ქართველი სპორტსმენების ძალა ქართული პარლამენტარიზმის მშენებლობაში - გზაპრესი

ქართველი სპორტსმენების ძალა ქართული პარლამენტარიზმის მშენებლობაში

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებამ საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. "რაში დასჭირდათ ამდენი სპორტსმენი?" "მორაგბეები მაინც დაესახელებინათ, ფეხბურთელები უკვე იმედგაცრუებასთან ასოცირდებიან", - ასე ეხმიანებიან "ოცნების" მიერ დასახელებულ კანდიდატებს. მმართველი პარტიის რიგებს შეუერთდნენ ფეხბურთელები, ლევან კობიაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი და მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი. ასევე, დედაქალაქის ერთ-ერთ რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ლევან გოგიჩაიშვილი...

"მართლა ძალიან მაინტერესებს, რა კრიტერიუმით შეარჩიეს ეს ხალხი?" - კითხულობს გაოცებული გია კორკოტაშვილი, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებზე "ქართული ოცნების" გამარჯვების არ სჯერა.

- ყველა ადამიანი თავის ისტორიას ისე წერს, როგორც ფიქრობს. "ქართულმა ოცნებამაც" თავისი ისტორია ასე დაწერა 4 წლის განმავლობაში. რამდენად სწორად დაწერა, ამას შემდეგ არჩევნებზე ვიხილავთ, თუმცა, არა მგონია, მის მიერ დასახელებულმა კანდიდატებმა მომავალ არჩევნებზე გამარჯვება მოუტანონ... არ ვიცი, რა გახდა მიზეზი, რომ "ოცნებამ" ასეთი ადამიანები შეარჩია, ეს მათი პროდუქციაა. ფაქტია, რომ საზოგადოებაში მათ მიმართ იმედგაცრუება ყოველდღიურად იმატებს, ადამიანი დაპირებებით კი არა, საქმით ფასდება, ამ გუნდმა კი, ყველა ნაბიჯზე აჩვენა, რომ სუსტები კი არა, უნიათოები ყოფილან. რა გაუკეთებია ამ ხალხს სხვაზე მეტი, რით არიან განსაკუთრებული და რა დამსახურებისთვის მიიღეს ეს ნდობა? სამშობლო უყვართ ჩემზე ან სხვაზე მეტად? რის გამო უნდა დაუჭიროს მხარი ამომრჩეველმა მათ, კობიაშვილი რომ ფეხბურთელია, ხუციშვილი რომ კარგი მონადირე ყოფილა, ამიტომ? ერთი არგუმენტი მაინც მითხრან და გავჩუმდები... განათლება აქვთ ვინმეზე მეტი, მომავალში პარლამენტში პროდუქტიულობით იქნებიან გამორჩეული თუ ქვეყნის კეთილდღეობაზე იზრუნებენ? ვიღაც ერთი დაუწერს დაპირებებს და ესენიც ყველა შეხვედრაზე დადგებიან ამომრჩევლების წინაშე "შპარგალკით", "წაუმღერებენ" და მორჩა. ყველამ ხომ ვიცით, რომ მათ სხვა რესურსი, არც პოლიტიკური და არც ადამიანური არ გააჩნიათ. ასეთი ქმედებები რომ ჰგონიათ პოლიტიკა ახლანდელ მმართველებს, ამიტომაც ვართ ასეთ დღეში და ასე ვიქნებით კიდევ დიდხანს, თუ რამე მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოხდა.

- როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა, რომ კანდიდატებს შორის 5 სპორტსმენია?

- ეს კითხვა ბევრს აწუხებს და მათ შორის - მეც. ვერ გეტყვით, ალბათ ადვილი სამართავები არიან ან შეიძლება რაღაცას აპირებენ პარლამენტში, ჭიდაობას ან რამე სხვა სახის სპორტულ ღონისძიებას, თორემ ამ კონტინგენტით სხვა რა უნდა გააკეთონ? უკვე მითია, რომ ესენი კიდევ ოთხი წლით მოვლენ ხელისუფლებაში. შეიძლება, ძალიან მალე, თავიანთი ბრიყვული ქმედებებით, მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსის ამარა დარჩნენ... ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ამ ადამიანებს არავითარი გამოცდილება არა აქვთ და თუ მართლაც მოხდა საოცრება და დეპუტატის მანდატი მიიღეს, ვიღაცის კარნახის იმედზე მოუწევეთ ყოფნა... ეს ჩვენზე უკეთ იციან მათ უკან მდგომებმაც. სწორედ ამიტომ არ ვიცი, რის მიღწევას ცდილობს "ქართული ოცნება". თუ კოაბიტაცია უნდოდათ, პირდაპირ და ალალად შეერთებოდნენ "ნაციონალურ მოძრაობას" და კაცურად ეთქვათ, - აი, მომავალ საქართველოს ასე ვხედავთ, აბა, ჩვენ მარტო ვერაფერი გავაკეთეთო. ვიღაცები შეაგინებდნენ, მაგრამ ვიღაცებს ალბათ შეეცოდებოდათ და გულწრფელი საქციელის გამო მაინც დააფასებდნენ ან შეიცოდებდნენ მაინც. ხან ეს უნდათ, ხან ის. ვერც მე და ვერც საზოგადოების დიდმა ნაწილმა ვერ გაიგო, რა უნდათ, რას ჯახირობენ. 4 წელია, ვერ ჩამოყალიბდნენ. ამდენი ხანია ვუყურებ, თავიდან სხულ სხვა მოლოდინი მქონდა, ახლა კი, ასე მგონია, ამას ნიჰილიზმიც აღარ ჰქვია, - ასე მგონია, ისინი სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ, ჩვენ - სხვაზე... გიორგი კვირიკაშვილმა ამ კანდიდატების დასახელებით, მათი დასასრულის დასაწყისი დააანონსა.

- ფიქრობთ, რომ ეს გუნდი კვირიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილთან შეუთანხმებლად დააანონსა?

- არა, დარწმუნებული ვარ, ეს გამორიცხულია. ბიძინა თავად არის გუნდის მწვრთნელი და მოთამაშეც. მის გარეშე ესენი დაცემინებასაც ვერ ბედავენ, არათუ ვინმეს კანდიდატურის წარდგენას... მართლა არ ვიცი, რა ხელს აძლევს მას ასეთი თამაში, რომლისგანაც სარგებელს ვერ მიიღებს. ეს მისი ფოკუსია. ფაქტია, რომ რაღაცას ფანტაზიორობს. ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს, საქართველოს მოსახლეობას აქვს შავისა და თეთრის გარჩევის უნარი და თავს კიდევ ერთხელ არავის გამოაყენებინებს.

ლალი პაპასკირი