ფული, ძალაუფლება, პოპულარობის სინდრომი და ფსევდოგმირები ჩვენს რეალობში - გზაპრესი

ფული, ძალაუფლება, პოპულარობის სინდრომი და ფსევდოგმირები ჩვენს რეალობში

- ამბობს ფილოლოგიის დოქტორი საბა მეტრეველი. ფარისევლობა, სიყალბე ურთიერთობებში, ფული, ძალაუფლება, პოპულარობას დახარბებული ადამიანები, საზოგადოებაში მომატებული აგრესია - ეს მისი კონფლიქტია რეალობასთან.

- კონფლიქტური პიროვნებები არ მიყვარს და ასეთ ადამიანებს მთელი ცხოვრება ვერიდები. კონფლიქტს, უპირველეს ყოვლისა, პიროვნების ხასიათი განაპირობებს. კარგად მესმის, კრიზისულ დროში ვცხოვრობთ. მარადიულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე ორიენტირებულ ადამიანებს ამ ეპოქაში ძალიან უჭირთ. უკომპრომისო ცხოვრება ადვილი არასდროს ყოფილა და მით უმეტეს - ახლა არ არის, როცა ირგვლივ ფარისევლური ლოგიკის ზეიმია. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, რომელშიც გამეფებულია სიყალბე და თვალთმაქცობა. ჩემი ცხოვრების პრინციპია, ვიცხოვრო სამართლიანად. სიმართლის მთქმელი ჩვენში ყოველთვის შერისხული იყო. ალბათ, გახსოვთ ხალხური ანდაზები: სიმართლის მთქმელს ენა მოაჭრეს ან ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო. ასეთი დამოკიდებულება თავისთავად, ნიშნავს იმას, რომ მართალი ადამიანი საზოგადოებისგან გაძევებულია. მე მაქვს ჩემი ცხოვრების უმთავრესი ღირებულებები, რომელთა შეცვლას არ ვაპირებ. როცა ადამიანი უზნეობაზე მიდის, უკან ვიხევ და მერე ვშორდები, რადგან მის გვერდით ჩემს ადგილს ვეღარ ვხედავ.

თამაში დიდი სტიქიაა და ის განსაკუთრებულად მიყვარს სცენაზე, ურთიერთობებში სხვის გრძნობებზე არასოდეს მითამაშია.

- არადა, დღევანდელ საზოგადოებაში ასეთი "თამაშების" სიჭარბე შეინიშნება, არა?

- სამწუხაროდ, ასეა! მე არშემდგარ მსახიობს მეძახიან. სკოლის პერიოდში სცენაზე ვიდექი. მაშინ ყველამ იცოდა, რომ მსახიობი უნდა გავმხდარიყავი. მერე ერთ-ერთ თეატრალურ სტუდიაში ჩავაბარე, მაგრამ მსახიობობაზე უარი მალევე ვთქვი და ფილოლოგის პროფესია ავირჩიე. მიზეზი იყო ის, რაც სესილია თაყაიშვილს ჰქონდა და რის გამოც 54 წლის ასაკში, როცა "მე ბებია ილიკო და ილარიონში" ოლღა ბებია ითამაშა, თეატრიდან წავიდა. დიდი მსახიობი ასე ხსნიდა: "ხშირად მიხდება კონფლიქტი რეჟისორთან და ჩემს თავთანაც. ვღელავ, სრულიად მერღვევა სიმშვიდე, იწყება უძილო ღამეები, საშინლად ვნერვიულობ და განა, ეს ჭირვეულობაა?"

მეც ძალიან ემოციური ვიყავი და სცენაზე გასვლის წინ დამამშვიდებელი საშუალების მიღება მიწევდა. მართალია, სცენაზე დაძაბულობა მეხსნებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი დიდი სტრესის შემდეგ ხდებოდა. მივხვდი, ჩემი ჯანმრთელობა ამას ვერ გაუძლებდა და მსახიობობაზე უარი ვთქვი. დღემდე, სადაც კი საშუალება მომეცემა, ყველგან ვთამაშობ. ჩემთვის, ერთი მსახიობის თეატრი მაქვს.

