მტრის გასაცნობად მოსკოვში სასწავლებლად წასული ელენე ხოშტარია და მისი მთავარი მოტივაცია - გზაპრესი

მტრის გასაცნობად მოსკოვში სასწავლებლად წასული ელენე ხოშტარია და მისი მთავარი მოტივაცია

ელენე ხოშტარია წარსულში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო ევროინტეგრაციის საკითხებში, შემდეგ ექსპერტი, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დღეს კი ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატია. ის ამ პარტიის წევრი ცოტა ხნის წინ გახდა, რადგან მიაჩნია, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" მნიშვნელოვანი ცვლილებების პროცესი დაიწყო, პარტიამ ბუნება შეიცვალა და მზაობაა საიმისოდ, რომ მის რიგებში ახალი ადამიანები შევიდნენ. "ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარი კანდიდატურა თვითონ შესთავაზა და თავისი საქმიანობით წვლილის შეტანასაც აპირებს ამ პარტიაში.

- ელენე, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვა? ეს სფერო ხომ გარკვეულწილად ჩრდილს აყენებს ადამიანებს...

- "პოლიტიკა ბინძური საქმეა" ან "პოლიტიკაში ცუდი ადამიანი ხდები", - ეს სტერეოტიპია. "შავი ლაქები" გექნება თუ არა, ეს შენზე, შენს კეთილსინდისიერებასა და მოტივაციაზეა დამოკიდებული. თუ ამ სფეროში იმიტომ ხარ, რომ უკეთ იცხოვრო, უკვე ჭუჭყიან საქმეს აკეთებ, მაგრამ თუ რაღაც კონკრეტული იდეა გაქვს და მისი განხორციელებით რაღაცის შეცვლას გეგმავ, მაშინ პოლიტიკოსები კეთროვანები არ არიან. რა თქმა უნდა, არის რთული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა, ტვირთიც, მაგრამ საბოლოოდ, არაფერი ცუდი პოლიტიკოსობაში არ არის. მინდა კიდეც, რომ ეს სტერეოტიპი დაიმსხვრეს. თუმცა, მარტო ვერ დავამსხვრევ, მაგრამ მის დამსხვრევას ხელს ნამდვილად არ შევუშლი. მეორე, რის გამოც პოლიტიკაში წავედი, რაც გულწრფელად, ღია წარდგინებაზეც ვთქვი, ის არის, რომ მუდმივად მჭამდა საზოგადოებრივი საკითხების ჭია, წუხილი, ფიქრი, როგორ, რა გაკეთებულიყო. ამისათვის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი 9 აპრილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ პატარა ვიყავი. 10 წლისამ ძალიან ნათლად დავინახე, როგორ შეიძლება დაიჩაგროს ქვეყანა.

- პოლიტიკაში აქტიურად ჩართვა ცოტა ხომ არ დაგიგვიანდათ?..

- მგონი არა. ყოველთვის ამით ვიყავი დაკავებული, რაც სხვადასხვა ფორმით გამოიხატებოდა... როდესაც ინსტიტუტი დავამთავრე, მუშაობა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, შსს-ში საპატრულო რეფორმაზე დავიწყე, უშუალოდ რეფორმების სააგენტოში, სადაც ძალზე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა... არ მაინტერესებს სტატუსი (თანამდებობის პირი ვარ, პოლიტიკოსი, თუ ექსპერტი), მაინტერესებს, შემიძლია თუ არა, რაღაც შევცვალო. ამიტომ საპატრულო რეფორმაზე მუშაობა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო... შემდეგ ვიყავი "თავდაცვაში" და ამერიკელებთან ნატოში ინტეგრაციაზე ვმუშაობდი, საგარეო ურთიერთობების მიმართულებით საინტერესო რაღაცებს ვაკეთებდით. ძალიან დიდი ფინანსური მხარდაჭერა მივიღეთ. მოგვიანებით სამინისტროში გადავედი, სადაც მინისტრის მოადგილე გახლდით და კვლავ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე ვმუშაობდი. არ ვიცი, ამ ყველაფერს ჰქვია თუ არა პოლიტიკა, თუმცა ჩემთვის ის პოლიტიკაა. ახლა კი უშუალოდ პარტიაში ყოფნით გადავწყვიტე, პროცესებში ჩავრთულიყავი.

- თქვენი საუბრიდან ვხვდები, რომ ნებისმიერ სიტუაციაში მნიშვნელოვნად მაინც პიროვნულ მოტივაციას მიიჩნევთ?

