პაატა ბურჭულაძის პარტიის შანსები ნულის ტოლია - გზაპრესი

პაატა ბურჭულაძის პარტიის შანსები ნულის ტოლია

ეს თემა მას შემდეგ გააქტუალურდა, რაც სამეწარმეო რეესტრში ორგანიზაცია "პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდი" დარეგისტრირდა. ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან: პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი, ვანო მაჭავარიანი; ქალაქ რუსთავის ყოფილი მერი, მერაბ ტყეშელაშვილი და "ტოიოტა ცენტრი თბილისის" დირექტორი, ირაკლი გურჩიანი. ფონდში გაწევრდნენ ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, დავით ჯანდიერი და გიორგი რუხაძე.

პაატა ბურჭულაძე მიესალმება ამ საკითხით საზოგადოების დაინტერესებას და არ უარყოფს, რომ კონსულტაციები უკვე ჰქონდა ირაკლი ალასანიასა და ბიძინა ივანიშვილთან. თუმცა უცნობია, კონკრეტულად რაზე ესაუბრა მათ.

პაატა ბურჭულაძე იმასაც ამბობს, რომ წლების მანძილზე იღებდა შემოთავაზებებს პარტიებიდან პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შესახებ, მაგრამ ყოველთვის უარს ამბობდა და დასძენდა - თუ ოდესმე პოლიტიკაში მოსვლას დავაპირებ, აუცილებლად მივალ უწმინდესთან და ვიდრე მის ლოცვა-კურთხევას არ მივიღებ, არაფერს გადავწყვეტო. მიიღო თუ არა პატრიარქისგან კურთხევა, ამაზე ჯერჯერობით არ საუბრობს.

ერთ-ერთი ვერსიით, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლა ბიძინა ივანიშვილის სურვილია, რითაც პარტიისა და მთელი კოალიციის აშკარად შემცირებული მხარდამჭერების კვლავ შემოკრებას შეეცდებიან. აღმოჩნდება თუ არა "ქართულ ოცნებასთან" კოალიციაში ბურჭულაძის მიერ დაფუძნებული პარტია, ესეც მომავლის საკითხია.

რამდენიმე ადამიანს ვთხოვეთ, აზრი გამოეთქვა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით.

მერაბ ხურცილავა, 55 წლის, ისტორიკოსი:

- უარყოფითად ვუყურებ მის პოლიტიკაში მოსვლას. ბევრს ლაპარაკობენ იმაზეც, რომ პაატა ბურჭულაძე შესაძლოა, იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი. ეს ცუდია. ვფიქრობ, ამით ის სახელს გაიფუჭებს. მისი გაპრეზიდენტება არაფრის მომცემი იქნება. პაატა ბურჭულაძე ნორმალური აზროვნების ადამიანია, პატრიოტი, აქვს ხალხის დიდი სიყვარული და ვფიქრობ, პოლიტიკაში გააფუჭებენ. ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს ქვეყნისა და ქართველი ხალხისთვის. არის ქველმოქმედი ადამიანი და ჯობია, ამ გზას გაჰყვეს და სიკეთე კიდევ დიდხანს აკეთოს. ასე ქვეყნისთვის უფრო მეტი სიკეთე მოაქვს, ვიდრე პოლიტიკაში ყოფნით მოიტანს.

- რომელ პოლიტიკურ ძალასთან მოიაზრებთ მას?

- თუ მან მაინც გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა, ვფიქრობ, დამოუკიდებელ პარტიას, ცალკე ჯგუფს შექმნის.

თამაზი, 40 წლის:

- უარყოფითად ვაფასებ მის გამოჩენას. ვფიქრობ, ეს "ნაციონალების" შემოგდებული, ახალი სატყუარაა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ მას სააკაშვილი პრეზიდენტობას სთავაზობდა. გადახედეთ მის გუნდს და მიხვდებით, რა ხალხი დგას მის გვერდით. როგორ წარმოგიდგენიათ ვანო მაჭავარიანი, ხათუნა ლაგაზიძე და სხვები შეძლებენ ქვეყანაში პოლიტიკის შეცვლას? ვანო მაჭავარიანი და "ნაცმოძრაობა" განუყრელები არიან. არა მგონია, შეძლოს ხმების მოპოვება.

