წონიანი არჩევანი - გზაპრესი

წონიანი არჩევანი

მე ვირჩევ ჩემი უბნის მაჟორიტარ დეპუტატს - თუმცა ალბათ ეს იმ შემთხვევათაგანია, როცა უმეტესობამ არც კი იცის, ვინ არის მის უბანში ამა თუ იმ პარტიიდან წარმოდგენილი და არჩევანის გაკეთების დროს, როგორც ხდება ხოლმე, უპირატესობას ალბათ მაინც მის ცნობადობას ან პარტიულ წარმომავლობას მიანიჭებს. არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, წინასაარჩევნო ტემპერატურა კი სულ უფრო ცხელ ზღვარს უახლოვდება, ამიტომ დეპუტატობის მსურველებსაც მეტი აქტივობა მართებთ იმისათვის, რომ მოსახლეობის იმ ნაწილს მოაწონონ თავი, რომელიც ყოფილი თუ ამჟამინდელი მმართველი გუნდის დაპირებების შეუსრულებლობითაა გაწბილებული და განაწყენებული და ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია, ვის სასარგებლოდ გამოიყენოს საკუთარი ხმის უფლება.

უჩვეულოდ მრავალპარტიული არჩევნები გველის, არჩევანი კი იმაზე მრავალფეროვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ამ თემებზე საზოგადოების ცნობილ და უცნობ წარმომადგენლებს გავესაუბრე.

იური მეჩითოვი, ფოტოგრაფი:

- პარტიების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, წელს ჩვენთან ამერიკაზე უფრო დემოკრატიული არჩევნებია (იცინის). ჩვენს არჩევნებს ერთი უბედური სიტყვა - გაყალბება მოსდევს ხოლმე თან. მე მგონი, სახელმწიფოს თავისი რესურსი მაინც აქვს და ალბათ ის შედეგები დაიდება, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს სჭირდება - პროდასავლური, პროგრესული ძალების მომრავლება. ვიღაცამ თქვა და სტალინი იმეორებდა, რომ მთავარი ისაა, ვინც არჩევნებს ითვლისო. ჩემი აზრით, "ოცნებისა" და "ნაციონალების" გარდა, პარლამენტში რამდენიმე ადამიანი მოხვდება "პატრიოტთა ალიანსიდან", პაატა ბურჭულაძეს ალბათ ნაკლები შანსი ექნება, რადგან პარტიაში ისეთი ხალხი შეიყვანა, ვინც დიდი პოპულარობით არ სარგებლობს - "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსული ხალხი, თუმცა შეიძლება, მაინც გაიყვანონ პარლამენტში, რადგან ასპარეზზე ხმების ნაწილის წასაღებად და ე.წ. პროდასავლელთა ფლანგის გასამაგრებლად გაჩნდა. წესით, ბანს სხვა საქმეები უნდა ჰქონოდა, ვიდრე პოლიტიკაში გამოჭენება. "რესპუბლიკელებს", მგონი, საერთოდ შანსი არ აქვთ, თუ მთავრობაში არ გაურიგდებიან ვინმეს და მაჟორიტარებს არ "შეტენიან". რეიტინგი რეალურად არ აქვთ და ასევე

გადაჭარბებულ რეიტინგს უწერენ შალვა ნათელაშვილს.

- რომელია ის ხუთი გამოკვეთილი პარტია, რომელთა წარმომადგენლებიც, თქვენი აზრით, შეძლებენ საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატთა მანდატის მოპოვებას?

- პირველი იქნება ჩვენი "ოცნება", რომელიც ძალიან დიდი ოცნებაა, მერე, "ნაციონალები", რომლებიც, გვინდა თუ არა, მაინც მეორე პარტიად გვევლინება, თუმცა, არა მგონია ათ პროცენტზე მეტი აიღონ. ისე, მაგარი იქნებოდა, ტოტალიზატორი გვეთამაშა არჩევნებში პარტიების პროცენტებზე (იცინის). ზღვარი შესაძლოა ალასანიას პარტიამაც გადალახოს. ამ "ეროვნულ ფორუმს" რატომ უწერენ პროცენტებს, ვერ ვხვდები, ჩემთვის რაღაც უცნაური, გაუგებარი ორგანიზაციაა, "ფორუმელი" არ მინახავს, ისევე, როგორც "რესპუბლიკელი", არც - ცოცხალი "ლეიბორისტი" (იცინის). სხვა პარტიების მომხრეები ასე თუ ისე, მინახავს და მათი - არა. ზოგს არ უნდა ხმა სხვასთან გაიყოს, ზოგი გაერთიანდა და ეს გამსხვილებაც სახეზეა, ზოგმა იფიქრა, რომ არავის არც არგებს, არც ავნებს და მარტო დარჩენა გადაწყვიტა, ნულ-ნულ-ნულ ხუთ პროცენტს მიიღებენ... ასეთი უცნაური არჩევნები გველის წინ, რომელიც ერთ სიკეთეს მოიტანს - პარლამენტი ჭრელი იქნება, თუმცა ეს ქვეყნის სიძლიერეს არ ნიშნავს. საქმეს რამდენად გააკეთებენ, მეორე საკითხია. საერთოდ, კარგი ავტორიტარული რეჟიმი უფრო გვარგებდა ჩვენ, მაგრამ სად არის?

თურმე, 115 ახალი პატარა ქარხანა აშენდა, დღევანდელი ტექნოლოგიები საშუალებას გაძლევს, ნაკლები ადამიანი ამუშაო და 7-8-კაციანს, უკვე ქარხანა ჰქვია. ეს კი უმუშევრობას ვერ შველის, რომელიც ტოტალურ ხასიათს ატარებს. ცვლილებების გარეშე, სიტუაცია არ გაუმჯობესდება. სამყარო იცვლება, ჩვენი მმართველი ფენის აზროვნება კი - არა. 8-10 წლის წინანდელ გამოკითხვებს ვეყრდნობით და ვამბობთ, რომ ეს ხალხის არჩევანია. ხალხის არჩევანი კარგი ცხოვრებაა და არა რომელიმე დროშის ქნევა. პოლიტიკოსებმა კი სხვადასხვა გზები უნდა ეძებონ, რათა ამ პატარა ქვეყანამ ლავირება იმ რთულ გარემოში მოახდინოს, რომელიც ჩვენ გარშემო ტრიალებს. ერთი კი ფაქტია, უმუშევრობაა, თორემ სხვა პარამეტრებით პლუსებიც გვაქვს - დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, უსაფრთხოებაა, ტურიზმი ყვავის და ა.შ. მთავარია, ჩვენი ხვალინდელი განვითარება უზრუნველვყოთ, ამისათვის, განსხვავებული აზრებიც უნდა იყოს მისაღები და არა - ერთი გაბატონებული, რომელიც გამაგრებულია პოლიტიკოსებით, არასამთავრობოებით, მედიით და როგორც კი ვინმე რამეს განსხვავებულს იტყვის, პრორუსის სტატუსს მიაწებებენ. ეს ძალიან ცუდი ტრენდია, დამღუპველი. ქართულ სინამდვილეში ერთადერთი რეალური პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძეა, დანარჩენებს არანაირი კავშირი არ აქვთ პოლიტიკოსობასთან. "რესპუბლიკელები" პოლიტოლოგთა კლუბი უფროა, ვიდრე პოლიტიკოსთა. ბურჯანაძემ კარგად თქვა, პოლიტიკაში არ არსებობენ მტრები და მეგობრები, პოლიტიკა არის ინტერესები და გარიგებაში შედიხარ. ჩვენც ასე უნდა ვიმოქმედოთ.

- მაჟორიტარები - მათი სიაც ისევე მრავალფეროვანია, როგორც პარტიებისა, კანდიდატები კი ბევრისთვის უცნობი.

- მაჟორიტარები საშინელი სისტემაა, მართლა სერიოზული ბრძოლა იქნება. მე მგონი, ლალი მოროშკინა სწორად მოიქცა, როცა "პატრიოტთა ალიანსიდან" გადაწყვიტა კენჭისყრა, მეტი შანსი აქვს. მისნაირი, ნანა დევდარიანის, მამუკა არეშიძისნაირი ადამიანები პარლამენტში ნამდვილად უნდა იყონ. "ნაციონალები" დემაგოგები არიან, მაგრამ ლაპარაკი ხომ შეეძლოთ? იქიდან კი მოპასუხე სულ სამი კაცი იყო, პოლემიკის უნარი არ ჰქონდათ და ახლაც ისეთი პარლამენტი რომ მივიღოთ, დავიღუპეთ და ეგ არის! ათი "ნაციონალი" რომ შევიდეს, გამოდის, რომ ყველას შეჭამს.

- თუ შეგიძლიათ დაასახელოთ, ვინ არიან თქვენი უბნის მაჟორიტარები?

- სახლში მოუტანიათ და ვნახე, რომ ჩემთან - დიდ დიღომში "რესპუბლიკური პარტიიდან" თამარ ხიდაშელია, დანარჩენი კარგად არ ვიცი, თუმცა, არჩევნებზე როცა მივალ, მეცოდინება, ვინ ვინ არის და ჩემს არჩევანს გავაკეთებ. არჩევანი, რომელსაც მოსახლეობა ახლა აკეთებს, უფრო წონიანი იქნება, რადგან ეიფორია დასრულდა. 2012-ში მართლა საჭირო იყო მომაკვდავი და სისხლისმსმელი, დამნაშავე რეჟიმის მოცილება, თავისი პრეზიდენტით. ახლა სხვა დროა და არჩევანის გაკეთებას ისტერია არ ახლავს თან. თუ განსხვავებული პლატფორმის მქონე ხალხი ვერ მოხვდება, როგორიცაა ბურჯანაძე, "ალიანსი", იმავე სიტუაციას მივიღებთ. ჩვენი ქვეყანა თავისი ინტერესებიდან უნდა გამოდიოდეს და პროქართული კურსი უნდა ჰქონდეს. დიდი ქვეყნების, მეზობლების ინტერესები უნდა გაითვალისწინო, მაგრამ საკუთარ ინტერესებზე იფიქრო და ეს იქნება ის პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს და ხელგაშვერილები არ ვიქნებით, სულ საშინაო დავალებებს რომ ვაკეთებთ და არაფრის მომტან ვიზალიბერალიზაციას ველოდებით.

გიორგი მეგრელიშვილი, მსახიობი:

- "ქართულ ოცნებას" გამოვარჩევ და მგონია, რომ ამ არჩევნებზეც ბევრ ხმას მიიღებს. უამრავი პარტიაა და ალბათ ყველას აქვს იმედი, რომ ქვეყნის აშენებაში საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია და მოსახლეობის მხარდაჭერა ექნება. მთავარია, თავიანთი დაპირებები შეასრულონ. საერთოდ, ერთპარტიული მმართველობა არ უნდა იყოს, მაგრამ ძლიერი პოლიტიკოსები და პარტიები ერთად თუ დადგებიან და ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს ერთად გააკეთებენ, ეს იქნებოდა კარგი. სხვა პარტიას ბორბალში ჯოხს არ უნდა უდებდნენ. ყველა თავისკენ ექაჩება ყველაფერს და საკუთარი აზრი ჰგონია ჭეშმარიტი. ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ. მთავარია, ძალადობა არ იყოს, ქართველ ადამიანს არ უხდება ეს. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სოციალური ფონია, ყველაფერი ალბათ გაჭირვებიდან მოდის და ასეთ ხალხზე ზრუნვაა აუცილებელი.

- პირადად თქვენ, რა მოლოდინიც გქონდათ არსებული მთავრობისგან, ნაწილობრივ მაინც თუ გამართლდა?

- მე ვხვდები, რომ შეიძლება ბევრი უკეთესი რამის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ როცა მახსენდება, მაშინ რაც ხდებოდა - ხალხს ტელეფონზე დალაპარაკების შიშიც კი ჰქონდა, ჩუმად ვლაპარაკობდით, ძალადობა იყო და ა.შ. ახლა ხომ ეს ყველაფერი აღარაა და ეს უდიდესი მიღწევაა. თუმცა, ადამიანს ავიწყდება, რა მდგომარეობაში იყო ადრე და სულ უკეთესი და უკეთესი უნდა. თქვენ რომ არ გეკითხათ, შესაძლოა, მეც არ დავფიქრებულიყავი ამ თემაზე და მეთქვა, მთავრობა მეტ რამეს რატომ არ აკეთებს-მეთქი... რაც უფრო მეტ კარგ საქმეს გააკეთებენ და თავიანთ დაპირებებს არ დაივიწყებენ, უკეთესი იქნება.

- რაც შეეხება სხვადასხვა პარტიის მიერ წარმოდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებს, მათ რაოდენობასაც არ ვუჩივით, უმეტესობას კი ხალხი არც იცნობს. თქვენ თუ იცით, ვინ არიან თქვენი უბნის მაჟორიტარები და როგორი არჩევანი გაქვთ "საარჩევნო მენიუში"? თუ შეგიძლიათ რამდენიმე მათგანის დასახელება?

