"რაც უფრო ურცხვია ადამიანი, მით უფრო მაგარი პოლიტიკოსია" - გზაპრესი

"რაც უფრო ურცხვია ადამიანი, მით უფრო მაგარი პოლიტიკოსია"

ეკონომიკური საკითხების ექსპერტი, პროფესორი ემზარ ჯგერენაია უნივერსიტეტში მიმდინარე ამბებზე, ფარულ ჩანაწერებზე, გამყარებულ ლარზე, ანაკლიის პორტსა და სხვა თემებზე გვესაუბრება.

- როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, როგორ შეაფასებთ იმ პროცესებს, რომელიც ბოლო დღეებში ამ სასწავლო დაწესებულებაში მიმდინარეობდა?

- უნივერსიტეტში "ოდეერების" არსებობა ჩემთვის მიუღებელია, ეს უბრალოდ წინა ხელისუფლებისგან შემორჩენილი სოციალისტური გადმონაშთია. 90-იან წლებში, როცა საქართველო საბჭოთა კავშირიდან გამოვიდა, ეს ინსტიტუტიც მოიშალა, მერე კი მიშამ ისევ ააღორძინა და ისეთი ადამიანები დასვა, ვისი ადგილიც უნივერსიტეტში არ არის. სტუდენტური გაერთიანება თუ არის, უნდა იყოს რამდენიმე, განსხვავებული ან საერთოდ არ უნდა იყოს. თანხების გამოყოფაზე ამხელა პრივილეგიები არ უნდა ჰქონდეს. წინა ხელისუფლების დროს მიიღეს კანონი, როცა უნივერსიტეტის პროფესორი ამავდროულად საბჭოს წევრი იყო, მერე ეს კანონი მოშალეს, გაუგებარი არჩევნებისგან კი სწორედ ეს არქაული სენატი მიიღეს. დღეს ვერ გაარკვევთ, ვინ არიან, რას აკეთებენ, რას წარმოადგენენ. კანცლერობის ყოფილ კანდიდატს პირადად ვიცნობ და გაილანძღა ახალგაზრდა კაცი, რომელიც დოქტორია, პროფესორი, ოჯახი ჰყავს და ისეთ რამეში გარიეს, რაზეც ამბობს, რომ არ ჩაუდენია და მის მომავალს დაღი დაასვეს. ამ გაუგებრობაში სწორედ იმ არასწორმა ინსტიტუციურმა მოწყობამ ჩააყენა, რაც უნივერსიტეტში გვაქვს. უნივერსიტეტები ხშირად პოლიტიკურ ძალებზეა დამოკიდებული და ახლა, ამ სიტუაციაში, ორივე მხრიდან გარკვეული პოლიტიკური ძალების არსებობა შეინიშნება. დამოუკიდებლობას უნდა მივაღწიოთ, ზევიდან დანერგილი "თავისუფლება" ყოველთვის ასეთ გაუგებარ შედეგეგებს მოგვცემს.

- ექსპერტ არჩილ გამზარდიას თქმით, ილიაუნის არაფორმალურად "ნაციონალები" მართავენ, კერძოდ - ჭიაბერაშვილი.

- აბსოლუტურად ვეთანხმები. როგორც აღვნიშნე, უნივერსიტეტშიც გარკვეული პოლიტიკური ძალები დგას.

- ამის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რამდენად ადვილად დათმობენ ამ ბრძოლას ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც სტუდენტებს იყენებენ იარაღად?

- სტუდგაერთიანებები უნდა დაიშალოს, თავისუფალი სიტუაცია შეიქმნას და დასაყრდენი რომ არ ექნებათ, ეს პრობლემაც მოიხსნება და საუბარი დამთავრდება. გამოსავალი სტუდკავშირის სრული რეორგანიზაციაა, სენატის ხელახალი არჩევაც უნდა მოხდეს, ბიუჯეტი გამჭვირვალე იყოს.

- პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებასა და იმ მასობრივ ისტერიაზე რას ფიქრობთ, რომელმაც ყველა თემა გადაფარა?

- გულის ამრევია, ამაზრზენია, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ: წინა ხელისუფლება ამას მიზანმიმართულად აკეთებდა, სპეციალური კანონი მიიღო, რომ სასტუმროებში, ბარებში და ა.შ. კამერები უნდა დაეყენებინათ. რატომ არ გავაკეთეთ იმ კანონების რევიზია, რომლებიც თავის დროზე არასწორად მიიღეს? ჯერ ეს კამერები უნდა გავასწოროთ, მერე აუცილებლად უმკაცრესად დავსაჯოთ ისინი, ვინც წინა ხელისუფლების დროს, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გადაღება დაამკვიდრა. როცა ხელისუფალს ეცოდინება, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად დაისჯება, ვეღარ გაბედავს ამდენს. მთავარია, სამართლის გარდაუვალობა. ამაზრზენია ყველას მხრიდან, გამავრცელებლები და შემკვეთები სასტიკად უნდა დაისაჯონ. თუ მივაჩუმათებთ, ამ პრობლემას ვერასდროს მოვაგვარებთ. საქართველო დაემსგავსა სასწაულ, ამორალურ, პორნო ფილმების ფესტივალსა თუ ქელეხს... ამას ახალგაზრდობა უყურებს და ეს ერის დაკნინებაა. ნახევრად გაკეთებული საქმე არ არსებობს, ნახევარსამართალი არ არსებობს, სამართალი ან არის, ან - არა. ადამიანს მხოლოდ სასჯელის ეშინია, სხვანაირად პრობლემას ვერ აღმოვფხვრით.

- ამ სიტუაციაში ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ამ მთავრობისა და ბიძინა ივანიშვილისკენ იშვერენ ხელს, ეს მის ინტერესებში შედისო, თვალთვალს აგრძელებენო... ეს მაშინ, როცა გავრცელებულ ვიდეოებში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები საერთოდ არ ფიგურირებენ და აქცენტი "ოცნებასა" და სხვა ძალებზეა. ისიც ნათელია, ყველაზე მეტად ვის აძლევს ხელს ეს არეულობა. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- ბუნებრივია, დღეს ეს ყველაფერი კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ კი არაა მიმართული, არამედ, "ოცნების" ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, რომ თქვან - სიტუაციას ვერ აკონტროლებენო. ამას სპეციალურად აკეთებენ. რაც უფრო ურცხვია ადამიანი, მით უფრო მაგარი პოლიტიკოსია. უტიფრობა მათი ყველაზე მთავარი იარაღია. ესენი რომ არ დაისაჯნენ, იმიტომ მივეცით სალაპარაკო. ისეთი ხალხი, ვინც ეს კადრები გადაიღო, შეურაცხყო პირადი ცხოვრება, წაართვა ქონება, სისასტიკეები ჩაიდინა, თავის დროზე რომ სათანადოდ დასჯილიყო, ამდენს ვერავინ ილაპარაკებდა. ვერც მათი დამქაშები იქნებოდნენ ძალოვან სტრუქტურებში, ახლა კი მრავლად არიან. ვატერორებთ და ვანგრევთ საზოგადოებას, ეს ყველაზე საშინელებაა. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მეტი საზიზღრობის მნახველები ვიქნებით, აგერ ნახავთ. უნივერსიტეტში რაც ხდება, ეს სუფთა პოლიტიკურია, 30 წელია პროფესორი ვარ და ჩვენი სტუდენტები ყოველთვის იყვნენ სენსიტიური, რევოლუციური ძალა და ბუნებრივია, ყველა პოლიტიკურ ძალას სურს მასთან ხელმისაწვდომა ჰქონდეს, რათა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს.

- ბოლო დღეებში ლარი შედარებით დასტაბილურდა. შესაძლებელია, რომ ეს ქადაგიძის წასვლასთან რაიმე კავშირში იყოს? ახლა რა მოხდა ისეთი, რამაც დოლართან მიმართებაში ლარის კურსის გამყარება გამოიწვია?

- ეს განაპირობა მოხმარების შემცირებამ. 2016 წლის პირველ კვარტალში სამწუხაროდ, ცუდი ექსპორტის მაჩვენებლები გვაქვს გამომდინარე იქიდან, რომ ძირითად დარგებში საწარმოები გაჩერებული იყო. თხილი გაყიდულია და ახალი არ არის, ღვინო-პროდუქტები ძირითადად დეკემბერში იყო გადატვირთული, დანარჩენი აღარ სჭირდებოდათ, ამიტომ სუსტი მაჩვენებლები იყო როგორც ექსპორტზე, ისე ფულის, ტრანსფერების, ინვესტიციების შემოდინების სახით. ამიტომ, შესაბამისად შემცირდა ვალუტის შემოდინება. აქედან გამომდინარე, შემცირდა დოლარზე მოთხოვნაც და კურსი გამყარდა. თუმცა, ეს არც ისე კარგია, ეკონომიკა შეფერხდება, ჩერდება, ზრდის მაჩვენებელი ხდება დაბალი და საგანგაშოა, გულწრფელად რომ გითხრათ.

- შეიძლება ველოდოთ ლარის კიდევ უფრო მეტად გამყარებას?

- ბიუჯეტის ხარჯები გაწერილია და უფრო მეტად გამყარებას არავითარ შემთხვევაში არ ველოდები, რადგან ეს ნიშნავს ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო შემცირებას, რადგან ბიუჯეტის ზრდაში სახელმწიფო ხარჯებს თავისი ადგილი უჭირავს. ლარი კიდევ რომ გამყარდეს, ეს იქნება ნიშანი, რომ ეკონომიკა ვარდება და უარყოფითი კუთხით მიდის. რა თქმა უნდა, არის დარგები და მიმართულებები, ვისაც უხარია, რომ დოლარის კურსი ეცემა, მაგრამ საბოლოო ჯამში ბევრად მეტ ზარალს გამოიწვევს.

- როცა დოლარის კურსი იმატებს, ჩვენი ფინანსთა მინისტრი ყოველთვის გარე ფაქტორებსა და პრობლემებზე იწყებს საუბარს და გადაბრალებას. როგორც კი ოდნავ დაიკლებს, ამას შიდა "მიღწევით" ხსნის. როგორაა ეს ამბავი?

- გარე ფაქტორებს ვერასდროს უარვყოფთ და ვერ გავექცევით, გამორიცხულია, რადგან ბუნებრივია, ჩვენს სამეზობლოში არსებული სიტუაცია ჩვენზე სერიოზულ ზეგავლენას ახდენს. უბრალოდ, ეს ყველაფერი კომპლექსშია, გარე ფაქტორი ხშირად გადამწყვეტია, მეორე ნაწილში შიდა ფაქტორი ემატება და ამ წუთას რაც ხდება, ეს სწორედ შიდა ფაქტორის ვარიანტია. გარე ფაქტორია, მაგალითად, როცა მსოფლიოში ფერადი ლითონის შემცირება ხდება, ჩვენთან რას ნიშნავს ეს? ზესტაფონის გაჩერებას. როცა არმატურის ფასი ვარდება, რუსთავის ქარხანა ჩერდება და ასე შემდეგ. მაგრამ ის, რომ ბიუჯეტში არსებული თანხა დროულად და გეგმაზომიერად დავხარჯეთ, ეს შიდა ფაქტორია. გადაჯაჭვულია ერთმანეთზე. რუსეთის ფაქტორი კი გასათვალისწინებელი და წამყვანია.

- რამდენად უნდა აისახოს ეროვნული ვალუტის ეს, თუნდაც მცირე ცვლილება იმპორტული საქონლის ფასებზე? როგორც კი ლარი ეცემა, გადამყიდველები პროდუქციას მყისიერად უმატებენ ფასს; როცა მყარდება, რა თქმა უნდა, აღარ წევენ ქვემოთ, მიზეზები არ ელევათ, ეს კი მოსახლეობის სამომხმარებლო კალათასა და ჯიბეზე მკვეთრად უარყოფითად აისახება.

- ხაზინას ფული მიმოქცევაში არ გამოუშვია, არ დაუხარჯავს, შესაბამისად მიმოქცევაში მეტი რაოდენობის თანხა არ გამოსულა და ამიტომ ინფლაცია შემცირდა ამის გამო. ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის და ამ შემთხვევაში, ოდნავი ცვლილება კლების მხრივ შეიძლება იყოს. ოღონდ, მანდ ერთი რამ გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეებში მსოფლიო ბაზარზე სასაქონლო ბაზრის ფასების მატება ხდება ანუ გაიზარდა ხორბლის, შაქრის ფასი და ის, რომ ლარი გამყარდა და აქ ამის გამო შემცირდება, ეფექტი რეალურად არ გვექნება.

- ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა მთავრობის ადმინისტრაციაში 14 მილიონი ევროს ოდენობის საფინანსო შეთანხმებას - "ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმი" მოაწერეს ხელი. რას მოუტანს ეს ქვეყანას?

- ბოლო წელიწად-ნახევარია, ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობის რევოლუციური ზრდა არ მომხდარა იქიდან გამომდინარე, რომ ამის იმპლემენტაციას დრო და მთელი რიგი პროცესი სჭირდება როგორც ინსტიტუციონალური, ისე - არაინსტიტუციონალური. ვიზალიბერალიზაცია საშუალებას მოგვცემს, უკეთ გავიცნოთ ევროპა, დავუახლოვდეთ, ჰარმონიზაცია უნდა მოხდეს როგორც საკანონმდებლო ნაწილში, ისე რეგულაციებისა და ფსიქოლოგიურ ნაწილშიც კი; მოხდეს საქართველოს რეალური შერწყმა ეკონომიკისა და ბიზნესის ევროპულ სივრცესთან. ამას სჭირდება სწორედ მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით და წესით, ის 14 მილიონი ამას უნდა მოხმარდეს.

- ანაკლიის პორტის პროექტზეც მინდა გკითხოთ, რომელიც ვაშინგტონში გამართულ ინფრასტრუქტურის გლობალური მართვის ფორუმზე წლის სტრატეგიულ პროექტად დასახელდა. თბილისში ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებენ და საზღვაო გადაზიდვების ბიზნესში ჩახედული ადამიანები იმ მიზეზებზეც საუბრობენ, რის გამოც ანაკლიის პორტი შესაძლოა წამგებიანი პროექტი გამოდგეს. რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს ამ პროექტს?

- ჯამში, თეორიულად უზარმაზარი პროექტია, რასაც დიდი დაფინანსება სჭირდება და ინვესტიციის მომტანია, მაგრამ მეორე მხრივ, ტვირთბრუნვას, ტვირთების რაოდენობას ეჭვის თვალით უყურებენ. ფოთისა და ბათუმის პორტების ტვირთბრუნვა საერთო ჯამში შესაძლოა 10-12 მილიონ ტონას არ აღემატებოდეს, რკინიგზის გადაზიდვებიც საგრძნობლად შემცირებულია. საიდან მოვა ტვირთი ანაკლიაში? ამის პასუხი ერთია - ეს იქნება ჩინეთის ბიზნესისთვის საბაზო, ტრამპლინური პორტი ევროპაში შესასვლელად, ამიტომ ის თუ შეუწყობს ხელს მის მშენებლობას, ერთადერთი იმედი ესაა. ვნახოთ, სკეპტიკურია. 100 მილიონი ტვირთი უშორეს პერსპექტივაშიც კი წარმოუდგენლად მიმაჩნია. წელიწადში ხუთი მილიონი ტონის გადამუშავებაც რომ მოხდეს, დიდი მიღწევა იქნება, ისიც, თუ ეს უახლოეს 10 წელიწადში მოხდება, რადგან ამ ტვირთების მოზიდვისათვის სერიოზულად მოუწევთ მუშაობა. ვნახოთ, დრო გვიჩვენებს.

თამთა დადეშელი