"დამლაგებელი 750 ლარი, მძღოლი - 10.138 და 6.875 ლარი " - პოლიტიკური პარტიების ლიდერთა ხელფასების შთამბეჭდავი სია - გზაპრესი

"დამლაგებელი 750 ლარი, მძღოლი - 10.138 და 6.875 ლარი " - პოლიტიკური პარტიების ლიდერთა ხელფასების შთამბეჭდავი სია

რა არის საჭირო, პოლიტიკური პარტია რომ შექმნა? თუ თქვენ ხართ სრულწლოვანი, ხართ საქართველოს მოქალაქე, სარგებლობთ არჩევნებში მონაწილეობის უფლებით და გაქვთ სურვილი, დააარსოთ პოლიტიკური პარტია, ამ ქვეყანაში გზა ხსნილი გაქვთ. პარტიის შესაქმნელად დიდი ძალისხმევა არ არის საჭირო. მოქალაქეთა არანაკლებ 300-კაციანი ჯგუფით, წინასწარი ნებართვის გარეშე, ატარებთ დამფუძნებელ ყრილობას. პარტიის რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ხდება. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების სარეგისტრაციო მოსაკრებელი 500 ლარია.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 236 პოლიტიკური პარტია. 16.06.2016 ეს ახალი პოლიტიკური გაერთიანების "ახალი" რეგისტრაციის თარიღია. ამ ცინცხალი პარტიის თავმჯდომარე გიორგი ლემონჯავა გახლავთ.

პარტიების საკმაოდ გრძელ ჩამონათვალში შეხვდებით პროგრესისტულთა, ხალხთა მეგობრობის, ვეტერანთა, სპორტსმენთა, ინტელექტუალთა, ტრანსპორტელთა, ჰუმანისტთა და უმუშევართა პარტიებს. არსებობს ღარიბთა დაცვის გაერთიანება დავით ზეიკიძის თავმჯდომარეობით. ჩვენს ჭრელ პოლიტიკურ პალიტრაზე ფერებიდან მხოლოდ "თეთრები" და "ყვითლები", მცენარეებიდან ვაზია ნახსენები. ყველაზე პოპულარული სიტყვებია: "საქართველო", "დემოკრატია", "ქრისტიანული".

კანონში წერია, რომ პარტიის შექმნის და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება აქვს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს ყველა მოქალაქეს. მოქალაქე უნდა იყოს მხოლოდ ერთი პარტიის წევრი. პარტიაში გაწევრება და გასვლა ნებაყოფლობითია. დაუშვებელია პარტიის წევრობის შეზღუდვა რასის, ენის, სქესის, კანის ფერის და რელიგიის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ბოლო პერიოდში ხშირად გაიგონებთ ხუმრობას "პოლიტიკური პარტია უნდა შევქმნა". რატომ მოხდა ამ თემის გაშარჟება 4-მილიონიან ქვეყანაში 236 პარტიის არსებობის შემდეგ, საკითხავი აღარ არის. სამაგიეროდ, შეგვიძლია თავი ვინუგეშოთ, რომ პოლიტიკური პარტიების რაოდენობით ევროპაში პირველობას არავის ვუთმობთ.

სახელმწიფოს მიერ პარტიების საარჩევნო კამპანიის დაფინანსება საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე რეგულირდება.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას პირდაპირ იღებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც მონაწილეობდა არჩევნებში და მიიღო ამომრჩეველთა ხმების 3% ან მეტი.

დღეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას 11 პოლიტიკური პარტია იღებს. ეს პარტიები და მათთვის გამოყოფილი თანხა (ცსკ-ის მონაცემებით) შემდეგნაირად ნაწილდება.

ყველა პარტია ყოველი წლის 1-ელ თებერვლამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უგზავნის გასული წლის საფინანსო დეკლარაციას აუდიტორის დასკვნასთან ერთად. დეკლარაციაში აისახება პარტიის წლიური შემოსავალი და გასავალი.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების შემოსავალი და ლიდერთა ხელფასები, ქვეყანაში, სადაც 160-ლარიანი პენსია გაიცემა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 160 ლარი და 60 თეთრია, სადაც მოსახლეობის მესამედი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, შთამბეჭდავად გამოიყურება.

2016 წლის 1-ლი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდის დეკლარაციებში ვკითხულობთ:

პარტიის "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" შემოსავალი ფულადი სახით 185.088 ლარია. საბიუჯეტო დაფინანსება 160.611 ლარს შეადგენს. ხოლო სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა 180.338 ლარია. პარტიას არ აქვს საწევრო შენატანები და შემოწირულობები. საარჩევნო სისტემის განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან 19.727 ლარს იღებს. ლიდერის ზურაბ ტყემალაძის ხელფასი 16.500 ლარია. ირაკლი ტყემალაძე (სპეციალისტი) 14. 000 ლარს იღებს, ხოლო აპარატის უფროსი მარინე წულუკიძე " 13.750 ლარს. დამლაგებლის შრომითი ანაზღაურება 750 ლარია. პარტიის მომსახურე მძღოლთა ანაზღაურება კი 10.138 და 6.875 ლარს შეადგენს.

"ქართული ოცნების" შემოსავალი საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრების გარდა 127.581 ლარია. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა 127.474 ლარი. საბიუჯეტო დაფინანსება 127.474 ლარი. საარჩევნო კამპანიის ფონდის შემოსავალი 11.454 ლარი. საარჩევნო სისტემის განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან 19.727 ლარს იღებენ. ხელფასებზე 11.250 ლარს გასცემენ. სახელფასო გრაფაში მხოლოდ 2 პიროვნებაა მითითებული, ბუღალტერი 7.500-ლარიანი ანაზღაურებით და მძღოლი 3.750 ლარი.

"ეროვნული ფორუმის" შემოსავალი 180.338 ლარს შეადგენს. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა 180.338 ლარია. საბიუჯეტო დაფინანსება 160.611 ლარი. საარჩევნო სისტემის განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან 19.727 ლარი. პარტია ხელფასებზე 84.300 ლარს გასცემს. ყველაზე მაღალი ანაზღაურება 6.600 ლარი გოჩა ჯაბაძეს (პარტიის წევრი) აქვს. ხოლო კახა შარტავა ხელფასის სახით 4.800 ლარს იღებს, ამდენივე აქვს შემოსავალი რეზო შავიშვილს და კიდევ პარტიის რამდენიმე წევრს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შემოსავალი საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრების გარდა 387.825 ლარია. ამას ემატება საარჩევნო კამპანიის ფონდის შემოსავალი 394.906 ლარი და შემოწირულობები კერძო პირებისგან 24.897 ლარი. საარჩევნო სისტემის განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან 118.363 ლარს იღებენ. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის ოდენობა 359.373 ლარია, ხოლო საბიუჯეტო დაფინანსების სახით 241.010 ლარს იღებენ. ხელფასებზე 103.603 ლარი გაიცემა. აქედან დავით კირთაძე (თავმჯდომარე) 11.000 ლარს იღებს. ცენტრალური ადმინისტრაციის უფროსი ელენე ჯავახაძის შემოსავალი 7.000 ლარია. ამდენივე აქვს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროს ირაკლი ქავთარაძეს, ხოლო იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის ივანე პეტრიაშვილის ხელფასი 3.900-ლარია.

"თავისუფალი დემოკრატების" შემოსავალი 181.451 ლარია. შემოწირულობებით 4.000 ლარი აქვთ მიღებული. საარჩევნო სისტემის განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან 19.727 ლარი. ირაკლი ალასანიას გასამრჯელო 4.450 ლარი. პარტია ხელფასებზე ჯამში 9.719 ლარს გასცემს. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, პარტიის გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის სახელფასო გრაფაში მხოლოდ 437 ლარი წერია. ამავე პარტიაში მთავარი ბუღალტრის ანაზღაურება 3.000 ლარია.

პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" შემოსავალი 302.761 ლარია. პარტია სახელმწიფოსგან 159.234 ლარს იღებს, ხოლო საბიუჯეტო დაფინანსება 100.053 ლარია. საარჩევნო სისტემის განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან " 5.9181 ლარი. ფიზიკური პირებისგან შემოწირულობების სახით მიღებული აქვთ 143.527 ლარი. პარტიის გენერალური მდივნის ირმა ინაშვილის ხელფასი 2.550 ლარია, ამდენივე შემოსავალი აქვთ საქმისმწარმოებელს და ბუღლატერს. სამდივნო აპარატის უფროსის გასამრჯელო 1.875 ლარია. ჯამში ხელფასებზე 34.650 ლარი გაიცემა.

"ლეიბორისტების" შემოსავალი 152.505 ლარია. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა 152.505 ლარი. საბიუჯეტო დაფინანსება 93.324 ლარი. საარჩევნო სისტემის განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან 5.9181 ლარია. შალვა ნათელაშვილის ხელფასი 5.812 ლარია, გიორგი გუგავა 5.625 ლარს იღებს, ბექა ნათელაშვილი 1.688 ლარს, ხოლო პაატა ჩოხელი 3.500 ლარს. ჯამში ხელფასებზე პარტიიდან 89.537 ლარი გაიცემა.

"რესპუბლიკური პარტიის" შემოსავალი 186.777 ლარია. საწევრო შენატანი 6.319 ლარი. სახელმწიფოს მიერ გაცემული თანხა 180.338. სისტემის განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრიდან 19.727 ლარი. საბიუჯეტო დაფინანსება 160.611 ლარი. სახელფასო გრაფაში მითითებულია, რომ ხათუნა სამნიძის ხელფასი 6.000 ლარს შეადგენს. ჯამში ხელფასებზე 40.246 ლარი გაიცემა.

ზურაბ აზნაურაშვილი, აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი:

" სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა ეს საარჩევნოდ გამოყოფილი თანხაა, ხოლო საბიუჯეტო დაფინანსება თავად პარტიების მიერ, არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად არის გამოყოფილი.

" პოლიტიკური პარტიები რამდენად დროულად და სრულად გაწვდიან ინფორმაციას პარტიის ფინანსებთან დაკავშირებით?

" როგორც წესი, პარტიების 99% ინფორმაციას დადგენილ ვადაში გვაწვდის. წლიური დეკლარაციების ვადის წარმოდგენა ხდება 1-ელ თებერვლამდე, 1 თვე აქვთ წლის შესაჯამებლად.

" მოწოდებულ ინფორმაციას რა მეთოდით ამოწმებთ?

" საარჩევნო პერიოდში შემოწმება მეტად აქტიური ხდება, ამ დროს დეკლარაციებს 3 კვირაში ერთხელ ვიღებთ. არის შემთხვევები, როცა დეკლარაციაში ინფორმაცია სრულად შეტანილი არ არის. რომელიმე რაიონული ოფისი გამორჩენილია. ხარვეზის აღმოჩენის შემდეგ, ვითხოვთ, სრული ინფორმაცია მოგვაწოდონ. სანქციებიც გამოგვიყენებია. ხშირად მედიასაშუალებების რესურსებსაც ვიყენებთ და შედარებას ვახდენთ დეკლარაციაში წარმოდგენილ ხარჯთან. საბანკო გადარიცხვებსაც ვადარებთ და ა.შ.

" დარღვევის შემთხვევაში რა სახის სანქციებს უწესებთ?

" დარღვევის ხარისხს გააჩნია. ზოგიერთი დარღვევა შეცდომადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, მისი ჩასწორების საშუალებას ვაძლევთ. ჩვენთვის მთავარია, ჩვენს ვებგვერდზე დაიდოს სწორი ინფორმაცია, მედიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები შეცდომაში რომ არ შევიყვანოთ. რაც შეეხება სანქციის ფორმას, ჩვენ ვადგენთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. იურიდიული პირი 2.000 ლარით ჯარიმდება, ფიზიკური პირი 1.000 ლარით, კანონდარღვევა 5.000 ლარით და ამ ოქმს სასამართლოში ვგზავნით. ახალახან დავაჯარიმეთ ნაკლებად ცნობილი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია, რომელმაც ინფორმაცია არ წარმოგვიდგინა. თუ პარტიის წლიური ბრუნვა 10.000 ლარზე ნაკლებია, აუდიტის დასკვნას არ ვითხოვთ. სხვა შემთხვევაში, კანონი ავალდებულებს პარტიას, მათი ფინანსები კერძო აუდიტმა შეისწავლოს. მართალია, უამრავი პარტიაა რეგისტრირებული, მაგრამ ვისაც ჩვენ ვეკონტაქტებით, 70-მდეა. ზოგიერთი ისეა დარეგისტრირებული, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია მითითებული არ აქვთ.

თამუნა კვინიკაძე