გადაუხდიან თუ არა თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები ქართველ მწეველებს კომპენსაციას? - გზაპრესი

გადაუხდიან თუ არა თამბაქოს მწარმოებელი კომპანიები ქართველ მწეველებს კომპენსაციას?

ჩემი რესპონდენტი სიმპათიური, მოხდენილი ქალია, რომელიც უკვე ოცი წელია, მწეველია და მიაჩნია, რომ ეს მის ცხოვრებაში ერთადერთი ნუგეშია: "სიგარეტი მამშვიდებდა მაშინ, როდესაც ჩემს უქნარა ქმარსა და ავ დედამთილს ვითმენდი, შემდეგშიც, როცა მათი ოჯახიდან წამოვედი და ერთადერთ შვილს მარტოდმარტო ვზრდიდი. უნდა გამოვტყდე - ასეთი ერთგული მეგობარი არასოდეს მყოლია. როგორც უნდა გაძვირდეს, ყველაფერს მოვიკლებ და მაინც ვიყიდი" - ამბობს ის.

დამეთანხმებით, რომ ამგვარი ადამიანები ჩვენ ირგვლივ ბლომად არიან. მათ არ აშინებთ სიგარეტის კოლოფზე გაკეთებული გამაფრთხილებელი წარწერები, არც ფილტვის კიბოსა და ინფარქტის შიში აქვთ. უბრალოდ, მიეჩვივნენ და ეწევიან. უპირველესად სწორედ მათ არ ესიამოვნებათ ცვლილება, რომელიც უკვე გახმაურდა: 2015 წლის წლის 1-ლი იანვრიდან თამბაქოზე აქციზის გადასახადი კიდევ ერთხელ ძვირდება. აქციზის გაძვირება კი, ყოველთვის იწვევს სიგარეტის გაძვირებას, რაზეც თამბაქოს იმპორტიორების ნაწილი უკვე საუბრობს.

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თამბაქოზე აქციზის ეტაპობრივი ზრდა დასავლეთის რეკომენდაციაა. პარლამენტის ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, დიმიტრი ხუნდაძემ, პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ ჩვენს ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შედეგად წელიწადში 11 000 ადამიანი იღუპება. აქედან 3 000 - პასიური მწეველია.

"თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელი, გიორგი ბახტურიძე იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სიგარეტი უნდა გაძვირდეს და ამით მწეველთა რიცხვიც შემცირდება.

- ბატონო გიორგი, თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები ხშირად ამტკიცებენ, რომ გაძვირებით მოწევას თავს არავინ ანებებს, რომ გაძვირების შემდეგ უფრო მეტი სიგარეტი იყიდება.

GzaPress- არ ვიცი, ისინი რა მონაცემებს ეყრდნობიან, მაგრამ გადახედეთ მსოფლიო ბანკის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს, სადაც აშკარად ჩანს, რომ ფასების ზრდა ყოველთვის იწვევს თამბაქოს მოხმარების შემცირებას. თუმცა, ამას რომ ვამბობ, ისეთ გაძვირებას არ ვგულისხმობ, რასაც საქართველოში აქვს ხოლმე ადგილი, რადგან 10-15 თეთრი ქრონიკული მწეველისათვის არაფერს ნიშნავს. აქვე შეგახსენებთ, რომ 2013 წლამდე აქციზის ფასი ერთხელაც არ გაზრდილა, მაგრამ იზრდებოდა სიგარეტის ფასი. ამაზე რატომ არავინ ლაპარაკობს? ამ დროს, საკმარისია, აქციზი 10 თეთრით გააძვირონ და მაშინვე აჟიოტაჟს ატეხენ და არმაგედონის მსგავს სურათებს ხატავენ. ესენი ძირითადად ის ბიზნესწრეები და პოლიტიკოსები არიან, რომელთა ყულაბაშიც შედიოდა და შედის თამბაქოს რეალიზაციით ნაშოვნი ფული. სწორედ ასეთი აჟიოტაჟი ატყდა გასულ წელს, როდესაც აქციზის გადასახადმა უმნიშვნელოდ, 15 თეთრით მოიმატა და სიგარეტი მეორე დღესვე 20 თეთრით გააძვირეს. ჩნდება კითხვა - რატომ? ხომ ჰქონდათ მარაგში იაფად შეძენილი თამბაქო? ხომ შეიძლებოდა, ასე უცებ არ გაეძვირებინათ? - საინტერესოა, ამ კითხვებზე რა პასუხი აქვს თამბაქოს ინდუსტრიას, რომელიც ადამიანთა ჯანმრთელობის ხარჯზე არსებობს! მარტო გადასახადი კი არა, უნდა არსებობდეს კომპენსაცია, რომელსაც თამბაქოს ინდუსტრია უნდა იხდიდეს ჩვენი მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის გამო. საქართველოში ყოველთვის არსებობდა გადასახადი მავნე პროდუქციაზე, მაგრამ 2010 წელს, წინა ხელისუფლებამ ეს კანონი გააუქმა, ახლა კი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი მოითხოვს საქართველოს მთავრობისაგან, რომ ამ ტიპის გადასახადი აღდგეს. შესაბამისად, თანხა, რაც ამ გადასახადის შედეგად მოიკრიბება, უნდა მოხმარდეს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაფინანსებას. ცნობილი ფაქტია, რომ თამბაქო ყველაზე მეტად მოზარდის ორგანიზმს აზიანებს. სიგარეტის გაძვირება მნიშვნელოვანია იმის გამოც, რომ ბავშვებმა და ახალგაზრდებმა ვეღარ შეძლონ სიგარეტის იოლად შეძენა.

- თუმცა, ბავშვები ხშირად ღერებს ყიდულობენ და არა - მთლიან კოლოფს.

- დიახ, ეს ძალიან რთული პრობლემაა. ჩვენ ხშირად მოვუწოდებთ შემოსავლების სამსახურს, რომ გაააქტიუროს მუშაობა და ყველა მოვაჭრე, რომელიც არასრულწლოვანს სიგარეტს მიჰყიდის, დაჯარიმდეს. პირველ შემთხვევაში უნდა მოხდეს მათი გაფრთხილება, ხოლო შემდეგ - დაჯარიმება. ბევრმა არ იცის, რომ 10 წელიწადზე მეტია, გვაქვს საჯარიმო სანქციები, მაგრამ ჯერ ერთი შემთხვევაც არ გვქონია, ვინმე დაჯარიმებულიყო იმის გამო, რომ თამბაქოს ღერებით ყიდის. ეს ძალიან ჰგავს ნარკოდილერობას, რადგან ნიკოტინს ჰეროინზე მეტი მიჯაჭვულობის უნარი აქვს. წარმოიდგინეთ თქვენი შვილი, რომელიც ჯერ 10-11 წლისაა და ინტერესის გამო ყიდულობს ერთ ღერ სიგარეტს 5, ან 10 თეთრად, მოწევას იწყებს გასინჯვით და მერე თანდათან დამოკიდებული ხდება ამ საწამლავზე - მგონი, ეს არც ისე სასიამოვნო სურათია... რა გამოდის? - რომ ეს მოვაჭრეები კაპიკების გამო ჩვენს შვილებს წამლავენ! ყველა, ვინც თავისი შვილის ან შვილიშვილის ტოლ მოზარდს თამბაქოს მიჰყიდის, არანაკლებ დამნაშავედ მიმაჩნია, ვიდრე ნარკორეალიზატორი. არასრულწლოვანს არ უნდა მიჰყიდონ თამბაქო - გინდ ღერებით და გინდ - კოლოფით. მოწევის განსაკუთრებული ბუმი შეიმჩნევა გოგონებში! ყოველივე ამას სერიოზული დაფიქრება და სახელმწიფოს მიერ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება.

დაახლოებით ათი წელია, არავინ იცის, როგორი ნედლეული შემოდის საქართველოში და რამდენად სუფთა თამბაქო მიეწოდება ჩვენს მოსახლეობას. სინამდვილეში ის, რასაც ჩვენ ვყიდულობთ, არ არის თამბაქო. ეს არის ქიმიური ნივთიერებების ერთობლიობა, რომელთა შორის ექვსი ნარკოტიკული ნივთიერებაა. ამ ნივთიერებების წყალობით, თამბაქოს ნაწარმზე მიჯაჭვულობა იზრდება. შესაბამისად, მომხმარებელი მოტყუებული რჩება, რადგან არ ფლობს ინფორმაციას იმ ქიმიური დანამატების შესახებ, რომელსაც წესით, უნდა ფლობდეს. კანონი ავალდებულებს მეწარმეებს და იმპორტიორებს, რომ ამ ქიმიური ნაერთების სახელები კოლოფზე ეწეროს, მაგრამ წლების განმავლობაში ვერ მივაღწიეთ, რომ თამბაქოს ინდუსტრიამ ეს ინფორმაცია გახსნას. დაახლოებით ოთხი წლის წინ, სასამართლოსაც მივმართეთ, რომელმაც ჩვენი თხოვნა არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, მივიღეთ ის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ არც კი იცის, თამბაქოს ნაცვლად რას ეწევა. რასაც ჩვენ თამბაქოს ვეძახით, არც ერთ შემთხვევაში არ არის თამბაქო. კიდევ ვიმეორებ - ეს არის ქაღალდში გახვეული ქიმიური ნაერთების ერთობლიობა, რომელიც ადამიანს წამლავს.

- ბატონო გიორგი, ზოგიერთი მკვლევარი ხომ მოითხოვს, სიგარეტი ნარკოტიკული ნივთიერებების სიაში უნდა შევიდესო?

- უფრო მეტსაც გეტყვით: ეს არის ლეგალური ნარკოტიკი, რომელიც მიჯაჭვულობის თვალსაზრისით უფრო ძლიერია. უბრალოდ, ნარკოტიკები მალე შლის და ანადგურებს ორგანიზმს, თამბაქო კი - ნელ-ნელა უსწრაფებს სიცოცხლეს. ის იწვევს სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს, ინსულტს, ინფარქტსა და სხვა დაავადებებს, რომლებიც ასე გაახალგაზრდავდა. ადამიანები მიეჯაჭვნენ ამ საშინელებას, რომელიც ჩვენს ოჯახებსაც აღარიბებს და სახელმწიფოსაც.

- თქვენი ოპონენტები შეგედავებიან, რომ თამბაქოს ინდუსტრიას ბიუჯეტში სოლიდური თანხა შეაქვს.

- თუ თამბაქოს ინდუსტრიას ბიუჯეტში შეაქვს ერთი ლარი, სახელმწიფო და ჩვენი ოჯახები სამჯერ მეტს ხარჯავენ მისგან გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ. მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ სიგარეტი შეიცავს 100-ზე მეტ მომწამვლელ ნივთიერებას, რომელთა შორის არის ამიაკი, დარიშხანი, კუპრი და ა.შ... ამას ემატება 50-მდე კარცენოგენური ნივთიერება, რომელიც კიბოს წარმოქმნას უწყობს ხელს. ამაზე მეტი რაღა უნდა გითხრათ?! უნდა აღვნიშნო, რომ მსოფლიო სტრატეგიაა 2040 წლისათვის ევროპაში თამბაქოს მოხმარების დონე 5 პროცენტამდე შემცირდეს. წარმოიდგინეთ, ახლა ჩვენი მოსახლეობის 36 პროცენტი მწეველია და ეს რიცხვი 5 პროცენტამდე უნდა დავიდეს. სახელმწიფომ ამისათვის ყველა რესურსი უნდა გამოიყენოს. დაგეგმილია ისიც, რომ თამბაქოს ნაწარმი არალეგალურად გამოცხადდეს. სწორედ ამიტომ, ცივილიზებულ ქვეყნებში გადასახადის რაოდენობა სიგარეტის ფასის 70-80 პროცენტს შეადგენს, ჩვენთან კი - 20-25%-ს, რაც საკმაოდ დაბალი ციფრია. თამბაქოს ინდუსტრია უნდა იყოს იმდენად შეზღუდული, რომ ამ ბიზნესმაც და მწეველებმაც ჯანსაღი გადაწყვეტილება მიიღონ: მწეველები თამბაქოს თავს დაანებებენ, ხოლო ეს ბიზნესი გადავა სხვა საქმეზე. მე ადრეც ვთქვი, რომ ძალიან ბევრმა დიდმა კომპანიამ, მათ შორის, "ფილიპ მორისმაც", შეიცვალა პროფილი და რადგან სერიოზული გადასახადებისა და კომპენსაციების გადახდა უწევდათ, კვების პროდუქტების წარმოება დაიწყო. ეს ბიზნესი იმდენად წამგებიანია მათთვის, რომ სხვა სახის ბიზნესზე გადადიან.

