"დიპლომატებისთვის ნორმალურია, "ნახვამდის" უთხრა ადამიანებს, რომლებიც გიყვარს"
font-large font-small
 "დიპლომატებისთვის ნორმალურია, "ნახვამდის" უთხრა ადამიანებს, რომლებიც გიყვარს"
როგორ აფასებს ისრაელის ელჩი საქართველოში გატარებულ 4 წელიწადს

ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი, მეოთხე წელია, დიპლომატიური მისიით იმყოფება. უმაღლესი განათლება ისრაელსა და გერმანიაში აქვს მიღებული - ისტორიისა და ფილოსოფიის განხრით. პოლიტიკით გასული საუკუნის 90-იან წლებში დაინტერესდა. იმ პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოცხადებულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა. აუცილებელი საფეხურების გავლის შემდეგ, ამავე სამინისტროს თანამშრომელი გახდა და მას შემდეგ უკვე 22 წელია, რაც ამ სისტემაში საქმიანობს.


- ბატონო იუვალ, იქნებ მოკლედ შეაჯამოთ საქართველოში თქვენი ყოფნის ოთხწლიანი საქმიანობა...
- ძალიან დიდი დრო დამჭირდება, რომ შევაჯამო ეს პერიოდი, მაგრამ თუ რამდენიმე წინადადებით შემოვიფარგლებით, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი აქ ყოფნა ძალიან ნაყოფიერი იყო. იყო გამოწვევები, მაგრამ არა უარყოფითი, არამედ დადებითი. საქართველოში არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე ჩამოვედი და გამგზავრებაც მორიგი არჩევნების წინა პერიოდში მომიწევს. შევესწარი თქვენი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კუთხით განვითარებას. აქტიურად ვმუშაობდი ჩემს კოლეგებთან, რომ ისრაელისა და საქართველოს ურთიერთობა ახალ საფეხურზე აგვეყვანა, თუმცა რასაკვირველია, ბევრი რამაა მომავალში გასაკეთებელი. ერთი სიტყვით, ძალიან კმაყოფილი ვარ საქართველოში გატარებული პერიოდით. აქვე მინდა აღვნიშნო, გული მწყდება, რომ მომიწევს მეგობრების და იმ ქვეყნის დატოვება, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ძალიან შემიყვარდა.
- უკვე იცით თუ არა, სექტემბერში თქვენი დიპლომატიური მისიის დასრულების შემდეგ, როგორ და სად გაგრძელდება თქვენი კარიერა?
- ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობ. იმედია, უახლოეს მომავალში შემდეგ დანიშვნას მივიღებ და საქმიანობას გავაგრძელებ.
- საქართველოში ძირითადად ორი წამყვანი პოლიტიკური პარტიაა ლიდერი - "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა". როგორ ფიქრობთ, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმები როგორ გადანაწილდება?
- წარმოდგენა არ მაქვს. მაგრამ თქვენი ჩამოთვლილი პარტიების გარდა, ხომ არის კიდევ სხვა პარტიები: "თავისუფალი დემოკრატები", რესპუბლიკური პარტია, ახალი პოლიტიკური ცენტრი - "გირჩი" და სხვა და აქედან გამომდინარე, გამიჭირდება რაიმე პროგნოზის გაკეთება. მით უმეტეს, არჩევნებამდე დიდი დროა დარჩენილი. მოგეხსენებათ, რა მოხდა წინა არჩევნების დროს, ყველა პროგნოზი მცდარი აღმოჩნდა. ამ შემთხვევაშიც რთულია, რამე წინასწარ განსაზღვრო. ასეა თუ ისე, არა აქვს მნიშვნელობა, როგორ დასრულდება არჩევნები, და პარტიების პროცენტები როგორ გადანაწილდება. მთავარია, რომ ეს არჩევნები როგორც წინა (ისევე როგორც ნებისმიერი არჩევნები), იქნება საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნისთვის გამოცდა. დარწმუნებული ვარ, არჩევნები იქნება თავისუფალი და გამჭვირვალე.
- ბოლო წლებში საქართველოში მომხდარი პროცესებიდან, ყველაზე პროგრესულ ნაბიჯებად რას მიიჩნევთ?
