ზურა ჯაფარიძე: "ყველაზე მეტი ფული ჩვენ წამოვიღეთ" - გზაპრესი

ზურა ჯაფარიძე: "ყველაზე მეტი ფული ჩვენ წამოვიღეთ"

ზურა ჯაფარიძე ახალი პოლიტიკური ცენტრის, "გირჩის" ხელმძღვანელია. ცოტა ხნის წინ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა, რომლის აქტიური და თავგამოდებული დამცველი იყო, რადგანაც მიაჩნია, რომ იქ იმედები გაუცრუვდა. პოლიტიკაში საქმიანობის მაინცდამაინც დიდი ხნის გამოცდილება არა აქვს, მაგრამ ამბობს, რომ ამჟამად ამ სფეროში თავით არის გადაშვებული.

- თქვენი მონაწილეობით ძალიან სახალისო კლიპი ვნახე. წინასაარჩევნოდ მომზადდა?

- ახლა რაც უნდა გავაკეთოთ, ყველაფერი წინასაარჩევნოდ გამოვა, რადგანაც ამ კონტექსტში ვმუშაობთ. ეგ ვიდეორგოლი ვანდამის ცნობილი კლიპის მიხედვით არის შექმნილი და არაფერია განსაკუთრებული. ჩემი თავი ვანდამის ტანს მიაბეს, მსგავსი რაღაცები არაერთხელ გაკეთებულა და ამ შემთხვევაშიც ორიგინალური არაფერი ყოფილა. ჩვენთან მარკეტინგული მიმართულებით ახალგაზრდები მუშაობენ და ეს იდეაც მათ ეკუთვნით; მერე შემითანხმეს, გაკეთებული მაჩვენეს. იმის გამო, რომ ზოგადად ლიბერალური ადამიანი ვარ, თუ რაიმე მაინცდამაინც ზღვარს არ სცდება, ასეთ რაღაცებზე თვითონაც ვხალისობ. თუმცა ასეთ აჟიოტაჟს არ ველოდით, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, - ვიღაცებმა გაგვლანძღეს, ბევრმა იცინა.

- მეც ვიცინე და ჩავთვალე, რომ კარგი იუმორი გაქვთ...

- კი, სხვა პოლიტიკური ჯგუფებისგან განსხვავებით, იუმორს არ ვუჩივით. ამასთან, მოქალაქეების მოტყუებას არ ვცდილობთ, - თავს ისეთებად წარმოვადგენთ, როგორებიც ვართ. მაგრამ როცა პრობლემებზე ვლაპარაკობთ, მაშინ არ გვეცინება. იმედით ვუყურებთ მომავალს და გვგონია, რომ სხვებისგან ამ ყველაფრით განვსხვავდებით...

- 2012 წელს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გახდით და პარტიის აქტიური სახეც. მანამდე "ნაციონალობის" სურვილი არ გქონიათ?

- 2012 წლის აგვისტოს დასაწყისში მივიღე შემოთავაზება, თუ დამაინტერესებდა, საპარლამენტო სიაში ვყოფილიყავი. არადა, მთელი ცხოვრება საერთაშორისო ორგანიზაციებში ვმუშაობდი (თითქმის ყველა ორგანიზაციაში, რომელიც საქართველოშია წარმოდგენილი: - ევროკომისია, გაერო და ა.შ.) ყველგან საინტერესო პროექტებში ვიყავი ჩართული. ამასთან, ჩემი არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციაც მქონდა. ვატარებდი ლექციებს, ტრენინგებს. რისიც მჯეროდა, იმ საქმეს ვაკეთებდი. მოკლედ, შემომთავაზეს სიაში ყოფნა და დავთანხმდი. მანამდე "ნაციონალური მოძრაობიდან" პირადად არავის ვიცნობდი.

- დღევანდელი ეკონომიკური ჩიხიდან გამოსავლად რა მიგაჩნიათ?

