თამაზ მეჭიაური პირად ცხოვრებაზე - გზაპრესი

თამაზ მეჭიაური პირად ცხოვრებაზე

ყოველგვარი შესავლის გარეშე, ინტერვიუ ყველაფერზე: თამაზ მეჭიაური - შვილი, მამა, ბაბუა, მეგობარი, პოლიტიკურად აქტიური და ჟურნალისტების ყურადღებით განებივრებული, ზოგისთვის - სიმპათია, ზოგისთვის - ანტიპათია, ზოგისთვის - ჟოფრეი, ანჟელიკას გარეშე თუ მისით... ადამიანი, საკუთარი შეხედულებებით, არაირიბი განცხადებებითა და ინდივიდუალური იმიჯით. პარლამენტარის "წინა ცხოვრება", ინტერესები და მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხზე.

ბავშვობა და ოჯახი

- თიანეთის რაიონის სოფელ ჟებოტაში დავიბადე და გავიზარდე, 7 კლასი იქ დავამთავრე და შემდეგ, თბილისში, კომაროვის სკოლაში გადავედი. სპორტიც მიზიდავდა, ფეხბურთს ვთამაშობდი ხოლმე, მდინარეზე დავდიოდი, ვცურავდი და ვერთობოდი ისე, როგორც იმ პერიოდში, იმ თაობის ახალგაზრდებს შეგვეძლო სოფელსა თუ ქალაქში და არაფერი დამიკლია. მამაჩემი დურგალი იყო, დედა - აღმზრდელი სკოლის "გახანგრძლივებულში". კარგად ვსწავლობდი, მაგრამ საკმაოდ ცელქი ბავშვიც ვიყავი. სხვათა შორის, ხატვაც მეხერხებოდა. მუსიკასა და ცეკვაზე არ მივლია და ამ მხრივ, არც ქეიფის დროს ვაქტიურობ.

ბავშვობის სასურველი პროფესია და "კომაროვი"

- პრიორიტეტული სწავლა-განათლება, წესიერება, პატიოსნება, უფროს-უმცროსის ცოდნა, ტრადიციების პატივისცემა იყო. თუმცა ბავშვები წესებს ზოგჯერ ვარღვევდით კიდეც და მშობლების რჩევებსა და დარიგებებს არ ვასრულებდით. სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა პროფესიის არჩევა მსურდა, ინჟინრობაც მინდოდა და კოსმონავტობაც. სხვათა შორის, პოლიტიკაც მიზიდავდა. ყოყლოჩინა ბიჭი არ ვიყავი, მაგრამ ჩხუბი ზოგჯერ მეც მიწევდა და ღირსების შელახვას არავის ვაპატიებდი. თუმცა, ჩხუბის ინიციატორი არასდროს ვყოფილვარ. სახეზე იარაც, როგორც არაერთხელ მომიყოლია, რესტორანში, სხვების გასაშველებლად რომ ჩავერთე, დაჭრის შედეგია... კომაროვში რომ გადმოვედი, იქვე ვცხოვროდით. ამ სკოლაში ურთიერთპატივისცემა იმის მიხედვით განისაზღვრებოდა, ვის უფრო მეტი გონებრივი რესურსი ჰქონდა. ვინც უფრო რთულ ამოცანებს ართმევდა თავს, მის მიმართ მეტი მოწიწება იყო. თანაკლასელები დღემდე ვმეგობრობთ და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

ოჯახი, შვილები, დრო

- 6 შვილი და 3 შვილიშვილი მყავს, ზოგი მუშაობს, ზოგი სწავლობს, უფროსი ვაჟია კახა, 38 წლისაა, ნაბოლარა - სოფო კი სკოლის მოსწავლეა. როგორც ყველას, მეც მყავს მეგობრები. მეგობრობაში იერარქიასა და თანამდებობებს მნიშვნელობა არა აქვს. ჭირია თუ ლხინი, ვიკრიბებით, დავილოცებით ხოლმე, დღესასწაულებს აღვნიშნავთ. განსაკუთრებით - ლაშარობას. მასპინძელი ვარ ხოლმე.

- რა არის თქვენი ჰობი? წიგნების კითხვა თუ გიყვართ?

- სიმართლე გითხრათ, ბოლო პერიოდში ცოტას ვკითხულობ, ინფორმაციებს სოციალური ქსელებიდან ვიღებ. ისე, ლევან ბერძენიშვილმა ერთი რამ სწორი თქვა ჩემზე - უწიგნურიაო, ბოლო პერიოდში მართლაც ასეა (იცინის). ადრე, სკოლასა და ინსტიტუტში ძალიან ბევრს ვკითხულობდი, არაფერი დამრჩენია წასაკითხი, მაგრამ ახალ ლიტერატურას არ გავცნობივარ. ასე რომ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ლევან ბერძენიშვილს ვეთანხმები (იცინის). თვითონ დიდხანს იყო ბიბლიოთეკაში ჩაკეტილი, დირექტორობისას და ეტყობა, ბევრი წიგნის წაკითხვა მოასწრო, თუმცა, რა დასკვნები გამოიტანა, არ ვიცი.

