აფხაზეთში დარჩენილი მოხუცი ქალბატონის ჩანაწერები - გზაპრესი

აფხაზეთში დარჩენილი მოხუცი ქალბატონის ჩანაწერები

აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ, საკუთარი სახლ-კარი ბევრმა ადამიანმა არ დატოვა. ამბობდნენ, - უკაცოდ სახლი გაჩანაგდება და ვიდრე ოჯახის წევრები ისევ უკან დაბრუნდებიან, აქაურობას მივხედავთო... თითქმის ყველა მათგანი აფხაზი ახლობლის ან მეზობლის იმედად დარჩა. ისინიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ახლობელ ქართველებს. აფხაზი ბოევიკები "სპეციალურ რეიდებს" ახორციელებდნენ ქართველების სახლებში და არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც "მფარველ" აფხაზს მათი დახმარება ვერ მოუსწრია... გარკვეული დროის შემდეგ, ვინც კი ცოცხალი გადარჩა, თითქმის ყველამ დატოვა იქაურობა, რადგან ბოევიკები უკვე მათ "მფარველებსაც" ავიწროებდნენ.

ზოგს წამების პროცესში მოუსწრეს და გადაარჩინეს, მაგრამ რამდენიმე პირდაპირ დახვრიტეს. მათ საკუთარ ეზოში ვმარხავდით, რომ ოჯახს ცხედარი მაინც ჰქონოდაო, - ჰყვებოდნენ ისინი, ვინც იმ ჯოჯოხეთში რაღაც პერიოდი გაატარა.

აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ, ორ წელზე მეტი გაატარა სოხუმში ქართველმა ქალბატონმა ვერა თოდუამ. "ზოგჯერ ისეთი არაადამიანური სისასტიკის, ზოგჯერ კი თავგანწირის შემსწრე ვხდებოდი, ემოციების გაკონტროლება მიჭირდა. ზუსტად არ მახსოვს, რამდენჯერ გადავურჩი დახვრეტას. აფხაზებმა არაერთხელ განახორციელეს ჩემზე დახვრეტის იმიტაცია... ბოღმა და საკუთარი უსუსურობა მახრჩობდა. მივხვდი, სიგიჟის ზღვარზე ვიყავი. ცოტაც და, ნერვები მიმტყუნებდა და საგიჟეთში ამოვყოფდი თავს... შემდეგ გამოსავალი ვიპოვე - წერა! ღამე ვერ ვიძინებდი და გათენებამდე ვწერდი. ეს შვება იყო..." - ჰყვება სოხუმელი მოხუცი თავის ჩანაწერებში, რომლის დაბეჭდვის ნებართვაც მისმა შთამომავლებმა, ჟურნალ "გზას" ექსკლუზიურად მისცეს.

ქალბატონი ვერას ჩანაწერებს მცირედი შემცირებებით გთავაზობთ (სტილი დაცულია):

"ოქტომბერი, 1993 წელი. სოხუმი.

არ ვიცი, რა დღეა და რომელი რიცხვია. ვიცი, რომ ოქტომბერია. დღისით ძალიან ცხელა, ღამე გრილა... გაგრიდან სოხუმში გადმოვინაცვლეთ, იქაურობას უკვე აფხაზები აკონტროლებდნენ და იქ ყოფნა გაუსაძლისი იყო... მე და ჩემი მეუღლე სოხუმში დავრჩით. თუ რატომ, ამაზე ჩემს თავს შემდეგ ხშირად ვეკითხებოდი... სანამ სოხუმის აღების ეიფორია გადაუვლით, აფხაზ ნათესავებთან ვართ, მაგრამ მალე სახლში უნდა წავიდეთ. აუცილებლად წავალთ! სახლ-კარს პატრონობა სჭირდება... აფხაზი ნათესავის სარდაფში ვართ მე და ჩემი მეუღლე. სუფთა ჰაერი გვენატრება, სხვა დანარჩენზე - შიშზე, სროლებზე, სტრესზე არ ვფიქრობთ. ჩემი მეუღლე ვერ იტანს უჰაერობას, ასთმა აქვს, აღარ გვაქვს დამხმარე "ბალონიც" და მხოლოდ "ნოშპის" იმედად ვართ, რომ სპაზმი მოეხსნას... დღეს აფხაზები პატრულირებდნენ, მას კი ნერვიულობის ნიადაგზე სპაზმური ხველა დაეწყო. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და პირზე ხელი ავაფარე. ჩვენს თავს ვინ ჩივის, მასპინძელ აფხაზებსაც დახოცავდნენ... რამდენიმე წამში გალურჯდა. მივხვდი, ვერ გაუძლებდა და ხელი მოვაშორე. ჭუჭრუტანიდან დავინახე, როგორ შემოაღო ჭიშკარი წვერიანმა, მხარზე ავტომატგადაკიდებულმა აფხაზმა. ძარღვებში სისხლი გამეყინა. პირდაპირ სარდაფის ჩასასვლელისკენ გამოემართა. ამ დროს სახლიდან მასპინძელი ქალი გამოვარდა, - "ჩტო პროისხოდიტ, ბრატ?" - "კტო უ ვას ტამ?" "ეტა მოი დომ! ვონ ატსუდა!" - დაუყვირა ქალმა. კაცი შეყოვნდა: "კტო ტამ, ჩტო ზა შუმ?" - ეჭვით იკითხა და კარს წიხლი ჰკრა... - "ეტა ია, ნუ ი ჩტო?" - ხრინწიანი ხმით იკითხა სარდაფის გვერდითა მხრიდან ვიღაცამ. ეს ოჯახის უფროსი, ევგენი მიხაილოვიჩი იყო. მას სიარული უჭირდა და ხელჯოხით დადიოდა... აფხაზი გაფითრდა, უფროსების მიმართ მათ ძალიან დიდი რიდი აქვთ. ამასობაში ჭიშკარში მეორე გამოჩნდა. - "ტამ ვსო ვ პარიადკე?" - ჰკითხა თანამებრძოლს. - "ნავერნოე, და!.. იზვინიტე!" - თქვა და გატრიალდა... ასე გადავრჩით პირველად. შემდეგ მსგავსი ფაქტი იმდენჯერ განმეორდა...

ლალი პაპასკირი