რეფორმატორი, ყოფილი "ნაციონალი" და მიხეილ სააკაშვილის აღმოჩენა... - გზაპრესი

რეფორმატორი, ყოფილი "ნაციონალი" და მიხეილ სააკაშვილის აღმოჩენა...

პირადად ჩემთვის გიორგი ვაშაძე "ნაციონალურ მოძრაობასთან" მყარად ასოცირებული ადამიანია. "ნაციონალების" ერთ-ერთი ლიდერი და სახე გახლდათ, მან პოლიტიკური კარიერა ამ პარტიაში დაიწყო, თუმცა ცოტა ხნის წინ დატოვა, გამოეყო გუნდს და საკუთარი სამოქალაქო პლატფორმა - "ახალი საქართველო" დააფუძნა.

საინტერესოა, როგორ აპირებს ყოფილი "ნაციონალი" ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში მუშაობის გაგრძელებას, რა გეგმები აქვს, როგორ აფასებს განვლილ გზას და "ნაციონალური" იმიჯი შეუშლის თუ არა ხელს, ახალი გეგმების განხორციელებაში?..

- პირველი კითხვა, რასაც ვერ ავცდებით, ასეთია: რატომ დატოვეთ "ნაციონალური მოძრაობა"?

- ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანია, რომ გაჩნდნენ ახალი ადამიანები. ამიტომ ძირითადი მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ახალი ადამიანებისთვის შესაძლებლობა მიგვეცა, პოლიტიკაში აქტიურად გამოჩენილიყვნენ... 25 წელია, ამ სფეროში ერთი და იგივე ხალხი ტრიალებს. ამიტომაც არის, რომ ვერ ვვითარდებით. ჩემი ნაბიჯი მართალია, საკმაოდ რისკიანია, მაგრამ იქითაა მიმართული, რომ ყველას გავუხსნათ გზა პოლიტიკაში.

- "ნაციონალური მოძრაობა" თავიდან ორიენტირებული იყო პროგრესზე, წინსვლაზე, ეს იყო მთავარი გზავნილი საზოგადოებისთვის... როგორ ფიქრობთ, ეს მიმართულება დაკარგა?

- არაერთხელ ვთქვი და გავიმეორებ: "ნაციონალური მოძრაობა" არის ჩაკეტილი ორგანიზმი, სადაც ახალ ადამიანებს შესვლის შესაძლებლობა, საკუთარი თავის რეალიზების საშუალება არა აქვთ.

- ყოფილი თანამებრძოლების კონკრეტული გვარები და სახელებიც კი დაასახელეთ (გიგა ბოკერია, მიხეილ მაჭავარიანი, გოკა გაბაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი...) და თქვით, რომ ისინი დღეს "კაბინეტური მართვის" პრინციპით მოქმედებენ. ეს ცხელ გულზე ნათქვამი ფრაზაა თუ მართლაც ასეა?

- კი, ასეა და ეს სერიოზული პრობლემაა, რითაც სარგებლობს "ქართული ოცნება". "ქართული ოცნების" მთავარი გზავნილი რა არის? "ვერ გავძლიერდი, სუსტი ვარ, ვერ ვაკეთებ, მაგრამ ჩემზე უარესები არსებობენ, რომლებიც სისხლის მსმელები და ცივსისხლიანები არიან". ამ იმიჯის მოხსნა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ შეძლო.

- მიგაჩნიათ, რომ ბოლო ოთხი წლის მანძილზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" სერიოზული შანსი გაუშვა?

- მართვის სისტემის შეცვლა, ღია კარის პრინციპზე გადასვლა იყო საჭირო, პოლიტიკური ჯგუფებისთვის თუ ინდივიდებისთვის კარის გახსნა, რომ ისინი "ნაციონალურ მოძრაობაში" შესულიყვნენ და გადაწყვეტილების მიღებაშიც ჩართულიყვნენ. საზოგადოება დაინახავდა, რომ მათთან რაღაც შეიცვალა...

- როგორც ვიცი, მიხეილ სააკაშვილის აღმოჩენა იყავით, თუმცა დღეს აღარ ხართ "ნაციონალურ მოძრაობაში", მასთან უხერხულად არ გრძნობთ თავს?

- "მიხეილ სააკაშვილის აღმოჩენა" - რას ნიშნავს? თავის დროზე, იუსტიციის სამინისტროში კონკურსის წესით დავიწყე მუშაობა.

- ის კმაყოფილი იყო თქვენი საქმიანობით, შრომას გიფასებდათ და ამაზე ხმამაღლა ლაპარაკობდა კიდეც...

