ვის მიიჩნევენ მტრად ნაციონალური მოძრაობის წევრები? - გზაპრესი

ვის მიიჩნევენ მტრად ნაციონალური მოძრაობის წევრები?

”ფეისბუკში” გავრცელებული ფოტო წარწერით - ”გაიგე, მტერო? მე ”ნაციონალი”ვარ”- სალი მახარაშვილს ეკუთვნის, რომელიც ამ პარტიისა და მისი ლიდერების აქტიური მხარდამჭერია და ამას ყოველთვის ღიად აფიქსირებს. იმის გასარკვევად, თუ ვის მოიაზრებდა თავის მტრად, სალომეს ტელეფონით დავუკავშირდი.

- სალომე, ვის მიმართ გამოხატავთ ამგვარ პროტესტს?

- მტრად არავინ მიმაჩნია, უბრალოდ, საქართველოს წინსვლისთვის ვიბრძვი, რადგან ვთვლი, რომ ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამ გააკეთა და ეს ხალხმა არ უნდა დაუკარგოს. ეს არის ჩემი პროტესტი, მეტი არაფერი. ყველამ გაიგოს, რომ მე ”ნაციონალი”ვარ, ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებს არც ვმალავ და არც არასდროს დამიმალავს, ბავშვობიდან მათი მხარდამჭერი ვარ, ჯერ ახალგაზრდულ ფრთაში ვიყავი, ახლა - არასამთავრობოებში.

- თავიდან როგორ აღმოჩნდით მათ რიგებში? რამ მოგხიბლათ მათი პარტიის იდეოლოგიაში?

- პარტიის დაარსებიდან მათი წევრი ვარ, მანდატიც მაქვს და ერთ-ერთი ძლიერი აქტივისტი ვარ, არც ვაპირებ, ვინმეს ან რამის გამო, უკან დახევას. ჩემი მისამართით პატარ-პატარა დაშინებები, დახვედრები იყო, მუქარები ”ფაცებოოკ~-ში, რომ სალი მახარაშვილო, მოგკლავ და ა.შ. რომც მოვკვდე, ვიცი, რომ საქართველოს გამო ვიბრძოდი და ვიბრძვი, ამ ქვეყნისთვის კი ჩემი სიკვდილი ნამდვილად მიღირს.

- ვისგან მოგდით ასეთი წერილები?

- ძირითადად, ”თავისუფალი თაობის”წარმომადგენლებისგან. სოციალურ ქსელში უმეტესობა დაბლოკილი მყავს, რადგან სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებენ და ასეთებს მეც სიტყვიერი შეურაცხყოფით ვპასუხობ, რადგან მე ვარ ადამიანი, რომელიც უკან არაფერზე დაიხევს იმისათვის, რომ ჩემი ქართველი ხალხი კარგად იყოს.

GzaPress

- და რომელთაც სავარაუდოდ, მტრებად მოიხსენიებთ... თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ვინც ”ნაციონალი”არ არის, ის მტერია?

- საქართველოში ქართველები ერთად უნდა ვიდგეთ, მტერი ის ადამიანია, რომელიც ემხრობა რუსეთს, მის პოლიტიკას, ვლადიმერ პუტინს, ჩადის და მას ხელს ართმევს, ის ჩემთვის ისეთივე მტერია, როგორიც ჩვეულებრივი რუსი ჯარისკაცი. მათ ააოხრეს საქართველო. მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს აჩვენა, რომ ქართველები მათზე დამოკიდებულები არ ვართ, ჩვენი ”მე”გაგვაჩნია და ჩვენი ინტერესებისთვის ვიბრძვით.

- აქვე კონტრარგუმენტად გეტყოდნენ, რომ სააკაშვილმა ჩააბარა საქართველოს ტერიტორიები და მისი ბიძა აგენტიაო. დღესდღეობით საქართველოში ”ნაციონალური მოძრაობის”მოწინააღმდეგე უფრო მეტია, ვიდრე - მომხრე.

- არა, დამიჯერეთ, რომ ბევრი მომხრე გვყავს და ამ ერთობით, მართლა გავიმარჯვებთ, მით უმეტეს, უახლოეს არჩევნებში. ახალმა მთავრობამ ხალხს თავისი ძალა ვერ დაანახვა, მხოლოდ დაჭერებზე, ცილისწამებებზე არიან გადასულები.

- მთავრობის შეცვლამდე, როდესაც ციხის კადრები გავრცელდა, თქვენზე არ იმოქმედა?

- რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანზე იმოქმედა და ისევე, როგორც ყველა ქართველი, შოკში ვიყავი, მაგრამ მერე, როდესაც დავლაგდი, 3-4 დღეში, მივხვდი, რომ ეს ყველაფერი სიყალბე იყო. ციხის კადრები დადგმული რომ იყო, ეს ექსპერტიზამაც დაამტკიცა! მე ვთვლი, რომ ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა სპეციალურად იმიტომ გააკეთეს, რომ ხალხის პოლიტიკური აზროვნება შეეცვალათ და მათკენ გადასულიყვნენ.

