"ისლამური სახელმწიფო" მსოფლიო პოლიტიკის შეცდომის შედეგია - გზაპრესი

"ისლამური სახელმწიფო" მსოფლიო პოლიტიკის შეცდომის შედეგია

ადამიანმა ამ ტერორისტული დაჯგუფების შესახებ ბევრი არაფერი იცის და არც მისი წარმოშობის ისტორიაშია გარკვეული. ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის, მსოფლიოს არასწორი პოლიტიკის შედეგად მისი წარმოქმნისა და მოვლენების შესაძლო განვითარებაზე გვესაუბრება, თუმცა, მანამდე, შევეცადე, გარკვეული ცნობები ამ დაჯგუფების შესახებ მეც მომეძიებინა.

ერაყის ისლამური სახელმწიფო, ასევე ცნობილი როგორც ერაყის "ალ-ქაიდა" და შუამდინარეთის ერთღმერთიანობისა და ბრძოლის ორგანიზაცია, საერთაშორისო ისლამისტური ორგანიზაციის, "ალ-ქაიდას" ერაყის უჯრედი იყო. იგი დააფუძნა საერთაშორისო ტერორისტად აღიარებულმა აბუ მუს"აბ აზ-ზარყავმა და მას შემდეგ ერაყის სუნიტებით დასახლებულ რაიონებში კოალიციის ძალები დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ მათი მხრიდან. მისი განდევნა დასავლეთ ერაყიდან მხოლოდ ადგილობრივი სუნიტური ტომების ლიდერების ას-საჰვას ანუ "ინფორმაცია ფულის სანაცვლოდ" პროგრამაში ჩართვის შემდეგ მოხერხდა. აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ორგანიზაციამ 2010 წლის 16 მაისს გამოაცხადა თავის ახალ ამირად - ერთი თვის შემდეგ, რაც მისი წინამორბედი, აბუ უმარ ალ-ბაღდადი რეიდის დროს მოკლეს. მას შემდეგ, ერაყის ისლამურმა სახელმწიფომ ერაყის ტერიტორიაზე მრავალი ტერორისტული აქტი და თავდასხმა განახორციელა. იგი განსაკუთრებით გააქტიურდა უსამა ბინ ლადენის მოკვლის შემდეგ.

ერაყის მეზობელ სირიაში მასობრივი გამოსვლების სამოქალაქო ომში გადაზრდის შემდეგ, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ 2013 წლის 8 აპრილს გამოაცხადა ერაყისა და შამის ისლამური სახელმწიფოს ფორმირება და ახალი ორგანიზაციის სამოქმედო არეალი ერაყისა და სირიის ტერიტორიებს შეადგენდა. ამ სახელმწიფომ სახელი გაითქვა როგორც ერთ-ერთმა ყველაზე უფრო ულმობელმა დაჯგუფებამ.

2014 წლის 29 ივნისს სახალიფოს აღდგენა გამოცხადდა, ალ-ბაღდადი - მის ხალიფად, ხოლო ერაყისა და შამის ისლამური სახელმწიფო - ისლამურ სახელმწიფოდ. ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო, 2014 წლის 30 ივნისიდან ოფიციალურად ისლამური სახელმწიფოა, სუნიტ ჯიჰადისტთა ტერორისტული ორგანიზაცია ერაყსა და სირიაში. იგი აკონტროლებს ერაყისა და სირიის ნაწილს. ტერორისტების გრძელვადიანი მიზანია შეიერთონ მთლიანად ლევანტი, მათ შორის - ლიბანი, ისრაელი, პალესტინა, იორდანია, კვიპროსი, სამხრეთი თურქეთი. ორგანიზაციის რამდენიმე ლიდერმა განაცხადა, რომ 2003 წლის ჯორჯ ბუშის შეჭრამ ერაყში მიიყვანა ისინი ჯიჰადამდე ამერიკელების წინააღმდეგ და ბიძგი მისცა, კონტროლი გაემყარებინათ არაბულ სახელმწიფოებზე.

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე:

