მხსნე­ლი დიქ­ტა­ტუ­რა ანუ რო­გორ მო­იხ­ვე­ჭა დი­დი პრე­ზი­დენ­ტის სა­ხე­ლი ფრან­კ­ლინ რუზ­ველ­ტ­მა - გზაპრესი

მხსნე­ლი დიქ­ტა­ტუ­რა ანუ რო­გორ მო­იხ­ვე­ჭა დი­დი პრე­ზი­დენ­ტის სა­ხე­ლი ფრან­კ­ლინ რუზ­ველ­ტ­მა

და არა მხოლოდ გამოუყვანია ღრმა კრიზისიდან, არამედ განვითარების უფრო მაღალ საფეხურზეც აუყვანია. მათ რიგში ერთ-ერთი პირველი ადგილი ამერიკელ ფრანკლინ დელანო რუზველტს შეიძლება მივაკუთვნოთ.

ირინა ჯანდიერი

ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მომხდარი ძლიერი გარდატეხის საფუძველი ჯერ კიდევ 1930-იან წლებში ჩაიყარა. მაშინ პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა იმგვარი რეფორმების გატარება შეძლო, რომ არა მხოლოდ იხსნა დაღუპვის პირას მყოფი ქვეყანა "დიდი დეპრესიისგან", არამედ მსოფლიო ლიდერადაც აქცია.

აშშ-ის ისტორიაში ფრანკლინ რუზველტი ერთადერთი პრეზიდენტი იყო, რომელიც ორ ვადაზე მეტჯერ აირჩიეს. პასუხი კითხვაზე _ რაში მდგომარეობდა მისი წარმატების საიდუმლო? _ საკმაოდ მარტივია. ამ საიდუმლოს სახელი _ "დიდი დეპრესიაა", რომელიც ქვეყანას 1929 წელს დაატყდა თავს. ეკონომიკურმა კრიზისმა ჩამოწერა ისეთი "მძიმეწონიანი" ლიდერი, როგორიც ჰერბერტ ჰუვერი გახლდათ. ყოფილი "რესპუბლიკელი" და თხემით ტერფამდე ჭეშმარიტი ამერიკელი ჰუვერი არჩევანს ბოლომდე კერძო ინიციატივაზე აკეთებდა და მთელი ძალით ცდილობდა, აღეკვეთა სახელმწიფოს ჩარევა საბაზრო ეკონომიკაში. თუმცა, იმხანად ეს არასწორ გადაწყვეტილებად ითვლებოდა და ამიტომაც, 1932 წლის არჩევნებში გზა გამარჯვებისკენ დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, ფრანკლინ დელანო რუზველტს დაუთმო.

ბედის ნებიერა

ყოველმხრივ უზრუნველყოფილ ოჯახში გაზრდილი ფრანკლინ რუზველტი უფრო მეტად, ბედის ნებიერად წარმოდგებოდა, ვიდრე "ამერიკული ოცნების" იდეალად. მას საკუთარი თავი არ შეუქმნია _ უბრალოდ, ხელიდან არ უშვებდა არც ერთ შესაძლებლობას თითო საფეხურით წინ წაეწია.

ჰარვარდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში ბრწყინვალე იურიდიული განათლების მიღების შემდეგ, ფრანკლინმა უოლ-სტრიტზე საადვოკატო საქმიანობას მიჰყო ხელი. მალე ახალგაზრდა პერსპექტიული ადვოკატი დემოკრატიული პარტიის რეგიონულმა განყოფილებამ შეამჩნია. რუზველტი მის შეთავაზებას მაშინვე გამოეხმაურა და 1910 წელს, ნიუ-იორკის საკანონმდებლო კრების წევრი გახდა. მომდევნო წელს უყოყმანოდ, მასონურ ლოჟაშიც გაწევრდა, რამაც მას საჭირო ნაცნობთა წრე საგრძნობლად გაუფართოვა.

ბავშვობისას, მშობლებთან ერთად ევროპის მრავალ ქვეყანაში მოგზაურობამ რამდენიმე უცხო ენის შესწავლაშიც შეუწყო ხელი (რაც საშუალო ამერიკელისთვის საკმაოდ არატიპურია) და იმაზე წარმოდგენაც შეუქმნა, თუ როგორ ცხოვრობდა ხალხი აშშ-ის ფარგლებს გარეთ.