"ქართული ოცნება" - "რესპუბლიკური პარტიის" ხელით დანგრეული?

- პირველი დღეებიდან ამ ორგანიზაციის სათავეებთან ვიდექი და ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლდით. არ შეიძლება, გულდაწყვეტილი არ ვიყო. იმ რეჟიმის პირობებში ერთად გავიარეთ ის სირთულეები, რომელიც ფაქტობრივად, ყოფნა-არყოფნამდე დადიოდა და რომ არა ის შედეგი, რაც მაშინდელ არჩევნებზე მივიღეთ, როგორ დამთავრდებოდა თითოეული ჩვენგანის ცხოვრება, ძნელი წარმოსადგენი არ არის. დღემდე ერთად მოვედით და არც მე ვარ უმადური ადამიანი. ხშირად ვიღაცის მეშვეობით მდგომარეობასა და ადგილს გაინაღდებენ და მერე, მასვე ლანძღავენ. პარლამენტარი ადრეც ვიყავი რამდენჯერმე და მაშინ პირიქით, ბიძინა ივანიშვილი "ნაციონალურ მოძრაობასა" და "მოქალაქეთა კავშირს" უფრო ეხმარებოდა, როცა მე მათთან ბრძოლა მიწევდა. ადამიანს უნდა დაუფასო იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გზები გაიყრება. ბუნებრივია, გული უნდა დამწყვეტოდა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფრის, თუნდაც მანდატის ფასად, პრინციპებსა და ყველაფერზე თვალი დავხუჭო. ორი თვე დავლოდებოდი, ახალ სიაში ვიქნებოდი თუ არა, სწორად არ მიმაჩნია. როცა თავდაცვის მინისტრმა ამერიკული ტანკები შემოიყვანა, მაშინ გავაპროტესტე და ვთქვი, რომ ამან შეიძლება პროვოცირება გამოიწვიოს-მეთქი, მუქარის შემცველი განცხადებებიც მოვისმინეთ რუსებისგან. სარგებელი შეიძლება იყოს მინიმალური ან საერთოდ არ იყოს, საფრთხე კი მნიშვნელოვნად იზრდება იმ ფონზე, როცა ჩვენ გარშემო ყველა ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა. შეიძლებოდა დაპირისპირების ეპიცენტრს იმ მეზობელი ქვეყნებიდან ჩვენთან გადმოენაცვლებინა. ეს კი სადამდე მიგვიყვანდა, ძნელი წარმოსადგენი არ არის. ეს ვთქვი და რამე არასწორია? თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ეს ტექნიკა ასე ბრმად უნდა შემოვიყვანოთ, არ ვიცი. ამ ამბავში პრემიერმა ფაქტობრივად, მისი მხარე დაიჭირა... აქედან გამომდინარე, ყველანაირი ზნეობრივი ეტიკეტის დაცვით, პარტიიდან გამოსვლა გადავწყვიტე, თანაც ისე, რომ იმ ვალდებულებებისთვის, რომლებიც ერთად ავიღეთ, არ მეღალატა და მუშაობა გამეგრძელებინა. წინა და ახალ პრემიერებს შევთავაზე კიდეც, პრობლემა არ მაქვს, თანამდებობასაც დავტოვებ-მეთქი, მაგრამ თვითონ გადაწყვიტეს, რომ ჯობდა, დარჩენილი პერიოდი ამ პოსტზე ვყოფილიყავი. თუ შეუთავსებლობა იქნება, არ მაქვს ამის პრობლემა. არ მინდა, ამან საბოტაჟის ფორმა მიიღოს და ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღებაში ხელი შეეშალოს.

- საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ევროპისკენ მიმავალი საქართველოსთვის, ცოტა მიუღებელი აღმოჩნდა თქვენი ზოგიერთი განცხადება და მოსაზრება.