- ერთ ადგილზე ვართ გაჩერებულები, ციფრებში მინიმალური ზრდა გვაქვს, რასაც მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი გრძნობს. უდიდესი ნაწილის ცხოვრება უკან მიდის, ეს სამწუხარო რეალობაა. არადა, ბევრი კარგი მოცემულობა გვაქვს, რომელიც შეგვიძლია, იმისთვის გამოვიყენოთ, რომ წინ სწრაფად წავიდეთ. ამასთან, ძალიან ნიჭიერი ხალხიც ვართ, მაგრამ ბევრი სისტემაა, ჯერ კიდევ საბჭოთა განათლებიდან დარჩენილი, რომელიც ფუნდამენტურად შესაცვლელია. ის ხელს გვიშლის და ამის გამო, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემის, დასაქმების დაძლევა ვერ ხდება, ბიზნესი არ იქმნება, შემოსავლები არ არის. პრობლემათა მთელი ჯაჭვია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ღარიბი ქვეყანა ვართ, დანაზოგი ცოტა გვაქვს ან საერთოდ ვერ ვაკეთებთ, შემოსავალი თვიდან თვემდე არ გვყოფნის. რადგან საკუთარი ფული ცოტა გვაქვს, უცხოური ინვესტიცია გვესაჭიროება. ამ მხრივაც გარკვეული პრობლემები, რისკები და შეზღუდვებია. ის, რომ თბილისიდან 40 კილომეტრში რუსული ტანკები დგას, ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია. უცხოელი არ დებს ინვესტიციას, რადგან არ იცის, 5 წელიწადში რას იზამს რუსი. ეს უამრავი შეზღუდვა ასე უცებ ვერ გამოსწორდება. ამიტომ მიგვაჩნია, რომ სასწორის ერთ პინაზე უნდა დაიდოს შეზღუდვები და რისკები, რომელიც წინსვლას აფერხებს და მეორზე ის, რაც ამას ყველაფერს სწრაფად გადაწონის.

- რა გადაწონის?

- გავაუქმოთ რამდენიმე გადასახადი და დავწიოთ. ამის შემდეგ უცხოელმა უნდა გარისკოს და აქ თანხა წამოიღოს...

- რატომ დატოვეთ "ნაციონალური მოძრაობის" რიგები და შექმენით "ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი"? "ნაციონალებმა" თქვენს თვალში ნდობა დაკარგეს?

- როცა წამოვედი, მაშინაც გავაკეთე საჯარო განცხადება, რომ დეტალებზე და შიდა სამზარეულოზე არასდროს ვილაპარაკებდი და ამას სიკვდილამდე დავიცავ, შიდა სამზარეულოს არ შევეხები, თუმცა იმედგაცრუება ბევრი მიმართულებით მქონდა. პარტიისთვის 2013-2014 წლებში რთული მდგომარეობა იყო, ქვებს გვესროდნენ, მაგრამ მაშინ მიმაჩნდა, რომ ოპოზიციური პარტია უნდა გადარჩენილიყო და ბუნებრივია, ვერანაირად გადავდგამდი ნაბიჯს, პარტიის რიგები დამეტოვებინა. თუმცა მაშინ მივხვდი, რომ ეს ის არ იყო, რაც წარმომედგინა. შეიძლება იდეალისტი ვარ და პოლიტიკური პარტიებისგან ზედმეტს ვითხოვ... ჩემი იმედგაცრუების მიზეზი არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ფაქტორი, მიზეზების წყებაა, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღე. თუმცა, იქ მუშაობით მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე. მანამდე თუ ზედაპირული წარმოდგენა მქონდა, რა არის ზოგადად პოლიტიკა და ქართული პოლიტიკა, ახლა საკმარისი გამოცდილება მაქვს.

- პოლიტიკურ ცენტრს "გირჩი" რატომ დაარქვით?

- რამდენიმე მიზეზის გამო: ერთი, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიების სახელებს მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რადგანაც შეიძლება ერქვას სოციალ-დემოკრატიული და შინაარსით იყოს ფაშისტურ-ლიბერალური, ერქვას კონსერვატორები და ლიბერალები იყვნენ. სახელებს იმიტომ არქმევენ, რომ სერიოზულები ჩანდნენ. ვინაიდან ტყუილები არ გვიყვარს, არ გვაქვს გრძელი და გაუგებარი სახელი. 235 ნომრით დავრეგისტრირდით, ჩვენ შემდეგ სხვები კიდევ დარეგისტრირდნენ. რთულია, ამდენ პარტიაში გამოჩნდე. მოკლედ, გვაქვს ისეთი სახელი, რომელიც საბოლოოდ ადამიანებში ნეგატივს არ იწვევს. თუმცა თავიდან "გირჩზე" ყველამ რაღაც თქვა. ცხადია, იყო დაცინვაც. თუმცა წინასწარ ქუთაისში, დიდი იუმორის ქალაქში დავტესტეთ ანუ აზრი ქუთაისელებს ვკითხეთ და მივხვდით, რომ სახელი ნეგატივს არ იწვევდა.

- "ნაციონალური იმიჯი" გამარჯვებაში ხელს არ შეგიშლით?

- პოლიტიკაში მოსვლამდე ძალიან კომფორტული ცხოვრება მქონდა - სანამ ამ საქმეში თავით გადავხტებოდი. გითხარით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში ვმუშაობდი და ყოველთვის კარგი შემოსავალი მქონდა. ვმუშაობდი დილის 10-დან, საღამოს 6 საათამდე. სრული თავისუფლება მქონდა, - არც მე ვნერვიულობდი და არც - ჩემი ოჯახი. თუმცა, პოლიტიკა არის სფერო, რომლისკენაც ნაბიჯს გადადგამ თუ არა, მაშინვე ტალახს გესვრიან. შეუძლებელია, პოლიტიკოსი იყო, ყველას უყვარდე და შენ მიმართ არ მოიმატოს აგრესიამ...

- პოლიტიკაში მოსვლას ხომ არ ნანობთ?

- არა, რადგანაც მგონია, რომ ამ პერიოდში ბევრი რამ შევცვალე. შეიძლება მარტომ არა, მაგრამ ჩემი წვლილი შევიტანე, რომ რაღაცები შემეცვალა, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ბიუჯეტსა და ეკონომიკურ ზრდაზე ციფრებით დავიწყე ლაპარაკი. წინა პრემიერ-მინისტრს პარლამენტში შეკითხვა დავუსვი, - რამდენია ბიუჯეტი-მეთქი და "გაიჭედა". მოქმედ ჯანდაცვის მინისტრს ვკითხე, ინფლაცია რა არის-მეთქი და არ იცოდა. შემდეგ ბიუჯეტში ყველამ ჩაიხედა და ციფრებსაც გაეცნენ. ელემენტარულ ეკონომიკურ საკითხებში გაერკვნენ, დისკუსია და დებატი ეკონომიკურ საკითხებზე ისეთი სიღრმისეული, როგორიც ახლაა, სხვა დროს არ მახსოვს.

- მარიხუანას ლეგალიზაციაზეც ხომ საუბრობდით...

- ჯერ კიდევ 2010 წელს, როდესაც მარიხუანას ლეგალიზაციაზე ვლაპარაკობდი, მაშინ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მეკამათებოდნენ, მომხმარებლები უნდა დავიჭიროთო, რაღაცებს ბოდავდნენ და ამის გამო ასობით ათასი ადამიანი პრობაციაზე ჰყავდათ. ბოლო კვლევა რომ ვნახე, 70% ამბობს, რომ ადამიანი მარიხუანას მოხმარების გამო ციხეში არ უნდა ჩასვა. ეს იმან მოიტანა, რომ ამ თემაზე პარლამენტში ვდებატობდით, დისკუსია გავშალეთ. ჯარის თემაზე დღეს ყველა ლაპარაკობს, რომ სავალდებულო სამხედრო გაწვევა გასაუქმებელია. პირველები ვიყავით, ვინც ეს ვთქვით. ამით ახალგაზრდებს ცხოვრებას უმწარებენ. უნდა გაუქმდეს და პროფესიული არმიითა და რეზერვით ჩანაცვლდეს. ესენია თემები, რომლებზეც საუბარი ჯერ კიდევ "ნაციონალურ მოძრაობაში" დავიწყე და ახლაც მუდმივად ვლაპარაკობთ.

- განათლებით ექიმიც ყოფილხართ. თავს დაკარგულ ექიმად არ მიიჩნევთ?

- არა, მედიცინას თავი იმის გამო დავანებე, რომ ბუნებით არ ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც შეიძლება ექიმი იყოს. სკოლა 1992 წელს დავამთავრე. იმის გამო, რომ მათემატიკა კარგად მესმოდა, მშობლების სურვილი იყო, ეკონომიკურზე ჩამებარებინა, კიდევ კარგი, არ ჩავაბარე. იქ ალბათ სისულელეებს მასწავლიდნენ და ახლა რა აზროვნებაც მაქვს, არ მექნებოდა.

ჩემი ძმა ფილოლოგია, ყოველთვის ბევრი კარგი წიგნი ჰქონდა, ასევე მამაჩემს და ბაბუასაც. ასეთ გარემოში კითხვა მეც დავიწყე. რთული წლები იყო, სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაშლილი გახლდათ და რატომღაც, ზოგადად ადამიანით დავინტერესდი; მისი ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური არსება მაინტერესებდა და ამის გამო სასწავლებლად "სამედიცინოზე" წავედი. კარგად ვსწავლობდი და კარგადაც დავამთავრე, მაგრამ მესამე კურსზე, როცა სხვა ტიპის საგნების სწავლა დავიწყე, ცოტათი აზრი შემეცვალა და მივხვდი, რომ ექიმობისთვის შესაბამისი განწყობილება იყო საჭირო. მგონი, მნიშვნელოვანია ცხოვრებაში ადამიანმა იპოვოს, რა არის მისი ინტერესის სფერო, ცხოვრების აზრი. ამისთვის ბევრი რამ უნდა სცადო, შეიძლება ვერც მიაგნო, მაგრამ უნდა სცადო. ბევრ სფეროში მაქვს გამოცდილება მიღებული.

- თავისუფალ დროს რას უთმობთ?

- ახლა უკვე ვერაფერს. თუ რაღაც დრო მრჩება, შეიძლება ბავშვს დავუთმო, პატარა გოგონა მყავს, 2 წლი-ნახევრის. დილით სახლიდან გამოვდივარ და სძინავს, საღამოს შევდივარ და ასევე სძინავს. გვიან ღამით ან დილას ადრე თუ წიგნის რამდენიმე ფურცელი წავიკითხე, კარგია. მეგობრებისთვის დრო არ მრჩება, პირიქით, აქეთ თუ მოვლენ და მინახულებენ. ვარჯიშსაც ვეღარ ვახერხებ, არადა, კუს ტბაზე კვირაში რამდენჯერმე დავრბოდი და კარგ ფორმაში ვიყავი. "ფორდ ბოიარდის" თამაშებში ვმონაწილეობდი. "აირზენას" გუნდის კაპიტანი ვიყავი. ამ კომპანიასთან არანაირი შეხება არ მქონდა გარდა იმისა, რომ მათი თვითმფრინავით მიფრენია. უბრალოდ, მათ გუნდში მოვხვდი, თამაში მოვიგეთ და ყველაზე მეტი ფული წამოვიღეთ...

- გაგვაცანით თქვენი ოჯახი, სადაც დაიბადეთ და გაიზარდეთ.

- დავიბადე და გავიზარდე ვაკეში. ჩემი მშობლები განათლებით ეკონომისტები არიან, ჩვენი ხედვები რადიკალურად განსხვავებულია, რადგანაც საბჭოთა დროს აქვთ ნასწავლი დაგეგმვითი ეკონომიკა.

შატბერაშვილზე, ერთოთახიან ბინაში (40 კვ.მ) დედ-მამა, ჩემი ძმა და მე, წლების განმავლობაში ვცხოვრობდით. მოგვიანებით ჩემი ძმა საბერძნეთში წავიდა სასწავლებლად. დიდი ოჯახი გვქონდა, რადგანაც ჩვენსავე სართულზე, გვერდით, ბაბუა-ბებია და ბიძა თავისი ოჯახით ცხოვრობდა. ბიძაშვილები ერთად გავიზარდეთ. ბაბუაჩემი ორთოდოქსი მარქსისტი იყო, გულწრფელად სწამდა იმ იდეების. მე და ჩემი ძმა მუდმივად ვეკამათებოდით (დებატების თვისებები მგონი, იქიდან გამომყვა). 1908 წელს იყო დაბადებული და ნანახი ჰქონდა ყველაფერი - რევოლუცია, რეპრესიები, მსოფლიო ომი, საკმაოდ ნაკითხიც იყო და მიუხედავად ამისა, სიკვდილამდე მარქსისტად დარჩა. წესიერი და პატიოსანი ადამიანი იყო, რომელიც 95 წლისა გარდაიცვალა.

- ვინ არის თქვენი მეუღლე?

- მყავს მეუღლე და 2 შვილი, ფანტასტიკური ოჯახი მაქვს. მგონია, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. უფროსი ბიჭი 12 წლისაა. ჩემი მეუღლე ნატა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, "მასკის" პროგრამით აშშ-ში იყო, დამთავრებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტი. მუშაობს სახელმწიფო მინისტრის აპარატში, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობს. ამ სამსახურის გაუქმებას ბევრი წელია ვითხოვ, რადგანაც ამ ფუნქციას საგარეო საქმეთა სამინისტროც თავისუფლად შეძლებს. ცოტა კურიოზული სიტუაციაა, მაგრამ ასეა. ადრე საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, მათ შორის - ჩვენს საელჩოში ევროკავშირში, ბრიუსელში.

- თქვენი პოლიტიკური ხედვა თუ ემთხვევა ერთმანეთს?

- 80% ემთხვევა. ის, რომ ორივე ცალსახად პროევროპულები ვართ და ლიბერალები, ამაზე საუბარი არ არის, თუმცა კამათი ეკონომიკურ საკითხებზე გვაქვს. მაგალითად, შრომის ინსპექციაზე შეიძლება ერთმანეთი დავხოცოთ. ოჯახურ საკითხებზე სრული ჰარმონია გვაქვს.

- შვილებს როგორ ზრდით?

- ბავშვებს საშუალება უნდა მივცეთ, წავიდნენ და განვითარდნენ იმ მიმართულებით, რაშიც თავს ლაღად გრძნობენ. ხელი არ უნდა შევუშალოთ. ჩემი ბიჭი ძლიერი და სხარტია მათემატიკაში, ვეუბნები, ყურადღება არ მოადუნოს, უფრო მეტი და მეტი გააკეთოს ამ მიმართულებით. კომპიუტერს უკეთ დაეუფლოს. გაჰყვეს პროგრამირებას, რადგანაც მომავალში პროფესიების დიდი ნაწილი პროგრამირების მიმართულებით გადავა. ენების მიმართაც იჩენს ინტერესს, უკვე რამდენიმე ენა იცის. პატარა გოგონას კი, ოკუპირებული აქვს ჩემი "აიპედი", შედის თავის თამაშებში, ვიდეოებს უყურებს. ბოლომდე თავისით აითვისა. მიმაჩნია, რომ ქვეყნის ხსნა და გადარჩენა განათლების ფუნდამენტურ რეფორმაშია.

ლალი ფაცია