თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა მინისტრის თანამდებობები დატოვეს - გზაპრესი

თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა მინისტრის თანამდებობები დატოვეს

ორმა "რესპუბლიკელმა" მინისტრმა თანამდებობა დატოვა. როგორც "რესპუბლიკური პარტიის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, გადადგომის შესახებ განცხადებები თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა დაწერეს.

რაც შეეხება კიდევ ერთ "რესპუბლიკელ" მინისტრს, გიგლა აგულაშვილი პარტიას ტოვებს. შესაბამისად, ის ამ ეტაპზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობაზე რჩება.

თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტს აშშ-ში ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ დატოვებს. როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას გუშინ ჰქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, რომელზეც გარკვეულ კალენდარზე შეთანხმდნენ.

"ბუნებრივია, რომ აქამდე როგორც მოვედით, ზუსტად ისე, ცივილიზებულად უნდა დავასრულოთ ეს პროცესი. თავდაცვის სამინისტროში არის რამდენიმე ძალიან სასწრაფოდ დასასრულებელი ღონისძიება, რომელსაც ახლა გადაბარების რეჟიმი ხელს შეუშლის და პრობლემას შექმნის. მათ შორის ერთ-ერთი არის რამდენიმე დღის წინ თბილისში გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ივლისის შუა რიცხვებში აშშ-ში დაგეგმილი ამ მემორანდუმის შესაბამის გეგმაზე მუშაობა, ამიტომ ახლა მე ამერიკაში გავემგზავრები, ამ პროცესს დავასრულებ და იქიდან დაბრუნების შემდეგ უკვე კონკრეტულ რიცხვზე შევთანხმდებით. მე არა მგონია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი იყოს, რომელ რიცხვში და რომელ საათზე მოხდება. პოლიტიკური გადაწყვეტილება თქვენთვის ცნობილია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ და მე და პრემიერი ამ შემთხვევაში ერთ აზრზე ვართ - არასოდეს მივცემ ჩემს თავს უფლებას, შუაში მივატოვო პროცესი, რომლის წარმატებისთვისაც მთელი წლის განმავლობაში ვიბრძოდი", - განაცხადა ხიდაშელმა.