სოსო ცისკარიშვილი - ჩვენ მომსწრე ვართ ომის "ყველა ყველას წინააღმდეგ" - გზაპრესი

სოსო ცისკარიშვილი - ჩვენ მომსწრე ვართ ომის "ყველა ყველას წინააღმდეგ"

ჩვენ მომსწრე ვართ ომის "ყველა ყველას წინააღმდეგ", - ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" საუბრისას, თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელისა და ირაკლი ალასანიას მხრიდან ერთმანეთის საწინააღმდეგო განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

პოლიტოლოგის თქმით, გაუგებარია "რესპუბლიკელი" მინისტრის განცხადებები "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის მიმართ. მისივე მოსაზრებით, თუ პროცესები ამ გზით განვითარდება, პოლიტიკური სპექტრი, რომლიც ერთ დროს "ქართულ ოცნებაში" იყო გაერთიანებული, სერიოზულად დაკნინდება.

"საკვირველია ის განცხადებები, რომელსაც ამ ორი პოლიტიკოსის მხრიდან ვისმენთ. ფაქტია, რომ ჩვენ მომსწრე ვართ ომის, "ყველა ყველას წინააღმდეგ". გაუგებარია "რესპუბლიკური პარტიის" გაავება სხვა მიმარულებით. გასაგებია, რომ მათ უამრავი მიზეზი აქვთ გასაღიზიანებლად, როდესაც ისმენენ ბატონი მეჭიაურის განცხადებებს, მაგრამ სირცხვილია, ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, როდესაც ერთიანობას წარმოადგენდით სულ ცოტა ხნის წინ და დღეს მიხვედით იმ წერტილამდე, რომ საჯარო გახადეთ თქვენი ერთმანეთით უკმაყოფილება. ეს ყველაფერი კიდევ უფრო აკნინებს პოლიტიკური სივრცის მიმართ პატივისცემას, ეს არის "ქართული ოცნების" ყოფილი წევრების ნაკლები ნდობის გამოხატვის წინაპირობა", - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობის დროს.

თავდაცვის მოქმედი მინისტრი მისი წინამორბედის, ირაკლი ალასანიას მიერ "PalitraNews’’-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ალასანია ამბობს: "ხიდაშელის უწყებას ის პოლიტიკური ჩარჩოები დაუწესეს, რასაც მე ვერ მიწესებდნენ საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით". აღნიშნულმა განცხადებამ კი მოქმედი მინისტრის გაღიზიანება გამოიწვია. "სირცხვილია, რომ ბატონი ირაკლი ჩაერთო იმ რუსულ პროპაგანდაში, რომელსაც პირდაპირ ცეცხლი აქვს ჩემს წინააღმდეგ გახსნილი და დღეს იგი ხელისმომკიდის პრინციპით ამ მარათონში მონაწილეობს", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.