რუზველტის შემდგომი პოლიტიკური კარიერა საკმაოდ წარმატებულად წარიმართა. თუმცა, მოწინავე პოზიციებზე ერთბაშად როდი მოხვდა. ვუდრო ვილსონის წინასაარჩევნო კამპანიის მხარდაჭერის შედეგად, 1912 წელს, ფრანკლინმა მთავრობაში პოსტი მოიპოვა, მაგრამ 8 წლის განმავლობაში მხოლოდ საზღვაო მინისტრის მოადგილის მოკრძალებულ თანამდებობას იკავებდა. მთელი ამ ხნის მანძილზე პარტიაში ავტორიტეტს იმტკიცებდა და ცდილობდა გარკვეულიყო _ როგორ მუშაობდა "სახელმწიფო მანქანა".

ნამდვილად სოლიდური პოსტი რუზველტმა 1928 წელს მიიღო. ნიუ-იორკის შტატის ამომრჩევლებმა მას გუბერნატორობა მიანდეს, სადაც 2 წელი დაჰყო. სწორედ გუბერნატორის მოვალეობის შესრულებისას გამოიყენა პირველად ეკონომიკის გაჯანსაღების ის ხერხები, რომლებმაც მომავალში მას ქვეყნის მხსნელის სახელი მოუხვეჭა.

1931 წელს "დიდი დეპრესია" მძვინვარებდა. ნიუ-იორკის შტატში უმუშევართა ოჯახების დასახმარებლად, მუშაობა დაიწყო "დროებითმა საგანგებო ადმინისტრაციამ". გუბერნატორი მოსახლეობას რადიოთი რეგულარულად მიმართავდა, აქტუალურ პრობლემებზე ესაუბრებოდა და ჩატარებულ ღონისძიებებს უხსნიდა. მიღებული გადაწყვეტილებები წარმატებული აღმოჩნდა. ასეთი სოლიდური გამოცდილებით რუზველტმა უკვე შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა.

"ახალი კურსი დავიწყებული ადამიანისთვის"

არჩევნებში გამარჯვება ჰერბერტ ჰუვერზე, რომელმაც სიტუაციაზე კონტროლი საბოლოოდ დაკარგა, ძნელი არ ყოფილა. მაგრამ ახლა, ახალი პრეზიდენტის წინაშე ჭეშმარიტად ტიტანური ამოცანა იდგა _ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა.

1929-დან 1932 წლამდე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 31%-მდე დაეცა, ხოლო უმუშევრობის დონემ 1932 წლისთვის 23,6%-ს მიაღწია (შედარებისთვის: 1930 წლისთვის ის 3,2%-ს შეადგენდა); ყოველი 5 ბანკიდან 2 კოტრდებოდა. სასოწარკვეთილი ამერიკელები "მშიერ მარშებს" აწყობდნენ, რაც მთავრობის წინააღმდეგ ამბოხში გადაზრდის საშიშროებას ქმნიდა. ერთ-ერთი ამგვარი გამოსვლის ჩახშობა დეტროიტში სისხლის ღვრით დასრულდა. 5 ადამიანი დაიღუპა, ბევრი დააპატიმრეს. ცხადი გახდა, რომ ხალხის უკმაყოფილებისთვის უხეში ძალის დაპირისპირებას არ შეიძლებოდა, კარგი შედეგი მოჰყოლოდა. რუზველტმაც სხვა გამოსავალი იპოვა.

"მთელ ქვეყანაში ქალები და კაცები, მთავრობის "პოლიტიკურ ფილოსოფიაში ჩაკარგულნი", ჩვენ შემოგვყურებენ; ელიან მითითებებს, რა ქნან, და ნაციონალური სიმდიდრის უფრო სამართლიან განაწილებას მოითხოვენ... მე ამერიკელი ხალხისთვის "ახალ კურსს" გპირდებით. ეს არა მხოლოდ პოლიტიკური კამპანიაა, ეს არის მოწოდება იარაღისკენ", _ ეს სიტყვები ფრანკლინ რუზველტმა 1932 წლის ზაფხულში საპრეზიდენტო კანდიდატის სტატუსით წარმოთქვა...

რუზველტის მიერ შეთავაზებული "ახალი კურსი დავიწყებული ადამიანისთვის" არა მხოლოდ დეკლარაცია, არამედ რეალური სამოქმედო გეგმაც აღმოჩნდა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ თვით დასახელება _ "ახალი კურსი" იყო "პატიოსანი კურსის" მიბაძვა: ასე ერქვა XX საუკუნის დასაწყისში თეოდორ რუზველტის სამოქმედო პროგრამას. თავის მხრივ, თეოდორ რუზველტი ფრანკლინს ერთი მხრივ, ბიძად ერგებოდა, ხოლო მეორე მხრივ _ სიმამრად. ის მის პოლიტიკურ კერპად ითვლებოდა.

