"სახელმწიფოს მთავარი მიზანი და ფასეულობა ადამიანია" - გზაპრესი

"სახელმწიფოს მთავარი მიზანი და ფასეულობა ადამიანია"

"ქართული ოცნების" შანსები და პლუს-მინუსები, "ნაციონალური მოძრაობის" შეცდომები და მიღწევები, ეროსი კიწმარიშვილი და "რუსთავი 2", საზოგადოების პრობლემები და სფერო, რომელიც ყველაზე დალაგებულია - ამ თემებზე საკუთარ მოსაზრებას მწერალი დათო ტურაშვილი გვიზიარებს.

- არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, რა იწვევს თქვენში ყველაზე დიდ პროტესტს? და როგორც მოქალაქე, როგორ შეაფასებთ დღევანდელ სიტუაციას?

- ჩვენი რეალობა სულაც არ არის დამოკიდებული მხოლოდ პოლიტიკოსებზე და ყველაზე მეტად რაც არ მომწონს ჩვენს ქვეყანაში, არის არაპროფესიონალიზმი, არასაკმარისი განათლება და არაკვალიფიციური მიდგომა ყველაფრისადმი. უპასუხისმგებლობა, უვიცობა და უდარდელობა ყველგან იგრძნობა, რაც უსასრულო პრობლემებს ქმნის და ცხოვრების დიდი ნაწილი უსარგებლო მოლოდინში გადის. თუმცა, ყველაფერს, რაც ზემოთ ჩამოვთვალე (და ყველაფერი არც მიხსენებია), აქვს ობიექტური საფუძველი და წინა პირობა - საუკუნეების განმავლობაში დაპყრობილი ქვეყანა ვიყავით და ამიტომ მოქალაქის ელემენტარული უნარ-ჩვევებიც კი დავკარგეთ, მთავარი დარტყმა, რასაკვირველია, საბჭოთა კავშირისგან მივიღეთ.

- თქვენი გადასახედიდან, რომელი სფერო მიდის განვითარების სწორი გზით და სად ხედავთ უკუსვლებს?

- ყველაზე კარგად და სწორად, რაც საქართველოში ვითარდება, რაგბია და ქართულ რაგბიში, ყველაზე დიდი დოზით ვხედავ სწორედ იმას, რაც ყველაზე მეტად გვაკლია: ერთობას, პროფესიონალიზმს, სიყვარულს, შრომას და წარმატებას.

- მახსოვს, წინა ხელისუფლების შეცდომებსა და რეჟიმის სისასტიკეზე საკმაოდ მწვავედ რეაგირებდით და არც კრიტიკას იშურებდით, მათ შორის, ზოგიერთი ტელევიზიის ეთერით. ახლა როგორ შეაფასებთ მათ ქცევებსა და მდგომარეობას? თქვენი აზრით, რიგ საკითხებში, ზედმეტად პროვოკაციულები ხომ არ არიან?

- როგორც წინა, ასევე ნებისმიერი ხელისუფლების შეფასებისას, უნდა შევეცადოთ, ობიექტურები ვიყოთ, მათ ნამდვილად უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მოახდინეს საქართველოში (სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით), მაგრამ რეფორმების მთავარი უარყოფითი თვისებაც სწორედ ის არის, რომ სისწრაფეში შეიძლება, მთავარი დაგავიწყდეს, სახელმწიფოს მთავარი მიზანი და ფასეულობა კი ადამიანია. ადამიანს კი, დღიდან გაჩენისა, სამართალი და სამართლიანი სასამართლო სჭირდება და როგორიც მაშინ შექმნეს, ზუსტად ისეთი მოუბრუნდათ უკან და ყველაზე მეტად, სწორედ ისინი დაზარალდნენ იმ სასამართლოს უსამართლობით, რომელიც თვითონ შექმნეს. ჩემთვის მისაღები და მოსაწონი მხოლოდ ის ხელისუფლება იქნება, ვისთვისაც განათლება იქნება პრიორიტეტული და ვინც მიხვდება, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა არასაკმარისი განათლებაა და მხოლოდ განათლებული ხალხი შეიძლება იყოს კეთილგონიერი, თორემ ნიჭიერები ისედაც ვართ.

- როგორია "რუსთავი 2"-ის საქმის თქვენეული შეფასება?

- ამჟამინდელ ხელისუფლებას სურს, რომ "რუსთავი 2"-ის საქმეს კერძო და ქონებრივი დავის კვალიფიკაცია ჰქონდეს, მაგრამ აქ რომ პოლიტიკური ინტერესიც იკვეთება, ვხედავთ, რადგან ისიც გვახსოვს, თუ როგორ და რატომ გახდა მაშინ ქიბარ ხალვაში ამ ტელეკომპანიის წილის მფლობელი და თუ ამ ჯაჭვს გავყვებით, 1801 წლამდე თუ არა, 1921 წლამდე მაინც მოგვიწევს ჩასვლა. როგორც უნდა გვძულდეს "რუსთავი 2"-ის მოღვაწეობა სააკაშვილის დროს, ახლა, როცა იგივე ტელეკომპანია ოპოზიციურია, ამ საკითხს მაინც სახელმწიფოებრივად უნდა მივუდგეთ, რადგან არაფერი ისე არ სჭირდება ხელისუფლებასა და ქვეყანას, როგორც კრიტიკული აზრი და მთავრობისგან დამოუკიდებელი ტელევიზია. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლება ამას ვერ ხვდებოდა და თუ ახლანდელიც ვერ ხვდება, ჩვენ მაინც მივხვდეთ და არჩევანი იმისდა მიხედვით გავაკეთოთ, რა სჭირდება სახელმწიფოს და ჩვენ მაინც ვიყოთ არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ - სახელმწიფოს მხარეს...

- წინასაარჩევნო ცხელი პერიოდია, თქვენი აზრით, "ოცნებისა" და "ნაციონალების" ორთაბრძოლა პირველობისთვის მწვავე დაპირისპირებებით ჩაივლის? ხშირად გვესმის კითხვა - "მობრუნდებიან "ნაციონალები"?, - თქვენ რა აზრის ხართ?

- ბევრი მიზეზის გამო, "ნაციონალური მოძრაობა" ვერ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, როგორც უმრავლესობა, მიუხედავად იმისა, რომ მათ, სრულიად საკმარისი დრო ჰქონდათ, დამარცხების მიზეზებზე ეფიქრათ და რადიკალურად შეცვლილიყვნენ, მაგრამ ეს არ გააკეთეს. თუმცა სამომავლოდ, თუ სწორ ანალიზს გააკეთებენ, რასაკვირველია, მათი შანსები გაიზრდება და შეიძლება ისევ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. რაც მთავარია, თუ გაუჩნდებათ სინანული იმ შეცდომების გამო, რასაც ქვეყანაში სისტემური დანაშაულები მოჰყვა. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", ისინი იმაზე უუნაროები აღმოჩნდნენ (სამწუხაროდ), ვიდრე მათ "ნაციონალები" მოიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ ბოლო დროს, მათი შანსები, რომ "ნაციონალებზე" მეტი ხმები მიიღონ, ისევ გაიზარდა, რადგან სააკაშვილი კვლავ გააქტიურდა და რამდენჯერაც იმას იტყვის, რომ შემოდგომაზე საქართველოში დაბრუნებას აპირებს, იმდენი პროცენტით გაიზრდება არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა. მეტიც, იმის შიშით, რომ სააკაშვილი მართლა არ დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკაში, ისინიც კი მისცემენ ხმებს ნებისმიერ სხვას (და მათ შორის "ქართულ ოცნებასაც"), ვინც ამ არჩევნებზე მისვლას საერთოდ არ აპირებდა. არადა, "ქართული ოცნება", ნამდვილად არ იმსახურებს გამარჯვებას, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი კვირიკაშვილი, პიროვნულად, ძალიან პოზიტიური და კარგი ადამიანია.

თამთა დადეშელი