"კლასში ჩასატოვებელი" "ოროსანი" დეპუტატები - გზაპრესი

"კლასში ჩასატოვებელი" "ოროსანი" დეპუტატები

როგორია ჩვენი დღევანდელი პარლამენტი და პარლამენტარები, მაღალხელფასიანი დეპუტატები უნდა იყვნენ თუ არა უფრო აქტიურები და საზოგადოებისთვის მეტად სასარგებლონი და საერთოდ, რა აზრის ხართ მათზე? - ამ შეკითხვით საზოგადოებისთვის ორ ცნობილ და ერთ უცნობ რესპონდენტსაც მივმართე.

ანრი ჯოხაძე, მომღერალი:

- პარლამენტის სხდომებსა და ნებისმიერ აქტივობას თვალყურს ნაკლებად ვადევნებ, საინფორმაციო გამოშვებაში თუ წავაწყდები ხოლმე რამეს. არჩევანს მე ჩემი ხმით ვაფიქსირებ და თუკი მოსახლეობამ ეს ხალხი აირჩია, უნდა შეეგუოს და რაც არ მოსწონს, შემდგომი არჩევნების გზით, დემოკრატიულად შეცვალოს. თავიდანვე უნდა ხვდებოდე, ვის ირჩევ და მერე, ფაქტის წინაშე რომ დადგები, აღარ უნდა გაგიკვირდეს. ვინაიდან პარლამენტში ისეთი ადამიანებიც მოხვდნენ, რომლებიც არაფერს აკეთებენ, იდარდონ მათ, ვინც ისინი აირჩიეს.

ანა გუგუნავა, დროებით უმუშევარი:

- საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობა იმიტომ მონაწილეობს, რომ ისეთი ხალხი აირჩიოს, რომელიც მის ინტერესებს დაიცავს. დეპუტატი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ტურგენევის "მუმუსავით" ზის და ხმას არ იღებს, არც მისი მოსწრებაა დიდად სახარბიელო, არც ერთი საკითხი განსახილველად არ გამოუტანია, რომელიც მის ამომრჩეველს აწუხებს, მაშინ რისთვის იღებს საკმაოდ სოლიდურ ხელფასს? უსაქმურობასა და სახლში ჯდომაში? რატომ? გეცოდინებათ, პარლამენტარებს რა პრივილეგიებიც გააჩნიათ და რამხელა პენსიასაც იღებენ მერე. არ მსმენია, არც "ნაცბანდას" და არც ჩვენი "ოცნების" მთავრობას, რომელიმე დეპუტატს დაესვას საკითხი ე.წ. ჩარეცხილთა ანუ 40 წლის ასაკში სამსახურებიდან გათავისუფლებული ხალხის არსებობა-ვერარსებობის შესახებ, თუ როგორ უნდა მიაღწიონ მათ საპენსიო ასაკს?!

ირაკლი ჩოლოყაშვილი, მსახიობი:

- დღევანდელი პარლამენტი, თავისი შემადგენლობით, მაინცდამაინც დიდ ინტერესს არ იწვევს. ზოგი აქტიურია, ზოგი არა. ალბათ, მთლად იმაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, მიკროფონთან დგას თუ არა, დეპუტატების სამუშაო ხომ მხოლოდ სიტყვით გამოსვლა არ არის. თუმცა, ვფიქრობ, ჩუმად ჯდომა უქმად ყოფნას მაინც არ ნიშნავს, მათ ხომ კომიტეტებშიც აქვთ სამუშაო, კანონებზე და თავიანთი მოსაზრებები, შესაძლოა, წერილობით ან სხვა ფორმით გამოხატონ. როდესაც რომელიმე დეპუტატი ერთ კონკრეტულ პარტიას მიეკუთვნება, ის თავისი გუნდის სახელით საუბრობს და მათ იდეებს ახმოვანებს, ამიტომ, შესაძლოა არც იყოს საჭირო, ყველამ სათითაოდ ილაპარაკოს. ვისაც ბევრი გაცდენა აქვს, ეს სხვა თემაა, ეს ნიშნავს, რომ სხვა, უფრო "მნიშვნელოვანი" რაღაცებით არიან დაკავებული. საპატიო და მიზნობრივ გაცდენას სხვა დატვირთვა აქვს, ან როცა ოპოზიცია ამა თუ იმ საკითხს ბოიკოტს უცხადებს, ეს მათი უფლებაა და პროტესტის ამ ფორმის გამოყენება შეუძლიათ.

თამთა დადეშელი