- მე ევროპას ხაზს არ ვუსვამ. უბრალოდ, რაღაცებს არ ვაიგივებ, ევროკავშირი სხვაა, ნატო - სხვა. აშშ-ც ემატება. ცოტა გადაჭარბებულად ჟღერს, როცა ვამბობთ, ჩვენი წინაპრების არჩევანი ევროპა იყოო, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრ შემთხვევაში ბიზანტიას არ გასცილებიან და ისიც გვახსოვს, თავის დროზე, რითი ჩამოგვივიდა საფრანგეთიდან სულხან-საბა. თუმცა, ევროპასთან ბევრი რამ გვაკავშირებს. ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ დიდი ნაწილი იქ პეტერბურგის გავლით მიდიოდა. ასე რომ, რეალურად, შეიძლება ითქვას, სწორი მიმართულებით მივდივართ, მათი მხრიდანაც არის ადეკვატური ნაბიჯები, ცოტა შენელებული, მაგრამ - მაინც. მხედველობაში მაქვს ასოცირების ხელშეკრულება. რიგი საკითხები, როგორც ვატყობ, მაინც ჩვენს სასარგებლოდ წყდება. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ევროკავშირში შესვლის პროცესი წარმატებით დასრულდება, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებულია მიდგომა ნატოსთან მიმართებაში. ჩვენი ჯარისკაცები მოხალისეებად სად აღარ იყვნენ, ნატოს სხვადასხვა მისიაში იღუპებოდნენ. მათ ჩვენივე დაფინანსებით ვუშვებთ და ვინახავთ იქ, ყველაფერი ჩვენი ბიუჯეტით ხდება, ამასაც კი არ იხდიან და ამ ფონზე, ჩვენი ომის დროს, ისინი აღშფოთება-შეშფოთებებით შემოიფარგლნენ, წყალი და პამპერსები გამოგვიგზავნეს. მერე ზოგი იტყვის, ფულითაც დაგვეხმარნენო, მაგრამ ის ფული ნახევარზე მეტი იმ ხელისუფლებამ გაიტანა უკან და მულტიმილიონერები სწორედ იმ ფულით არიან და დღესაც ამ ფულითა და ლობისტების დახმარებით ცდილობენ, ხელისუფლება დაიბრუნონ. ასე რომ, ჩვენ დასამადლებელი ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან, ნამდვილად არაფერი გვაქვს. ბოლოს აღმოჩნდა, რომ არც მაპ-ი გვაქვს და არც არაფერი. უბრალოდ, "ვაბოლებთ" ჩვენს მოსახლეობას. ბატონმა ობამამ, ქალბატონმა მერკელმა და სხვებმა განაცხადეს, ნატოში შესვლა საქართველოსთვის არ განიხილებაო. ცხვირწინ წვრთნებს გვიტარებენ და იწვევენ რუსეთს, რომელსაც არ სჭირდება ვინმეს წაქეზება. თუ ეს წვრთნები მართლაც რაღაც შედეგისთვის იყო გამიზნული, ამ ტანკებისა და ასეულობით ჯარისკაცის ჩვენს ტერიტორიაზე შემოყვანას, ჯობდა ჩვენი ჯარისკაცები წაგვეყვანა იქ, სადაც ეს ტანკებია და იქ მოგვემზადებინა. ნაკლები ხმაური მოჰყვებოდა და შედეგი მეტი იქნებოდა, არც მტერ ქვეყანას მიეცემოდა საბაბი, დამატებით გაეძლიერებინა თავისი ყოფნა ჩვენს ტერიტორიაზე.

დიალოგი ბიძინა ივანიშვილთან - წარსული და რეალობა

- ბიძინა ივანიშვილს რამდენჯერმე შევხვდი და რა თქმა უნდა, ცდილობდა, რაღაცები დაესაბუთებინა, მაგრამ მე ვერ გავიგე... გარკვევა მინდოდა, ხომ შეიძლება, გარედან არ ჩანდეს, მაგრამ ისეთი არგუმენტი ჰქონოდათ, რომლის გამჟღავნებაც, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, უპრიანი არ იქნებოდა. ასეთი არგუმენტები ვერ მოვისმინე ვერც მასთან შეხვედრისას და ვერც სხვებთან. ამიტომ, ჩემს აზრზე დავრჩი, ისინი - თავიანთზე. არასდროს ეჭვი არ შემიტანია, რომ მათ ქვეყანა უყვართ, მით უფრო, ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ამდენი რამ აქვს საქართველოსთვის გაკეთებული. თუმცა, ისიც პირდაპირ ვუთხარი, კარგია, რომ ამდენ ეკლესიას აშენებ, მაგრამ არანაკლებ მასშტაბური ნაგებობები გადაქცეულა სხვა ფუნქციის მატარებლებად მაშინ, როდესაც ფასეულობების დამცველი აღარავინ ყოფილა-მეთქი. მისი მისია არის ის, რომ არა მხოლოდ აშენოს, ეს ყველაფერი დაიცვას კიდეც და ქვეყნის განვითარების ისეთი მოდელი უზრუნველყოს, რომელიც ამ დანიშნულებით მოახდენს რეალიზებას.

- როგორც ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელი, მასთან დაკავშირებით რას გაიხსენებთ სტუდენტობის პერიოდიდან?

