ხონის გამგებლობისთვის ბრძოლა ციხიდან გაგრძელდება - გზაპრესი

ხონის გამგებლობისთვის ბრძოლა ციხიდან გაგრძელდება

გამარჯვებულთა ვინაობა უკვე ცნობილია და ისიც, რომელ ქალაქებში გაიმართება არჩევნების მეორე ტური. მათ შორის ხონიც იქნება, სადაც "ქართული ოცნების" კანდიდატს, ჯემალ მებუკეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ზურაბ ჯიბუხაია უპირისპირდება. სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, ხონის ყოფილმა გამგებელმა, ზურაბ ჯიბუხაიამ საარჩევნო კამპანია ვერ ჩაატარა, რადგან პატიმრობაშია, თუმცა შეძლო ხმების საკმაოდ დიდი რაოდენობის მოგროვება და ამიტომ მეორე ტურში ისევ იბრძოლებს. ხონში ჯემალ მებუკემ ხმათა 46,87% მიიღო, ხოლო ზურაბ ჯიბუხაიამ - 42,11%.

GzaPressშეგახსენებთ - ხონის ყოფილი გამგებელი და მისი მოადგილე 2014 წლის 10 თებერვალს დააკავეს. გაფლანგვაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სამსახურებრივ სიყალბეში დასდეს ბრალი. პროკურატურის მტკიცებით, დაკავებულებმა 2010 წელს უკანონოდ მოჭრილი, ჩამორთმეული ხეტყე ხის გადამმუშავებელ საამქროებს გადასცეს იმის ნაცვლად, რომ ის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის გაენაწილებინათ. პროკურატურის მტკიცებით, ამ გზით გაიფლანგა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხული 12. 580 ლარის ღირებულების ქონება. ჯიბუხაიას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და გისოსებს მიღმა გამოკეტეს. მისი ადვოკატი რობიზონ ხურცილავა აცხადებს, რომ ზურაბ ჯიბუხაიას უდანაშაულობის დამტკიცებას აუცილებლად შეძლებს. მისი თქმით, ჯიბუხაიას არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი ჰქონდა და მისი დაპატიმრებით ხელისუფლება შეეცადა, "ქართული ოცნებისთვის" უმთავრესი კონკურენტი ჩამოეშორებინა.

რობიზონ ხურცილავა:

- ზურაბ ჯიბუხაია ციხიდან ეწეოდა საარჩევნო კამპანიას. ის ჯერჯერობით გასამართლებული არ არის, ამიტომ კანონმდებლობით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა. სამწუხაროა, რომ საარჩევნო კამპანიის ჩატარება და თავის ამომრჩეველთან მისვლა ვერ შეძლო, სატელეფონო ზარის განხორციელების საშუალებაც კი არ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა შედეგი მიიღო, ისევ რჩება პატიმრობაში და მეორე ტურშიც ასე მოუწევს ბრძოლა. დარწმუნებული ვარ, ის გაიმარჯვებს და ხონის გამგებელი გახდება. უთანასწორო ბრძოლა იყო: სხვა კანდიდატები ხვდებოდნენ მოსახლეობას, ის ვერ ხვდებოდა. ძალიან ეხმარებოდნენ გუნდის წევრები, რომ ჯიბუხაიას ხმა მიეწვდინა მოსახლეობისთვის. გარეთ რომ ყოფილიყო, უფრო მეტ ხმას დააგროვებდა. დარწმუნებული ვარ, მეორე ტურის ჩატარება საჭირო არ გახდებოდა. ძნელია, ჩაკეტილი სისტემიდან არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ იმდენად დადებითი პიროვნებაა, იმდენი სიყვარული დათესა ხალხში, რომ ეს ციხიდანაც შეძლო. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტიიდან იყრი კენჭს, მთავარია, კარგი პიროვნება იყო. იშვიათი ბუნების ადამიანია, ეკლესიური, მორწმუნე ქართველი კაცი. ყველა ხედავს, რა გააკეთა მან ხონისთვის ამ წლების მანძილზე და ამიტომაც დაუჭირეს მხარი.

- რაც შეეხება ბრალდებას: კონკრეტულად რას ედავება პროკურატურა?

