ფიქრობთ, მე ძალით გადავაყენე?! ... ივანიშვილმა დაადასტურა, რომ "ჰქონდა მონაწილეობა" ღარიბაშვილის ჩანაცვლებაში - გზაპრესი

ფიქრობთ, მე ძალით გადავაყენე?! ... ივანიშვილმა დაადასტურა, რომ "ჰქონდა მონაწილეობა" ღარიბაშვილის ჩანაცვლებაში

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ერთადერთი მინისტრი, ვისთანაც შეხება აქვს, ეკონომიკის მინისტრია. ამის შესახებ ივანიშვილმა რადიო "თავისუფლების" გადაცემა "ინტერVIEW"-ში განაცხადა.

"არცერთ მინისტრს, გარდა ეკონომიკის მინისტრისა, უფრო ხშირად მიწევს შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან ერთი მიზეზით მხოლოდ - ყველაზე მეტს ვცდილობ ეკონომიკას დავეხმარო და ეკონომიკა ვიცი. სხვა მინისტრებთან არანაირი შეხება არა მაქვს", - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

მან ასევე დაადასტურა, რომ "ჰქონდა მონაწილეობა" პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაცვლებაში, მაგრამ არა ისე, რომ "ვიღაცას ჯარით და პოლიციით აწვებოდა".

"შეიძლება მე ვაძლევდი რჩევას, რომელიც გაითვალისწინეს, მაგრამ შეეძლოთ, არ გაეთვალისწინებათ. ფიქრობთ, მე ძალით გადავაყენე ღარიბაშვილი?! მას ჰქონდა კონსულტაციები ჩემთან, რაც ნორმალურია. რა მექანიზმებით შეიძლებოდა, რომ მეიძულებინა იგი? ასე თუ წავიდა, იქნებ მეც ვინმემ მაიძულა? მეც ხომ წავედი, ვინ მაიძულა წასვლა? მან შეაფასა სიტუაცია, ადრეულ პერიოდებშიც ჰქონდა შეკითხვები ჩემთან - ხომ არ არის დრო, რომ მე წავიდეო. ეს საუბრები გვქონდა და ნორმალურია, ვინაიდან უფროს მეგობრად მთვლიდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.