- თქვენ ნამდვილად გჯერათ, რომ ციხეებში ასეთი ამბები არ ხდებოდა? ამ კადრების გარდა, ხომ არსებობდა სხვა მტკიცებულებები და ინფორმაციები, ამაზე არაერთი გამოცემაც წერდა.

- მე მჯერა იმის, რომ 2012 წლამდე საქართველოში ყველა სტრუქტურა აწყობილი და გამართული იყო, ძალადობა ნებისმიერ ციხეში ხდება და პატიმარი ყველაზე დაბალ ფლანგზეა ჩამოყვანილი, მაგრამ არ მჯერა იმის, რაც გავრცელდა - ”დუბინკები~, ცოცხებით გაუპატიურება, ეს ხომ აბსურდია?! ბაჩო ახალაიასაც, დათა ახალაიასაც, ვანო მერაბიშვილს და მათ ოჯახებსაც, თუნდაც, ანი ნადარეიშვილს დიდი ხანია ვიცნობ და წარმოუდგენელია, ანის მეუღლე ისეთი დემონი იყოს, როგორადაც მას წარმოაჩენენ, დღევანდელ მთავრობაზე მაქვს საუბარი.

- ერთ-ერთ პლაკატზე გეწერათ, ბაჩო არის ჩვენი გმირი - საიდან გამომდინარე ამბობთ ამას? შეგიძლიათ დაგვისახელოთ რაიმე კონკრეტული მაგალითი, რის გამოც, თქვენ მას გმირად მიიჩნევთ და ის გმირია ქართველი ხალხის წინაშე?

- ბაჩო ახალაია არის რეფორმატორი. მან ისეთი სისტემა შექმნა, რომელიც ძალიან მყარი იყო. ბაჩანა ახალაიამ ყველაფერი კარგი გააკეთა თავისი ქართველი ხალხისთვის და ამის დაკარგვა არ შეიძლება. მკვლელობები, ყაჩაღობები არ ხდებოდა, ელემენტარულად, მანქანას ღიას ვტოვებდი და არ მეშინოდა.

- ქუჩებში ახალგაზრდა ბიჭების მკვლელობები არ ხდებოდა?

- მოდი, ასე გკითხავთ, მაშინ მე რატომ არ ვარ მკვდარი? რატომ არიან ჯანმრთელები ჩემი და სხვისი ოჯახის წევრები? ნუ დააშავებდი და არც არავინ მოგკლავდა.

- თუ დააშავეს, მათი სიცოცხლის ხელყოფის უფლება ჰქონდათ? ბევრი მაგალითი იყო ისეთი, როცა არაფერი დაუშავებიათ.

- თუ გულისხმობთ იმ კადრებს, ბიჭები მანქანაში ჩაცხრილესო - ბრალი რომ ჰქონდათ წაყენებული ახალაიებს, თათუხაშვილი ადამიანი არ იყო?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ”ქართული ოცნება”რომ ცდება, ეს ხომ ”ნაციონალური მოძრაობის”შეცდომებსა და დანაშაულებს არ აბათილებს?

- გასაგებია, მაგრამ გარდაცვლილი ადამიანებით მანიპულირება არ შეიძლება. პირადად თქვენ კი არ გეუბნებით, ზოგადად, ქართველებს მივმართავ, ასე მანიპულირება არ შეიძლება, რა იციან, რომ მოკლეს? უშუალოდ ბაჩო ახალაიამ ესროლა? არ უსვრია მათთვის. ისინი შეიარაღებულები იყვნენ, დააშავეს, თორემ ისე არავინ არავის ესვრის და არ კლავს, მე ასე ვიტყვი. ეს ჩემი აზრია, თავისუფალი ადამიანი ვარ და საკუთარი შეხედულება გამაჩნია.

- რა თქმა უნდა, ეს თქვენი ნებაა. რაც შეეხება პრემიერს, მას ჰაკიმას უწოდებთ...

- ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელიც ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის დახმარებით მოვიდა. ის ჩვეულებრივი ”პრარაბი”იყო, როდესაც ივანიშვილი თავის ”ბანკას”აშენებდა. გაუნათლებელი პიროვნებაა და ამაში საქართველოს 40% მაინც დამერწმუნება.

- გჯერათ, რომ ”ნაციონალური მოძრაობა”ხელისუფლებაში მობრუნდება?

- აუცილებლად და ჩვენ ამას ნამდვილად ვიზეიმებთ!

- და ქვეყანა აყვავდება?

- კი, იმ სამუშაოების აღდგენა ისევ მოხდება, რაც დღეს ხელისუფლებამ შეაჩერა და გააფუჭა.

თამთა დადეშელი, სპეციალურად საიტისთვის