სიტყვები -აპოლიტიკური ვარ -დღეს უკვე სასაცილოა - გზაპრესი

სიტყვები -აპოლიტიკური ვარ -დღეს უკვე სასაცილოა

-დღეს ისეთი დრო დადგა, სიტყვები -აპოლიტიკური ვარ, ცოტა სასაცილოდ ჟღერს. გვინდა, თუ არა, ყველა პროფესიის ადამიანი ერთ ქვაბში ვიხარშებით, რადგან ყველანაირი პოლიტიკური მოვლენა მოქმედებს. არის თემები, რომლებიც ისეთნაირად უნდა გვარდებოდეს, რომ ხალხის ყურამდე არც მიდიოდეს, მხოლოდ საქმით ჩანდეს, მაგრამ ჩვენთან, სამწუხაროდ, ყველა დეტალი განსჯის საგანი ხდება. ალბათ, ეს მთავრობის არაეფექტიან მუშაობაზე მიუთითებს.

-მეორე მხარეცაა, თუ მოვლენა საზოგადოებისთვის გამჭვირვალე არ არის, ამასაც უარყოფითი რეაქცია ახლავს და პიარის ნაკლებობაზე საუბრობენ.

-ისევ და ისევ იმ შეცდომასთან გვაქვს საქმე, რასაც ყოველთვის ვუშვებდით ქართველები -ოქროს შუალედი არ ვიცით. თუნდაც, ქალბატონი რიმა ბერაძის მაგალითი ავიღოთ: აზრის ფორმულირება ძალიან ცუდად მოახდინა. ეს ქალბატონი ჩემი უბნის მაჟორიტარი დეპუტატია და ამ კუთხით თუ შევაფასებ. ვორონცოვზე, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, ძველ და ისტორიულ უბანში ვცხოვრობ და ჩემი სახლის წინ გზები ძალიან სავალალო მდგომარეობაშია. ერთადერთი პრეტენზია მე ამ კუთხით მაქვს ჩემი უბნის დეპუტატთან, საერთოდ არაფერს აკეთებს (არ ვიცი, რამდენად ევალება) და ჩემი უბნის გამგეობა, ვთვლი, რომ ამ მთავრობის უსუსტესი რგოლია და ყველა უნდა დაითხოვონ. როცა რაღაცას ახმოვანებ, იმის ნიჭიც უნდა გქონდეს, რომ საზოგადოებამ სწორად გაგიგოს, მაგრამ როცა აქცენტს არასწორი კუთხით აკეთებ, რა თქმა უნდა, იმ აგრესიას მიიღებ, რომელიც რიმა ბერაძემ მიიღო. ძირითადად, საქმეს არაკომპეტენტური ადამიანები უძღვებიან და არა ის ხალხი, ვისაც მართლა უყვარს თავისი ქვეყანა და ზრუნავს მასზე. პრობლემების არსი ისაა, რომ ყველა საკუთარი ჯიბისა და არეალის კეთილმოწყობაზე ზრუნავს.

-თქვენი აზრით, მოსახლეობის სოციალური დონე ადრინდელთან შედარებით კიდევ უფრო გაუარესდა?

-რაც დამოუკიდებელი ქვეყანა გავხდით, ჩვენი სოციალური დონე ნორმალური არასდროს ყოფილა. მაქსიმალისტი ვარ ყველაფერში, ამიტომ, ჩემი სოციალური დონე არც `ნაციონალების~ დროს იყო დამაკმაყოფილებელი და არც -ახლა. თუ, ვთქვათ, რაღაც მაშინ 10 ლარით ნაკლები ღირდა, ამით არაფერი განისაზღვრება. რა მდგომარეობაშიც მაშინ ვიყავი, ისე ვარ ახლაც, ხელფასზე დამოკიდებული. მაშინაც ჩვეულებრივად ვიდექი საცობში და გვერდზე არაფრის მომცემი ჩინოვნიკის შავი ჯიპი მჭყლეტდა, რომელიც უბრალოდ გდია სამსახურში და ჩემს ფულს ჭამს. ჩვენ კი ვეგუებით და ხმას არ ვიმაღლებთ. ჩვენ ვუხდით მათ ფულს და ჩვენვე უნდა მოვთხოვოთ პასუხი, თუ რა გვინდა.

-რა გავაკეთოთ ამისთვის? ისევ ქუჩაში გამოვიდეთ და გადაყენება-გადმოყენება მოვითხოვოთ?

-ერთადერთი, რაც ძალიან კარგი მოხდა, ისაა, რომ მთავრობა არჩევნების ფორმატით გამოიცვალა. ჩვენი ხმა კვლავ არჩევნების გზით უნდა დავაფიქსიროთ და უნდა დამკვიდრდეს, რომ პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს იმის შიში -მე თუ ჩემს ქვეყანას რამეს მოვაკლებ, აღარ ამირჩევენ. ევროპა რომ გვინდა, მათგან სწორი მაგალითები ავიღოთ. ჩვენი საზოგადოება ლიდერებს ეწებება. ფეხებზე ჰკიდია, მთავრობა რას აკეთებს, მთავარია, თვითონ კარგად იყოს და ეს მიდგომა რომ შეიცვლება, სხვა რამეებიც დალაგდება. თუ მე დღეს კარგად ვარ, მაგრამ მთავრობას ვერჩი იმის გამო, რომ ჩემ გვერდით ადამიანები შიმშილობენ, მაშინ იქნება ძლიერი საზოგადოება. ოღონდ შევარდნაძე არ იყოს, ვინმე იყოს, ოღონდ მიშა არ იყოს, ვინმე იყოსო, არ უნდა ვფიქრობდეთ ასე. ცხოვრებისა და შეცდომების ანალიზი უნდა შეგვეძლოს, მაგრამ ამას ვერ ვახერხებთ. ისევ იმის მოლოდინში ვართ, რომ თეთრ ცხენზე ამხედრებული მავანი ერთი ხმლის მოქნევით გადაარჩენს საქართველოს და ჩვენ თუ ხელი არ გავანძრიეთ, თუ არ ვიწვალეთ და მოვითხოვეთ, არაფერი მოხდება. ამაში თქვენ, ჟურნალისტებს დიდი როლი გაკისრიათ, მაგრამ სამწუხაროდ, ამ სფეროშიც უმეტესობა ტენდენციური გახდა. სწორი კრიტიკა, რეცენზია, ფორმულირება არ ხდება. თუ რამე საღი აზრი გამოჩნდა, ისე უცებ წალეკავენ და გადაუვლიან, სიმართლესაც ვერ იტყვი, მარტო ერთმანეთს ჭამენ. თუ ამ ყველაფერში თქვენ, პრესა არ მიეხმარეთ საზოგადოებას, რა თქმა უნდა, სულ ასე იქნება. ფაქტი ერთია: საჭიროა დაისვას ქართველი ერის დიაგნოზი -რა გვჭირს? რატომ ვართ ასე? ამდენი ნიჭიერი ადამიანი ტაოტში ვიხარშებით, როცა კარგად ცხოვრება შეგვიძლია. დაალაგონ სიტუაცია და მოგვხედონ.

თამთა დადეშელი