რას მოიტანს ახალი წელი "ახალი სისხლითა" და შეცვლილი მთავრობით
font-large font-small
რას მოიტანს ახალი წელი "ახალი სისხლითა" და შეცვლილი მთავრობით
პოლიტიკურად აქტიური 2015, როგორც ჩანს, არანაკლებ აქტიური 2016-ით იცვლება და წინასაარჩევნოდ საინტერესო პერიოდი გველის. თუმცა, იქნება თუ არა 2016 და მთავრობის მუშაობა ნაყოფიერი, წარმატებული და მოსახლეობისთვის კეთილდღეობის მომტანი, უახლოეს თვეებში ჩვენი მინისტრებისა და კანონმდებლების მუშაობით გამოჩნდება. ექსპერტი, ანალიტიკოსი სოსო ცინცაძე მომავალი წლის პოლიტიკის მისეულ პროგნოზებსა და ამა თუ იმ ოპოზიციური პარტიის საპარლამენტო შანსებზე გვესაუბრება.

- ბატონო სოსო, როგორია ქართული პოლიტიკის თქვენეული პროგნოზები 2016 წელთან დაკავშირებით? პირველ რიგში, რას მოუტანს ქვეყანას და "ქართულ ოცნებას" სამთავრობო ცვლილებები?
- ჩემი აზრით, განსაკუთრებულსა და ახალს - არაფერს. ერთ გუნდში, ერთი და იმავე ადამიანების გადანაცვლება ხდება. უკეთესი იქნებოდა, რასაც ამბობენ, ის საქმით დაემტკიცებინათ. "ახალი სისხლი" არასაპარლამენტო ოპოზიციიდან არჩეული ადამიანების დანიშვნა იქნებოდა, კვირიკაშვილი "ახალი სისხლი" ნამდვილად არ არის. ჩვენი მთავარი პრობლემა ხომ ეკონომიკაა, მასზეა მიბმული ყველა სოციალური პროგრამა, ფინანსები, ბიუჯეტი, პენსიები, დახმარებები და ა.შ. მაშინ, როცა ქვეყანაში შესანიშნავი ეკონომისტები არიან - ლადო პაპავა, მიშა ჯიბუტი, რომან გოცირიძე და სხვები, ოპოზიცია იქნება თუ "პოზიცია", როდესაც ქვეყანას უჭირს, მათი რესურსი უნდა გამოიყენო. კვირიკაშვილი ეკონომიკის მინისტრი იყო და ვინმე გასაქანს არ აძლევდა, რომ ემუშავა? იგივე, ქუმსიშვილი, რიგითი მეისრე არასდროს ყოფილა, ვინ უშლიდა ხელს, რომ თავისი ენერგია, ნოვატორული ხედვები გამოევლინა? როგორც კი ვიღაცას სადმე ნიშნავენ, არც ერთი "უპატრონო" არ აღმოჩნდება ხოლმე, ჟურნალისტები გაქექავთ და უმალ ვიღაცის პროტეჟე აღმოჩნდება. ამიტომ საზოგადოებაში ჯანსაღი სკეპტიციზმი არსებობს. მართალია, კუს ნაბიჯებით, თუმცა მაინც მივდივართ ევროპისკენ, მაგრამ ეს ნეპოტიზმი - აღმოსავლური ქვეყნების სენი, ვერ მოვიშორეთ, ათეული წლებია საჭირო, მისგან განსათავისუფლებლად, მით უმეტეს - საქართველოში, სადაც ყველა ყველას ნათესავი და ახლობელია. ამიტომ, 2016 წელს დიდ ცვლილებებს არ ველი, გააჩნია იმასაც, ეს საკადრო გადაჯგუფებები საბოლოოდ როგორ სახეს მიიღებს. ადრინდელი მინისტრების უმრავლესობის მარგი ქმედების კოეფიციენტი უკვე ვნახეთ, ერთი-ორი გამოირჩევა, რომელიც პროფესიონალია. არ ველოდები ხალხის ცხოვრების დონის მკვეთრად გაუმჯობესებას. როგორ შეიძლება, ამ საუკუნეში ქვეყნის ეკონომიკა იმაზე იყოს დამოკიდებული, თუ როგორი მოსავალი მოვა? ეს შუა საუკუნეებში იყო და ნორმალური ქვეყნებისთვის, თავისი დრო მოჭამა. ბრინჯი არ მოვიდა და ჩინეთის ეკონომიკა იღუპებაო, გაგიგონიათ? ეს ხომ სასაცილოა.

