რა მაგალითს აძლევენ "ბებერი მგლები" ახალ თაობას - გზაპრესი

რა მაგალითს აძლევენ "ბებერი მგლები" ახალ თაობას

ქალბატონი რიმა პენსიონერია. ძალიან განიცდის, რომ იმ ადამიანებმა, რომლებსაც თავის დროზე მხარს უჭერდა, იმედი გაუცრუეს. მისი აზრით, ქვეყანაში კრიმინალურმა ამბებმა იმატა, ამ ყველაფერს კი უმუშევრობის პრობლემას უკავშირებს.

- ვერ გავიგე, რა ხდება ამქვეყნად, ლამის გავგიჟდე. ჩვენ არჩევნებში ხმა მივეცით ქართული ოცნებების ახდენას და არა კონკრეტული ადამიანების გამდიდრებაზე ზრუნვას. როგორ უპასუხისმგებლოდ და უტიფრად იქცევიან ეს ჩვენი პოლიტიკოსები. სასაცილოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე და დროა, გამოვფხიზლდეთ, ქართველებო! დაგვპირდნენ, კომუნალური გადასახადები განახევრდებაო. განახევრებას ვინ ჩივის, იმაზე მეტს გვახდევინებენ, ვიდრე "ნაციონალების" მმართველობის პერიოდში ვიხდიდით და ახლა, - კიდევ უნდა გავაძვიროთ, ეს გარდაუვალიაო! იმასაც დაგვპირდნენ, დაგასაქმებთო და სინამდვილეში, მხოლოდ საკუთარი ნათესავები, გუნდის წევრები დაასაქმეს, სხვებს კი იმ ძვალსაც არ გვიგდებენ, რომელსაც ხრავენ და მერე ნაგავსაყრელზე ყრიან. ადამიანის მომხვეჭელობასაც ხომ აქვს საზღვარი? ხომ შეიძლება, ცოტა ხალხისკენაც გამოიხედონ?

- ქალბატონო რიმა, როგორც ვატყობ, ძალიან ხართ გაბრაზებული... თუ საიდუმლო არ არის, არჩევნებზე რომელ ძალას დაუჭირეთ მხარი?

- უნდა გენახათ, როგორი გაბრაზებული ვიყავი ერთ დროს ჩემს მოწონებულ "ნაცებზე", როცა ზედმეტი მოუვიდათ და თავს გავიდნენ. ჰოდა, "ოცნებას" დავუჭირე მხარი. არადა, ახლა რომ ვაკვირდები, რეალურად ხალხისთვის ისინი მეტ საქმეს აკეთებდნენ და დანაშაულს თუ სჩადიოდნენ, ესენიც არანაკლებ ცუდად იქცევიან. ვითომ მოგვაშორეს პირსისხლიანი ახალგაზრდობა და ახლა თავად უკეთესს რას აკეთებენ? რა მაგალითს აძლევენ ეს ბებერი მგლები ახალ თაობას? ყველა ცდილობს, თვითონ მოიხვეჭოს და მდიდრდებიან უსასრულოდ, საწყალი ხალხი კი უფრო მეტად დაჩაჩანაკდა, ვიდრე ამ სამი წლის წინ. ახლა იმასაც ამბობენ, საპენსიო ასაკი გაიზრდებაო. გადარევა შეიძლება! ჰო, ისე ჰყავთ ხალხი დასაქმებული, რომ ადგილები ჩვენთვისაც გამოინახება, არა? იმ "კაპიკების" ხალხისთვის მიცემაც აღარ უნდათ, რასაც მათხოვრულად გვიყრიან მოხუცებს? ჯერ ახალგაზრდები დაასაქმონ და მერე იზრუნონ ჩემს თაობაზე. დაყიალებენ უმუშევარი გოგო-ბიჭები აღმა-დაღმა და უსაქმურობისგან არ იციან, რა აკეთონ. დანაშაულების რიცხვმა რომ იმატა, არც ეს არის გასაკვირი და იცით, რატომ? უსაქმური კაცის თავში კარგი არაფერი მოიხარშება. ახალგაზრდა რომ ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლი გიდუღს. სისხლი თუ გიდუღს, კონკრეტული მოთხოვნილებაც გიჩნდება, ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას კი ფული სჭირდება და თუ სამსახური არ გაქვს, თანხას აუცილებლად, მშობელს მოსთხოვ. თუ მშობელი არ არის მატერიალურად წელში გამართული, ფულის შოვნის იოლ გზაზე დაიწყებ ფიქრს და... ისეთ ადამიანს რა დალევს, რომელიც ახალგაზრდას მოპარვისკენ უბიძგებს?! ერთხელ თუ აიღებ სინდისზე ხელს, დანაშაულის ჩადენა არც მეორედ გაგიჭირდება, არც მესამედ და ა.შ. ფული კი მამაძაღლი რამ არის და მის გამო მერე შეიძლება, კაციც მოკლა...

- თქვენი აზრით, რა ტიპის დანაშაულებმა იმატა საქართველოში?

- ცხადია, ყაჩაღობებმა და ახალგაზრდულმა "საქმის გარჩევებმა". უკვე ძალიან ხშირად გვესმის, რომ ერთმა ახალგაზრდამ მეორე დაჭრა. ვიღაცას თავს ესხმიან და მხოლოდ იმას კი არ აკმარებენ, რომ ოჯახს გაუქურდავენ, არამედ აწამებენ კიდეც. ასე მგონია, წლებმა უკან დაიწია და ისევ შევარდნაძის ეპოქაში ვართ, როცა ეს ძარცვა-გლეჯა არავის უკვირდა; როცა ყაჩაღები სასტიკად უსწორდებოდნენ ხალხს, რომლებსაც ისედაც არაფერი გააჩნდათ და "შავი დღისთვის" შენახული კაპიკები არ ემეტებოდათ გასაცემად. მაშინ განურჩევლად აყაჩაღებდნენ მდიდარსა და ღარიბს. ჰოდა, ახლაც ასეა. აბა, გამოაქვეყნოს ჩვენმა სასიქადულო პოლიციამ, რამდენი ადამიანი გაიქურდა თუნდაც, სადარბაზოში მას მერე, რაც "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში. როგორ შეიძლებოდა, დამნაშავეები ციხიდან ერთი ხელის მოსმით გამოეშვათ? ჯერ უნდა გამოეკვლიათ, ვინ რისთვის იხდიდა სასჯელს და იმსახურებდა თუ არა მისჯილის თუნდაც, განახევრებას. მკვლელს რა გამოასწორებდა სასჯელაღსრულების სისტემაში? ვითომ, გულკეთილობა გამოიჩინეს და დანარჩენი საქართველოს წინაშე დიდი დანაშაული ჩაიდინეს. მიშას ხალხი ყველას იჭერდა, ამათმა კი უდანაშაულოებთან ერთად, კრიმინალებიც გაათავისუფლეს და მხოლოდ უფალმა იცის, რომელი გუნდია უფრო დიდი დამნაშავე ერის წინაშე...

- თქვენს სანაცნობოში ვინმე დააყაჩაღეს?

- კი, მაგრამ მე ერთეული შემთხვევები ვიცი, პოლიციაში თუ მიხვალთ, დარწმუნებული ვარ, იქ უამრავ ისეთ საქმეს იპოვით თაროზე შემოდებულს, რომლის გამოძიებითაც არავინ იწუხებს თავს... სასამართლოც ცირკს დაემსგავსა. ადრე ისეთი პროკურორები იყვნენ, უდანაშაულოსაც კი პირსისხლიან დამნაშავედ წარმოაჩენდნენ, ახლა ისე იხევენ უკან, თითქოს, ადვოკატობა სურთ. ძალიან უნიჭოდ და ზერელედ აკეთებენ ყველა საქმეს. დაიჭერენ ადამიანებს, მერე ტელეეთერით გვასმენინებენ უსუსურ ბრალდებებს და ეშმაკიც ვერ გაიგებს, რისთვის იჭერენ ან ათავისუფლებენ ადამიანს. "ნაციონალების" კადრები რომ დაიჭირეს, ვითომც ჩადენილი უამრავი დანაშულისთვის, თავიდან გულწრფელად მჯეროდა, რომ ყოფილ ჩინოვნიკებს ბევრი სიბინძურე ექნებოდათ გაკეთებული, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი მასკარადი იყო ხალხის დასაბნევად და განვიცდი, ამ უნიჭო გუნდის მხარდამჭერი რომ აღმოვჩნდი თავის დროზე. მეც სხვებივით მივყევი ცხვრის ფარას და ახლა გული მისკდება იმაზე ფიქრით, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში, თუ კიდევ ესენი იქნებიან ხელისუფლებაში.

- გინდათ, რომ ისევ "ნაციონალები" დაბრუნდნენ?

- ასეთი ოცნებისგან ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ ამათ კი ჯობდნენ, ესეც ცხადია. ფულს მიმზიდველი ძალა რომ აქვს და ადამიანს ხასიათს უფუჭებს, სხვაგვარს ხდის, ამის მიხვედრა პოლიტიკოსებზე დაკვირვებითაც შეიძლება. აბა, გადახედეთ, დღევანდელ პარლამენტში ადამიანები რომ სხედან, ისინი წარსულში როგორები იყვნენ, რას აკეთებდნენ, ხელისუფლებაში მოსვლამდე როგორ ჭიკჭიკებდნენ და ახლა რისი მაქნისები არიან? თუნდაც, ჩვენი ერთ დროს სახელოვანი ხელოვანები მოვიყვანოთ მაგალითად: ვფიქრობ, მათ პოლიტიკაში წასვლით ის ტოტი მოჭრეს, რომელზეც ისხდნენ, სამაგიეროდ, ბევრი ფული იშოვეს და ახლა ხალხის სიყვარული "ფეხზე ჰკიდიათ". ჰო, მომავალშიც კარგი ცხოვრება გარანტირებული აქვთ, მსახიობობით კი რას დააგროვებდნენ იმდენს? თუ ვინმეს ჩემთან შეკამათების სურვილი გაუჩნდება, მაშინ კეთილი ინებონ და დაასახელონ ამ ხელოვანების მიერ პოლიტიკაში მოსვლის დღიდან გაკეთებული თუნდაც, სამი კარგი საქმე, რომელიც მართლაც, ხალხის საკეთილდღეოდ გაკეთდა სწორედ მათი წყალობით. ამიტომაა შვილო, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს კარგად. მეპურემ პური უნდა გამოაცხოს და ჟურნალისტმა კიდევ, ამ მეპურის სიკეთე წარმოაჩინოს. მაგრამ ახლა თავისი საქმის კეთება აღარავის უნდა. ფულს თუ დავინახავთ, გზას გონების დაუტანებლად მივყვებით და ეს სწორედ იმ უბადრუკი ცხოვრების ბრალია, რომელშიც ამ თუ წინა მთავრობების გამოისობით ჩავვარდით. არ გაინტერესებთ, საშველს რაში ვხედავ? არც რუსეთი გვიშველის და არც - ამერიკა. ხომ ვართ დამოუკიდებლები, ავისრულეთ ოცნება. ჰოდა, ჩავჯდეთ ჩვენს ნაჭუჭში, დამოუკიდებლად ვმართოთ ეს ქვეყანა, ვიზრუნოთ იმ პროდუქტების მოყვანაზე, რომელსაც ჩვენი მადლიანი მიწა უხვად მოგვცემს, თუ ერთად შევუდგებით მის დამუშავებას. ინვესტიციები მოიზიდონ არა სასტუმროების ასაშენებლად, არამედ ქარხნების, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოსაწყებად, რომ მერე ადამიანებიც დაასაქმონ. როცა ხალხი დასაქმებული იქნება, ამდენი ბოროტებაც არ იარსებებს ქვეყანაში, ყველას თავისი წილი საზრუნავი ექნება, ჯიბის ფულიც და ყაჩაღობაც აღარ იქნება. ვიზრუნოთ საკუთარ თავზე და ნუ ვიქნებით რუსეთის ან ამერიკის სათამაშო იარაღი. ორივე ქვეყანასთან ვიმეგობროთ. რაც ზედმეტი გვექნება, გავიტანოთ გასაყიდად, მაგრამ სხვის გენმოდიფიცირებულ, მომწამლავ პროდუქტსაც ნუ შემოვიტანთ, რა. ამას წინათ ახლობელმა მითხრა, - მარილში დარიშხანი, ვერცხლისწყალი და თუ არ ვცდები, რკინა უპოვიათო. თან, ამ მარილის რეალიზაცია უკვე მომხდარა და ეს ყველაფერი მაინცდამაინც მაშინ აღმოაჩინეს, როცა ლამის მთელი პარტია გაიყიდა? რატომ დროზე არ ამოიღეს მოხმარებიდან? რატომ გვშხამავენ ნელ-ნელა? ნუთუ, თავად ქართველები არ არიან და სულაც არ შესტკივათ გული თავისიანებზე? წარმოიდგინეთ, ვერცხლისწყალთან შეხებაც კი საშიშია და რა მოხდება, თუ ის ჩვენს ორგანიზმში მოხვდება?

- ქალბატონო რიმა, ამქვეყნად კარგს მართლა ვერაფერს ხედავთ?

- პოლიტიკოსების გაკეთებულ სიკეთეს ვეღარ ვხედავ, შვილო, და რა ვქნა? აი, უბრალო ხალხი კი გამუდმებით ეხმარება ვიღაცას. თვითონ არაფერი აქვთ, მაგრამ მაინც, სხვას უწვდიან დახმარების ხელს. თორემ იმ ადამიანს, რომელიც მაძღარია, ჰგონია, რომ სხვებიც განცხრომაში არიან... და მაინც, იმედს ვიტოვებ, რომ ახლო მომავალში საქართველოსაც გამოუჩნდება ისეთი კარგი პატრონი, რომელიც ქვეყანას ააყვავებს. ქართველებო, ბევრი გასაჭირი გადაგვიტანია და როგორმე, ამ განსაცდელსაც გავუძლოთ. უფალი არ გაგვწირავს!

P.s. შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ჩვენთვის თითოეული თქვენგანის სიტყვა მნიშვნელოვანია. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81

ლიკა ქაჯაია