რაში მდგომარეობდა "ახალი კურსი"? უპირველეს ყოვლისა, იმაში, რომ სახელმწიფო აღარ ერიდებოდა ბიზნესის საქმიანობაში ჩარევას. პირიქით, ყველგან, სადაც ეს შესაძლებელი იყო, სახელმწიფოს თანამონაწილეობა ძლიერდებოდა. გაჩნდა ახალი ორგანო _ "წარმოების აღდგენის ნაციონალური ადმინისტრაცია", რომელიც მკაცრად მეთვალყურეობდა იმას, თუ როგორ იქცეოდნენ ამერიკელი ფაბრიკანტები და ხომ არ აზარალებდნენ ნაციონალურ ინტერესებს. მთელი ამერიკის მრეწველობა 17 ჯგუფად დაიყო: თითოეული ჯგუფის საქმიანობა საკუთარი "კეთილსინდისიერი კონკურენციის კოდექსით" რეგულირდებოდა. ეს დოკუმენტი განსაზღვრავდა: გამოშვებული პროდუქციის კვოტებს, გასაღების ბაზრების განაწილებას, ფასებს, კრედიტების გაცემის პირობებს, სამუშაო დროის ხანგრძლივობას, ხელფასის დონეს და სხვა...

სწორედ ფრანკლინ რუზველტის დროს შეიქმნა აშშ-ში სოციალური სახელმწიფოს საძირკველი: 1935 წელს მიღებულ იქნა სოციალური უზრუნველყოფის პირველი საყოველთაო ფედერალური კანონი. მას შემდეგ, მოქალაქენი, რომლებიც 65 წელს მიაღწევდნენ და არ ჰქონდათ მაღალი შემოსავალი, ბინადრობის ცენზის შესაბამისად იღებდნენ პენსიას.

უმუშევრობასთან საბრძოლველად სპეციალურად შეიქმნა ე.წ. შრომის ბანაკები. იქ ამერიკელები უზრუნველყოფილი იყვნენ საშუალო, მაგრამ სტაბილური შემოსავლით. სახელმწიფო დაბალი ფენის წარმომადგენლებს მუდმივი შეკვეთებით უზრუნველყოფდა _ გზების, ჯებირების, აეროპორტებისა და სახლების მშენებლობებზე.

რუზველტი არასდროს გაურბოდა პოპულისტურ ქმედებებს, როცა საკუთარი თავისთვის (და მაშასადამე, საკუთარი პოლიტიკისთვის) ფართო მასების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა. მის ადმინისტრაციაში მეორეხარისხოვან პოზიციებზე იმდენი აფროამერიკელი მუშაობდა, რომ ხალხში "შავ კაბინეტსაც" კი უწოდებდნენ. პრეზიდენტმა გააუქმა ავადსახსენებელი "მშრალი კანონიც", რომელმაც ამერიკას ბევრი უბედურება მოუტანა.

დღეს ეკონომისტები რუზველტის "ახალ კურსში" მრავალნაირ ხინჯს პოულობენ, მაგრამ ფაქტია _ ამერიკა რუზველტის მმართველობის პირობებში მყარად დადგა ფეხზე. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ გახლავთ, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს საკუთარი პრეზიდენტი გულწრფელად უყვარდა, რის გამოც უმაღლეს თანამდებობაზე ოთხჯერ აირჩიეს.

რუზველტის კეთილშობილურ იერს ისიც სრულქმნიდა, რომ პოლიომიელიტით დაავადებული, ინვალიდის ეტლს მიჯაჭვულიც არ იშურებდა არც ძალასა და არც ჯანმრთელობას საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვისთვის. სწორედ ამგვარადაა ის წამოსახული ოფიციალურ ბიოგრაფიათა უმეტესობაში. თუმცა, არსებობს რაღაც, რაც მის პორტრეტს ჩრდილსაც აყენებს.

დიდი პოლიტიკა და... სისხლი

ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ "ჩრდილად" ლუიზიანის გუბერნატორისა და აშშ-ის სენატორის, ჰიუ ლონგის მკვლელობის ისტორია განიხილება.

თავდაპირველად, ლონგი რუზველტის გუნდის წევრი იყო და მას აქტიურად უჭერდა მხარს 1932 წლის არჩევნების დროს, მაგრამ შემდეგ მათი გზები გაიყო. ზეპოპულარული სენატორი, რომელიც დიდი ორატორული ნიჭით გამოირჩეოდა, სულ უფრო მეტად აშფოთებდა პრეზიდენტს. საქმის ვითარებას ისიც ართულებდა, რომ 1936 წლის არჩევნებისთვის თავად რუზველტის პოპულარობამ იკლო. პრეზიდენტმა მეყსეულად რეაგირება ვერ მოახდინა და, მიუხედავად "დიდი დეპრესიის" დასრულებისა (1933 წელს), იმავე ეკონომიკურ-პოლიტიკურ კურსს განაგრძობდა.

