში, ქალაქ ზუგდიდში მომიხდა ჩხუბი ჩემთვის უცხო პიროვნებებთან. ზუგდიდის პოლიციამ დამაკავა, ადმინისტრაციული წესით დამსაჯეს და 10 დღით პატიმრობა და ჯარიმა 100 ლარი მომისაჯეს. ჩემი საქმის წარმოების დროს გავიცანი გამომძიებელი გელა ფეტელავა, რომელმაც პოლიციასთან თანამშრომლობა შემომთავაზა. კერძოდ, სხვადასხვა ინფორმაციის მოტანა დამნაშავე პირებზე. ამაზე მე უარი ვუთხარი, შემდეგ შემიყვანა თავის უფროსთან კოხტა კოდუასთან, მის სამუშაო კაბინეტში... კოხტა კოდუას ამ შეხვედრამდე არ ვიცნობდი. მითხრა, რომ თუ არ ვითანამშრომლებდი პოლიციასთან, უარესი დამემართებოდა. დაჭერით დამემუქრა. შემეშინდა და თანხმობა განვუცხადე. ამის შემდეგ კოხტა კოდუამ მითხრა, რომ იყო ერთი პიროვნება, რომელსაც სექსუალური კონტაქტი ჰქონდა საკუთარ დასთან. ამ პიროვნებას ბომბი აქვს შემოტანილი და რაღაცის აფეთქებას აპირებს, ჩვენ მას როცა დავაკავებთ, დაგირეკავთ, შენ უნდა მოხვიდე და "გააქათმო" ანუ გააუპატიუროო. მე ამას დავთანხმდი..."

რაც შეეხება სხვა დაკავებულებს: პაატა ქირიას, გურამ ჭითანავას და გიორგი ბულიას, მათ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედებოდათ ბრალი და თითოეულს 6-6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა; ირაკლი ახალაიას კი თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით მიესაჯა _ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. მარლეს ხვიტია და გოჩა შონია დამნაშავედ ცნეს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში; შემდგომ მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. ეს ორი ადამიანი აღიარებდა ჩადენილს. პროკურატურის მტკიცებით, მათ ითანამშრომლეს გამოძიებასთან.

მოძალადეებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპროტესტებს საზოგადოება, თუმცა პროკურატურაში ირწმუნებიან, რომ მათ შეხება არ ჰქონიათ დაზარალებულების წამებასა და ძალადობრივ სქესობრივ დანაშაულთან. ხვიტიასა და შონიას საბოლოო სასჯელის ზომად 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.

კიდევ ერთი პირი, რუსლან შამახია იყო მხილებული შემზარავ დანაშაულში. ბრალი ედებოდა გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებაში, წამებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში. ის არ აღიარებდა დანაშაულს და ბოლომდე იბრძოდა თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. შამახია სამეგრელო-ზემო-სვანეთის სამმართველოში კუდ-ის ყოფილი უფროსი იყო. არადა, მაშინ მედიაში კონკრეტული პირის ჩვენებაც კი გაჩნდა, რომელიც მას დანაშაულში ამხელდა. პროკურატურა შამახიას დასჯასაც ითხოვდა, მაგრამ წარდგენილ ბრალდებაში თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.

რუსლან შამახია ირწმუნება, რომ მას ბრალი შეუთითხნეს:

"დარწმუნებული ვარ, ბიჭები უდანაშაულოები არიან. ის მტკიცებულებები, რაც მათ სასამართლოში წარმოადგინეს, ყველაფერი იყო გაყალბებით, წამებით, ძალადობით მოპოვებული. ზოგმა პოლიციელმა ზეწოლას, ცემა-ტყეპას ვერ გაუძლო, რაც მათზე განხორციელდა, მაგრამ მერწმუნეთ, ამ ყველაფერს ფარდა აეხდება და ყველა დაისჯება კანონის ფარგლებში, ვინც ამ ბაკქანალიაში მიიღო მონაწილეობა", _ განაცხადა რუსლან შამახიამ.

ბუნებრივია, პროკურატურა ამ შედეგით უკმაყოფილო იყო და თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა მოსამართლე დარახველიძის მიერ გამოტანილი განაჩენი. პროკურატურა ისევ ითხოვს შამახიას დაკავებას, ასევე თვლის, რომ გამოტანილი სასჯელები არის მცირე და წამებასა და გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებაში მსჯავრდადებულების სასჯელის დამძიმებას მოითხოვს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, გაიზიარებს თუ არა ამ მოთხოვნას სააპელაციო სასამართლო. თავად ბრალდებულების ადვოკატები კი მათი დასაცავების უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობენ და მათ გამართლებას ითხოვენ.

თეა ხურცილავა