აკაკი, 37 წლის:

- ჩემთვის მიუღებელია პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლა. მას მთელი მსოფლიო იცნობს და პატივს სცემს. ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩართვით ის დაკარგავს იმ სახელს, რაც მოიპოვა. ჯობია, დარჩეს იქ, სადაც არის, ვიდრე სახელი გაიბინძუროს. პოლიტიკა ბინძური საქმეა და იქ ნამდვილად არ არის მომღერლების, მსახიობების, სპორტსმენების ადგილი, ისინი ვერ აგვაშენებენ. ამ ხალხმა თავისი საქმე უნდა აკეთოს. ის რომელ პოლიტიკურ ძალასთან იქნება, არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. მე პაატა ბურჭულაძე წარმომიდგენია მხოლოდ სცენაზე.

ნათია გურგენიძე, ჟურნალისტი, ფილოლოგი, 50 წლის:

- მე არ ვიცი, ვისი მხარდამჭერია პაატა ბურჭულაძე, პროდასავლური თუ პრორუსული ძალების, მაგრამ საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რა გზა გაიარა მან ფონდ "იავნანას" შექმნამდე და აქამდე დიდი პატივისცემით სარგებლობდა, როგორც მსოფლიო ბანი და როგორც ქველმოქმედი. ვეჭვობ, ეს პატივისცემა შეინარჩუნოს პოლიტიკაში იმ გზავნილით, რომელიც მან გააკეთა. ზოგადად, პოლიტიკაში მოსვლა და ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვა, ქველმოქმედებით მოხდება თუ პოლიტიკაში ყოფნით, საძრახისი არაა, მაგრამ მისი გამოჩენა "ძებნილ ადამიანთან" და იმ გუნდთან ერთად, რომელთა 9-წლიან საქმიანობაში ბევრი ბუნდოვანი საკითხი საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ მტკივნეული თემაა, სააკაშვილისგან მიპატიჟებულ სუფრაზე ყოფნა და მასთან ერთად გადაღებული ფოტო, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო "შეთქმულებაში" მის ჩათრევა-ჩაყოლაზე მიუთითებს.

სალომე ზურაბიშვილი:

- ბურჭულაძის ინტერვიუს სრული ვერსია გადის "რუსთავი 2"-ზე... რატომ არ მიკვირს?! რატომ არ მიკვირს, რომ მაჭავარიანის ძმა ახალდაარსებული ფონდის გენმდივნად ჰყავს აყვანილი? რატომ არავის უკვირს ამ "ბანის" სიჩუმე მთელი 9 წელი, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს (თუმცა, დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკის უფლება აქვს და უნდა ჰქონდეს)? ნუთუ ასეთ "გამაყრუებელ" სიჩუმეს რაიმე კავშირი ჰქონდა იმასთან, რომ ამ 9 წლის მანძილზე მისი ფონდი "იავნანა" სარგებლობდა იმდროინდელი ხელისუფლების სრული კარტ-ბლანშით? მეტიც, "იავნანას" ჰქონდა მიღებული მონოპოლია: აეროპორტში იდგა მხოლოდ "იავნანას" ყუთები, სადაც წამსვლელ მგზავრებს შეეძლოთ, ხელთ შერჩენილი ლარების შეწირვა "იავნანასთვის". იმ დროს, როცა არც ერთი ბიზნესი ხელისუფლების წნეხისგან დაცული არ იყო, რა კავშირი ჰქონდა ამ ფონდს ხელისუფლებასთან? უცხოეთიდან შემოსული ფულის გათეთრებისა თუ სწორედ სხვადასხვა ბიზნესზე დაკისრებული გადასახადის გადმორიცხვის ფორმა? ხომ საინტერესო კითხვაა? ნეტავ "რუსთავი 2" ინტერვიუში დაუსვამს ამ და სხვა კითხვებს?