- პირველ რიგში მინდა აღვნიშნო უვიზო რეჟიმი, რომელიც მოცემულ მომენტში არსებობს საქართველოსა და ისრაელს შორის, რომლის შესახებ შეთანხმებას ხელი 2013 წლის ბოლოს მოეწერა და ძალაში 2014 წლის მარტში შევიდა. ეს გაცილებით ადრე მოხდა, ვიდრე ვვარაუდობდი, რადგან აღნიშნული შეთანხმება ხანგრძლივი პროცედურების შემდეგ მიიღწევა. უვიზო რეჟიმი იყო კარგი სვლა და ისრაელის მხრიდან პოლიტიკური ნება - ამ ფაქტმა ახალ ეტაპზე გადაიყვანა ისრელისა და საქართველოს ურთიერთობები. გაიზარდა ქართველი ტურისტების რიცხვი ისრაელში და - პირიქით. ამ ორ ქვეყანას შორის არსებული უვიზო რეჟიმი საქართველოსა და ისრაელს შორის ნდობის დასტურია. გარდა ამისა, ბევრი სხვა დადებითი მოვლენები და სიახლე გვქონდა. ჩვენ შევქმენით ურთიერთობების ახალი ფორმატები, მაგალითად, ერთობლივი ეკონომიკური კომისია, ასევე მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს კონსულტაციები ისრაელისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის, არის კონტაქტები ორი ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის და ა.შ. მოკლედ, რომ შევაჯამოთ, ახალი ფორმატები შეიქმნა ყველა სფეროში - იქნება ეს პომიდვრის მოყვანა თუ ტერორიზმთან ბრძოლა. მოხარული ვარ, რომ ეს ფორმატები არ არის დამოკიდებული კონკრეტულ ადამიანებზე და მომავალში ვინც უნდა იყოს სათავეში, თანამშრომლობა გაგრძელდება. GzaPress
- ტურიზმს შეეხეთ, გიდად მუშაობის მცირე გამოცდილება გაქვთ, საქართველოს ყველა მხარეში არაერთხელ ხართ ნამყოფი და ისრაელიდან ჩამოსულ ტურისტებს რომელი კუთხეების მონახულებას ურჩევდით?
- დიახ, მცირე ხანს გიდად ვმუშაობდი, მაგრამ ვფიქრობ, ისრაელელ ტურისტებს შორის საქართველოს მაინცდამაინც გაპიარება და რეკომენდაციები არ სჭირდება. რამდენიმე დღის წინ ახალციხეში ვიყავი, არაჩვეულებრივ სასტუმროში გავჩერდით. ახალციხეში ერთ-ერთი უძველესი სინაგოგის დაარსებიდან 275 წლისთავი აღინიშნა. ეს იყო გამგზავრების მთავარი მიზეზი, მაგრამ გარდა ამისა სხვა შეხვედრებიც გვქონდა, მათ შორის მიტროპოლიტ თეოდორესთან. მოვინახულეთ ვარძია, შევიარეთ ბორჯომში. საქართველოში, სადაც უნდა წახვიდე, ისრაელელი ტურისტების ჯგუფებს ხშირად შეხვდები. ისრაელიდან საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 70 ათასი ტურისტი ჩამოდის. მათ უყვართ თქვენი ქვეყანა, კულტურა, კერძები. თან ყველა თაობის ხალხი გსტუმრობთ, ახალგაზრდები მთებში მიდიან, ხანში შესულები უფრო მშვიდ და, ასე ვთქვათ, კულტურულ კერებს ანიჭებენ უპირატესობას. აღსანიშნავია ისიც, რომ ისრაელში სულ უფრო ხშირად იხსნება ქართული რესტორნები, განსაკუთრებით ბევრია თელ-ავივში. ასე თუ გაგრძელდა, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ისრაელში არ იარსებებს ოჯახი, რომლის თუნდაც ერთი წევრი საქართველოში არ იქნება ნამყოფი. სადაც ხმა მიმიწვდება, სიამოვნებით გავაპიარებ თქვენს ქვეყანას, მაგრამ ამისთვის დიდი ძალისხმევა არ არის საჭირო, რადგან თქვენი ქვეყანა, კულტურა და ხალხი საკმარისია, რომ საქართველო მიმზიდველი იყოს ნებისმიერი ტურისტისთვის.
- სად გაატარეთ ბავშვობის წლები და ოჯახზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა?