- ფარისევლობის გარდა, კიდევ რა გაღიზიანებთ?

- ბევრი რამ, თუნდაც - ქართული უწესრიგობა და დარდიმანდობა. ამ ცხოვრებაში ყველას რაღაც დარდი და ტკივილი აქვს. XXI - მძიმე საუკუნეა. XIX საუკუნეში ნიკოლოზ ბარათაშვილი სულით ობლობის გამო დარდობდა. XX საუკუნეში მიხეილ ჯავახიშვილმა თქვა: "ჩვენს საუკუნეს სული არ აქვს და თუ აქვს, მძულვარებაა მისი სახელი". მაშინ, როცა ელექტროენერგია ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო, გერონტი ქიქოძე წერდა: დაცარიელებულ სულს ელექტროენერგია ვერ შეავსებსო. ახლა XXI საუკუნეა და დღეს უკვე ტრაგიკულად დანგრეულ სულს ინტერნეტი ვერაფერს მისცემს. ტექნოკრატიის მსხვერპლნი ვართ. ჩვენს რეალობაში გამაღიზიანებელი ბევრი რამ არის. მთავარს ვიტყვი, - ქართველი ერი იმდენად დაეცა, რომ ის იგინება საკუთარ დედას და ეს ხდება იმ ქვეყანაში, სადაც დედის დაფიცება ხატზე დაფიცების დარი იყო... უცნაურია, რაზე არ მღეროდა ქართველი კაცი, დედაზე კი თითქმის არა გვაქვს ხალხური სიმღერა. რაც გვაქვს, ბოლო პერიოდისაა. რით შეიძლება ეს აიხსნას? რატომ არ უმღეროდა ქართველი ადამიანი დედას? - იმიტომ ხომ არა, რომ დედამ დაასწრო თავისი "იავნანით" და ადგილი აღარ დატოვა სხვა მელოდიისთვის?! ყოველთვის იგრძნობოდა ჩვენი გულგრილობა მშობელი დედის მიმართ და ამიტომაც შემოგვრჩა ხალხური ზეპირსიტყვიერების ასეთი მარგალიტი: "დედას ვუყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა, მიტომაც წუთისოფელი, სულ მუდამ გვაცოდვილებსა" - და გამართლდა ეს ნათქვამი! რამდენი გამწარებული დედაა ჩვენ ირგვლივ, შვილისგან დაუფასებელი, მიტოვებული, უარყოფილი ან რამდენი დედაა შვილის აგრესიის მსხვერპლი... რა ვუყოთ, რით ვანუგეშოთ ატირებული თუ ცრემლგამშრალი დედები, მუდმივად გალოთებული ან განარკომანებული შვილების გინებასა თუ შეურაცხყოფას რომ ითმენენ?! როდის უნდა იგრძნონ შვილისგან პატივისცემა, თანადგომა, სიყვარული?.. დავმალოთ ასეთი ფაქტები თუ მიზეზებზე ვიფიქროთ? რატომ მივედით აქამდე? რატომ ხდება, რომ საკუთარ ნაჭირნახულევ სახლ-კარს ტოვებენ თავსაფრიანი დედაკაცივით და მოხუცთა თავშესაფარში ასრულებენ ცხოვრებას?! რა სატანა ჩაუდგა კაცობრიობას ისეთი, რომ საფიცარი დედა დაავიწყა? თუ ქართველები დედის პატივისცემას დიდი სიყვარულით არ ვუპასუხებთ, თუ ამ ადამიანებზე არ ვიზრუნებთ, არ გავუფრთხილდებით და სათანადოდ არ მივეფერებით, მუდმივად იმ წუმპეში ვიქნებით, რომელშიც ახლა ვიხრჩობით. ერი საკუთარ დედას იგინება, მეტი დეგრადაცია შეიძლება, არსებობდეს?

კაცობრიობისთვის ყოველთვის არსებობდა ორი დემონი: ფული და ძალაუფლება. როდესაც ბევრი ფული გაქვს, ძალაუფლების ხელში აღების სურვილიც გიჩნდება. ამის მაგალითი მრავლად გვაქვს... ან ძალაუფლება ადამიანს იმისთვის სჭირდება, რომ მერე ფული იშოვოს. მოკლედ, ეს ორი ვნება ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ჩემს სტუდენტებსაც ვეუბნები: თქვენ უნდა შეძლოთ და ამ ორ დემონს განერიდოთ. ფული არის აუცილებელი, მაგრამ არ უნდა გაქციოს თავის მონად. ფული იმისთვისაა საჭირო, რომ რაც შეიძლება მეტი სიხარული მოუტანო სხვებს, რათა შენც მათი სიხარულით გაიხარო. დღეს ამ ორ დემონს ერთი ბევრისთვის ძალიან სასურველი და სანატრელი სინდრომი დაემატა - ის, რასაც პოპულარობა ჰქვია. სამწუხაროდ, ასეთ საზოგადოებად ვყალიბდებით. მნიშვნელოვანია ის, რომ პოპულარობას აღწევენ არა დიდი შრომით, არამედ იაფფასიანი, უგემოვნო და არაესთეტიკური მეთოდებით. ამაში კი, უმეტეს შემთხვევაში, მათ ტელევიზიები უწყობენ ხელს.

- და ამ დროს ნამდვილი გმირები ჩრდილში არიან, არა?

- ასეც უნდა იყოს. ყველამ რიგით კაცად ცხოვრების კულტურით უნდა იცხოვროს. ეს რომ დავკარგეთ, ქვეყანა თავზე იმიტომ გვენგრევა. დღეს ყველა წინ გარბის, ყველას პირველობა უნდა.

- რამ იქონია ჩვენზე გავლენა, ასეთ საზოგადოებად რატომ ჩამოვყალიბდით?

- ამაზე არაერთხელ მიფიქრია. ქვეყანაში სახელმწიფოებრივი ცნობიერება აღარ არის და, შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფო პოლიტიკა, მოშლილია განათლების სისტემა, განსაკუთრებით - სკოლა... რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, გმირები გაქრნენ ლიტერატურიდან. გმირი შეცვალა ფსევდოგმირმა ან ანტიგმირმა. მწერლობაც, როგორც ჩანს, დროს ჩამორჩა, მაგრამ ერის ფსიქოლოგიის ყველაზე დიდი რყევა მაინც დიდმა ცვლილებებმა გამოიწვია. კომუნისტური მმართველობა, ეროვნული მოძრაობა, სამოქალაქო ომი, მერე "ყოჩივარდების" რევოლუცია, ამას მოჰყვა მიზანმიმართული ეროვნული ნიჰილიზმის დანერგვა და ა.შ. ეროვნულობა, პატრიოტიზმი საქილიკო თემად იქცა. განათლების მინისტრი ტელევიზიიდან რომ იტყვის, - ჰაგიოგრაფიული ტექსტები მკვდარი ტექსტებიაო, მეორე დღეს ბავშვებს ჰაგიოგრაფიაზე როგორ ველაპარაკო? ასეთმა მიდგომებმა ჩვენი მომავალი დაანგრია. შრომის კულტურა, წარსულის სიყვარული და ტრადიციების პატივისცემა თუ დავივიწყეთ, რაღა დაგვრჩება?

გული მტკივა, რომ სახელმწიფომ ჯერ ვერ შეძლო სკოლის ფეხზე წამოყენება. შვილისთვის დედ-მამაც აღარ არის მაგალითის მიმცემი. ერთმა მშობელმა მითხრა, წიგნების კითხვის ნერვი არ მაქვსო და ამ დროს ჩივის, ჩემი შვილი წიგნებს რატომ არ კითხულობსო?

სამწუხაროა, რომ აგრესიამ იმატა საზოგადოებაში. აგრესია პირდაპირი მნიშვნელობით თავდაცვაა. არაფერი გვეშველება, თუ მიდგომები არ შეიცვალა. უპირველესად, ქართული ოჯახი ფეხზე უნდა დადგეს. თუ მოზარდს ოჯახში სიყვარულით, სიმშვიდით, კეთილგანწყობით გაჯერებული გარემო აქვს, ყველაზე ნაკლებია იმის ალბათობა, რომ მისგან აგრესიული პიროვნება ჩამოყალიბდეს. ბოლო წლებში ოჯახის ინსტიტუტი დაინგრა. დედები საკუთარ შვილებს აღარ და ვეღარ ზრდიან, უმეტესობა საზღვარგარეთ სამუშაოდ არის წასული. შვილს მოაკლდა დედის სითბო და ალერსი... ცოლ-ქმარს შორის ჰარმონია უნდა იყოს. ბავშვი არ უნდა უყურებდეს მათ კონფლიქტს, ერთმანეთის მიმართ უპატივცემულობას. სამწუხაროდ, კონფლიქტურ ოჯახში ვიზრდებოდი. მქონდა პიროვნული მაგალითი, როგორი უნდა ვყოფილიყავი და როგორი არ უნდა ვყოფილიყავი. დისჰარმონიამ გამოიწვია ჩემში ჰარმონიის გამძაფრებული მოთხოვნილება. ამ ყველაფერმა ჩემს ჩამოყალიბებაზე გავლენა კარგი ფორმით იქონია, თუმცა, პიროვნული ტკივილი და დაკარგული ბავშვობის განცდა დამიტოვა.

- რეგიონებში გასვლა ხშირად გიწევთ?

- ხშირად რომ ვახერხებდე გასვლას, ბედნიერი ვიქნებოდი.

მოხევეებზე ვარ შეყვარებული, მთა ჩემი სტიქიაა. ჩემი გვარი წარმოშობით რაჭიდან არის, სოფელ უწერიდან და ჩემდა სამარცხვინოდ, უნდა ვაღიარო, რომ უწერაში ნამყოფი არ ვარ. ნახეთ, რა გაჩვენოთ (მეორე ოთახში გადის და პატარა ყუთი გამოაქვს): გასულ წელს, ჩემს რაჭველ მეგობარს ვთხოვე და უწერიდან მიწა ჩამომიტანა. ეს მიწა თავთან მიდევს, როგორც სისხლის ყივილი, დაკარგულ ფესვებთან დაბრუნების სიმბოლო. მერე რა, რომ იქ არ დავბადებულვარ და გავზრდილვარ, მაინც რაჭველი ვარ! ახლახან ერთი მეტრეველი გავიცანი. მითხრა, - უწერაში ნამყოფი მეც არ ვარო და ეს მიწა ვუწილადე.

თბილისი სიკვდილის ქალაქია, მოწამლული ჰაერით, მოწამლული წყლით, მოწამლული საკვებით, მოწამლული ადამიანებით... დღესვე დავტოვებ თბილისს, ოღონდ მთაში პროფესიით მუშაობის საშუალება მომეცეს.

- დედაქალაქსა და რეგიონებში მცხოვრებ ადამიანთა შორის რა განსხვავებაა თვალში საცემი?