- რას ფიქრობთ ირაკლი ღარიბაშვილზე? რამდენად პერსპექტიულია მისი მომავალი პოლიტიკური კარიერა?

- ღარიბაშვილი არ უნდა დაიკარგოს ქართული პოლიტიკისთვის, რადგან ახალგაზრდა ადამიანია, რომელმაც კარგი სკოლა გაიარა. მართალია, შეცდომებით აღსავსე, მაგრამ ბევრი რამ ნახა და არა მგონია, ახალი თანამდებობის შემთხვევაში, იგივე შეცდომები დაუშვას. ამ ასაკში თუ ადამიანი პოლიტიკის მიღმა დარჩება, მისთვის ეს ფსიქოლოგიური ტრავმა იქნება და დაიკარგება, ასეთი მაგალითები ადრეც იყო - როცა კარგი, ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდები პოლიტიკაში რაღაც წარმატებას აღწევდნენ და ახლა სად არიან, არც ვიცი. არ მინდა, ღარიბაშვილმაც ეს ბედი გაიზიაროს. თუმცა, მისი გამოსვლის თანახმად, თუ ის "მიღწევები", რაზეც 21 დეკემბერს გვესაუბრებოდა, სიმართლე იყო, მაშინ დღესაც და კარგა ხანს, ის უნდა ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი. მე რაც მახსოვს, საახალწლოდ, მსოფლიოში მხოლოდ ელცინი გადადგა. ყველა ერიდება, მთავრობის შეცვლა საახალწლო სიურპრიზად არ იქცეს, თანაც გაურკვეველი მიზეზით, ხალხისათვის საჯაროდ აღიარების გარეშე. "ახალი სისხლია საჭირო", - ასეთი სულელური და არადამაჯერებელი არგუმენტი არ მსმენია. თქვენ ესაუბრებით ადამიანს, რომელიც 40 წელზე მეტია, პოლიტიკას თეორიულად სწავლობს. ალბათ მილიონი წიგნი მაქვს წაკითხული და მსგავსი ფაქტი არსად შემხვედრია.
ახალ წელს საზეიმო განწყობილებაა და ადამიანი მაინც უკეთესს ელის, ამიტომ არ მინდა, ყვავივით ვიჩხავლო და პესიმიზმი დავთესო, მაგრამ პირადად მე, საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში დიდ გარღვევებს არ ველი. ასეთი პროგნოზების კეთება დიდ სიამოვნებას არ მგვრის, მაგრამ ვერ წარმოვიდგენ, რომ ჩინოვნიკს, რომელსაც სამი წლის განმავლობაში ერთი ცოცხალი აზრი არ მოსვლია თავში, 2016 წელს უცებ გონება გაეხსნება და კრეატიული ღონისძიებებით გაგვაოცებს.

- დიდი ხანია, თბილისის მერის - დავით ნარმანიას მისამართით გამოთქმული უკმაყოფილება გა­ისმის და ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, პირველი, ვის წასვლასაც ითხოვდნენ, სწორედ ის იყო. თქვენ რას ფიქრობთ მასზე?