ვახტანგ ძაბირაძე, პოლიტოლოგი:

- შანსებზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ძნელია, რადგან არჩევნებამდე მთელი წელია დარჩენილი. რომ გითხრათ, ქვეყანაში დიდი მოთხოვნილებაა ახალი პოლიტიკური ძალის, ჩემი აზრით, ასე არ არის. პრობლემა არის ისიც, რომ იმ ჯგუფში, რომელიც მან ოფიციალურად წარმოადგინა, პარტიული საქმიანობის გამოცდილება ძალიან ცოტას აქვს, თუ აქვს საერთოდ, ესეც არ ვიცი. ისინი არიან კარგი ექსპერტები, მაგრამ მარტო ეს არ კმარა პოლიტიკაში მოსასვლელად. მათ უნდა შექმნან პარტიული სტრუქტურა, რაც ძალიან მძიმე და რთული სამუშაოა. გარდა იმისა, არსებობს თუ არა ამის ადამიანური რესურსი, კიდევ უამრავი კომპონენტი სჭირდება პარტიის მომზადებას. თუ პარტიას სტრუქტურა არ ექნება, მაშინ არჩევნებში მონაწილეობასაც აზრი არა აქვს. ამიტომ, ჩემი აზრით, პარტიას ძალიან გაუჭირდება. სათქმელია ისიც, რა სიახლე შემოაქვს ახალ პარტიას პოლიტიკურ სპექტრში ანუ იდეოლოგიაში, რა პარტიაა ეს და რითი განსხვავდება სხვა ჯგუფებისგან. სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ვითარება იყო 2012 წელს და დღეს სრულიად განსხვავებული ვითარება გვაქვს, ამიტომ მათ ბევრ რამეზე აქვთ საფიქრალი მანამ, სანამ ოფიციალურად გამოაცხადებენ პარტიის დაფუძნებას. რთული და მძიმე სამუშაო აქვთ წინ. შესაბამისად, შანსები თითქმის ნულის ტოლია და ისინი ბარიერს ვერ გადალახავენ.

- ვისთან შეიძლება მოვიაზროთ ეს პარტია?

- ესეც რთული სათქმელია, მათთვის ყველაზე კომფორტული და კარგი იქნება, თუ იქნებიან ხელისუფლებასთან ანუ შევლენ კოალიციაში და დაემატებიან მას. რამდენიმე პიროვნების მიმართ, რომელიც ამ ფონდშია გაწევრებული, ბატონ ივანიშვილს კრიტიკული დამოკიდებულება აქვს, ამიტომ ცოტა რთული მეჩვენება მათი კოალიციაში მოხვედრა, თუნდაც ამ ფაქტორიდან გამომდინარე.

- ვანო მაჭავარიანს გულისხმობთ?

- არ მინდა გვარების დასახელება, ზოგადად ვლაპარაკობ. თუნდაც - მაჭავარიანი. Mბურჭულაძემ განაცხადა, მქონდა კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთანო, მაგრამ გააჩნია კონსულტაციას, შინაარსი უცნობია. ამიტომ ეს პრობლემა იქნება.

- თქვენი აზრით, ახალი პოლიტიკური ძალა რა კურსის მატარებელი იქნება?

- სავარაუდოდ, პროდასავლური ძალაა. ამის შესახებ განმარტებები გააკეთა თავად პაატა ბურჭულაძემ. ინტერნეტსივრცეში დევს მისი განცხადება, რომ რუსეთთან მიმართებაში რაღაც არასწორად გაუგეს. უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს არის პროდასავლური ძალა.Oარა მგონია, ეს ხალხი წავიდეს "ნაციონალებთან" ურთიერთობაზე. ვფიქრობ, მათ ცოტა ხანს უნდა შეაჩერონ პარტიად გადაკეთების პროცესი. ეს იქნება ჩემი გულწრფელი რჩევა. მინდა, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალი ძალა შემოვიდეს, მაგრამ მათი პარტიად ჩამოყალიბება ჯერ ნაადრევია. მათი გათვლები უნდა იყოს არა 2016 წლის არჩევნებისთვის, არამედ - 2020 წლისთვის, თუ შორს მიმავალი მიზნები აქვთ. მერწმუნეთ, დამოუკიდებლად შანსი მათ ნამდვილად არა აქვთ.

თეა ხურცილავა