- გულწრფელობის ხარისხი. ყველაზე მეტი სიბრძნე იმ ადამიანებშია, უბრალო გლეხის ცხოვრებით, სამშობლოს სიყვარულით საქმე პატიოსნად რომ აკეთეს. 24 წლის ვიყავი, ბებია რომ გარდაიცვალა. წყალტუბოს რაიონის სოფელი სორმონია ჩემი დედულეთი. ბებია ცხოვრობდა უტელევიზოროდ, რადიოს გარეშე, არც ძაღლი ჰყავდა, არც კატა, არც ქათამი, არც საქონელი... წყალსაც შორიდან ეზიდებოდა, მანქანაში ვერ ჯდებოდა, ფეხით დადიოდა სოფლიდან ქალაქში. ზაფხულობით, ყოველ კვირას წირვაზე, ქუთაისის მწვანეყვავილას ეკლესიაში მეც დამატარებდა. ერთად ვალაგებდით დანგრეულ ეკლესიებს, ჩემს სიგრძე თაფლის სანთელს ანთებდა მოწამეთასა და გელათში... მისგან არ მახსოვს დაყვირება, გაბრაზება, წყენა... ცრემლსაც კი არ მანახვებდა. ჩვენი ბოლო ზაფხულიც თვალწინ მიდგას: აღარ მინდოდა უნივერსიტეტში წამოსვლა, მისი მოვლა და მასთან ყოფნა უფრო დიდ საქმედ მიმაჩნდა. მერე ცივ ნოემბერში ვნახე უკანასკნელად: წვიმიანი დღე იყო, მოვიხედე და მისი გამჭოლი მზერა მომყვებოდა. ასე დავშორდით!

როცა მისი გარდაცვალების დეპეშა მივიღე, მაშინვე მივატოვე გამოცდები, სამი დღე მატარებელში ვიყავი გაჭედილი დიდთოვლობის გამო, მხოლოდ ბოლო პანაშვიდზე ჩავუსწარი. ცხადში რომ ვერ ვახერხებდი, ძილში ვტიროდი შემზარავი ხმით. ბევრია ამის მოწამე, მეზობლების ჩათვლით. სიკვდილის წინ მანდარინი მოინატრა, დააგვიანდათ მიტანა... ჰოდა, მას შემდეგ აღარც მე მიჭამია.

ბებიას წასვლის შემდეგ თითქოს, დავკარგე ცხოვრების აზრიც, სიხარულიც, ბედნიერებაც... თუ რამ შემომრჩა რწმენის, სიყვარულის, სიწმინდის, უიღბლობისა თუ მარტოობისა, ყველაფერი მისგან მაქვს გამოყოლილი. ბარბარე ერქვა და სულ იმას ვნატრობდი: ოდესმე მომცემოდა შესაძლებლობა, რომ წმინდა ბარბარეს სახელზე ეკლესია ამეშენებინა. ვაი, რომ ვერ შევძელი...

ჩემს ბებიასთან მთელი ზაფხული ვრჩებოდი. რით ვერთობოდი? საღამოს მეტყოდა, - ნინასთან (მეზობელი) წავიდეთო. გავყვებოდი და მათ ლაპარაკს ყურს ვუგდებდი. ამ ორ მოხუცთან ყოფნა ჩემთვის ბედნიერება იყო.

- საინტერესოა, მათი კონფლიქტი რეალობასთან რა იყო?

- წუხდნენ იმაზე, რომ ცუდი დრო დადგა, ახალგაზრდობამ უფროს-უმცროსობა დაკარგა, ვეღარავის ენდობიო და ა.შ. ნინა ბებია მუდამ რუსეთში მცხოვრები შვილის, მიტუშას სიტყვებს იმოწმებდა: დედა, ხალხი როგორ უცბად გადასხვაფერდაო. ყოფით პრობლემებზეც ხშირად ლაპარაკობდნენ. ბებია რომ გარდაიცვალა, ნინა ბებიას სანახავად ყოველ ზაფხულს ჩავდიოდი და მეგონა, საკუთარ ბებიას ვხვდებოდი. საერთოდ, მოხუცები, მათთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს. არასდროს დაგვავიწყდეს, ჩვენც დავბერდებით!

თამუნა კვინიკაძე