- თბილისს, "ქალაქისთავის" თანამდებობის დაარსების დღიდან, 25-მდე ხელმძღვანელი ჰყავდა, მათ შორის სომხებიც იყვნენ და ამ პოსტს კარგადაც ართმევდნენ თავს. ნარმანია ყველაზე ცუდი მერია, ასევე, უგულავაც ცუდი მერი იყო, რადგან მეურნე ვერ გახდა. ის პოლიტიკოსად დარჩა, მაგრამ ნარმანია არც პოლიტიკოსად უქნია ღმერთს და არც - მენეჯერად. 60 ქვეყანაში ვარ ნამყოფი წლის ყველა დროს და არც გამიგია სადმე, დედაქალაქში ასფალტს საახალწლოდ, ზამთარში აგებდნენ. ეს ნონსენსია, წყალში გადაყრილი ფული, თანაც მაშინ, როდესაც ხარისხს არავინ უყურებს. მხოლოდ ბიუჯეტის ათვისებაა საჭირო. მარტო ამისთვისაა პასუხისგებაში მისაცემი. მის ხელში თბილისელებს კარგი არაფერი გველის.

- თქვენი აზრით, შესაძლებელია, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდეს?

- ამას გამოვრიცხავ, ვინაიდან მის პოლიტიკურ გამჭრიახობაზე უკეთესი წარმოდგენა მაქვს. როდესაც ადამიანი ხელისუფლებიდან მიდის და მერე დაბრუნებას გადაწყვეტს, ის ამ ქცევით აღიარებს, რომ წასვლის შემდეგ მდგომარეობა გაუარესდა და კვლავ უნდა გააუმჯობესოს. როდესაც თვითონ ივანიშვილი ამბობს, რომ ყველაფერი კარგად მიდის, მისი დატოვებული კადრი შესანიშნავი და უნაკლოა, მისი დაბრუნება პირდაპირი ლუსტრაცია იქნება. ამას წინათ, მეჭიაურმა განაცხადა, ივანიშვილი 2016 წლის არჩევნებში უფრო მეტად ჩაერთვება, ვიდრე 2012-ში იყოო, ამით მან იცით, რა თქვა? რომ დღეს "ქართულ ოცნებას" უფრო გაუძნელდება გამარჯვება, ვიდრე მაშინ, რომ დღეს ამ პარტიას მიშა სააკაშვილზე უფრო დიდი წინააღმდეგობა ელოდება წინ. მაშინ "ნაციონალური მოძრაობა" იყო დასამარცხებელი, დღეს კი უფრო ძლიერი ფენომენი - სიღატაკე, იმედგაცრუება, უმუშევრობა. ხელისუფლება, რომელიც სამი წელია, მოვიდა და გაცილებით მძიმე პირობებშია, ვიდრე სამი წლის წინ იყო, გადატანით რომ ვთქვათ, მისი თერმომეტრი 40 გრადუს სიცხეს გვიჩვენებს. სოციალური ფონი უარესია. მეჭიაური ჭკვიანი კაცია, უმიზეზოდ არ იტყოდა. ამით ის გამოდის, რომ საქართველოში ხელისუფლებაში მოსვლა უფრო ადვილია, ვიდრე მისი შენარჩუნება დემოკრატიული წესით. ვიცით, სააკაშვილი როგორ იმარჯვებდა არჩევნებში, მაგრამ ესენი როგორ აპირებენ, ეს უკვე საგარეჯოში ვნახეთ. საგარეჯო გენერალური რეპეტიცია იყო. საერთოდ, ნებისმიერ ქვეყანაში, ყველაზე ერთგული ამომრჩეველი სახელმწიფო მოხელეები არიან, რადგან იმდენი ხელფასი და დანამატი აქვთ აღებული. ვერც გადაიბირებ და ვერც მოისყიდი.

- 2012 წლის არჩევნების წინ, ქვეყანაში ძალზე დაძაბული პოლიტიკური გარემო, დიდი კონკურენცია და მმართველი პარტიის მხრიდან, ტერორიც კი იყო, რაც ხალხის ფსიქიკასა და ემოციებზე თავისთავად აისახებოდა. სავარაუდოდ, ახლა მსგავს ტერორს აღარ უნდა ველოდოთ, მაგრამ თქვენი აზრით, როგორ ჩაივლის სხვადასხვა პარტიისთვის 2016-ის წინასაარჩევნო სამზადისი? ვის რა შანსი აქვს?

- ბურჭულაძის ახალშექმნილი პარტიის რესურსი მისი პიროვნებაა, რაც საქართველოში ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია, მაგრამ დემოკრატიისათვის - ძალზე უარყოფითი, რადგან პერსონიფიცირება, მარჩენალი, გადამრჩენი, მესია - ეს დემოკრატიის მახასიათებელი არ არის. პაატას პერსონალურად ყველა მისცემს ხმას, მაგრამ მისი გარემოცვიდან ჩემში დიდ ოპტიმიზმს არავინ იწვევს, ეს ხალხი სხვადასხვა დროს, თანამდებობებზე უკვე ვიხილეთ და ვიცით, ვინ რა პოტენციისა და უნარ-ჩვევების მქონეა. ბიძინა ივანიშვილმა თითქოს შეუძლებელი გააკეთა - დაამარცხა "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც იმედოვნებდა, რომ ხელისუფლებაში 30 წელი იქნებოდა და მეორე მხრივ, ივანიშვილმა კოსმოსურ სიმაღლემდე ასწია თამასა, რომელსაც ჰქვია არჩევნები და მასში ფულის როლი. მეეჭვება, მისი "რეკორდის" მოხსნა ვინმემ შეძლოს. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ფული უალტერნატივოდ გადამწყვეტი ფაქტორი გახდა, რაც ცუდია. აქვს კი პაატა ბურჭულაძეს ამოდენა რესურსი? ვეჭვობ, რომ ჰქონდეს. ვერ წარმომიდგენია, მან დღეს ვის უნდა წაართვას ხმები... მხოლოდ "ოცნებას", რადგან მაგალითად, შალვა ნათელაშვილს თავისი მცირე, მაგრამ მდგრადი ელექტორატი ჰყავს, ასევე, ბურჯანაძეს და სხვებს. ე.წ. "რასკრუტკისთვის" ძალზე ცოტა დროა დარჩენილი. მისთვისაც და სხვა პარტიებისთვისაც მნიშვნელოვანი ისაა, ვინ რა ოდენობით გაიყვანს თავის ხალხს ახალ პარლამენტში. "ქართული ოცნების" დამარცხება ძალზე ძნელი იქნება. ამისთვის რაც კი საქართველოში ოპოზიციური პარტია არსებობს, ყველა უნდა გაერთიანდეს, არა - პოლიტიკური ლიდერები, არამედ - საპროტესტო ელექტორატი. რობინ ჰუდივით უნდა მოვიდეს ვინმე, რომლის გარშემოც ყველა უკმაყოფილო გაერთიანდება, ეს კი ქართულ სინამდვილეში ზღაპარია, ვერ მოხდება, თორემ ცხადია, საპროტესტო ელექტორატი დღეს რამდენჯერმე აჭარბებს "ოცნების" მომხრეთა ელექტორატს. მახსოვს, წელიწად-ნახევრის წინ, "რესპუბლიკელები" ამბობდნენ, არჩევნებზე ყველა ცალ-ცალკე წავალთო. დღეს ამის ჩამიჩუმი აღარ ისმის, ერთად უჭირთ გამარჯვება და ცალ-ცალკე რას იზამენ? საარჩევნო კანონს აუპატიურებენ... მეეჭვება, არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს.

- "წამყვან ოპოზიციურ პარტიად" კვლავ "ნაციონალური მოძრაობა" მოგვევლინება?
- როგორც ჩანს, ჯერჯერობით, მაინც "ნაციონალური მოძრაობა" იქნება, ვინაიდან, ერთი მხრივ, შორეული დემოკრატიული პერსპექტივისათვის ეს ძალზე კარგია. პოსტკომუნისტურ საქართველოში პირველი ის სახელისუფლებო პარტია აღმოჩნდა, რომელიც სასტიკი დამარცხების შემდეგ, არ გაქრა, განსხვავებით კომუნისტური პარტიისგან, "მოქალაქეთა კავშირისგან" და "აღორძინებისგან". მისი ლიდერებიდან ზოგი გაქცეულია, ზოგი - ციხეში, მაგრამ მაინც არსებობს და რეიტინგიც აქვს. შეიძლება, პროცენტულად ცოტა, მაგრამ თავისი ელექტორატი მაინც ჰყავს და პარლამენტშიც სოლიდურადაა წარმოდგენილი. "ნაციონალური მოძრაობის" გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ როგორც სპეციალისტი, ვიტყოდი, რომ დემოკრატიისთვის მისი არსებობა კარგია. "ნაციონალური მოძრაობის" მარგინალიზაციას "ქართული ოცნების" წარმატება შეუწყობდა ხელს - მაღალი პენსიები, სამუშაო ადგილები, ქარხნები, ფაბრიკები და ა.შ. მაშინ ხალხი იტყოდა, ეს სააკაშვილი და მისი ხალხი ყაჩაღები და იდიოტები ყოფილან, აი, მოვიდა საქმის მკეთებელი მთავრობაო. მაგრამ ასე არ მოხდა, პირიქით. ერთია, რომ თავისუფლების შეგრძნება მეტია, ტერორი არ არის, მაგრამ შიმშილი, სიღატაკე...

- რას იტყვით ირაკლი ალასანიას გუნდზე? ერთ დროს, მისი შანსები და წარმატებული პოლიტიკოსის იმიჯი პიკისკენ მიიწევდა, მანამ, სანამ გაჩენილი ამბიციების გამო, ივანიშვილმა არ "ჩამოალაბორანტა".

