ქუმსიშვილი "ობამას ფორმატში" ხალხის პირისპირ - "ქართულ რეალობაში ასეთი გადაცემა არ გაკეთებულა" - გზაპრესი

ქუმსიშვილი "ობამას ფორმატში" ხალხის პირისპირ - "ქართულ რეალობაში ასეთი გადაცემა არ გაკეთებულა"

2012 წელს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა პირველი პოლიტიკოსი გახდა, რომელმაც ამერიკელ ამომრჩევლებს პირდაპირი კომუნიკაციით, 45-წუთიანი დიალოგით Google Hangout-ის საშუალებით უმასპინძლა. ასე შეიქმნა პირველი პრეცენდენტი, როდესაც ხელისუფლების ლიდერი სატელევიზიო ფორმატში არა ჟურნალისტების, არამედ ხალხის შეკითხვებს პასუხობდა. ახლა კი, ქართველი პოლიტიკოსების დრო დადგა. დროა, ისინი წარსდგნენ ხალხის წინაშე.

"ჩემი კითხვა" - ასე ჰქვია ტელეკომპანია PALITRANEWS-ის ახალ სატელევიზიო პროექტს, რომელშიც ჟურნალისტების ადგილს მოქალაქეები იკავებენ, და სწორედ ისინი სვამენ კითხვებს, რომელიც რეალურად, ჩვენს ხალხს აწუხებს.

ყოველთვის, როდესაც ამა თუ იმ თოქ-შოუს ვუყურებთ, გვაქვს განცდა, რომ ტელეწამყვანის ნაცვლად ჩვენ რომ ვმჯდარიყავით რესპოდენტის პირისპირ, მეტ ოპონირებას გავუწევდით, დავსვამდით სხვა შეკითხვას, ვინაიდან ჩვენ, მოქალაქეებმა უკეთ ვიცით, რა გვაწუხებს. ამ ახალი სატელევიზიო პროექტის ამომავალი წერტილი სწორედ მოქალაქეა. ეს არის ერთადერთი ფორმატი, რომელშიც მაყურებელს სახლიდან გაუსვლელად შეუძლია გამოიყენოს ის უპირატესობა, რაც ტელეწამყვანებს აქვთ, - ანუ დაუსვას კითხვა ხელისუფლების, თუ ოპოზიციის ლიდერებს რეალურ დროში ინტერნეტის საშუალებით, ვიდეოთვალით სახლიდან, ან ოფისიდან გაუსვლელად.

20 მაისს ქვეყნის 10 მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, სახლიდან, ან ოფისიდან გაუსვლელად, PALITRANEWS-ის ღია ეთერში დიმიტრი ქუმსიშვილს დაუსვას კითხვა, მიიღოს პასუხი ეკონომიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერისგან და 45 წუთის განმავლობაში PALITRANEWS-ის ახალი სატელევიზიო სახალხო პროექტის თანაწამყვანი გახდეს.

გადაცემაში მონაწილეობა ძალიან მარტივია. ეწვიეთ PALITRANEWS-ის ფეისბუქ-გვერდს, დასვით შეკითხვა და გააკეთეთ ჰაშთეგი #ჩემიკითხვა. სასურველია, შეკითხვა ვიდეოფორმატში ატვირთოთ (ვიდეოშეკითხვის ჩასაწერად შეგიძლიათ გამოიყენოთ მობილური ტელეფონი). შეკითხვის დასმიდან მცირე ხანში თქვენ გადაცემის პროდიუსერი დაგიკავშირდებათ.