რა პროფესიის უნდა იყოს ქართველი პარლამენტარი - გზაპრესი

რა პროფესიის უნდა იყოს ქართველი პარლამენტარი

8 ოქტომბერი ახლოვდება და არჩევნების თემა საქართველოში სულ უფრო მწვავე და აქტუალური ხდება. დღეს ბევრს კამათობენ, როგორი უნდა იყოს კარგი პარლამენტარი და ვინ შეიძლება ავირჩიოთ პარლამენტის წევრად. ერთ-ერთი გასარჩევი თემა კი, ჩვენი ქვეყნის პარლამენტში მსახიობების, რეჟისორებისა და სპორტსმენების სიმრავლეა. ძალიან ბევრს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანოში ამ პროფესიის ხალხის ადგილი არ არის. საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ საკითხზე ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები?

გივი ბერიკაშვილი, მსახიობი:

- ამის პასუხად ჩემი ცხოვრებიდან ერთ ეპიზოდს გავიხსენებ: თავის დროზე ედუარდ შევარდნაძემ დამასახელა კანდიდატად, მაგრამ მე ვუთხარი, - გენაცვალოთ ჩემი თავი, თეატრში ვმუშაობ და პარლამენტის სხდომებზე აბა, როგორ ვივლი-მეთქი? კარგად მახსოვს, რა მიპასუხა: ჭკვიანი კაცი ხარო შენ და ამის შემდეგ მსგავსი აღარაფერი უთქვამს. ჩემი პარლამენტი თეატრი, ხალხით სავსე დარბაზი და ამ ხალხის აპლოდისმენტებია. თეატრს ვერ ვუღალატე და ალბათ ხუთჯერაც რომ მთხოვონ, პარლამენტში მაინც არ შევალ. მსახიობს ათასი საქმე აქვს, პოლიტიკასა და საქვეყნო საქმეში რომ ჩაერთვები, შენი პროფესიისთვის დრო აღარ გრჩება. პარლამენტარობა საქვეყნო საქმეა, ხალხი ნდობას გიცხადებს და ეს ნდობა უნდა გაამართლო. ვისაც ამისთვის სცალია, კი ბატონო, მაგრამ მე საამისოდ არ მცალია. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პარლამენტში ხელოვანი ხალხის არჩევას ვეწინააღმდეგები. საქართველოს მცოდნე და გამოცდილი ხალხი სჭირდება, ვისაც სამშობლო უყვარს, ამავე დროს, სინდის-ნამუსიც აწუხებს და ქვეყანას არ გაყიდის, ამ ქვეყნის მომავალზე ზრუნავს და ფიქრობს. თუ ადამიანი ამ თვისებებით არის დაჯილდოებული, მაშინ პროფესია არაფერ შუაშია. რონალდ რეიგანი არტისტი იყო, მაგრამ საბჭოთა კავშირი მან დაანგრია იმიტომ, რომ ძალიან ჭკვიანი იყო.

ია ანთაძე, ჟურნალისტი:

- საერთოდ, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში პარლამენტის წევრები 3 ძირითად ჯგუფად იყოფიან: პირველ რიგში ესენი არიან ე.წ. ვარსკვლავი პარლამენტარები, რომლებსაც ყველა იცნობს, ისინი დადიან ტელევიზიებში, თავისი პარტიის მესიჯებს ახმოვანებენ და ამ პარტიის პოზიციებს იცავენ. მეორე ჯგუფში შედიან ე.წ. პროფესიონალი პარლამენტარები, რომლებიც უშუალოდ კანონებზე მუშაობენ. ისინი წერენ კანონებს და კარგად იცნობენ იმ სფეროს, რომელშიც საქმიანობენ. არსებობს მესამე ჯგუფი, სადაც შედიან ე.წ. პულტზე ხელის დამჭერი პარლამენტარები, რომლებსაც უკეთეს შემთხვევაში აკისრიათ ვალდებულება, რომ ახლოს იყვნენ მოსახლეობასთან და თავიანთ პარტიებში მიიტანონ ინფორმაცია, თუ რას ფიქრობს ხალხი იმ პოლიტიკაზე, რომელსაც პარლამენტი ატარებს. აქედან გამომდინარე, საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა, რა პროფესია აქვს ადამიანს, თუ თავის ადგილს იპოვის ამ რომელიმე ჯგუფში. ჩვენც ვიცნობთ ადამიანებს, რომლებიც კარგი ხელოვანები ან სპორტსმენები არიან, მათ მთელი საქართველო იცნობს და თუ შეძლებენ, რომ თავიანთი პოლიტიკური ძალის ინტერესები ადამიანებთან ახლოს მიიტანონ, შეიძლება "ვარსკვლავ" პარლამენტარებადაც ჩამოყალიბდნენ. ასე რომ, არ არის აუცილებელი, პარლამენტში მაინცდამაინც იურისტები და ეკონომისტები ავირჩიოთ, ეს სულაც არ არის აუცილებელი, კარგი პარლამენტარი რომ გახდე. ასე რომ, მე არ დავყოფდი მომავალ პარლამენტარებს იმ ნიშნით, თუ რა პროფესია აქვთ მათ. ჩვენი საზოგადოება ხშირად საყვედურობს პასიურ პარლამენტარებს, რომლებიც სხდომებზე ჩუმად სხედან და წინააღმდეგობას არავის უწევენ. მათი როლი სწორედ იმით განისაზღვრება, რომ ხმის მიცემა შეძლონ. ეს ის ხალხია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მათი პარტია ამა თუ იმ კანონს გაიტანს და იმ პოლიტიკას განახორციელებს, რომელიც ამ პარტიისთვის საჭიროა. ესენი არიან თავიანთი პარტიის ერთგული ადამიანები, რომლებიც ყოველთვის, ყველა ქვეყნის პარლამენტში არიან. ისინი არ დადიან ტელევიზიებში, ნაკლებად ცნობადები არიან, მაგრამ მათ აქვთ რეალური ფუნქცია, მიიტანონ ხალხის აზრი პარლამენტში. შეიძლება ჩუმად არიან, მაგრამ მაინც სერიოზული ფუნქცია აკისრიათ. სხვათა შორის, დადგენილია, რომ პარლამენტში სავსებით საკმარისია იყოს 60-მდე ადამიანი, რომელსაც კანონშემოქმედებითი ფუნქცია ექნება. პარლამენტი უნდა წარმოადგენდეს საზოგადოების სხვადასხვა ფენის ინტერესებს და რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება, მით უფრო კარგად შეასრულებს თავის ფუნქციებს.

თათა ვარდანაშვილი, დიზაინერი:

- მე ნებისმიერი პროფესიის ადამიანს ავირჩევდი პარლამენტის წევრად. მთავარია, თავისი ქვეყნისა და იმ საქმის ერთგული იყოს, რასაც აკეთებს. როდესაც ადამიანს ხალხი ირჩევს, ის ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ ამომრჩევლის იმედი გაამართლოს. სწორედ ამ იმედის ხარჯზე მოდის ის ხელისუფლებაში. მთავარია, ხალხს ამ ადამიანისა სჯეროდეს და ფიქრობდეს, რომ მასთან ერთად ყველაფერი გამოვა. ეს ყველაზე მთავარია, ისე კი, პარლამენტის წევრი ნებისმიერი პროფესიის ადამიანი შეიძლება იყოს. ასევე სასურველია, პარლამენტში ქალების რაოდენობა გაიზარდოს. ქალში ბუნებრივად არის ჩადებული დედობრივი მზრუნველობის ინსტინქტი და შესაბამისად, მას ქვეყნის მიმართაც პასუხისმგებლობა მეტი აქვს, ვიდრე - მამაკაცს. ჩემთვის ქალის იდეალი მეფე თამარია, მან ჯერ კიდევ XII საუკუნეში დაამტკიცა, რომ ქალს პოლიტიკაში ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.

ბადრი ვადაჭკორია, ფოტოგრაფი:

- ჩემი აზრით, პარლამენტის წევრი უნდა იყოს ეკონომისტი ან იურისტი, მაგრამ ეს დოგმა არ არის. თუ შეძლებს, პარლამენტარი ნებისმერი პროფესიის ადამიანი შეიძლება გახდეს, მით უმეტეს, ცნობილი სახეები ხშირად განსაზღვრავენ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის პოპულარობას. მე თვითონ, პოლიტიკაში ჩართვის წინააღმდეგი ვარ და 2012 წელს უკვე ვუთხარი უარი ერთ-ერთ წამყვან პოლიტიკურ ძალას. ჩემს უბანში, მთაწმინდაზე, სალომე ზურაბიშვილი იყრის კენჭს. ამ ქალბატონს პოლიტიკური გამოცდილებაც აქვს და დიპლომატიურიც. ის დამოუკიდებელი კანდიდატია და არც ერთი პარტიის წევრი არ არის. მე მომხრე ვარ, რომ ჩვენს პოლიტიკაში სწორედ ასეთი ჭკვიანი ქალების რაოდენობა მომრავლდეს, რადგან ქალები პოლიტიკაში ძალზე მაგრები არიან, ეს მსოფლიო პოლიტიკამაც ცხადყო. თანაც, ქალებს სულ სხვა ტაქტი და მოთმინება აქვთ, დედობრივი გრძნობა მათში ისეთ თვისებებს ამჟღავნებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება. თანაც მამაკაცი ხისტია, ქალი უფრო დამთმობი და დიპლომატიურია. ხმას ვის მივცემ? ეს ჩემი გადასაწყვეტია, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ დავუჭერ მხარს "ნაციონალურ მოძრაობას" და არც მის სატელიტ პარტიებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ რიგებში ბევრი მეგობარი მყავს.

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი:

- რა პროფესიის უნდა იყოს ქართველი პარლამენტარი? დღესდღეობით ეს თემა ერთ-ერთი ცენტრალური და აქტუალურია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 25 წელია პარლამენტი გვაქვს. ალბათ ამის გასარკვევად დასავლეთის ქვეყნებს უნდა გადავხედოთ. პარლამენტარები იქაც არ არიან მხოლოდ იურისტები და ეკონომისტები. დასავლეთის ქვეყნებში უამრავი სპორტსმენია პარლამენტში. მთავარია, ცნობილი მსახიობი ან სპორტსმენი როგორ გამოადგება ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასა და შემდეგ - პარლამენტს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ იურისტი ვერ გეტყვით, როგორი კონცეფციით უნდა განვითარდეს კულტურა, ეკონომიკა, სპორტი, განათლება - ეს ვიწრო სპეციალისტების საქმეა. ამიტომ, პარლამენტში ყველა სფეროს წარმომადგენელი უნდა იყოს, ვისაც კონცეპტუალური დამოკიდებულება აქვს თავისი საქმის მიმართ. პარლამენტში აუცილებელიც კია, მენეჯერული ტიპის ხალხის ყოფნა, ვისაც თავის დარგში მენეჯერის გამოცდილება აქვს. მაგალითად: არავინ იცის, როგორი ექიმია დავით სერგეენკო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას სამედიცინო დარგში მენეჯერული ხედვა აქვს და ამ დარგის მართვაც კარგად შეუძლია. ის სპორტსმენები და ხელოვანებიც, რომლებსაც თავიანთ სფეროში სხვებზე მეტი ცოდნა და გამოცდილება აქვთ, ქვეყანამ უნდა გამოიყენოს. მით უმეტეს, რომ მათ ამომრჩეველი ცნობს, ისინი ბევრს უყვარს და უფრო მეტი ხალისით აძლევენ ხმას იმ პარტიას, რომელიც მათ წარადგენს.

- ბატონო რამაზ, თქვენ რას ფიქრობთ პარლამენტარებზე, რომლებიც სხდომებზე ჩუმად სხედან და წლების განმავლობაში ხმას არ იღებენ?

- ამა თუ იმ პოლიტიკური ძალიდან ხშირად მხოლოდ 10-მდე ფიგურაა ცნობილი, დანარჩენები ხალხისთვის უცნობები არიან. ზოგიერთი მათგანი პარლამენტში ვაგონივით შეიტანეს, ამიტომ, ისინი ვაგონებივით პასიურები არიან და ინსტრუქციას "ზემოდან" ელიან. ჩემი აზრით, მათ ეშინიათ, რაიმე არასწორად არ თქვან, შარს ერიდებიან. მეორე მხრივ, მე ბევრი ადამიანი მინახავს, რომელიც ხმას არ იღებს, მაგრამ თავის საქმეს კარგად აკეთებს. პარლამენტში ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი საპარლამენტო სტატუსის გასამყარებლად ამჯობინებენ, აქტიურები იყვნენ. ამიტომ, სიტყვითაც ხშირად გამოდიან და ხელჩართულ ბრძოლაშიც დაუფიქრებლად ერთვებიან. ამით ისინი ყველას თავს ამახსოვრებენ, მათ შორის, ამომრჩევლებსაც. ზოგჯერ კი, პირიქით ხდება: კომპეტენტურები ჩუმად არიან, რადგან პროფესიონალიზმსა და კომპეტენციას ყვირილი არ უყვარს.

ხათუნა ჩიგოგიძე