"უფრო ადეკვატური" პრემიერ-მინისტრი და აქტუალური ივანიშვილი - გზაპრესი

"უფრო ადეკვატური" პრემიერ-მინისტრი და აქტუალური ივანიშვილი

იანვარი მაინც საახალწლო განწყობის თვეა და გადავწყვიტე, პოლიტიკური თემების სერიოზულად განხილვის ნაცვლად, პოლიტიკაზე ნახევრად ხუმრობით გვესაუბრა და ამისათვის "კომედი ჯგუფის" სცენარისტს, იუმორისტ ზაქრო ინწკირველს დავუკავშირდი.

- ზაქრო, როგორია შენი შეხედულება ქართულ პოლიტიკასა და პოლიტიკურ სპექტრზე?

- დიდი ვერაფერი. კარგი იქნება, თუ ოპონენტები ერთმანეთის დაფასებას ისწავლიან და სიტყვას უფრო მეტი ფასი ექნება. ვგულისხმობ იმას, რომ ერთმანეთის მიმართ გაუთავებელი ბრალდებები ყოველდღიურად გვესმის, ყოველგვარი დადასტურების გარეშე, რაც აუფასურებს ყველაფერს... მათზე კარგი ის შემიძლია ვთქვა, რომ მაინც კარგები არიან, განსაკუთრებით - თავიანთი ოჯახებისთვის (იღიმის).

- ქართველი პოლიტიკური ფიგურებიდან ვინ იმსახურებს შენს სიმპათიას და ვინ არის ყველაზე გამაღიზიანებელი?

- სიმპათიას და შესაბამისად ანტიპათიასაც ბევრი იმსახურებს, მაგრამ დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან მეც პოტენციური პოლიტიკოსი ვარ... (ამისგან ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ მაინც თავს ვიზღვევ) ამიტომ არ გამოვრიცხავ, ისინი ანუ ჩემ მიერ დასახელებული ადამიანები, მომავალში ჩემი პოლიტ-ოპონენტები ან სულაც თანაგუნდელები აღმოჩნდნენ... ეს ხუმრობით, მაგრამ მაინც სამყარო სავსეა მოულოდნელობებით.

- რა აზრის ხარ ახალ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობაზე? რა შეიცვლება "შესაკრებთა გადანაცვლებით"?

- ახალ პრემიერზე რა გითხრათ, როგორც მისივე თანაგუნდელები იტყვიან, ის გაცილებით ადეკვატურია (იღიმის). კარგი კაცი ჩანს, მაგრამ როდესაც ქვეყნის ბედი გაბარია, მარტო კაიკაცობა არ კმარა...

- საქართველო, უცხოეთი, ვიზალიბერალიზაცია - შენი აზრით, რა გზით მიდის ურთიერთობები ევროპულ-ამერიკული მიმართულებით?

- ვიზალიბერალიზაცია კარგია, მაგრამ სადაა? პომპეზურად რომ აღვნიშნეთ, კონკრეტული შედეგი ჯერ არ ჩანს. მე ისედაც მაძლევდნენ შენგენს... ასე რომ, ამ მიმართულებითაც, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია... რეალურად ამისთვის ჯერ მზად არც ვართ, მაგრამ ასე რომ ვიმსჯელოთ, არც არასდროს ვიქნებით. ამიტომ ჯობია, "შეგვიშვან" და იქ მოვემზადოთ. საგარეო კურსს რაც შეეხება, მართლა არ ვიცი, საით მივდივართ... ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. სიტყვით თითქოს ევროპისკენ მივიწევთ, მაგრამ...

- იმ ტელევიზიაში მუშაობ, რომელიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ტენდენციურად და ყოფილი მმართველი პარტიის რუპორად აღიქმება. შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია მასმედიის ობიექტურობა და რამდენად ობიექტურად გადაწყდა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებული საქმე?

- მე არ ვიცი, რა აღიქმება საზოგადოების ნაწილისთვის, ჩვენი საზოგადოება უამრავი ნაწილისგან შედგება, თუმცა მედიის ობიექტურობა აუცილებელია დემოკრატიული ქვეყნისთვის... სასამართლოს გადაწყვეტილება შევაფასო? ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ეს სასამართლო ნდობას არ იმსახურებს? ამიტომ არ შევაფასებ, ვენდობი.

- ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილზე ხშირად ხუმრობთ ხოლმე, ზოგჯერ საკმაოდ გესლიანადაც, პირადად შენ რა აზრის ხარ ამ ადამიანზე?

- ჩემი საქმე აქტუალურ თემებზე ხუმრობაა. აქედან გამომდინარე, ბატონ ბიძინაზე იმიტომ ვხუმრობთ, რომ ამ ეტაპზე ის ყველაზე აქტუალური ფიგურაა ქვეყანაში. როგორც კი შეიცვლება ხელისუფლება (საფუძვლიანად და არა - ფიქციურად), შესაბამისად შეიცვლება ხუმრობის ადრესატიც.

- საარჩევნო წელია. შენი აზრით, როგორ ჩაივლის მთელი ეს ორომტრიალი?

- რადგან საარჩევნო წელია, რთული წელი იქნება, მაგრამ ეს კარგი შანსიცაა, კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ დემოკრატიისკენ... მე მჯერა, რომ ვისწავლით არჩევნებიდან არჩევნებამდე ცივილიზებულად მისვლას და ხალხის არჩევანის პატივისცემას, მიუხედავად იმისა, გამარჯვებულს მივეცით ხმა თუ დამარცხებულს.

- ვის ისურვებდი ხელისუფლებაში?

- ქვეყნის პროგრესზე ორიენტირებულ ხელისუფლებას, რომელსაც ხალხიც არ დაავიწყდება. წარმატებები ყველას და წარმატებები ჩემს ქვეყანას, წინ საქართველო!

თამთა დადეშელი