იმედგაცრუებული დიმიტრი ტატიშვილი - გზაპრესი

იმედგაცრუებული დიმიტრი ტატიშვილი

ბოლო დროს ტენდენციად იქცა, პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებში მსახიობების, სპორტსმენებისა ან უბრალოდ, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების წარდგენა. საზოგადოების ერთი ნაწილი ამას მიესალმება, ზოგიც მიიჩნევს, რომ მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის, რადგან ამ სფეროში რეალურად საქმის კეთება მათ კი არა, პოლიტიკოსებსაც უჭირთ. მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი მიიჩნევს, რომ ყველა ადამიანი თავად აკეთებს არჩევანს, მაგრამ პოლიტიკა მისი საქმე არ არის. ცნობილი მსახიობი რეალური ცვლილებების მომხრეა.

- დიდი ექსპერტობით არ გამოვირჩევი, მაგრამ ჩემი შეხედულება, მოლოდინი და სურვილი ასეთია, - ახლანდელი ხელისუფლება მომდევნო 4 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში არ უნდა იყოს და იმედია, ასეც იქნება. მგონი, ყველამ დაინახა, რომ ამ ხნის განმავლობაში, მათ ქვეყნის უკან დახევის მეტი, არაფერი გაუკეთებიათ, - არ გააკეთეს Uთუ ვერ გააკეთეს, ეს მათი პრობლემაა და არა - ჩემი. მე ერთი რიგითი მოქალაქე ვარ და მინდა განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება, რისი იმედიც, ამათ შემყურეს, არ მაქვს. მართალი გითხრათ, არც იმ 4 წლის წინ მჯეროდა, რომ დაპირებებიდან რომელიმეს შეასრულებდნენ, რადგან ეს ყველაფერი თავიდანვე ფუჭი იყო. თითქმის შეუძლებელია იმის გაკეთება, რაზეც ისინი ხალხს ესაუბრებოდნენ, ეს უფრო ფანტასტიკის სფერო იყო, ვიდრე პოლიტიკური პროგრამა და საქმითაც დამტკიცდა, რომ ასე იყო. თუმცა, სამწუხაროდ, მათი ხელისუფლებაში მოსვლა ჩემს სურვილზე არ ყოფილა დამოკიდებული... მათი არასდროს მჯეროდა, მაგრამ მაინც იმედგაცრუებელი ვარ და მიმაჩნია, რომ სახელისუფლებო გუნდი, რომელსაც ქვეყნისთვის სიკეთე არ მოაქვს, უნდა წავიდეს.

- სახელისუფლებო გუნდი ხშირად საუბრობს მძიმე მემკვიდრეობაზე, რაც მათთვის დაპირებების შესრულების შემაფერხებელი ფაქტორი გახდა...

- არ მჯერა, მათი არც ერთი სიტყვის, მით უფრო, მძიმე მემკვიდრეობის, რომელმაც თურმე ამა თუ იმ სფეროს წარმატებით განვითარებას ხელი შეუშალა. ეს თითიდან გამოწოვილი მიზეზია. სინამდვილეში, პროფესიონალიზმის სერიოზული დეფიციტი ჰქონდათ ყველა სფეროში. თუ ასე იყო, 4 წელი ჰქონდათ იმისთვის, რომ ეს მოეწესრიგებინათ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ.

- რომელი პოლიტიკური ძალა სარგებლობს თქვენი მხარდაჭერით?

- ის ძალა, რომელიც ორიენტირებულია დასავლურ ღირებულებებზე, რომელმაც შეცდომების კვალდაკვალ, ძალიან ბევრი, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე გააკეთა და ქვეყანა იმ ჭაობიდან ამოიყვანა, რომელშიც 90-იან წლებში ვცხოვრობდით... შეცდომებიც ჰქონდათ, მაგრამ იმედია, ისწავლიან. მინდა, მის გარშემო პროდასავლური ძალები გაერთიანდნენ, თუნდაც - "გირჩი" ან გიორგი ვაშაძის პარტია, ბევრი ხმა აიღონ და უფრო დაბალანსებული სახით მოვიდნენ ქვეყნის სათავეში. საერთოდ, ძალიან მინდა საქართველოს მრავალპარტიული პარლამენტი მართავდეს, სადაც ჯანსაღი კამათი იქნება და ამა თუ იმ საკითხს ერთი კონკრეტული პირი არ გადაწყვეტს. ჩემთვის მთავარია, საქართველომ იაროს დასავლეთის გზით, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ჩვენს ქვეყანაში პრორუსული ძალების აქტიურობა. ძალიან გამაღიზიანებელია ბოლო დროს მათი გააქტიურება, შეურიგებელი ვარ პრორუსული პარტიებისა და ორგანიზაციების მიმართ.

- თქვით, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში ყოფნისას შეცდომები ჰქონდა. როგორ ფიქრობთ, აპატიებს საზოგადოება მომდევნო არჩევნების დროს?

- საზოგადოება თავად გადაწყვეტს, აპატიებს თუ არა, მე ჩემს ხმასა და აზრზე ვარ პასუხისმგებელი... არჩევნები იმისთვის ტარდება, რომ ეს გაირკვეს. უბრალოდ, რასაც ახლა ვუყურებ, სხვა რეალური ალტერნატივა არ ჰყავთ.

- ბოლოდროინდელი ტენდენციით, ხელოვანები და სპორტსმენები აქტიურად ერთვებიან პოლიტიკაში. თქვენ არ გქონიათ შემოთავაზება?

- არა, ყველამ თავისი საქმე და ცხოვრების გზა თავად იცის, მაგრამ მე არ მინდა პოლიტიკაში წასვლა. უფრო სწორად - კატეგორიულად არ მინდა. ეტყობა, ამას ისე ხშირად ვამბობ, რომ არც არასდროს მქონია მსგავსი შემოთავაზება. არ მიზიდავს ეს სფერო და არავითარი სურვილი არ მაქვს, არც მქონია და არც მექნება. მირჩევნია, ჩემი საქმე ვაკეთო.

ლალი პაპასკირი