- სიმართლე გითხრათ, "ისლამური სახელმწიფო" - არასახელმწიფო წარმონაქმნი, დაჯგუფებები, სახელმწიფო კონტურმიღებულები, მსოფლიო პოლიტიკის შეცდომის შედეგია ანუ გარკვეულწილად, მიზანმიმართული მოქმედების. ეს ყველაფერი ერაყის მოვლენების შემდეგ დაიწყო და ეს იყო რეაქცია გარკვეულ პოლიტიკაზე და წახალისებულმა პოლიტიკამ "ისლამური სახელმწიფოს" წარმოქმნამდე მიგვიყვანა. დღეს კი უკვე ყველგან საუბარია ტერორიზმის საფრთხეზე, "ისლამური სახელმწიფოს" განადგურებაზე და ამ დროს, რეალურად მას არავინ ანადგურებდა, რადგან სულ რამდენიმე დღეა საჭირო, რომ საერთოდ მიწისაგან პირისაგან იქნას აღგვილი. თუმცა, ეს ახლო აღმოსავლეთის პრობლემას, რა თქმა უნდა, არ აგვარებს, ის გლობალურადაა გადასაწყვეტი. ალბათ, სახელმწიფო კონტურები უნდა მოიხაზოს, დალაგდეს ისევე, როგორც ეს ევროპაშია და ამას პოლიტიკის მთავარი მოთამაშეები შეთანხმების საფუძველზე თუ მოახერხებენ. თუმცა, ასეთი შეთანხმება რეალურად არ ჩანს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ყველას საკუთარი მიზანი აქვს და ისინი ამ თამაშს არ დათმობენ. პირიქით, მათთვის მთავარია, ამ ორომტრიალში რომელი შეძლებს, რაიმე პრობლემა შეუქმნას მეორე მოთამაშეს. თუმცა, რუსებმა კარტი ძალიან მაგრად არიეს და ახლა უკვე, საპირისპირო პოლიტიკის ხალხის განეიტრალებაზე ფიქრობენ. ამდენად, პრობლემები წინაა, სირიისა და ახლო აღმოსავლეთის მოვლენები ჯერ არ დალაგდება. ტერორიზმი და "ისლამური სახელმწიფო" რიტორიკის დონეზე იქნება საუბრის თემა. თუ მიადგებიან მას მთავარი მოთამაშეები, ალბათ ძალიან იოლად გაანადგურებენ. მოკლედ, დღეს ახლო აღმოსავლეთი მსოფლიო პოლიტიკის დაპირისპირების ცენტრშია, "ისლამური სახელმწიფო" საუბრის დონეზე უფრო გახდა პრობლემა, თორემ სინამდვილეში ის პრობლემას არ წარმოადგენს და გამორიცხული არ არის, მოვლენების განვითარების შემდეგ, დაპირისპირების სხვა სცენარით გაგრძელება ვიხილოთ.

- საქართველო რა კუთხით შეიძლება იყოს ჩართული ამ პროცესებში და სიფრთხილის რა ზომები უნდა მიიღოს?

- ეს არ არის საქართველოს თამაში და არ უნდა იყოს ჩართული, ჩვენს ქვეყანას დღეს არნახული გონიერება და სიფრთხილე სჭირდება, რომ არ აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, როცა სიტუაცია მთავარ მოთამაშეებს, ვინც უნდა იყოს ის, აბსოლუტურად დაუნდობელი ნაბიჯებისაკენ უბიძგებს. ეს დიდი დაპირისპირებაა, გლობალურ დონეზე ხდება გავლენის სივრცეების გადანაწილება და თამაშის ახალი წესების ჩამოყალიბება, რომლის კონტურები ჯერ გამოსახულიც არ არის. ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო, არანაირი ზედმეტი მოძრაობა. რადგან ყველაფერი ის, რაც ხდება, საქართველოსთან ტერიტორიულად ძალიან ახლოსაა. არც ცვლილებაა საჭირო და არც ახლის მოგონება, სიმშვიდე და საკუთარი ქვეყნის მიხედვაა საჭირო, რომ რამე უბედურებაში არ გაეჩხიროს, საიდანაც ის მარტივად ვეღარ გამოძვრება.

- "ისლამური სახელმწიფო" სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებსაც რომ შევადაროთ, რას წარმოადგენს საერთოდ?

- არ ვფიქრობ, რომ ეს ტერორისტული დაჯგუფება რაიმე ისეთ ძალას წარმოადგენს, რომელიც დაუძლეველია მსოფლიო პოლიტიკის მთავარი მოთამაშეებისთვის. უბრალოდ, ტერორიზმის თემა დღეს პოლიტიკური ტექნოლოგიის არსენალშია, რადგან როდესაც ახალგაზრდა ადამიანები ასაფეთქებელ მოწყობილობებს იმონტაჟებენ და თავს იფეთქებენ, თუ საღი ადამიანი ხარ, ელემენტარულად უნდა დაფიქრდე, რატომ კეთდება ეს ყველაფერი და რა არის ამის საფუძველი. ამიტომ, გლობალური პოლიტიკა და ხილული მოვლენები სხვადასხვა ჩარჩოში ვითარდება. ჩვენ ვხედავთ უდანაშაულო ადამიანების უზარმაზარ მსხვერპლს. როგორც ჩანს, ფასეულობათა სისტემა მთელ ქვეყანაში მოშლილია, რადგან ბავშვების უმოწყალო განადგურება აღმოსავლეთში, არანაირ რეაქციას არ იწვევს და ტერაქტი პარიზში ხდება პროპაგანდის საგანი. ეს უკვე ფასეულობების დეფორმაციას ნიშნავს და როცა ადამიანები და საზოგადოებები ასეთ დეფორმირებულ მდგომარეობაში არიან, იქ კრიზისის გახსნის ერთადერთი საშუალება, დიდი დაპირისპირებაა.

- რა აზრის ხართ იმ ვიდეომასალაზე, რომლის მიხედვითაც ქართულ ენაზე მოსაუბრე პირები საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს "ისლამური ხალიფატის" მხარდაჭერისაკენ მოუწოდებდნენ?

- თავისთავად ცხადია, ადამიანთა ცალკეულ ჯგუფებს, რომლებმაც აქტიური ნაბიჯები გადადგეს და იბრძვიან, თავიანთი შეხედულებები აქვთ და არა მგონია, ეს ყველაფერი საშიში იყოს მაშინ, თუ ხელისუფლება გონივრულად იმოქმედებს. თუმცა, ხელაღებით ამ განცხადებების იგნორირება სწორი არ იქნება. ეს არის გარკვეული განწყობა, რომელიც დროზეა გათვლილი. ხვალ შეიძლება უფრო მეტი ადამიანი იყოს ასეთი. რატომ? იმიტომ, რომ ქვეყანაში, სადაც სიღარიბეა, სამუშაო ადგილები, პერსპექტივები არ არის, ადამიანები ნაბიჯებს დგამენ და ეს ნაბიჯები შეიძლება ძალიან რადიკალური იყოს. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი თანამემამულეები აჭარიდან, პანკისიდან და ა.შ. არ გადიოდნენ ქვეყნის გარეთ და ექსტრემისტულ მოძრაობებში არ ებმებოდნენ, საკუთარი ქვეყანა უნდა მოვაწყოთ, ეს კი ყველაზე კარგი საშუალებაა მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. სამწუხაროდ, ქვეყანაში ეს გაგება არ არის. თუ საქართველო ასეთი უპერსპექტივო დარჩა, ასობით ადამიანი გადაინაცვლებს ექსტრემისტულ დაჯგუფებებში და მაშინ, ქვეყანას სერიოზული საფრთხეები შეექმნება.

- საქართველოს ამაზე ბევრად უარესი დრო და უსახსრობაც ახსოვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფულობის გამო, ადამიანებმა XXI საუკუნეში ამ გზით უნდა იშოვონ სარჩო. ამ შემთხვევაში ხომ ძირითადად, დამახინჯებული იდეოლოგია და ფსიქოლოგიური აღქმა ახდენს გავლენას და არა - უფულობა.

- არის უპერსპექტივობა, იდეოლოგიური გავლენა, რწმენა - ყველაფერი ერთად თამაშობს, ადამიანი იმპულსებს იღებს. ის რომ თავის საცხოვრებელ ადგილზე "დამაგრებული" იყოს, შემოსავლები ჰქონდეს, მისი კეთილდღეობა იზრდებოდეს, გაუფრთხილდება მის მონაპოვარს. საფიქრალი ბევრი გვაქვს და უდარდელი პოლიტიკური განცხადებები, დღევანდელ პირობებში ვიზა-ლიბერალიზაციაზე საუბარი და ა.შ. უპასუხისმგებლობის უდიდესი ნაბიჯია. დღეს ეს პრიორიტეტული არ არის. ქვეყნის ფეხზე დაყენება და განვითარებაა მთავარი. ტოტალურად უმუშევარ ქვეყანაში რა დროს ვიზა-ლიბერალიზაციაა? თანაც - სად? რეგიონში, სადაც ტერორიზმის საფრთხეებია და ისეთ კეთილდღეობაში ჩაფლული სახელმწიფოები, როგორიც ბელგია და საფრანგეთი იყო, საომარ პოლიგონად არიან გადაქცეულები. ვიზა-ლიბერალიზაციის მიზანი რა არის? ხელისუფლება ხალხს ვერ ასაქმებს და ოღონდ წავიდნენ და მოსცილდნენ აქაურობას, თავში ქვა უხლიათ? ამისთვის გვინდა? ეს განვითარებულ, ფეხზე დამდგარ, შეძლებულ ადამიანებს სჭირდებათ, რომლებსაც შეუძლიათ თავისუფლად იმოძრაონ თავიანთი ბიზნესინტერესებისთვის, სულიერი თუ კულტურული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად და არა - გაღატაკებულ ქვეყანას, სადაც 50%-ზე მეტი სიღარიბეში ცხოვრობს. ხელისუფლების მხრიდან, ეს უპასუხისმგებლობაა მაშინ, როცა ვერ აკეთებ იმას, რაც შენს ქვეყანაშია გასაკეთებელი და ყურადღება მეორეხარისხოვან თემებზე გადაგაქვს.

თამთა დადეშელი