ქართული ლარის "შავი იანვარი" - გზაპრესი

ქართული ლარის "შავი იანვარი"

მაგრამ 2016 წლის პირველი თვე ქართველებს უსიამოვნო მოვლენით დაგვამახსოვრდა: ლარის კურსი თანდათან ეცემოდა და 22 იანვარს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4694 ლარი გახდა. ამ დღეს ლარმა გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია: საქმე ის გახლავთ, რომ 17 წლის წინ, 1999 წლის 23 თებერვალს, 1 აშშ დოლარის ფასმა მაქსიმალურ ნიშნულს - 2.45 ლარს მიაღწია, თუმცა ეს კურსი ორ დღეში 2.39-მდე ჩამოვიდა, წლის ბოლოს კი - 1.93-მდე. მას შემდეგ, ლარის კურსს გაუფასურების ასეთ მაჩვენებლამდე აღარ მიუღწევია, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია და 23 იანვარს სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარი უკვე 2.50 ლარი ღირდა.

ყოველივე ამას წინ უძღოდა აზერბაიჯანული მანათის მკვეთრი გაუფასურება, რის გამოც კომერციულმა ბანკებმა და ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა ბაქოში მუშაობა შეაჩერეს. მოქმედ სავალუტო პუნქტებთან გრძელი რიგები იდგა. როგორც თბილისში არსებულ რამდენიმე სავალუტო ჯიხურში გვითხრეს, ბოლო ხანებში ძალიან მოიმატა იმ აზერბაიჯანელების რიცხვმა, რომლებიც დოლარს ყიდულობენ. ცხადია, ლარის კურსზე ესეც მოქმედებს.

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური ლარის კურსის დაცემას ნავთობის ფასის ვარდნითა და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ეროვნული ვალუტების გაუფასურებით ხსნის. თამაზ მეჭიაურმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთობლივად მუშაობენ ამ პრობლემის გადაწყვეტაზე და ყველანაირად ცდილობენ, ლარის სტაბილურობა შეინარჩუნონ.

რა გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტის კურსზე მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებმა და მოხერხდება თუ არა ლარის სტაბილურობის შენარჩუნება? - ამ კითხვაზე ქართველ ეკონომისტებს განსხვავებული პასუხები აქვთ.

ავთანდილ სილაგაძე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:

- აზერბაიჯანი ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, ამიტომ ლარის კურსზე ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმაც იმოქმედა. თუნდაც საზღვარი არ გადმოკვეთონ, ჩვენთან ისედაც ბევრი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, მათ მჭიდრო კონტაქტები აქვთ აზერბაიჯანთან, ამიტომ მათ მიერ დოლარის შესყიდვა შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რომელმაც ლარის კურსის დაცემა გამოიწვია. ძალიან ძნელია დღეს ამ ყველაფრის კონტროლი: არსებობს ფულის გადაგზავნის უამრავი არხი, გადარიცხვები, მოსახლეობის თავისუფალი მიმოსვლა... ამიტომ მეზობელ ქვეყნებში არსებული სიტუაცია ყოველთვის აისახება ჩვენს ვალუტაზე. აზერბაიჯანი საკმაოდ მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ ნავთობპროდუქტებზეა დამოკიდებული. ნავთობის ფასის დაცემამ კრიზისი და იქაური მანათის დევალვაცია გამოიწვია. აქედან გამომდინარე, ლარის დევალვაციის ერთ-ერთ მიზეზად ესეც უნდა განვიხილოთ. რაც უფრო მეტი დოლარი იყიდება, მით უფრო იზრდება მოთხოვნა მასზე და ეროვნული ვალუტაც უფასურდება. აზერბაიჯანი ჩვენი მთავარი პარტნიორია, გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე რუსეთი და უკრაინა. საკვირველი ის იქნებოდა, მანათის დევალვაციას გავლენა რომ არ მოეხდინა ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ასეც მოხდა. თუ მარტივ შედარებას მოვიშველიებთ, ეს ურთიერთობა ძალიან ჰგავს ზიარ ჭურჭელს: როდესაც მეზობელი ქვეყნების ეკონომიკა ერთმანეთზეა მიბმული, იქ მიმდინარე პროცესები ყოველთვის დაკავშირებულია ერთმანეთთან. კიდევ ერთ საკითხს უნდა შევეხო: არაოფიციალური კურსი, რომლითაც ჯიხურებში დოლარს ყიდიან, ოფიციალურზე უფრო მეტია, რაც ნიშნავს, რომ გაუფასურების მოლოდინი მოსახლეობაში ერთგვარ პანიკას ქმნის. ნეგატიური მოლოდინი კი ყოველთვის ცუდად მოქმედებს ვალუტის კურსზე. ჩემი აზრით, ორიოდე თვეში გამოიკვეთება, რა ტენდენციით წავა საქართველო. საგარეო ფაქტორებს ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ შიდა ეკონომიკა უნდა განვავითაროთ, ამის გარეშე ვერც ჩვენს ვალუტას ეშველება და ვერც - საქართველოს მოსახლეობას. ჩვენი რეზერვების გამოყენებას თუ შევძლებთ, ასეთი დევალვირებული ვალუტა აღარ გვექნება, ამისთვის კი სწორი ეკონომიკური პოლიტიკაა საჭირო. დამოკიდებული უნდა ვიყოთ საკუთარ რესურსებზე - ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს.

ზურაბ მელიქიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან":

- ხელისუფლებას გასამართლებელი მიზეზები არ ელევა, მაგრამ როდესაც ხელისუფლებაში ხარ, შენი ქვეყნის ეკონომიკა და ეროვნული ვალუტა ყველანაირად უნდა დაიცვა. ამისთვის ირჩევს ხალხი ხელისუფლებას და არა იმისთვის, რომ ყველაფერი ე.წ. გარე შოკებს გადააბრალოს. როდესაც ხელისუფლება ხარ, მთავარია, როგორ აფასებ ამ რისკებს და წინასწარ რა ნაბიჯებს დგამ. რაც შეეხება აზერბაიჯანში განვითარებულ მოვლენებს, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზი ლარის დასუსტებისა. ნავთობის ფასის დაცემასთან ლარის კურსის მიბმაც შეცდომაა და აგიხსნით, რატომ: როდესაც ნავთობის ფასი ეცემა, საქართველოდან უფრო ნაკლები უცხოური ვალუტა გადის და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ნავთობი არის წარმოების შემადგენელი ნაწილი, მისი გაიაფება პირიქით, ფასების დაწევას იწვევს. ასე რომ, ნავთობის ფასის დაცემა საქართველოს ეკონომიკისთვის უარყოფითი ეფექტის მომტანი ვერ იქნებოდა. პირიქით, ეს ფასებზე პოზიტიურად მოქმედებს. როგორ შეიძლება, ყველაფერი გარე ფაქტორებს დააბრალო, როდესაც გიმცირდება ინვესტიციები, გიმცირდება ექსპორტი და არაფერს წამახალისებელს არ აკეთებ იმისთვის, რომ აქ უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდეს, რომ ჩვენი ქვეყნით უფრო მეტი ინვესტორი დაინტერესდეს? როდესაც მეწარმეებს არ სთავაზობ გადასახადების შემცირებას, არ აუქმებ მოგების გადასახადს და სამი წლის განმავლობაში შემოგაქვს უაზრო რეგულაციები, რომელიც პირდაპირ ბლოკავს უცხოურ ინვესტიციებს? რომელ წინსვლაზე შეიძლება იყოს ასეთ დროს ლაპარაკი?! ვალუტის კურსზე ბევრმა ფაქტორმა შეიძლება იმოქმედოს, მაგრამ შენ რას აკეთებ, როგორც ხელისუფლება?..

რაც შეეხება ეროვნული ბანკის როლს: ეროვნულ ბანკს აქვს ბერკეტები, რომლებიც ინფლაციაზე მოქმედებს, მაგრამ ლარის კურსზე ვერ მოქმედებს. ისედაც, 2014 წლის ნოემბრიდან დღემდე, ლარის კურსის "დასაჭერად" ეროვნულმა ბანკმა უკვე 407 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელა, მაგრამ ლარი მაინც განაგრძობს გაუფასურებას, მთავრობას კი მიზეზები არ დაელია და ყველაფერს სხვებს აბრალებს. სხვებისკენ თითის გაშვერა იოლია, მაგრამ ხელისუფლება იმისთვის არსებობს, რომ ყველა შოკი გათვალისწინებული ჰქონდეს. ფაქტია, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტა ყოველდღე უფასურდება და მოსახლეობაც ყოველდღიურად ღარიბდება. ახლა თითოეულ წუთსა და საათს აქვს მნიშვნელობა, რადგან ვალუტის კურსი უკვე ახლოსაა საგანგაშო ზღვართან. აქვე უნდა ვთქვა, რომ აზერბაიჯანისა და ჩვენი მეზობელი სხვა ქვეყნების ვალუტების გაუფასურება ამ პროცესში მხოლოდ ერთ-ერთი რგოლის როლს ასრულებდა.

თემურ მაისურაძე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:

- ვფიქრობ, რომ ლარის კურსზე კიდევ ერთმა ფაქტორმა იმოქმედა: ახალი წლის დღეები ეკონომიკური თვალსაზრისით ყოველთვის პასიური პერიოდია, იანვრის მეორე ნახევრიდან კი იწყება პროდუქციის შესყიდვა, იზრდება მოთხოვნა ვალუტაზე და უფრო მეტი უცხოური დოლარი იყიდება. ეს თავისთავად იწვევს როგორც ინფლაციური პროცესის წახალისებას, ასევე - ვალუტის დევალვაციას. ბუნებრივია, ამას აზერბაიჯანის ფაქტორიც დაემატა, რომელიც ჩვენი მეზობელი და უმთავრესი პარტნიორია. როდესაც მეზობელ ქვეყანაში დოლარის გაყიდვა აკრძალეს, თავისთავად ცხადია, რომ გარკვეული სუბიექტები შეეცდებოდნენ დოლარის ჩვენთან შესყიდვას. თუ აზერბაიჯანელები საქართველოში გადმოდიან და უცხოურ ვალუტას ყიდულობენ, სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, შეისწავლოს ეს პროცესი და გაიგოს, რა ხდება მის ბაზარზე. ვალუტის გაუფასურების დროს ადამიანები ყოველთვის ცდილობენ გადაარჩინონ თავიანთი დანაზოგი, ამიტომ მათი საქციელი სავსებით ლოგიკურია. სახელმწიფომ უნდა დაიცვას ეროვნული ვალუტა მსგავსი ფაქტორების ზემოქმედებისგან. რა თქმა უნდა, მოსახლეობას აინტერესებს, როდის მოგვარდება ეს მწვავე პრობლემა და როდის გვექნება სტაბილური ეროვნული ვალუტა, მაგრამ ამის მიღწევა ჩვენი ეკონომიკის განვითარების გარეშე ძალიან რთულია. ამჟამად მიმდინარე ლარის დევალვაციის პროცესი კი მხოლოდ მაშინ შეჩერდება, თუ იქნება სწორი რეაქცია სახელმწიფოს მხრიდან. ამიტომ დღეს ბევრი რამ არის დამოკიდებულ სახელმწიფო უწყებების რეაქციაზე და მათ მიერ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯზე.

ხათუნა ჩიგოგიძე