რუსული ანკესი აფხაზეთში და ქართული "სატყუარას" საძიებო გზები - გზაპრესი

რუსული ანკესი აფხაზეთში და ქართული "სატყუარას" საძიებო გზები

რუსეთის მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი - აფხაზეთისთვის შეთავაზებული ახალი შეთანხმების პროექტი "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ", დღესაც და სამომავლოდაც ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, რომლის გადასაჭრელი და აფხაზ ხალხთან თანამშრომლობის უმოკლესი გზები ჩვენმა ქვეყანამ, ევროპასთან ერთად უნდა მოიძიოს. როგორც აფხაზური საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, ადგილობრივი საზოგადოების აზრი ამ თემასთან დაკავშირებით, ორადაა გაყოფილი და მომხრეების გარდა, რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ხელშეკრულებაში არსებულ პუნქტებში ისეთი პასაჟებია, რაც "აფხაზი ხალხის მიერ, საუკუნეების განმავლობაში ტანჯვით მოპოვებულ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას სერიოზულად ზღუდავს", - აცხადებენ პარტიის - "ამცახარას" პოლიტსაბჭოში. მათივე თქმით, პარლამენტარები, რიგითი მოქალაქეები და სხვა პარტიებიც ამავე აზრს იზიარებენ. მათთვის მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორობის შენარჩუნებაა მისაღები და სხვა შემთხვევაში, ხალხს შეკრებისკენ მოუწოდებენ.

ექსპერტები - სოსო ცისკარიშვილი და ნიკა ჩიტაძე რუსეთის ჩანაფიქრის უარყოფით მხარეებსა და საფრთხეებზე საუბრობენ.

სოსო ცისკარიშვილი:

GzaPress- დაგვიანებული რეაქციაა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა უნდა ცდილობდეს, მისი ადრესატი აფხაზეთის მოსახლეობა იყოს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც გარკვეული იქნება, როგორ აღიქვამენ ისინი ჩვენი მხრიდან მიმართვებს, შევძლებდით, უფრო მიზანმიმართული ყოფილიყო ჩვენი განცხადებები რუსეთის მიმართაც, მაგრამ მუდმივად რუსეთზე ვსაუბრობთ ისე, რომ გვავიწყდება, აფხაზეთში ჩვენი მოსახლეობა, თანამემამულეები არიან, რომელთაც ყოველთვის გული სტკივათ, როცა ოკუპირებულ ტერიტორიებად მოვიხსენიებთ. შესაბამისად, აფხაზეთის პრობლემების მოსაგვარებელი ფასეულობებიც გადასახედია და უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთიც ხელს შეგვიწყობს, რომ საკუთარი თავი უფრო უარესად წარმოაჩინოს აფხაზეთის მოსახლეობის წინაშე. ამიტომ, სამომავლოდ აღარ შეიძლება, ეს თემა მხოლოდ ხელისუფლებას მოვთხოვოთ. მთავარია, მთლიანად ქართველმა საზოგადოებამ დროულად გააცნობიეროს, რომ სწორედ აფხაზეთი და მისგან გამოწვეული ტკივილი არის უპირველესი პრიორიტეტი ქართველი საზოგადოების აღმშენებლობითი ქმედებებისთვის. როცა აფხაზეთის გასხვისება ჩაითვლება სამოქალაქო საზოგადოების უპირველეს პრობლემად, მაშინ შეიძლება იყოს დამაჯერებელი ჩვენი მცდელობები და დარწმუნება აფხაზეთის მოსახლეობისა იმაში, რომ თუ ისინი არჩევანის წინაშე დადგებიან - მოსკოვი თუ თბილისი, თბილისი ბევრად უფრო მიმზიდველი და პერსპექტიული ჩანდეს იმ თაობისთვის მაინც, რომელსაც საომარ მდგომარეობასთან არავითარი შეხება არ ჰქონია. ამასთანავე, ნუ დაგვავიწყდება, რომ 21 წელია, რაც ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთისთვის ტყვია არ უსვრიათ, მაგრამ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბარი არ არის, რადგან შფოთის შემტანი დღევანდელ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში არის რუსეთი, რომელსაც საკუთარი ვერაგული ჩანაფიქრი აქვს აფხაზეთის ტერიტორიის მიმარ და არც მალავს ამას.

- როგორც ცნობილია, აფხაზეთში საზოგადოების აზრი ორად გაიყო და ბევრი ფაქტორია, რის გამოც აფხაზეთის პარლამენტში შესული საკითხის დადებითად გადაჭრა მათ ხელს არ აძლევს, ქართულ-რუსული საზღვრებით დაწყებული, რუსულპასპორტიანი ქართველების შესვლით დამთავრებული. თუ არსებობს საფრთხე, თვით აფხაზი მოსახლეობა დაუპირისპირდეს ერთმანეთს?

- ეს, დიდი ალბათობით, სწორედ ასე იქნება, რადგან დე ფაქტო პრეზიდენტი არჩეული თუ დანიშნული იყო სულ 1-2%-ის უპირატესობით, მეორე ტური დაინიშნა და რუსეთმა აფხაზეთს საკუთარი ფავორიტი მოახვია თავს, დე ფაქტო პრეზიტენტის თანამდებობაზე. დაპირისპირების საფუძველი დიდია, მაგრამ საქართველოში ნურავინ ჩათვლის, რომ ეს ჩვენს ინტერესებს წაადგება, პირიქით, ერთიანი აფხაზეთია საჭირო იმისათვის, რომ მეზობლური თანამშრომლობის რაიმე პერსპექტივა მაინც მივიღოთ, ყოველგვარი პოლიტიკური სტატუსის განხილვის გარეშე. დრო თავისას მოიტანს, ჯერ უნდა ვიგულოთ ერთმანეთი ისეთნი, როგორებიც ვართ, ერთმანეთის მიმართ არა მტრულად განწყობილნი, არამედ - კეთილი მეზობლები გავხდეთ. ვის რა სტატუსი აქვს, ვისი წარსული რას წარმოადგენს, ამ თემებს ნელ-ნელა დავუბრუნდებით მაშინ, როდესაც ერთმანეთთან ადამიანური ურთიერთობების პრობლემა არ გვექნება.

ექსპერტი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმებით, რუსეთი კიდევ უკეთ მოიკიდებს ფეხს აფხაზეთში, რაც არა მარტო საქართველოსთვის, მათი ე.წ. სუვერენიტეტისთვისაც საფრთხის შემცველი იქნება.

ნიკა ჩიტაძე:

- აღნიშნული შეთანხმება ნიშნავს იმას, რომ რუსეთი უფრო მყარად მოიკიდებს ფეხს აფხაზეთში. თუ დღეს აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის მიერ ოკუპირებულია, ეს საფრთხეა, რომ ანექსირებული გახდეს, რადგან აფხაზეთი რუსეთის ერთ-ერთი რეგიონი, ფედერაციის შემადგენელი ნაწილი იქნება და ამიტომაც, რა თქმა უნდა, ეს საქართველოსთვის საფრთხის შემცველია. თუმცა, შესაძლოა დაემთხვას ქართველი და აფხაზი საზოგადოების აზრი, მათი დიდი ნაწილი, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო შეიქმნას, ხედავენ, რომ მათ ე.წ. სუვერენიტეტს შეიძლება საფრთხე შეექმნას.

- შესაძლებელია, რომ ამან შიდა დაპირისპირება გამოიწვიოს?

- რა თქმა უნდა. დაპირისპირება შეიძლება არსებობდეს ნაციონალისტურ და პრორუსულ ძალებს შორის. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეთნიკური აფხაზები აფხაზეთის მოსახლეობის დაახლოებით 30%-ს შეადგენენ და სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები, ქართველების გარდა, შესაძლოა, რუსეთთან ინტეგრაციის იდეას ემხრობოდნენ. მათში არ არის გამჯდარი აფხაზური სახელმწიფოს ჩამოყალიბების იდეა, ამიტომაც ისინი ჩათვლიან, რომ რუსეთთან მეტი ინტეგრაცია არააფხაზი მოსახლეობისთვის ინტერესებზე დადებითად აისახება.

- რა ხერხებით უნდა შეეწინააღმდეგოს ამ სიტუაციას ქართული ხელისუფლება?

- პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საერთაშორისო მიმართულებით უნდა აამოქმედონ დიპლომატიური მექანიზმები; ამ საკითხის განხილვა საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში უნდა დადგეს, ყირიმის პრობლემის გვერდით. დღეს უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხმა უკანა პლანზე გადაიწია. აქედან გამომდინარე, ალბათ ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში კვლავ დადგეს. გარკვეული მცდელობები უნდა იყოს, რომ აფხაზი საზოგადოების წარმომადგენლებთან კონტაქტები დამყარდეს. ქართველი და ნაციონალისტურად განწყობილი აფხაზი საზოგადოების ინტერესები შესაძლოა ერთმანეთს დაემთხვეს, ეს მნიშვნელოვანია და ჩემი აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებელია დემოკრატიული ინსტიტუტების, ეკონომიკის განვითარება, რომ აფხაზი საზოგადოებისთვის უფრო მეტად მიმზიდველი საქართველო იყოს და არა - რუსეთი.

- როგორ ფიქრობთ, ზურაბ აბაშიძე შეძლებს, საქართველოსთვის რაიმე დადებითი შედეგის მომტანი მოლაპარაკება აწარმოოს კარასინთან შეხვედრების დროს? მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ვიცით, რომ მათი ბოლო დიალოგისას, ორივე მხარე მაინც საკუთარ პოზიციაზე დარჩა.

- აღნიშნული პრობლემა აბაშიძის დონეზე არა მგონია, გადაწყდეს. ე.წ. შეთანხმების გაფორმება აფხაზეთსა და რუსეთს შორის, კრემლშია გადაწყვეტილი. ამიტომ, ამ შემთხვევაში აბაშიძის ფაქტორი მათთვის შემაკავებელი ვერ იქნება. თავად რუსეთი, როგორც ვხედავთ, ჩვენს კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით ურყევ პოზიციას სწორხაზოვნად იცავს.

GzaPressმარგველაშვილისა და პუტინის სავარაუდო შეხვედრასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე, პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - დიმიტრი პესკოვი, ჩვენი ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერიდან მოთმინებისკენ მოგვიწოდებს და ამბობს, რომ ჯერ ვითარება უნდა მომწიფდეს, პოლიტიკური ნება გაჩნდეს, შესაბამისი გარემო შეიქმნას და პუტინ-მარგველაშვილის შეხვედრის თაობაზე საქართველოს სიგნალს მხოლოდ ამის შემდეგ დაელოდებიან, რაზეც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა: ვიზიარებთ ბატონ პესკოვის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ უმაღლეს დონეზე ქართულ-რუსული შეხვედრის ჩასატარებლად ვითარება უნდა მომწიფდეს და საჭიროა შესაბამისი გარემოს შექმნა. ჩვენი მხრიდან დავამატებთ, რომ მხარს ვუჭერთ ამგვარი შეხვედრის გამართვას, რომელიც საჭიროებს სერიოზულ და დეტალურ მომზადებას, რათა იგი იყოს წარმატებული და ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენასა და ურთიერთობათა დარეგულირებას".

ხელშეკრულების გაფორმების საკითხსა და აფხაზეთთან მიმართებაში რუსეთის გადაწყვეტილებას, ევროპის წამყვანი ქვეყნების ფიგურები გამოეხმაურნენ და საკუთარი პოზიცია საქართველოს სასარგებლოდ დააფიქსირეს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც ლუქსემბურგის არაფორმალურ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, ღიად უცხადებენ მხარდაჭერას საქართველოს და მის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო უწყების შეხვედრაში ჩართვა, ლატვიის ინიციატივა გახლდათ, რომელიც 2015 წლიდან, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იქნება.

ევროკომისარი შტეფან ფულე მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებულ შეთანხმებაზე პოლიტიკური კონსულტაციების გაძლიერებაა საჭირო, რაც ლუქსემბურგში გამართული შეხვედრის მთავარი თემა იყო და აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას კი არ ეწინააღმდეგება, არამედ იქ მცხოვრები ადამიანების ლეგიტიმურ უფლებებსაც ზღუდავს, რაც უდავოდ უარყოფილი და დაგმობილი უნდა იყოს.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მიროსლავ ლაიჩაკი აღნიშნავს, რომ რუსეთის ამგვარ ქმედებაზე, მოსალოდნელ რისკებზე, საუკეთესო პასუხი საქართველოს ევოპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერაა, რაშიც სლოვაკეთი საქართველოს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც ეხმარება. ტიტუს კორლეცეანმა რუმინეთის მთავრობის სახელით, უცვლელი და მყარი პოლიტიკური თანადგომა აღგვითქვა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებს მოუწოდა, რუმინეთს მიჰბაძონ და დროულად მოახდინონ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება.

ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი - ლინას ლინკევიჩიუსი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ანექსიის ლეგალიზაციისკენ მიმართულ ყველა ქმედებას მიუღებლად მიიჩნევს და ყირიმის მაგალითის გათვალისწინებით, აღნიშნავს, რომ თავს მოდუნების საშუალება არ უნდა მისცენ, ევროპის პოზიცია ერთსულოვანი უნდა იყოს და რუსეთს მკაფიოდ განუცხადოს, რომ მისი ამგვარი ქმედებები მიუღებელია და ნებისმიერი სახის გადაწყვეტილებაზე ევროკავშირის თანადგომა საქართველოსადმი უცვლელი და ურყევია. უნგრელი - პიტერ სიიარტო, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების მომხრეა და მხარდაჭერას უწინდებურად ურყევად უცხადებს.

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ლუქსემბურგში ახალი და კარგი ვერაფერი გავიგეთ. მართალია, ევროპა რუსეთის მიერ, საქართველოს თუ უკრაინის მისამართით გადადგმული არასასურველი ნაბიჯების კატეგორიული წინააღმდეგია ყოველთვის და ჩვენი უსუსური და ოკუპირებული მდგომარეობა აშფოთებს, მაგრამ კრემლში გამომცხვარ გადაწყვეტილებებზე, როგორც წესი, კექსში ვანილის ფუნქციისმაგვარია და თუ ამ წლების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, ნაკლებად სავარაუდოა, სერიოზული გავლენა იქონიოს. ასე რომ, ევროპისგან სიტყვიერად ზურგგამაგრებულ საქართველოს ისღა დარჩენია, ან "ვანიას" კეთილ გადაწყვეტილებას დაელოდოს ან აფხაზი ხალხის კეთილგანწყობა რამენაირად მოიპოვოს, ან როგორც თავდაცვის მინისტრმა და ზოგიერთმა ოპოზიციონერმაც განაცხადა - აგრესიული პოლიტიკა აწარმოოს, რაშიც ჩვენს ხელისუფლებას, წინამორბედისგან განსხვავებით, ხასიათი არ უწყობს ხელს.

თამთა დადეშელი