"ოჯახი ძალიან მაკლია" - დიმიტრი ქუმსიშვილის გულახდილი ინტერვიუ - გზაპრესი

"ოჯახი ძალიან მაკლია" - დიმიტრი ქუმსიშვილის გულახდილი ინტერვიუ

ამბობს, რომ დღე-ღამეში 17-18 საათს მაინც მუშაობს, უმაღლესი რანგის მენეჯერია, ამიტომ გადაწყვეტილებების მიღება არ უჭირს. საკმაოდ კარგი მოსაუბრეა. იმდენად კარგი, რომ ვერც კი გრძნობ, მაღალი თანამდებობის პირს თუ ესაუბრები... ჩვენს კითხვებს დიმიტრი ქუმსიშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პასუხობს.

- ბატონო დიმიტრი, ოპოზიციის წარმომადგენლები ხშირად საყვედურობენ დღევანდელ მთავრობას, რომ მან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაში ბევრი ვერაფერი შეცვალა. რას უპასუხებდით მათ?

- თქვენს კითხვაში თავისთავად იგულისხმება, რომ წინა ხელისუფლების დროს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაში იყო. საქმე ის არის, რომ "ნაციონალების" სათავეში ყოფნისას არ ხდებოდა ეკონომიკიდან მიღებული დოვლათის სწორი გადანაწილება ქვეყნის მოსახლეობაზე, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. რა პარამეტრებით ვზომავთ საერთოდ ეკონომიკას? - ყველაზე ხშირად გვესმის, რომ ასეთი საზომი არის მთლიანი შიდა პროდუქტი, რომელიც ასახავს წარმოებისა და მოხმარების დონეს ქვეყანაში, მაგრამ თუ ყველაფერი სწორად არ გადანაწილდა და საბოლოოდ მოსახლეობამდე არ მივიდა, ცხოვრების დონე ვერ გაუმჯობესდება. არსებობს ასეთი ტერმინი - "ჯინის კოეფიციენტი", რომელიც სწორედ დოვლათის თანაბრად გადანაწილებას ასახავს. როდესაც ვიღაც გვაკრიტიკებს, რომ ეკონომიკა წინ არ წავიდა, ისიც უნდა გვითხრას, რომელ პარამეტრში არ წავიდა წინ.

- თქვენ რომელ პარამეტრებს გამოყოფდით?

- თუნდაც მეზობელი ქვეყნების მდგომარეობას რომ გადავხედოთ: 2004-2012 წლებში აზერბაიჯანში ეკონომიკის ზრდა იყო 13,7%, ბელორუსიაში - 7,2%, სომხეთში - 6,5%, ხოლო საქართველოში - 6,2%. 2013-2015 წლებში საქართველოში ეკონომიკის ზრდა იყო 3,6%, თურქეთში - 3,6%, სომხეთში - 3,3%, ხოლო აზერბაიჯანში - 3,6%... ჩვენს მეზობელ ქვეყნებს თუ შევადარებთ, ნათლად ჩანს, რომ საქართველომ შეძლო ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერი იყოს ჩვენს რეგიონში. ავიღოთ მეორე, უმნიშვნელოვანესი მიმართულება - დასაქმება. ეკონომიკა ხომ მეტი არაფერია: ქვეყანაში დოვლათი უნდა შექმნა და ადამიანები დაასაქმო. დასაქმების ნაწილში ძალიან კარგი შედეგები გვაქვს: თუ 2012 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე იყო 15%, ეს ციფრი ახლა უკვე 12 პროცენტამდე ჩამოვიდა. ეს 3% ნიშნავს, რომ შეიქმნა 66 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოში დასაქმებულია 1 მილიონ 700 ათასზე მეტი კაცი, მათ შორის არიან თვითდასაქმებულები და დაქირავებით დასაქმებულები. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია 90 ათასით, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 22 ათასით შემცირდა - ეს კი იმას ნიშნავს, რომ თვითდასაქმებულთა რიგებიდან ისინი დაქირავებით დასაქმებულებთან გადავიდნენ.

- თუმცა, საქართველოში ბევრია ისეთი, ვისაც საარსებო მინიმუმის ტოლი ანაზღაურებაც არა აქვს. ამის თაობაზე რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს?

- ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა, 2010 წელს 1 მილიონ 800 ათასი ადამიანი იყო, ვისაც არ ჰქონდა საარსებო მინიმუმის დონის შემოსავალი. ეს ნიშნავს, რომ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარს არ ჰქონდა საშუალება, 2,5 დოლარზე მეტი დაეხარჯა საკუთარ თავზე. ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ამ ადამიანთა რიცხვი შემცირდა 1 მილიონ 400 ათასამდე. რა თქმა უნდა, ესეც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ არაერთი ადამიანი ამოვიდა სიღარიბიდან და დღეს მათ აქვთ საშუალება, რომ საკუთარ თავზე დახარჯონ საარსებო მინიმუმის ტოლფასი თანხა მაინც. კერძო სექტორში 90 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, საშუალო ხელფასი კი, 790 ლარიდან სადღაც 1.000 ლარამდე გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ოპონენტების კრიტიკას ვერ მივიღებთ.

- თვითდასაქმებულებზე ხშირად ამბობენ, რომ მათი უმრავლესობა მინიმალურ ანაზღაურებაზე მუშაობს. ამ მოსაზრებას რას უპასუხებთ?

- მე ამ მეთოდოლოგიის მიმართ სერიოზული კითხვის ნიშნები მაქვს, მაგრამ თვითდასაქმებულს მინიმალური შემოსავალიც თუ არა აქვს, მაშინ რა უნდა იქ, სადაც არის? ან როგორი თვითდასაქმებულია, თუ იმ მინიმუმის გამომუშავებასაც ვერ ახერხებს, რომელიც საარსებოდ აუცილებელია?

- კიდევ რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველოს ეკონომიკა წინ წავიდა და გაიზარდა?

- თუნდაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა: 2008-2012 წლებთან შედარებით, 2012-2016 წლებში საქართველოში 54%-ით მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. შემიძლია 2016 წლის პირველი კვარტალის ციფრებიც დაგისახელოთ: 376 მილიონი დოლარი შემოვიდა პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით, რაც 103 პროცენტით მეტია 2015 წლის I კვარტალთან შედარებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ვალუტაზე წნეხი შემცირდა, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა და ეკონომიკა წინ მიდის. ძალიან ბევრ რეიტინგში - ბიზნესის კეთების, საკუთრების უფლების, ბიზნესის თავისუფლებისა და კონკურენტუნარიანობის მხრივ - ყველა მიმართულებით გვაქვს გაუმჯობესება. მიღწევები გვაქვს ტურიზმში, ენერგეტიკაში, გზებს 2,5-ჯერ მეტს ვაგებთ და 14%-ით იაფად, თუ წინსვლა არ გვაქვს, აბა, როგორ შევძელით ეს ყველაფერი?

- თქვენი აზრით, როგორ შეძელით?

- იმისათვის, რომ ეკონომიკა განავითაროთ, ეკონომიკის მიმართ მეგობრული გარემოა აუცილებელი, რაც წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა. 140 ქვეყანას შორის კერძო საკუთრების დაცვის მხრივ საქართველო 128-ე ადგილზე იყო. აბა, მითხარით, როგორ უნდა გააკეთოთ კერძო ბიზნესი, თუ თქვენი საკუთრება საერთოდ არ არის დაცული? დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვაქვს ამ მხრივაც - ვერავინ იტყვის, რომ კერძო საკუთრება საქართველოში დაუცველია.

- სოციალურ პრობლემებზეც ხშირად ხდება აპელირება - ვიღაცას დახმარება მოუხსნეს, ვიღაც დაიჩაგრა და ა.შ...

- როგორც ეკონომიკის მინისტრი, მე ამ სისტემის კრიტიკოსი უფრო ვარ, ვიდრე მომხრე, რადგან მგონია, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული სოციალური პაკეტი იმდენად დიდია, რომ ადამიანებს უმუშევრობისკენ უბიძგებს. მე მაქვს ძალიან ბევრი, კონკრეტული მაგალითი, როდესაც ადამიანები უარს ამბობენ დასაქმებაზე, რადგან შიში აქვთ, რომ სოციალურ დახმარებას მოუხსნიან. მეტსაც გეტყვით: არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები არ არეგისტრირებენ მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას და მიწის ნაკვეთებს მარტო იმიტომ, რომ სოციალურ დახმარებას ვეღარ მიიღებენ. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ დასაქმებაზე უფრო მეტი უნდა დავხარჯოთ, ვიდრე სოციალური პაკეტებზე. ადამიანმა უნდა მოახერხოს, რომ თვითონ უზრუნველყოს თავისი თავი და არ იყოს დამოკიდებული სახელმწიფოზე. ჩვენ მიმართული უნდა ვიყოთ ეკონომიკის განვითარებისკენ და არა - სოციალური პაკეტების ზრდისკენ.

- აუცილებლად უნდა შევეხოთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - ლარის გამყარებას. ნუთუ შეიძლება, ერთ უწყებას ანუ ეროვნულ ბანკს ჰქონოდა ამხელა გავლენა ეროვნულ ვალუტაზე? და კიდევ - ყველას აინტერესებს, მაინც რა დონემდე შეიძლება გამყარდეს ქართული ლარი?

- რა უფლება შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს ამ უწყებას, ეს კანონმდებლობითაც არის განსაზღვრული. ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია ინფლაციის ზღვარზე. ინფლაცია - ეს არის მაჩვენებელი, რომელიც რეალურად მოქმედებს ჩვენს ჯიბეებზე. ქვეყანაში რომ არ იყოს დოლარიზაციის ასეთი მაღალი კოეფიციენტი, ვერც თქვენ და ვერც მე ვალუტის კურსის ცვლილებას ვერ შევამჩნევდით. ყაზახური ტენგეს, ავსტრალიური დოლარის ან იაპონური იენის გავლენა ჩვენს ქვეყანაში ვინმემ იგრძნო? - რა თქმა უნდა, არავინ. ჩვენი მთავარი პრობლემა დოლარიზაციის კოეფიციენტია, თორემ ინფლაციის მაჩვენებელი 6% იყო, რაც ნიშნავს, რომ პროდუქციის ღირებულება საქართველოში გაიზარდა დაახლოებით 6%-ით, ეს იმ დროს, როცა ჩვენი ვალუტა 35-37%-ით იყო გაუფასურებული. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ როგორმე შევძლოთ დოლარიზაციის კოეფიციენტის დაწევა. რაც შეეხება ეროვნულ ბანკს და ქადაგიძეს - ეკონომიკა თავიდან ბოლომდე განწყობის თეორიაა. ლარის კურსზეც უდიდესი გავლენა იქონია მოსახლეობის განწყობამ. 2015 წლის აგვისტოდან დაიწყო დოლარიზაციის კოეფიციენტის ზრდა და რადგან ეროვნული ვალუტა უფასურდებოდა, მოსახლეობა შეშინდა და ყველამ, ვისაც ოჯახში ლარი ჰქონდა, საჭიროების მიუხედავად, თავისი დანაზოგი დოლარზე გადაახურდავა. დაახლოებით 450 მილიონი დოლარი ვიყიდეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხში ასეთი განწყობა იყო. აქ იყო პოლიტიკური გავლენაც, ამასთან, მოსახლეობა ვერ ხედავდა, რომ ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკსა და ეკონომიკის სამინისტროს ერთიანი ხედვა ჰქონდათ და მოგვივიდა ის, რაც მოგვივიდა. კარგია, რომ დღეს ნორმალურ დონეზე ვართ, ეროვნული ვალუტის გამყარება მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ამ პროცესს არაერთი ფაქტორი უწყობს ხელს: ტურიზმიდან კარგი შემოსავლები გვაქვს, ინვესტიციებიც გაიზარდა, იმპორტი კიდევ შემცირდა და ამ ყველაფერმა შეამცირა წნეხი ჩვენს ვალუტაზე. დღეს, ეროვნულ ბანკს, ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ერთიანი ხედვა აქვთ, თუ როგორ უნდა შევძლოთ დოლარიზაციის კოეფიციენტის შემცირება, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ეკონომიკა გაჯანსაღდეს. ამიტომ, ეროვნული ვალუტაც გაძლიერდება და ეკონომიკაც წინ წავა. რა დონემდე შეიძლება გამყარდეს ლარი? - ამის წინასწარ განსაზღვრა რთულია, თანაც, მსგავსი პროგნოზი უმადურ საქმედ მიმაჩნია.

- ბოლო ვიზიტი ყაზახეთში გქონდათ. რა გადაწყდა იქ გამართული შეხვედრების დროს?

- ყაზახეთში ძალიან შედეგიანი სამუშაო ვიზიტი გვქონდა, პრაქტიკულად ყველა საკითხი გადაწყდა. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ყაზახეთს 300 მილიონზე მეტი ინვესტიცია აქვს საქართველოში განხორციელებული. ვიმედოვნებთ, რომ ინვესტიციების შემოსვლა ყაზახეთიდან გაგრძელდება. ეს დიდი ქვეყანაა - მისი ეკონომიკა 25-ჯერ მეტია საქართველოს ეკონომიკაზე და ეს ციფრი უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.

- არჩევნები გვიახლოვდება. თქვენი აზრით, ვინ იქნება "ქართული ოცნების" ყველაზე ძლიერი კონკურენტი ამ არჩევნებში?

- არ ვიცი, მე მგონი, "კონკურენტი" ძალიან ხმამაღლა არის ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ ეს მარტივი არჩევნები არ იქნება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ და ის რეფორმები გავატაროთ, რომელიც დაგეგმილი გვაქვს.

- დაბოლოს, საკმაოდ ახალგაზრდულ ასაკში მინისტრობა დიდი ტვირთი ხომ არ არის?

- სხვათა შორის, არცთუ ისე ახალგაზრდული ასაკი მაქვს - 41 წლისა ვარ. უფროსი ვაჟი უკვე 20 წლისაა, მომდევნო - 13 წლის, ხოლო გოგონა - 7-ის. უკვე მე-18 წელია, ტოპმენეჯერი ვარ ანუ უმაღლესი რანგის მენეჯერი, რაც თავი მახსოვს, გადაწყვეტილებებს ვიღებ, ამიტომ ამის პრობლემა არა მაქვს. გაცილებით ახალგაზრდულ ასაკში ხდებიან მინისტრებიც, პრემიერ-მინისტრებიც და ეს კარგია, ეს ნორმალურია. ზოგჯერ ისიც მგონია, რომ ვიღაც უფრო ახალგაზრდა და უფრო მეტი ენერგიით აღსავსე გვინდა.

- ოჯახში როგორ ეგუებიან თქვენს დაძაბულ რეჟიმს?

- რაც შეეხება ოჯახს, ის ძალიან მაკლია, ოჯახსაც ვაკლივარ, რადგან დღე-ღამეში საშუალოდ 17-18 საათს მაინც ვმუშაობ. ამიტომ, ძალიან ცოტა დროს ვატარებ ახლობლებთან. ამას რთულად ეგუებიან, მაგრამ რას ვიზამთ!

ხათუნა ჩიგოგიძე