- თუმცა, ბევრი მწეველი წუხს იმის გამო, რომ თამბაქო ძვირდება.

GzaPress- ასეთებიც არიან, მაგრამ პირადად მე, ბევრისაგან გამიგონია, ნეტა იმდენი ღირდეს, რომ ვეღარ ვიყიდოო. ერთადერთი რაციონალური ნაბიჯი იმისაკენ, რომ ჩვენმა ხალხმა მოწევას თავი დაანებოს, არის დიდი გადასახადების დაწესება ამ პროდუქტზე. ხშირად ამბობენ - თამბაქო მამშვიდებსო, ეს ტყუილია. თვითონ იმშვიდებენ ამით საკუთარ თავს. ნიკოტინი კი ოფიციალურად იქნას აღიარებული ნერვული და ფსიქოლოგიური დაავადებების გამომწვევ მიზეზად. როცა მძიმე დაავადების წინაშე აღმოჩნდებიან, მერე ნანობენ, მაგრამ უკვე გვიანია. სხვათა შორის, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის თამბაქოს ნაწარმზე ყველაზე დაბალი გადასახადია საქართველოში: თურქეთს ჩვენთან შედარებით სამჯერ მეტი აქვს, მერე მოდის რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი.

- დაბოლოს, არ შემიძლია არ გავიხსენო ამერიკელი ქვრივის - სინტია რობინსონის ამბავი, რომელსაც აშშ-ში სიდიდით მეორე თამბაქოს კომპანიამ მილიონობით დოლარი გადაუხადა, რადგან კომპანია სათანადოდ არ აფრთხილებდა თავის კლიენტებს თამბაქოს მავნებლობის შესახებ. სინტიას ქმარი ქრონიკული მწეველი იყო და 36 წლისა, ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.

- აშშ-სა და დასავლეთის ქვეყნებში თამბაქოს ინდუსტრია მკაცრი კონტროლის ობიექტია. მათ წინააღმდეგ აშშ-ში არაერთი სასამართლო პროცესი გაიმართა. ცნობილმა კომპანიებმა აღიარეს, რომ ზიანი მიაყენეს მოსახლეობის ჯანმრთელობას და სოლიდური კომპენსაციებიც გადაიხადეს. ჩვენ კი, იმასაც ვერ მივაღწიეთ, რომ სიგარეტში მავნე ნივთიერებების შემცველობა გაგვეზომა და ამ ინდუსტრიას მათი არსებობა ეღიარებინა. ნორმალურ ქვეყანაში იმის დამტკიცებაც შეიძლება, რომ დაავადება სწორედ თამბაქოს მოხმარების შედეგია და ამის გამო სასამართლო პროცესის მოგებაც. ვფიქრობ, რომ საქართველოში "მოღვაწე" თამბაქოს კომპანიებმაც სოლიდური კომპენსაცია უნდა გადაუხადონ ჩვენს მოსახლეობას მიყენებული ზიანის გამო.

ხათუნა ჩიგოგიძე