"მშვიდობიან წლებში" სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესზე წნეხი საერთო მხარდაჭერით აღარ სარგებლობდა. რუზველტი იძულებული იყო, სხვადასხვა კორპორაციისა და მოსახლეობის ინტერესებს შორის ლავირება მოეხდინა. ამ დროს, ექსცენტრიკული ჰიუ ლონგი არაფრით იყო შეზღუდული. ის კორპორაციებთან კონფლიქტში უშიშრად შედიოდა, თავს ესხმოდა და ყველასთვის თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მოითხოვდა. მისი ეკონომიკური პროგრამა მკაცრ, პროგრესირებად გადასახადებზე იყო აგებული: ამ პროგრამის მიხედვით, ღატაკი ამერიკელები გადასახადებისგან სრულიად თავისუფლდებოდნენ, მილიონერებს კი საგადასახადო ტვირთი უფრო მეტად უნდა დამძიმებოდათ.

ჰიუ ლონგის პოპულარობას ისიც ზრდიდა, რომ, რუზველტისგან განსხვავებით, არ იყო მეწარმეთა არისტოკრატიის წრიდან გამოსული და ამდენად, მოსახლეობის დაბალი ფენა "თავისიანად" მიიჩნევდა.

წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ლონგს სავსებით შეეძლო 6 მილიონი ხმის მოპოვება. ამერიკული საარჩევნო სისტემის მიხედვით, ეს საკმარისი იყო საიმისოდ, რომ მოქმედი პრეზიდენტისთვის რეალური კონკურენცია გაეწია. თვით ლონგიც გრძნობდა წარმატების ნიშნებს და ამომრჩეველთა წინაშე სულ უფრო მწვავედ გამოდიოდა. ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი გამოსვლა მას 1935 წლის აგვისტოში, სენატში ჰქონდა. ლონგმა თავისი ფარული მოწინააღმდეგეების შეკრების სტენოგრამა წაიკითხა, სადაც მისი "ნეიტრალიზაციის" გეგმას განიხილავდნენ. ამას რამდენიმე გაუფრთხილებელი ფრაზაც მოჰყვა, რომელიც შეთქმულებაში ფრანკლინ რუზველტის მონაწილეობაზეც მიანიშნებდა. ამბობდნენ, რომ ამ გამოსვლის დროს ერთ-ერთმა დამსწრემ საკმაოდ ხმამაღლა თქვა: "არც ვეჭვობ, რომ რუზველტი ნებისმიერს შეიწყალებს, ვინც ლონგს ბოლოს მოუღებს"...

იმ დღიდან ერთი თვის შემდეგ, ლუიზიანის შტატის წარმომადგენელთა პალატის სხდომის დაწყებისას, ექიმმა-ლარინგოლოგმა, კარლ ვაისმა მოულოდნელად ლონგს ესროლა. მკვლელი დაცვის მიერ მაშინვე იქნა ლიკვიდირებული, ამიტომაც, დანაშაულის მოტივი უცნობი დარჩა. ჰიუ ლონგი 48 საათის შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბევრი ამბობდა, რომ ჭრილობა არ იყო სასიკვდილო და თუ ოპერაციას მაშინვე გამოცდილი ექიმი გაუკეთებდა (და არა ახალბედა ქირურგი, როგორც ეს რეალურად მოხდა), სენატორი გადარჩებოდა.

არსებობს კიდევ უფრო რადიკალური ვერსია: კარლ ვაისი მხოლოდ "განტევების ვაცი" იყო, რომელიც დიდ პოლიტიკას ემსხვერპლა, სინამდვილეში, სასიკვდილო გასროლა პირადი დაცვის ერთ-ერთმა წევრმა არეულობისას მოახდინა.

საყურადღებოა, რომ არც ერთი ვერსია გამოძიების საგანი არ გამხდარა. გამოძიების ფედერალურ ბიუროს ჭეშმარიტების დასადგენად საჭირო ზომები არ მიუღია. სხვათა შორის, ამ ორგანომ ახლანდელი სახელწოდება და მაღალი სტატუსი სწორედ 1935 წელს, პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის დროს მიიღო, რომელიც თავის მხრივ, ტრიუმფით, ხელახლა აირჩიეს მეორე ვადით... მას საკუთარ გზაზე ჯერ კიდევ ბევრი რამ ჰქონდა წინ, მათ შორის _ მოკავშირეებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება.