"აღვირახსნილობას პროპაგანდა არ უნდა გავუწიოთ!" - გზაპრესი

"აღვირახსნილობას პროპაგანდა არ უნდა გავუწიოთ!"

მართალია, ჩემს რესპონდენტს ჟურნალისტებისადმი გარკვეული უნდობლობა გაუჩნდა და პირდაპირი "ეთერის" გარდა, ინტერვიუების მიცემისგან კარგა ხანია თავს იკავებს, მაგრამ მოვახერხე დამეთანხმებინა, რომ მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა და საკმაოდ ემოციურადაც...

- მძიმე კრიმინალური ფაქტები ადრეც ხშირად ხდებოდა და ეს სიახლე არ არის, იმ ყველაფრის შედეგია, რაც, წლების განმავლობაში, საზოგადოებაში გროვდებოდა. ხალხი დაძაბულია, დათრგუნვილი სახით დადის. ეს კი ბევრმა რამემ განაპირობა - მძიმე სოციალურმა მდგომარეობამ, ერის დაქუცმაცებამ - კუთხე კუთხეს გადაჰკიდეს, თაობა - თაობას, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ლტოლვილებიც კი ერთმანეთთან დაპირისპირებულები არიან. სანამ იმაზე ვიფიქრებთ, როგორ ვუმკურნალოთ, დიაგნოზი უნდა დავსვათ და ეს დიაგნოზი, ჭკვიანმა ხალხმა უნდა დასვას და არა - ანგაჟირებულმა პოლიტიკოსებმა ან ე.წ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, რომლებზეც, მთელმა საქართველომ იცის, ვინ საიდან იკვებება, ელექტრონულმა მედიასაშუალებებმა, რომლებიც მიკერძოებულები არიან (ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, საით მხარეს იქნებიან), ამ დღეებში მათ უამრავი სისულელე აკეთეს - სამართალდამცავებს კარნახობენ, როგორ მოიქცნენ! შენ კი არ უნდა უკარნახო, თუ ისინი კანონს დაარღვევენ, ხმა მაშინ უნდა ამოიღო.

- თქვენ რას ფიქრობთ ქართულ პოლიციაზე?

- პირადად მე, პოლიცია არ მიყვარს. ისინი მსოფლიოში არავის უყვარს, ამერიკელების გარდა, რადგან ყაჩაღების, მეკობრეების და ცუდი ყოფაქცევის ქალების შექმნილი ქვეყანა იყო და პოლიციელის ინსტიტუტი იქ თავისთავად ჩამოყალიბდა, აქ კი ეს არ ყოფილა. პოლიცმაისტერები ჩვენთან რუსეთის იმპერიამ შემოიყვანა, შემდეგ, კომუნისტური პერიოდის მილიციონერი იყო და სულ რაღაც, საუკუნე-ნახევრის ისტორია აქვთ. პირადად მე, თუნდაც იმიტომ არ მიყვარს, რომ მას იარაღი აქვს, მე კი - არა და მას შეუძლია მომკლას. ის მელაპარაკება "პაგონებისა" და კანონის ენით, მე - სიმართლეს ვამბობ. ხშირად პოლიციელებისგან ვყოფილვარ დაჩაგრული, თუნდაც მათგან, ვინც კანონს კი არ იცავდა, მიშა-მიშას გაიძახოდა.

- რა შეიძლება იყოს გამოსავალი?

- ღირებულებები! რაღაც სხვა ღირებულებების შეძენა გვჭირდება. არ შეიძლება, მისაბაძი ადამიანები ისინი იყვნენ, ვინც დღე და ღამე ეკრანზეა, ახალგაზრდებმა მათი ცხოვრების წესით არ უნდა იცხოვრონ. ერთი ამბავი რომ ატეხეს, ეგებ, მიზეზი ჰქონდა, რომ მოკლაო, ეს გამართლებაა? ქურდობას გამართლება აქვს? იმასაც აქვს მიზეზი, მშიერი და გაყინული შვილი რომ უზის სახლში, წავიდა და მოიპარა, მაგრამ თუ სასამართლო, გამოძიება ნორმალური და მიუკერძოებელი იქნება, როგორც საჭიროა და ეკადრება, იმ დამნაშავეს ისე მიუზღავს. ჩვენ, საზოგადოება რას ვაკეთებთ? რა მაგალითსაც და რა მომავალსაც ვთესავთ და ვთესავდით, იმას ვიმკით.

- რა ასპექტში უნდა ვეძებოთ ხელისუფლებისა და საზოგადოების "დანაშაული", როდესაც ოჯახურ ან სხვა სახის ძალადობებს ასეთი ხშირი სახე ეძლევა?

- ხელისუფლებებმა, განსაკუთრებით კი წინა ხელისუფლებამ თაობებს შეუცვალა აზროვნება და გააუბედურა! ჩვენს ფსიქოლოგიასა და ცნობიერებაში ხდება ცუდი რამეები და ესაა მისახედი! მორალური და ზნეობრივი პრიორიტეტებია შესაცვლელი, შვილებს სხვა მაგალითები უნდა მივცეთ. არ შეიძლება ნარკომანების, ყოფილი ცოლებისა და მრუშების პროპაგანდა ტელევიზიით! მერე, რა, რომ ნარკომანია, კაი ბიჭიაო, - ყველა კაი ბიჭი და კაი გოგოა, მაგრამ ერს ვის უყენებ წინამძღვრად, ექვთიმე თაყაიშვილს თუ რომელიღაც "პეროგარჭობილს"?! ეს მხოლოდ სახელმწიფოსი კი არა, საზოგადოების მისახედია, ოჯახიდან იწყება ყველაფერი! რაც ამ 30 წლის განმავლობაში ჩვენს თავს უბედურება ხდებოდა, ბოლო წვეთია დარჩენილი და გადმოდის! ადამიანებმა ვერ დაინახეს, რომ მათი უბედურების გამო ვინმე გასამართლდა, სათანადოდ დაისაჯა. წინა ხელისუფლებებიდან არავინ გასამართლდა და კიდევ ცინიკურად იქცევიან. ღმერთმა დაიფაროს, რომ აქ ერთი იარაღი გავარდეს, მერე ნახეთ თქვენ. ყველაფერი "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიყვანა აქამდე და დღევანდელმა ხელისუფლებამაც, რომელიც მათთან მშვენივრად კოაბიტაციობს. ერთად უნდა დავიწყოთ მუშაობა იმაზე, რომ შევიმუშაოთ ის მორალურ-ზნეობრივი პრიორიტეტები, რომლებიც თაობებს უნდა შევთავაზოთ. ძალადობას, აღვირახსნილობას და სხვა მრავალ მანკიერებას, პროპაგანდა არ უნდა გავუწიოთ!

თამთა დადეშელი