- ჩემი აზრით, ირაკლი ალასანია ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული პოლიტიკოსი იყო და პირველი თეთრი ყვავი აღმოჩნდა ივანიშვილის რჩეულთა შორის, რომელმაც პირველი ბზარი გააჩინა ივანიშვილისადმი, როგორც კარგი მენეჯერისადმი რწმენაში, რომელიც სულ ამტკიცებდა, რომ კადრების შერჩევაში არაფერი ეშლება. ის ალასანიაზე ამბობდა, რომ პრეზიდენტად ივარგებს, მისთვის ასეთი თანამდებობა არ მენანებაო და ა.შ. მაშინ ყველაზე ახლობელი და პერსპექტიული იყო, უცებ კი რისხვის ობიექტი აღმოჩნდა, თანაც ისე, რომ მისი თანამშრომლების, ახლობლების სამართლებრივი დევნაც კი დაიწყო. თუმცა, ირაკლი ალასანიამ ერთი რამ მაინც მოასწრო - პარტია შექმნა, არცთუ მრავალრიცხოვანი, მაგრამ კარგად შეკრული გუნდი, მით უმეტეს, ინტელექტუალიზმის საშინელი დეფიციტის დროს (ჩვენს პოლიტიკოსებს რომ ვუსმენ, ლაპარაკი და წინადადების დალაგებაც არ იციან, სად ზმნა უნდა გამოიყენონ და სად - არსებითი სახელი...), ალასანიას გვერდით ძალზე განათლებული, პერსპექტიული ბიჭები არიან, დიპლომატების პარტიაა. ალასანიაც დაუძლეველი პრობლემის წინაშე დგას - ფინანსები. უცხოეთში დავდივარ, ბევრს ვკითხულობ, იქ რა ხდება და ფული რომ ასეთ დიდ როლს ასრულებდეს არჩევნებში, როგორც საქართველოშია, იშვიათობაა. აქ ყველაფერს ფული წყვეტს. სააკაშვილის დროს, "ნაციონალურ მოძრაობას" ყველაზე მეტი სპონსორი ჰყავდა, როგორც იძულებითი, ასევე, მოხალისე. ყველას უნდოდა, ფული იქ დაედო, სადაც იცოდა, რომ გამარჯვება გარდაუვალია. არიან ქვეყნები და მეცენატები, რომლებიც ფულს დებენ როგორც ძლიერ, ისე სუსტ პარტიებში, რადგან ხვალ შეიძლება ის სუსტი გაძლიერდეს და ხელისუფლებაში მოვიდეს. საქართველოში კი ასეთი "შორს მაყურებელი" მილიარდერები არ არსებობენ. ჩემი აზრით, ალასანია სოლიდურ რაოდენობას თუ ვერა, 10-15 კაცს გაიყვანს პარლამენტში. სამწუხარო ისაა, რომ ის იქ ამინდს ვერ შექმნის, თუ ვინმესთან არ გაერთიანდა. ჯერ ასეთი პირი არ უჩანს. თუმცა, იყო მომენტი, როდესაც ეჭვი არ მეპარებოდა, რომ "რესპუბლიკელები" და ალასანია გაერთიანდებოდნენ. თუ გახსოვთ, უსუფაშვილი ალასანიას პარტიის პრეზენტაციაზე მივიდა. ასეთი ფაქტი, რომ მმართველი პარტიის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციური პარტიის საპატიო სტუმარია, საერთოდ არ ხდება, პოლიტიკური ნონსენსია ყველა დემოკრატიულ ქვეყანაშიც კი. "მოგესალმებით, ჩვენო თანამოაზრეებო" - ამით უსუფაშვილმა ყველაფერი თქვა. თუ მმართველი პარტია და ოპოზიცია ერთნაირად აზროვნებენ, მაშინ სად არის განსხვავება მათ შორის? ეს ის პერიოდია, როცა "რესპუბლიკელები" აცხადებდნენ, რომ 2016 წლის არჩევნებზე მარტო წავიდოდნენ, როგორც ჩანს და ეჭვი არ მეპარება, მიდიოდა შეხვედრები და მოლაპარაკებები "რესპუბლიკელებსა" და ალასანიას პარტიას შორის თანამშრომლობაზე, შეთანხმებულებიც იყვნენ. მე ხომ ვიცი, როგორ მოსწონთ ჩვენს პოლიტიკურ ლიდერებს ეს ნახევრად ფარული შეხვედრები და მოლაპარაკებები. ეს ჩვენი ავადმყოფობაა. ამის შემდეგ, ბევრი რამ მოხდა, მთავარი კი ისაა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე თავდაცვის მინისტრად ინიშნება, რაც დემოკრატიულ ქვეყნებში ნონსენსია. გამოდის ის, რომ ოკეანის გაღმა, სადღაც გადაწყვიტეს, რომ ფსონი იდება ამ ახალ პოლიტიკურ ძალაზე საქართველოში, არა - "ქართულ ოცნებაზე", არამედ, "რესპუბლიკურ პარტიაზე" და უცებ, მინისტრების და მოადგილეების პოსტებზე "რესპუბლიკელებმა" იმრავლეს. დღეს უკვე, სავარაუდოდ, კოალიცია შენარჩუნდება. შეიძლება, აქაც ყველაფერი მატერიალურმა რესურსმა გადაწყვიტა, რადგან დამოუკიდებლად, "რესპუბლიკელებიც" უფულო პარტიაა, ალასანიასაც ძლიერი ფინანსური მხარდაჭერა არ აქვს.

- რამდენად აქვთ პარლამენტში მოხვედრის პერსპექტივა, მაგალითად, ირმა ინაშვილს და სხვა პოლიტიკურად აქტიურ სახეებს?

- მის მიერ საგარეჯოს არჩევნებში მონაწილეობა რისკი იყო, ვა-ბანკზე წავიდა. პარტია ბოლომდე იყო დარწმუნებული გამარჯვებაში და ამის სრული საფუძველიც ჰქონდა. ამით ინაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციას გაემიჯნა, გარისკა და წააგო. შიმშილობა რომ მოაწყო, ამით საქართველოში გულს ვერავის აუჩუყებ, შედეგი ნულოვანი იყო, ძალიან ცუდი. ჩემი აზრით, ინაშვილი პარლამენტში აუცილებლად მოხვდება, სხვა რამდენიმე პარტიაც, მათ შორის, ბურჯანაძე, ნათელაშვილი. მთავარი ისაა, მოახერხებენ თუ არა ისინი გაერთიანებას. პოლიტტექნოლოგიური კლასიკა რომ მოვიშველიოთ, ეს ყველაზე სწორი იქნებოდა.

თამთა დადეშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი