"ვინც არჩევნებზე არ წავა, წკეპლას მოვსცხებ ფეხებში"... - გზაპრესი

"ვინც არჩევნებზე არ წავა, წკეპლას მოვსცხებ ფეხებში"...

მართალია, მათ მიერ დაშვებულ შეცდომებსაც აღიარებს, თუმცა მიაჩნია, რომ ხელისუფლებას ეს ყველაფერი მხოლოდ პატიოსნების გამო ემართება - გაიწაფებიან და ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება, საქართველოს მოქალაქეებზე კი გაბრაზებულია. თუ რატომ, ამას თავად მსახიობისგან მოვისმენთ...

- ამჟამად არ მომწონს, რომ დიდი ხელფასის პატრონს კიდევ დამატებით პრემიებს აძლევენ. ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაზე ეკონომიკურად ძალიან ცუდად აისახება. გარდა ამისა, ხალხი არჩევნებზე რომ არ მივიდა, ეს არ მომწონს კი არა, ამის გამო ყველაზე ძალიან გაბრაზებული ვარ. ამ ხალხს ვერაფერი გავუგე. ბიჭო, გუშინ "ნაცები" "თავზე გასხდნენ", იცი, რაც ამ სადისტმა ადამიანებმა მოგიტანეს. შვილები დაგიხოცეს, ბიზნესი და ქონება წაგართვეს და ამის შემდეგ კიდევ "ოცნებას" ემდური, ვითომ ნაწყენი ხარ და არჩევნებზე არ მიდიხარ?! ასე არ შეიძლება. ეს უპასუხისმგებლობა და უსინდისობაა. კაცმა "ნაცებისგან", ამ საოცარი სადიზმისგან გიხსნა და არჩევნებზე არ მიდიხარ? თუ არ მიხვალ, ხვალ მოვლენ, ისევ ის "გაქუცულები" მოგაჯდებიან თავზე და ნახავ, რა შვილებიც გაგეზრდება. უყარე მერე კაკალი...

- საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგაც ქვეყანაში უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. როგორც ჩანს, სწორედ ამის გამო არ მივიდნენ არჩევნებზე.

- ყველაფერი კეთდება. სოფლიდან ჩემი მეგობარი ჩამოვიდა, რომელმაც მითხრა, რომ ყველაფერი მოხნული და დათესილია. აქამდე გლეხებს ასეთი მოვლილი მიწა არ ღირსებიათ. ახალი ხელისუფლება მათ მაქსიმალურად ეხმარება. გარდა ამისა, სამედიცინო სფეროში რა, ცუდი მომსახურებაა? ხალხმა ეს ყველაფერი ხომ უნდა გაითვალისწინოს? ხალხისთვის არაერთი რამ გაკეთდა...

- ბატონო გურამ, ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ არაპენსიონერ ადამიანს ოპერაციის საჭიროების შემთხვევაში სამოცდაათი პროცენტით დააფინანსებს. მაქვს მაგალითი, რომ სამოცდაათის ნაცვლად, ორმოცდათხუთმეტი პროცენტით დააფინანსეს. რასაკვირველია, სულ არაფერს, ესეც სჯობია, მაგრამ ხომ გვატყუებენ?

- ამას დავით სერგეენკო არ იკადრებს. ეს სიმართლე არ იქნება, რადგან ჩვენი ჯანდაცვის მინისტრი უპატიოსნესი კაცი და უბრწყინვალესი მინისტრია. სამედიცინო მხარეს, მაგან რომ მიხედა, ძმაო, სხვას არავის მიუხედავს. თუნდაც, 55 პროცენტით დააფინანსონ ოპერაცია. ადრე ამდენს მაინც გაძლევდა ვინმე? არ მჯერა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო იტყუება... ქვეყანაში უამრავი რამ ხდება, რასაც ისე არ აპიარებენ, როგორც მიშა აკეთებდა. სურათის ფონზე დადგებოდა, ავტობუსით "საიდანღაციდან" ხალხს ჩამოიყვანდა. კამერების წინ იტყოდა, ქარხანა გავხსენიო, მერე იმ ხალხს პანღურს "ამოუჭერდნენ" და შინ გაუშვებდნენ. ახლა ხომ ასეთი რაღაცები არ ხდება. არ გვინდა ეს ვითომ გაბრაზება და ვითომ წყენა. "ნაცები" ყველგან იყვნენ და ახლაც არიან შემორჩენილები, რომლებიც "ოცნების" წამოწყებულ საქმეს ამუხრუჭებენ. ნახეთ, დამთავრდება ეს არჩევნები, მერიაშიც "ოცნების" ხალხი მოვა და ყველაფერი გამოსწორდება.

- საზოგადოებას იმედი ჰქონდა, რომ "ოცნება" არჩევნების პირველსვე ტურში გაიმარჯვებდა, მაგრამ მეორე ტური მაინც საჭირო გახდა. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ეს?

GzaPress- სხვათა შორის, მეც ასე მეგონა, მაგრამ არჩევნებზე ყველა არ მივიდა. "ნაციონალებს" კი თავიანთი ერთგული ხალხი ჰყავთ, რომლებსაც ფულს უხდიან და ისინი არჩევნებზე უკლებლივ გამოცხადდნენ. ასე არ შეიძლება. არჩევნებზე რომ არ წახვალ, ეს სამშობლოს სიყვარულს არ ნიშნავს. განა მარტო ომში წასვლაა სამშობლოს სიყვარული. არჩევნებიც ხომ ომია. იქ უნდა წახვიდე და შენი აზრი დააფიქსირო. წამოწოლით და ტელევიზორის ყურებით ვერაფერს მოიგებ. ასე მოქცევა არ შეიძლება. სირცხვილია. არ მესმის, ღამე როგორ სძინავს იმ ხალხს, ვინც არჩევნებზე არ წავიდა? ისე ვარ ხალხზე გაბრაზებული, ზოგჯერ ვამბობ ხოლმე, რომ ღირსები იყვნენ, "ნაცები" რომ ჰყავდათ ქვეყნის სათავეში.

- გასაგებია, რომ "ქართული ოცნების" მომხრე ხართ, მაგრამ უშუალოდ, დავით ნარმანიაზე, მერობის კანდიდატზე რა აზრის ბრძანდებით?

- ბრწყინვალე ოჯახის შვილია, გადასარევი ჯიში მოსდგამს. კარგი მოსწავლე და სტუდენტი იყო. სადაც უმუშავია, ყველგან ყველაფერი კარგი გააკეთა. შესაძლოა, იმდენს არ ლაპარაკობს, რამდენსაც "ნაცები", მაგრამ ეს საქმის კაცია. დარწმუნებული ვარ, რასაც ხელს მოჰკიდებს, ყველაფერს გააკეთებს. ბიძინას არჩევანი არ შეეშლებოდა.

- ბატონო გურამ, თქვენი აზრით, 9 წლის განმავლობაში "ნაციონალურ მოძრაობას" კარგი არაფერი გაუკეთებია?

- (იცინის). რა გააკეთეს კარგი, ერთი მითხარი, რა! არაფერიც არ გაუკეთებიათ. გზა გავაკეთეთო, რომ გაიძახიან, სად არის გზა? ბალტიისპირეთში გადაღებებზე ვიყავი და იქ ვნახე ფაშისტების მიერ გაკეთებული გზა, რომელიც დღესაც გადასარევ მდგომარეობაშია. გზას კი არა, ფულს აკეთებდნენ. ჩვენთან ასფალტი დააგეს. გაგვიკვირდა, რად უნდოდათ, გაფუჭებული არ იყო. როგორც ჩანს, აქაც ფული გააკეთეს. არა, გენაცვალე, არაფერი კარგი მათ არ გაუკეთებიათ. მხოლოდ ის გააკეთეს, რომ ხალხს აჩვენეს, რომ ასე არჩევნებზე სიარული არ შეიძლება, მაგრამ ამათმა ჭკუა მაინც ვერ ისწავლეს. ახლა, მეორე ტურზე მოვიდეს ყველა, თორემ წკეპლას ავიღებ, სათითაოდ ჩამოვივლი სახლებს და ვინც არ წავა, ყველას ფეხებში მოვსცხებ...

- ბატონო გურამ, "ქართული ოცნება" უშეცდომოა და ყველაფერს კარგად აკეთებს?

- უშეცდომო ვინ არის? სწორედ ახლა, ჩემს მეგობრებთან ამ საკითხზე ვსაუბრობდი. როგორ შეიძლება, რომ კაცს შვილი მოუკლან და მკვლელებს ამისთვის პასუხი არ მოსთხოვონ? ბიზნესი წაართვან ვინმეს და არ დაუბრუნონ? აქაც "ნაცები" მუშაობენ და ალბათ ეს ყველაფერი იმიტომ ვერ ხდება. არჩევნებამდე თუ მერად ისევ უგულავა დაბრუნდება, ხომ მთლად "გავკეთდებით". კიდევ ერთ 50 მილიონს წაიღებს. ვერ გავიგე, ამ დამნაშავეებს კარგი, არ იჭერ, მაგრამ იმ ბიუჯეტის ფული რომ ჩაიდეს ჯიბეში, მაიტა რა, დააბრუნებინე! ეს ხომ ქართველი ხალხის ფულია. მათ კი არაჩვეულებრივი სახლები აიშენეს. ამის გამოა, ხალხი "ოცნებაზე" ნაწყენი. ალბათ იზამენ რაღაცას, მაგრამ ნამეტანი კულტურულობის თამაშიც არ შეიძლება. ეს კულტურა კი არა, ფეხებზე დაკიდებაა. მე რომ წამართვეს და შენ არა, ამიტომ მეც არ უნდა დამიბრუნო? სულ ახალი ამბავია, თემურ ჩარკვიანმა თავი რომ მოიკლა. მე და დოდო აბაშიძეს ბათუმში მის ოჯახში არაერთხელ გვიქეიფია. ძალიან კარგი ოჯახი ჰქონდათ. გადასარევი ბიჭი იყო, მშენებელი, რომელსაც სტადიონი ააშენებინეს და კაპიკი ფული არ მისცეს, კიდევ რაღაც ააშენებინეს და არც მაშინ გადაუხადეს. სამაგიეროდ დეპუტატი გახადეს. ერთხელ ჰკითხეს, მიშა სააკაშვილს რა ნაკლი აქვსო. ამ საწყალმა უპასუხა, ის ნაკლი აქვს, რომ ნაკლი არ აქვსო. ისე გამიკვირდა მისგან ეს პასუხი. არ ვიცი, ალალი ადამიანი იყო, თუ - ლენჩი. ფაქტია, რომ დაღუპეს და ორი დღის წინ ვალების გამო თავი მოიკლა... ნამეტანი პატიოსნები არიან "ოცნების" ხალხი, არ აქვთ ის ძარღვი, რაც "ნაცების" მოსპობას სჭირდება. ის უნდა მოატანინონ, რაც წაიღეს. ქვეყანა გაღლეტილია. მათ თავიანთ დანაშაულზე პასუხი უნდა აგონ. თუ ეს არ მოხდება, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის დაბეჩავებული იქნება. არა, "ქართული ოცნების" დიდი იმედი მაქვს. გაიწაფებიან, მოიაზრებენ და ყველაფერს გააკეთებენ.

ნათია ჟივიძე