- ძალიან კარგად იცოდა ჩემი პოზიცია და იცის დღესაც. ამ ეტაპზე აბსოლუტურად სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილება მივიღე და არავისთვის დამიმალავს ეს.

- თქვენს თანამებრძოლებთან, რომლებთანაც წლები განვლეთ, როგორი ურთიერთობა გაქვთ მას მერე, რაც ზოგიერთ მათგანზე საჯაროდ ისაუბრეთ. მათთან ისევ მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებთ?

- ჩემ მიერ დასახელებულ პიროვნებებთან ურთიერთობა არ მაქვს, ბევრს მეგობრად მივიჩნევ, თუმცა ურთიერთობა მეგობრობას არ სცდება.

- როდესაც საკუთარი სამოქალაქო პლატფორმა - "ახალი საქართველო" წარმოადგინეთ, აღნიშნეთ, რომ ის ახალ პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. "ახალ პრინციპებში" რას გულისხმობთ?

- პირველი - ეს ადამიანების ღია შერჩევის მექანიზმია, - ვისაც უნდა, რომ აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკაში, ეს სრულიად ღია პრაიმერია ახალი საქართველოსთვის. მეორე და უფრო მნიშვნელოვანი - პროფესიონალების შემოკრებაა, რომლებთან ერთადაც გასატარებელ რეფორმებზე უნდა ვიფიქროთ, რომ ქვეყანაში ეკონომიკა სწრაფად განვითარდეს. ამისთვის დამუშავებული გვაქვს პროექტები, იგივე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებითაც. დიახ, ასეთ სიახლეებს ასპარეზი უნდა გავუხსნათ, - ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი!

- გაქვთ არჩევნებში გამარჯვების შანსი?

- ჩვენი მიზანია, პარლამენტში ფართო წარმომადგენლობით შევიდეთ, გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა განვახორციელოთ გარღვევა ეკონომიკური განვითარების კუთხით.

- როგორ?

- საქართველო უნდა ვაქციოთ მსოფლიო მასშტაბით ბიზნესის კეთების ცენტრად. ამაზე გვექნება ყურადღება გამახვილებული. ამ კონცეფციაზე თანაგუნდელებთან ერთად, დაახლოებით 2 წელი ვმუშაობდით. ის არც ერთ ქვეყანაში არ არის რეალიზებული. ვფიქრობ, რომ საქართველოში დიდ ინვესტიციასა და ფინანსურ რესურსს მოიტანს. ჩვენთან პრობლემა ის არის, რომ უცხოური ფულის ნაკადების შემოდინება არ ხდება, ამიტომ არის ლარის კურსისა და სხვა პრობლემები შექმნილი. მოკლედ, მოფიქრებული გვაქვს, როგორ მოვიზიდოთ მეტი ფინანსური რესურსი. კონკრეტულად კი გვინდა, მსოფლიოსთვის გავაკეთოთ ონლაინფინანსური და ეკონომიკური ცენტრი. მაგალითად, ხართ ამერიკის მოქალაქე და იაპონიის მოქალაქესთან ერთად გინდათ, დააფუძნოთ კომპანია ბიზნესის საკეთებლად, - ამ ტიპის ადამიანებს უნდა შევთავაზოთ ვიდეოზარის მეშვეობით დაარეგისტრირონ კომპანია. ბევრი ბიზნესი შეიძლება მოვიზიდოთ და ასევე, სერიოზული თანხები.

- წინა ხელისუფლების პირობებში თქვენს პერსონალურ მიღწევად რას მიიჩნევთ?

- რამდენიმე რეფორმას, რომელიც დღემდე მსოფლიოში თავის სფეროში წამყვან რეფორმად მიიჩნევა, იგივე იუსტიციის სახლები, ასევე მომწონს პროექტი - "კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება", რომელიც დღესაც აქტიურად მუშაობს საქართველოს სოფლებში. ჩემი მთავარი მიღწევა ის არის, რომ თანაგუნდელებთან ერთად, შევძელით, შეგვეცვალა სახელმწიფოს, ბიუროკრატისა და მოქალაქეების ერთმანეთთან დამოკიდებულება.

- მუშაობაში ყველაზე მეტად ხელს რა გიშლით და რისი კეთება გამოგდით იოლად?

- საქმის გადადება არ მიყვარს, რადგანაც ვიცი, რომ გადადებული საქმე აღარ გამოდის. ჩემთვის დიდი პრობლემაა მასშტაბი, რადგან ახალი ტიპის იდეები სახელმწიფოს გარეშე არ რეალიზდება. ასევე ხელის შემშლელი ფაქტორია მცირე ეკონომიკა, რომელიც ქვეყნის შიგნით არსებობს. თორემ სიამოვნებით დავიწყებდი ხელისუფლების გარეშე იმ რეფორმებს... მაგრამ მსიამოვნებს და მეიოლება რადიკალურად ახალი იდეების, ნოვაციების მიღება, განსხვავებულად მოაზროვნეებთან საუბარი, კონტაქტი.

- ბავშვობაში პოლიტიკოსობა გნდომებიათ?

- სკოლის დამთავრების შემდეგ, როცა უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარე, მართლა ვფიქრობდი იმაზე, რომ ჩემი ქვეყნისთვის რაღაც გამეკეთებინა, მის განვითარებაში გარკვეული წვლილი შემეტანა. ვიცოდი, რა მინდოდა და რაღაც დოზით მივაღწიე კიდეც ამას.

- რა მოგყვებათ მშობლებისგან, ოჯახისგან, სადაც აღიზარდეთ?

- ოჯახსა და გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს, პიროვნება ოჯახში ყალიბდება და მერე ისე იქცევა, როგორც აღიზარდა. ჩემს მშობლებს ამაში დიდი წვლილი მიუძღვით.

- რომელ უბანში იზრდებოდით?

- დავიბადე ჭიათურაში, მერე თბილისში გადმოვედი და ვცხოვრობდით საბურთალოზე, დიღმის მასივშიც და იქვე დავამთავრე 169-ე სკოლა.

- უბანმა რა განსაზღვრა თქვენს ცხოვრებაში? ქუჩაში თანატოლებთან ერთად თუ მდგარხართ?

- ბევრი ამბობს, რომ კომუნიკაბელური ვარ და არ მიჭირს ადამიანებთან კონტაქტი. იმის გამო, რომ საცხოვრებელი ადგილი რამდენჯერმე შევიცვალე, მათ შორის - ქალაქიც, ამან მხოლოდ პოზიტიურად იმოქმედა ჩემზე. სკოლაში ისეთ პერიოდში ვსწავლობდი, როცა ქუჩაში კატასტროფული ვითარება იყო (90-იანი წლები გახლდათ): ნარკომანია და კრიმინალი მძვინვარებდა... ასეთ დროს რთულია, სწორად იარო, მაგრამ გამიმართლა, რადგანაც ისეთ სამეგობრო წრეში აღმოვჩნდი, სადაც ნაკლები ინტერესი ჰქონდათ ნარკოტიკების მიმართ. ხომ ვამბობ, ამაზე მაინც ოჯახიც ახდენს გავლენას, - სად იზრდები, სად ხარ, რას აკეთებ. კი, ქუჩაშიც ვმდგარვარ, ბევრჯერაც მიჩხუბია, მაგრამ ვფიქრობ, კარგად გავიარე ის პერიოდი.

- თქვენი ოჯახიც გაგვაცანით.GzaPress

- მყავს მეუღლე - ქეთი და სამი შვილი. ქეთი ყველაფერში მხარში მიდგას, შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, ყველგან ერთად ვიყოთ და ერთმანეთს ხელი შევუწყოთ. შვილები ცოტა ხნის წინ ჭიათურაში, ჩემს სოფელში, ბებია-ბაბუასთან იყვნენ, ახლა ბახმაროში არიან. ჩემი სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, ნაკლებად მაქვს ბავშვებთან ურთიერთობა, რაზეც ვწუხვარ. არადა, მუდმივად ვცდილობ, მეტი დრო გავატარო მათთან. მყავს 2 ბიჭი და ერთი გოგო. უფროსი ერთ წელიწადში სკოლაში წავა, შუათანაზე ამბობენ, რომ ძალიან ნიჭიერია, სწრაფად ისრუტავს ყველაფერს, გოგონა კი ჯერ არ ლაპარაკობს, პატარაა. ვგმობ ბავშვთან ჩხუბს, მათ ცემას! ჯობია, აუხსნა, გააგებინო. ერთხელ, ორჯერ და მერე მიხვდება, რომ სხვანაირად უნდა მოიქცეს.

- თქვენი მავნე ჩვევა რა არის?

- სიგარეტს ვეწევი, მაგრამ სახლში და ოფისში არა. თუ ბარში დავჯდები, შეიძლება იქ მოვწიო. ვფიქრობ, ბარში სიგარეტის მოწევა უნდა აიკრძალოს.

- დაასახელეთ მუშაობის დროს თქვენთვის მნიშვნელოვანი ატრიბუტი.

- მობილური ტელეფონი. ის ფუნქცია, რაც ტელეფონს აქვს, ბევრი რამის შესაძლებლობას იძლევა (ჩაწერო, ჩაინიშნო, გაგზავნო), ამიტომ ის ჩემი აუცილებელი ატრიბუტია...

ლალი ფაცია