- როგორც იცით, იმ პერიოდში მას მატერიალური პრობლემები ჰქონდა, სწავლის პარალელურად მუშაობდა. 1977 წელს გადავიკვეთეთ, მესამე კურსზე საღამოდან დღის დასწრებულზე გადმოვიდა. დღისით ქარხანაში მუშაობდა, თან წარჩინებით სწავლობდა, რაც მისი "დღეზე" გადმოყვანის საფუძველი გახდა, თუმცა, შრომითი საქმიანობა არ შეუწყვეტია და ღამე მუშაობდა თურმე. აქედან გამომდინარე, გართობის საშუალება არ ჰქონდა და ამ პირობებში წარჩინებით დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი, ამიტომ მისი შრომა ნამდვილად უფრო მეტადაა დასაფასებელი. მეც წარჩინებით დავამთავრე, თუმცა მამაჩემი მაინც მეხმარებოდა და მატერიალური პრობლემა არ მქონდა, ბიძინა კი მატერიალურად თვითონ უზრუნველყოფდა საკუთარ თავს და ამის გამო მას განსაკუთრებულ პატივს ვცემ. სიმართლე უნდა ითქვას.

საკუთარი პოლიტიკური გეზი და გუნდი

- რაც შეეხება ჩემს პარტიას, მოგეხსენებათ, კონსულტაციები გვაქვს და ვისთან რას გადავწყვეტთ, ამას ეტაპობრივად ვნახავთ. შეიძლება დამოუკიდებლად ვიყაროთ კენჭი და შემდეგ უკვე პარლამენტში შევქმნათ ვინმესთან ბლოკი ან შეიძლება არჩევნებზე გამოვიდეთ ვინმესთან ერთად.

- ქართულ პოლიტიკაში უმეტეს შემთხვევაში გარემოცვის პრობლემაა. შესაძლოა, ხალხს ლიდერი ძალიან მოსწონდეს, მაგრამ მან ისეთი ადამიანები შემოიკრიბოს, რომლებსაც შემდეგ მათი საქმიანობა არასწორი გზით მიჰყავთ და ლიდერის იმიჯსაც აზიანებენ. თქვენ როგორ ხალხს შემოიკრებთ?

- ვცდილობ, ისეთი ხალხი შემოვიკრიბო, რომელთაც სუფთა წარსული აქვთ, პატრიოტები, ეროვნულები, პროფესიონალები. ეს ქვეყანა რომ გადარჩეს, ხელისუფლებაში ისეთი პოლიტიკური ძალა უნდა მოვიდეს, რომელიც თავისი ამომრჩევლის ნება-სურვილის აღმასრულებელი იქნება, მისი დარდი ყველასთან უნდა მიიტანოს და დაიცვას. საერთაშორისო ორგანიზაციები თუ ქვეყნები ცდილობენ, ჩვენს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა მოახდინონ, თავიანთთვის სასურველი ძალები პარლამენტში მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე შემოიყვანონ და შემდეგ, ეს ძალები მათი ნების აღმასრულებლები არიან, თავზე მომხვევები და არა - პირიქით. რამდენი ხანია არავინ ეკითხება ხალხს, ნატო მართლა უნდა თუ - არა.

- როგორ ფიქრობთ, ბოლო პერიოდში თქვენი სახელისა და გვარის ასეთი წამოწევა და პოპულარობა რამ განაპირობა? თამამმა განცხადებებმა?

- ვერ გეტყვით, მე ჩავთვალე, რომ საჭირო იყო ტაბუდადებულ თემებზე ხმის ამოღება და ხდება ხოლმე, როცა ადამიანები თავიანთი იმიჯისთვის სარისკო გადაწყვეტილებაზე მიდიან იმის გამო, რომ სხვები გამოაფხიზლონ. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ამ ფუნქციას ვასრულებ. არც მეგონა, თუ ხალხში ამდენად იყო მოთხოვნილება მათ დამოუკიდებლობაზე. ამოუვიდათ ყელში სიყალბეში ცხოვრება და ცრუ დაპირებების მოსმენა, განსაკუთრებით, როცა საქმე საგარეო ვექტორს ეხება. არ ვამბობ, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის, მაგრამ მასთან დიალოგის გარეშე ამ კვანძის გახსნა შეუძლებელია. ყველა ქვეყანასთან უნდა ვითანამშრომლოთ, მაგრამ დიალოგი უპირველესად იმასთან უნდა გვქონდეს, ვინც ამ პრობლემების გასაღებია. გასაღები კი რუსეთის, ამერიკისა და ევროპის ხელშია, ამიტომაც უნდა იყოს ყველას ჩართულობა და არა - საჩივლელად სიარული და გოდება ბრიუსელში ან სხვაგან. ისინი რუსეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს არ დაიწყებენ და რომც დაიწყონ, ჩვენთვის რა შედეგის მომტანი იქნება, კაცმა არ იცის.

თამთა დადეშელი