- ვაკეში ვცხოვრობ და თუ არ ვცდები, ერთ-ერთი კანდიდატი ბიძინა გეგიძეა. სხვა პარტიების წარმომადგენლები არც ვიცი... ეტყობა, დიდად არც აქტიურობენ. პლაკატებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ხედავ, უფრო აღიქვამ. მესმის, რომ ესეც ფინანსებთანაა დაკავშირებული, მაგრამ საჭიროა. ხალხთან სიარული და უშუალო კონტაქტი, აქტიურობა აუცილებელია.

- როგორც ვნახეთ, ბევრი ხელოვანი, სპორტსმენი თუ პოლიტიკისგან საკმაოდ შორს მდგომი პროფესიის ადამიანი დაადგა პარლამენტისკენ მიმავალ გზას და მაჟორიტარადაც კი იყრის კენჭს. სოციალურ ქსელშიც, სამეგობროს თუ გადავხედავთ, ასეთი ბევრია. თქვენც ხომ არ გქონიათ შემოთავაზება რომელიმე პარტიისგან?

- ჯერჯერობით არავისგან და სიმართლე გითხრათ, ამაზე არც მიფიქრია, თუმცა, გააჩნია, რომელი პარტია შემომთავაზებდა. ყოველთვის დგება დრო, როდესაც სურვილი გიჩნდება, შენი ხედვა გამოხატო, შენს ქვეყანას დაეხმარო, თუ ვინმე შემომთავაზებს, რომ ჩემი საოცნებო ფილმი გადავიღო, ბევრ როლზე დამაკავებს, ბედნიერი ვიქნები. საერთოდ, ცუდი არ არის, როცა მსახიობები პოლიტიკაში მიდიან და უნდათ, ქვეყნისთვის კარგი საქმე გააკეთონ, მთავარია, სერიოზული შეცდომები არ დაუშვან და მე მჯერა, რომ ხელოვანი ადამიანი ისეთ შეცდომას არ დაუშვებს, რაც ძალადობასთან ან ბოროტებასთან იქნება კავშირში. შესაძლოა, ემოციურები არიან, მაგრამ - ბევრად ჰუმანურები, გადაწყვეტილების მიღებისას და ჩვენს ქვეყანას ესეც სჭირდება.

გაგა თუთარაშვილი, სამართალმცოდნე, სტუდენტი:

- განურჩევლად იმისა, ვინ მოგვწონს და ვინ არა, მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო ორგანოში ხაზგასმით იყოს წარმოდგენილი პროდასავლური პარტიები, შესაბამისად, მნიშვნელობა არა აქვს, რომელი ოპოზიციური ახალშექმნილი პარტია წაიღებს იმ ხმებს, რომლებიც, მაგალითად, წილად ვერ ხვდება "ნაციონალურ მოძრაობას" ან "ქართულ ოცნებას". ახალშექმნილი პარტიების შანსებზე საუბარი რთული იქნება, უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი ჩვენი პროდასავლური ორიენტაციაა. მივესალმები, თუ ბურჭულაძე მოხვდება პარლამენტში მისი თანამეინახეებით და "ქართულ ოცნებას" წაართმევს ელექტორატს. ვფიქრობ, საკანონმდებლო ორგანოში ჭრელ სურათს მივიღებთ, სადაც დიდი ალბათობით უმრავლესობა არც ერთ პარტიას არ ექნება. თუ "ოცნებაზე" ვისაუბრებთ, მათი ამომრჩევლის უკმაყოფილება და არჩევნებზე 41-ის შემოხაზვაზე უარის თქმა აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ ამ ხმებს ოპოზიციური პროდასავლური პარტიები მიიღებენ. რადგან ვფიქრობ, რომ ამომრჩევლის უკმაყოფილებაც "ოცნების" აშკარა შემრიგებლურ პოლიტიკასთან ასოცირდება, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობასთან შემცირებულ კავშირებთან და მძიმე ეკონომიკურ პრობლემებსაც ვერსად გავექცევით. თუ "ნაციონალური მოძრაობა" ხმებს დაკარგავს, ეს ნიშნავს, რომ ამ ხმებსაც სხვა პროდასავლური ლიბერალური ძალები მიიღებენ. რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, სერგო რატიანსა და მამუკა გუგეშაშვილს გამოვყოფდი, სხვების დასახელებისაგან თავს შევიკავებ.

თამთა დადეშელი