- აუცილებლად, მნიშვნელოვანია პიროვნული მოტივაცია, პიროვნული ძალა, პიროვნული რწმენა და იდეა, რომელიც აქვს ადამიანს, მას ბევრის შეცვლა შეუძლია!

- აღნიშნეთ, რომ გინდათ, რაღაც შეცვალოთ. კონკრეტულად რის შეცვლას აპირებთ?

- ჩემი მთავარი მოტივაციაა, შეიცვალოს რამდენიმე რამ: პირველი, - უიმედობის განცდა, რომელიც დღეს ადამიანებს დიდი დოზით აქვთ, რასაც ყოველდღიურად ვგრძნობ, როდესაც მათ ვხვდები... მეორე, რაც უნდა შეიცვალოს, მუდმივად ერთმანეთის ჭამაა. არადა, 90-იან წლებში ეს უკვე გავლილი გვაქვს, თანაც უფრო მწვავე ფორმით, როდესაც ქვეყანა დავაქციეთ!..

- რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც "ნაციონალური მოძრაობა"?

- მიმაჩნია, რომ ერთადერთი პარტია, რომელსაც რამე პოზიტიური შეუქმნია, თუმცა შეცდომაც დაუშვია, "ნაციონალური მოძრაობაა". 2003 წლისა და 2012 წლის საქართველო რომ შევადაროთ, რაც უნდა კრიტიკულები ვიყოთ, ცვლილებას ნამდვილად შევამჩნევთ. მეორე და მნიშვნელოვანი, ერთადერთი პარტიაა, რომელსაც ფუნდამენტურად, სიღრმისეულად აქვს გააზრებული, რა შეეშალა. აქამდე არც ერთი პარტია არ შემხვედია, რომელიც ამაზე ილაპარაკებდა. მესამე - ჩემს ფასეულობებთან ახლოს მდგომი პარტიაა, არის ყველაზე ძლიერი პროდასავლური კურსის და კიდევ იქ ბევრი ისეთი ადამიანია, ვისთანაც ადრე მიმუშავია, ვიცი მათი ცოდნისა და ფასეულობების შესახებ.

- პირადად თქვენ, როგორც მოქალაქე, "ნაციონალურ მოძრაობას" რას უთვლით შეცდომად?

- როგორც მოქალაქეს, ალბათ, პასუხის გაცემა გამიჭირდება, რადგან მეც ვგრძნობ პასუხისმგებლობას, მეც იქ ვიყავი. მართალია, წამყვან პოზიციებზე არა, გადაწყვეტილებებს არ ვიღებდი, მაგრამ იქ ვმუშაობდი, ამიტომ დისტანციურად ვერ ვილაპარაკებ. ასე რომ, ჩემი ტვირთიც არის, რომ შეცდომები იქნა დაშვებული. მთავარი შეცდომა კი ის იყო, რომ საერთოდ არ არსებობდა მთავრობაზე კონტროლის მექანიზმები. პარლამენტი სულ ჩვენი წევრებით იყო დაკომპლექტებული, მედიის მიმართ 2007 წლის მერე სერიოზული შეცდომები იყო დაშვებული. ციხეში რაც მოხდა, არ მოხდებოდა, სისტემა მუდმივად კონტროლის ქვეშ რომ ყოფილიყო, თუნდაც არასამთავრობო სექტორის მიერ.

მეორე, - როცა შევქმენით ძლიერი სახელმწიფო, მოვეშვით, არადა, მეორე ეტაპზე ეფექტური, მაგრამ ჰუმანური სახელმწიფო უნდა შეგვექმნა, სადაც მოქალაქეს არ ეშინია, რომ მოუსმენენ, დაიჭერენ თუნდაც ბიზნესში რაღაც პატარა შეცდომის გამო ან მთელ ბიზნესს დაუნგრევენ, მარიხუანის მოხმარების გამო ვიღაცას ციხეში 7 წლით გამოკეტავენ.... ეს ყველაფერი არ იყო სწორი და ასეთი ფაქტები ნამდვილად ხდებოდა... მოკლედ, ძალიან დავაგვიანეთ და ჰუმანური სახელმწიფოს შექმნის შანსი ხელიდან გავუშვით. საბოლოოდ ამიტომაც წავაგეთ.

- როდესაც "ნაციონალურ მოძრაობას" აკრიტიკებენ (შეურაცხმყოფელ დონეზეც კი) ან პირადად თქვენ, თუნდაც ამ პარტიაში გაწევრებისთვის, როგორი რეაქცია გაქვთ?

- ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება უყვარდე ან - არა, გაგაკრიტიკოს ან მოსწონდე. თუმცა შურის, ერთმანეთის ჭამისა და კინკლაობის რეჟიმიდან უნდა გამოვიდეთ. როდესაც მთავრობაში მოვალთ, უნდა ვიყოთ არა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეების მთავრობა, არამედ იმათიც, ვინც ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან. მეტიც, კრიტიკოსების მოსმენა ერთ-ერთი კონტროლის მექნიზმია, რომელიც ადრე დაკარგული გვქონდა. როცა გაკრიტიკებენ, უნდა მოუსმინო და თუ შეგიძლია, გადაარწმუნო, რაც ბუნებრივი პროცესია. თუმცა შეურაცხყოფა, აგრესია ძირშივე არასწორია, თუ რაღაცას აპროტესტებ, აგრესიით ვერ მოაგვარებ, პრობლემას უფრო გააღრმავებ. საერთოდ კი აგრესიული ფონი მაშინ ჩაცხრება, როდესაც ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები იქნება. სიმართლე რომ გითხრათ, ვერანაირ აგრესიას ვერ ვგრძნობ, მოსახლეობასთან კარდაკარ რომ დავდივარ, ყველა ოჯახში ვაკაკუნებ. პირადად ვეცნობი წყნეთის მოსახლეობას, უკვე ათასობით ადამიანს შევხვდი. თუ ჩნდება კითხვები, მიხარია, რომ არის საშუალება, იკამათო.

- მიხეილ სააკაშვილს პირადად იცნობთ?

- კი, ვიცნობ, ოღონდ ახლოს - არა. მთავრობაში როცა ვიყავი, სააკაშვილი მაშინ გავიცანი, მქონდა საქმიანი შეხვედრა. 2012 წელს, რამდენჯერაც შევხვდი, ბევრს ვსაუბრობდით "ნაციონალური მოძრაობის" შეცდომებზე, იმაზე, თუ რატომ წავაგეთ არჩევნები, საინტერესო საუბრები გვქონდა.

- ქალბატონ სანდრა რულოვსთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში სანდრასაც დავუმეგობრდი (რამდენიმე თვის წინ გავიცანი). უაღრესად პოზიტიური და ბევრი სიკეთის მკეთებელი ადამიანია, ამასთან, თავმდაბალი, თვითკრიტიკულია, ჩვენი აზრები იმასთან დაკავშირებით, რა შეგვეშალა, რა უნდა გავაკეთოთ მომავალში, ემთხვევა. ვამაყობ და მსიამოვნებს ეს მეგობრობა.

- მგონია, რომ თქვენი საზოგადოებრივი აქტივობა ოჯახმა განსაზღვრა. მამა, გოგი ხოშტარია, პრეზიდენტ გამსახურდიას მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრი რომ არ ყოფილიყო, ამ გზას არ აირჩევდით.

- მამაჩემის მინისტრობამ ჩემი მომავალი ყველაზე ნაკლებად განსაზღვრა. აქ უფრო მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდია, იმ წლებმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. მამაჩემთან მუდმივად მაქვს ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ, ჩემი ახლო მეგობარია, მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც ჩემი აზრი მისთვის. მამა გამორჩეულად იმიტომ მიყვარს, რომ ყოველთვის პატივისცემით იყო განმსჭვალული ჩემი აზრის მიმართ, არასდროს მიყურებდა როგორც პატარას, მისთვის ყოველთვის პიროვნება ვიყავი და ასე მოვედით აქამდე.

- მისი მინისტრობის პერიოდი როგორ გახსოვთ?

- აბსოლუტურად არ შეცვლილა მაშინ ჩემი ცხოვრება, ისევ ტროლეიბუსით დავდიოდი (მაშინ ეს ტრანსპორტი იყო), რომელიც გადაჭედილი დადიოდა და უკანა კიბეს ვახტებოდი, სკოლაში რომ წავსულიყავი. არანაირი შეგრძნება იმისა, რომ მამაჩემი მინისტრი იყო, არ მქონდა. როდესაც მინისტრი აღარ იყო, მისი დევნა დაიწყო, შევარდნაძის პერიოდში ხშირად აკავებდნენ და უშვებდნენ... თუმცა მანამდე იყო ომის პერიოდი, მერე შიმშილი... კარგად მახსოვს ტალონების, პურის, კვერცხის ფხვნილისა თუ ნავთის რიგში დგომა. მაშინ ჩემი მშობლები წასულები იყვნენ (მამა დევნილი იყო) და მე და ჩემი ძმა თვითონ ვუმკლავდებოდით პრობლემებს. მგონი, იმ პერიოდმა კარგი გავლენა მოახდინა ჩემზე, - ვისწავლე პრობლემებთან გამკლავება, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება...

- უმაღლესი განათლება მოსკოვში გაქვთ მიღებული (საერთაშორისო ურთიერთობების განხრით), ხომ შეიძლება ოპონენტებმა მომავალში ეს თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენონ და წამოგაძახონ?

- ყველაფერი შეიძლება, თუმცა ეს ჩემი გააზრებული გადაწყვეტილება იყო. მე და მამამ ერთად გადავწყვიტეთ. ვსაუბრობდით, რომ მტერს კარგად უნდა იცნობდე. ის 5 წელი, რაც იქ ვისწავლე, იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპი, მართლაც სრულად შევიგრძენი, თუ როგორ მუშაობს საბჭოთა მანქანა, რომელიც დღესაც საბჭოთაა. რა მენტალიტეტი აქვს იმ ხალხს, მათი იმპერიული ზრახვები. იქ ყოფნამ ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება შემძინა. არაკეთილმოსურნეს ყველაფერი შეუძლია თქვას, მაგრამ ჩემზე იმის თქმა, რომ რუსეთის თვალსაზრისით, არამკაფიო პოზიცია მაქვს, გამორიცხულია, თუმცა ვისაც ცუდის თქმა უნდა, ყველაფრის მოფიქრება შეუძლია.

- მამათქვენმა თქვენი პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება როგორ შეაფასა?

- მამაჩემისგან სრული მხარდაჭერა მაქვს. როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებდი, ერთად ვილაპარაკეთ პლუსებზე, მინუსებზე, რისკებზე, ყველაფერზე და მითხრა, ჩემი შვილი ხარ და ზუსტად ვიცოდი, რომ ასე მოიქცეოდიო. მისი ასეთი დამოკიდებულება ძალიან მეხმარება და მხარს მიჭერს.

- შემოთავაზება კონკრეტულად ვისგან მიიღეთ?

- როდესაც დავინახე, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" მნიშვნელოვანი ცვლილებების პროცესი დაიწყო, პარტიის ბუნება შეიცვალა და მზაობაა საიმისოდ, რომ მის რიგებში ახალი ადამიანები შევიდნენ არა ფასადურად, არამედ საკუთარი მოსაზრებებით. "ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარი თავი თვითონ შევთავაზე და მინდა წვლილი შევიტანო ამ პარტიის საქმიანობაში.GzaPressGzaPress

ელენე ხოშტარია ოთხი შვილის დედაა, ჰყავს 13 წლის ვაჟი, 4 წლის გოგონა და ორწლინახევრის ტყუპი ვაჟი. რაც შეეხება დროის განაწილებას სამსახურსა და ოჯახს შორის, არ უჭირს. მიაჩნია, რომ შეუთავსებელი არაფერია... უდიდეს სიამოვნებას ბავშვებთან ერთად ყოფნა ანიჭებს, მათთან საუბარი და თუნდაც თამაში და სულაც არ ჰგონია, რომ 4 შვილის დედობა გმირობის ტოლფასია... მეუღლე არქიტექტორია და მასაც დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს. "კარგი შეგრძნებაა, როდესაც აკეთებ საყვარელ საქმეს და ბრუნდები ოჯახში, სადაც ყველაფერია იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო - საყვარელი ადამიანები და თბილი გარემო. არასდროს ვმდგარვარ ისეთი დილემის წინაშე, რომ მეთქვა - ოჯახი ან სამსახური. - ჩემთვის ორივე ძალზე მნიშვნელოვანია", - ამბობს ჩვენი რესპონდენტი, რომელსაც თუ დრო აქვს, სამზარეულოში ყოფნაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს და იქ ექსპერიმენტების ჩატარება ერთგვარ ჰობადაც კი მიაჩნია. როგორც გვითხრა, მეგობრებს მისი ნახელავის გასინჯვა ძალზე სიამოვნებთ. უყვარს მუსიკა და მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიმართულება და შემსრულებელი ჰყავს, რომელსაც უსმენს. დროს სპორტსაც უთმობს, ერთი წელია, რაც თხილამურებზე დადგა და კარგად გამოუვიდა... საერთოდ მიაჩნია, რომ რაღაცის სწავლა დაგვიანებული არასდროსაა...

ლალი ფაცია