- 2014 წლის 10 თებერვალს დააკავეს ზურაბ ჯიბუხაია და მისი მოადგილე, ბესარიონ ჭელიძე. ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს. ფინანსური პოლიციის მიერ კერძო პირისთვის ჩამორთმეულ, უკანონოდ მოჭრილ ხეტყეს ეხება, რომელიც ოფიციალურად, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას გადაეცა. პროკურატურის მტკიცებით, ჯიბუხაიას ე.წ. მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გაიფლანგა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით - 12 ათას 580,69 ლარის ქონება, რითიც არსებითად შეილახა როგორც მოქალაქეთა, ასევე სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი. ბრალდება აბსურდულია. პირველ რიგში გეტყვით, რომ იმ პერიოდში ზურაბ ჯიბუხაია გამგებელი არც ყოფილა. როცა ბალანსზე გადმოეცა გამგეობას ეს მასალა, ზურაბ ჯიბუხაიამ შექმნა ორი კომისია და კომისიებს დაევალათ ამ საქმიანობის შესრულება. უკვე არსებობს ექსპერტიზის დასკვნაც, საიდანაც დასტურდება, რომ ეს მასალა იყო ნამდვილად შეშა. ბრალი აბსოლუტურად ჰაერშია. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 516 ლარის ზიანზეა ლაპარაკი. ამ ხნის მანძილზე ორჯერ გადაიდო სასამართლო პროცესი და ახლა სხდომა 30 ივნისს გაიმართება. მტკიცებულებები იმდენად სუსტი და არაარგუმენტირებულია, დარწმუნებული ვარ, სასამართლო რომ ჩატარებულიყო, მის უდანაშაულობას დავამტკიცებდით და ის იბრძოლებდა არჩევნებში ისე, როგორც სხვები იბრძოდნენ. აშკარაა, იცოდნენ გამამართლებელი განაჩენი რომ დადგებოდა, ეს არ აძლევდათ ხელს და ამიტომ გააჭიანურეს საქმის გამოძიება, ამიტომ გადაიდო პროცესები. ზურაბი ძალიან განიცდიდა, რომ საარჩევნო კამპანიაში ვერ მონაწილეობდა. პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს თავს და ამბობს, მე რომ არ ვყოფილიყავი გამგებლობის კანდიდატი, არ დამაკავებდნენო. ჰკითხეს კიდეც, კენჭს გამგებლობისთვის იყრიო? მაგრამ ხედავთ, ამ ადამიანმა ციხიდან ამ შედეგს მიაღწია. იყო ერთი უბანი ხონში, სადაც 300 ამომრჩევლიდან ყველა ხმას ჯიბუხაიას აძლევდა. სწორედ იმ საარჩევნო უბანში ჩაშალეს არჩევნები. ეს სპეციალურად გაკეთდა: ის უბანი რომ არ გამოცხადებულიყო ჩაშლილად, დღეს მეორე ტური საჭირო აღარ გახდებოდა და ჯიბუხაია გამარჯვებული იქნებოდა. თუმცა, მალე დაამტკიცებს, რომ გამარჯვებულია. წარმოიდგინეთ, სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებაც კი არ ჰქონდა და ეს შედეგი მიიღო. რაც დაპატიმრებულია, მხოლოდ თავის ავადმყოფ დედას ერთადერთხელ დაუკავშირდა, ეს იყო და ეს. მას ოჯახი არ აქვს შექმნილი და მხოლოდ ავადმყოფი დედა ჰყავს, რომელიც შვილის დაპატიმრებას ძალიან განიცდის.

- დღეს რა განწყობაზეა?

GzaPress- ძალიან მხნედ არის და აგრძელებს ბრძოლას. მისთვის მთავარია, მოსახლეობას დაუმტკიცოს თავისი უდანაშაულობა. წარმოიდგინეთ, რინგზე იდგეს ორი ადამიანი, ერთს შეკრული ჰქონდეს ხელები, მეორეს - თავისუფალი. ასეთ რინგზე იდგა ზურაბ ჯიბუხაია. არჩევნების დროს აუცილებელია საარჩევნო აგიტაციის ჩატარება, რაც მან ვერ მოახერხა. ციხეში შედგენილ პროგრამას საზოგადოებას მისი მეგობრები და თანაგუნდელები აცნობდნენ. არც პროგრამის შედგენა გასჭირვებია გისოსებს მიღმა, რადგან კარგად იცის, რა პრობლემებია გადასაჭრელი ხონში. ასე რომ, ბრძოლას ვაგრძელებთ მეორე ტურში ხონში გამგებლობისთვის და დარწმუნებული ვარ, ის გაიმარჯვებს. გამარჯვების შემდეგ სასამართლოში დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა არასაპატიმრო ღონისძიებით შეეცვალოს და შეუდგეს თავისი მოვალეობის შესრულებას. დარწმუნებული ვარ, ზურაბ ჯიბუხაია გაიმარჯვებს. ხონში დაიბადა და გაიზარდა, ყველა იცნობს, ყველას უყვარს, მარტო არჩევნების დროს არ გახსენებია ხონი და ამიტომ უცხადებს ნდობას მას, პატიმრობის მიუხედავად, ამდენი ამომრჩეველი. ზურაბი ხონის სოფელ საწულუკიძეოში დაიბადა. 1983 წელს დაამთავრა ხონის პირველი საშუალო სკოლა. სწავლობდა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე. 1993-2003 წლებში მუშაობდა ახალგაზრდული კავშირების ლიგის თავმჯდომარის მოადგილედ, შემდეგ - თავმჯდომარედ. იმავდროულად გაზეთ "თაობის" სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე იყო. 2001 წელს დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი. ჯერ ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ დაინიშნა, 2010 წლიდან დაპატიმრებამდე კი - ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. მერწმუნეთ, დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, თავიდან ბოლომდე ინგრევა პროკურატურის მტკიცება იმის თაობაზე, თითქოს ზურაბ ჯიბუხაიამ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, სახელმწიფოს დიდი ოდენობის ზარალი მიაყენა. სასამართლოზე ყველა დაინახავს, რომ პროკურატურა ვერ დაამტკიცებს ზურაბ ჯიბუხაიასთვის წაყენებულ ბრალს და გამოჩნდება - ის მხოლოდ იმიტომ ზის ციხეში, რომ რეალური კონკურენტი იყო "ქართული ოცნების".

თეა ხურცილავა