- 1961 წელს, ხაიფაში დავიბადე. ეს არის ისრაელში სიდიდით მესამე ქალაქი. არ არის მეგაპოლისი, მაგრამ ულამაზესია: მთა კარმელი, ზღვა, ტყეები და არაჩვეულებრივი გარემო. მამა დღემდე იქ ცხოვრობს და მასთან ჩავდივარ ხოლმე მოსანახულებლად. ჩემი მშობლებიც ამავე ქალაქში არიან დაბადებულნი, რაც ისრაელში არცთუ ისე ხშირია, რადგან ჩემი დედ-მამის თაობა უმთავრესად ისრაელში მოგვიანებით არის დამკვიდრებული. არა მხოლოდ მათი, არამედ დედას წინაპრები, კერძოდ ექვსი თაობა, ქალაქ ცვათში ცხოვრობდნენ. უბანი, სადაც გავიზარდე, უმთავრესად საშუალო კლასის სამეზობლოსგან შედგებოდა. ხაიფა მრავალეროვანი ქალაქია, სადაც უმთავრესად სამი რელიგიის წარმომადგენლები ცხოვრობენ. იქვე დავამთავრე სკოლა. სამხედრო სამსახურის შემდეგ, ერთი წელი კიბუცში ვცხოვრობდი, რის შემდეგაც იერუსალიმში უნივერსიტეტში ფილოსოფიას ვსწავლობდი და მოგვიანებით გერმანიაში გავემგზავრე სასწავლებლად. 1994 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობ. სამსახურიდან გამომდინარე, 3 წელი ჩეხეთში ვცხოვრობდი, 3 გერმანიაში და 4 რუსეთში გავატარე. ბოლო ოთხი წელი კი საქართველოში ვარ. მყავს მეუღლე - სანდა და სამი შვილი. მალე ისინი 18-ის, 15-ის და 12-ის გახდებიან. პირველი პრაღაში დაიბადა, მეორე - გერმანიაში, მესამე - იერუსალიმში. ახლა ჩემი ოჯახი საქართველოშია. ჩვენ "ქართველი" კატა და ძაღლი გვყავს, რომელსაც რასაკვირველია, ისრაელში წავიყვანთ (იღიმის).
- დაბოლოს, სად აპირებთ ზაფხულის გატარებას და რა შედის თქვენს უახლოეს გეგმებში?
- ჯერჯერობით საქართველოში მუშაობა მიწევს, რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ჩასატარებელი. რამდენიმე კონფერენციაა ბათუმსა და თბილისში, ასევე უნდა დავესწრო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, მიმდინარეობს პროექტი კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში, რაც თვალყურის დევნებას საჭიროებს, ასევე დასასრულებელია ორი კულტურული ღონისძიება. გარდა ამისა, ელჩის რანგში ბოლო ხანს აქტიურად ვიყენებ დროს, რომ კიდევ ერთხელ სიამოვნებით ვნახო ის ადამიანები, მოვინახულო ადგილები, რომელიც საქართველოში ყოფნის პერიოდში გავიცანი. ისრაელში შუა ზაფხულში დავბრუნდებით და იმ დროს მთლიანად დავუთმობთ ბავშვებსა და ოჯახს. კიდევ ერთხელ უნდა დავფუძნდეთ იმ ადგილას, საიდანაც წარმოშობით ვართ და უნდა დავუბრუნდეთ ძველ ახალ ცხოვრებას, ძველ ახალ მეგობრებს. შეიძლება, ეს არ ჟღერდეს როგორც დიადი გეგმები, რადგან ჰავაისა და ავსტრალიაში არ ვაპირებთ ზაფხულის გატარებას, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია ემოციურ დონეზე. ყოველთვის სენსიტიურია და იოლი არ არის დატოვო ის ადგილი, სადაც შენი ცხოვრების გარკვეული პერიოდი გაატარე. ყოველ დილით, როცა ძაღლს ვასეირნებ, ვაანალიზებ, რომ ხვალ-ზეგ ასე აღარ იქნება. რასაკვირველია, ისრაელიდან საქართველომდე შორი გზა არ არის, თვითმფრინავით 2 საათ-ნახევარი გიწევს ფრენა და რა თქმა უნდა, ჩამოვალთ ხოლმე, მაგრამ ბუნებრივია, ეს იგივე არ იქნება, რაც ახლაა. დიპლომატებისთვის ნორმალურია, "ნახვამდის" უთხრა ადამიანებს, რომლებიც გიყვარს. ეს ადრეც გამიკეთებია და ახლაც იგივე მომიწევს, მაგრამ საქართველოს დავტოვებ იმ განცდით, რომ ამ ქვეყანაში ყოფნა შესანიშნავი გამოცდილება იყო პირადად ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ნებისმიერ დიპლომატსა და მეგობარს ვუსურვებდი, საქართველოში მსგავსი ყოველდღიურობა და პროფესიული გამოცდა მიეღოთ.

ანა კალანდაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1005 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი