ყოველდღიურობაში შემოჭრილი პოლიტიკის პლუს-მინუსები - გზაპრესი

ყოველდღიურობაში შემოჭრილი პოლიტიკის პლუს-მინუსები

ბოლო დროს განსაკუთრებით თვალში საცემია, რომ ყველა პოლიტიკაზე ლაპარაკობს. საუბრობენ ყველგან: სახლში, ბაზარში, ქუჩაში, სუფრასთან შეკრებილები. თითქოს ყველა გზა პოლიტიკისკენ მიდის და შეზარხოშებული მამაკაცებიც კი, რომლებიც სხვა დროს ერთმანეთს სიყვარულში ეჯიბრებოდნენ, ახლა ხოცავენ ურთიერთს პოლიტიკოსების გამო. ხშირად თანამესუფრეების შეხედულებები არ ემთხვევა და დავა პოლიტიკაზე მუშტი-კრივშიც გადაიზრდება ხოლმე. მინდა, ის სიტუაცია გადმოგცეთ, რომელსაც რამდენიმე დღის წინ თავად შევესწარი: ერთი ადამიანი ამტკიცებდა, რომ "ოცნება" ბევრად ჯობს "ნაციონალებს". მერე რა, რომ ბევრი არაფერი გაუკეთებიათ, სამაგიეროდ, იმათ ჯობიაო! მაგრამ კითხვაზე: მაინც, რით სჯობია "ქოცები" "ნაცებს"? კონკრეტული პასუხი არ ჰქონდა და დავა, რომელსაც დიასახლისი "წყლის ნაყვას" ეძახდა, ისევ უსასრულოდ გაგრძელდა... მეორე კაცი აშკარად, "ნაციონალების" მომხრე იყო: იმათ გზა დაგვიგეს, გაანათეს ჩაბნელებული სოფლები, ამათგან კიდევ, კარგს არც არაფერს ველოდი და არც არაფერი გაუკეთებიათო. მესამე ყვარყვარესავით იქცეოდა: ხან ერთ თანამესუფრეს ეთანხმებოდა, ხან - მეორეს, დანარჩენი ორი აშკარად, ნეიტრალურ პოზიციაზე იყო და ორივე პარტიას აგინებდა; სტუმარი ქალბატონი "ნაციონალების" მომხრეს უჭერდა მხარს, რის გამოც ქმრის რისხვა დაატყა თავს. მათი დავა-კამათის შეჩერებას, ლაპარაკის სხვა თემაზე გადატანას აშკარად ვერ ახერხებდა დიასახლისი, რომელიც ყველა მთავრობას ერთ ტაფაში ხარშავდა და სუფრასთან შეკრებილებს სულელებს ეძახდა, - ნეტავ თქვენ, ვის გამო იშლით ნერვებს? ისინი ხომ ჩვენთვის თავსაც არ იწუხებენო...

ამ სახლიდან გვიან ღამემდე ისმოდა ყვირილისა და ჩხუბის ხმა. ბოლოს სუფრიდან წამოიშალნენ, მამაკაცებმა ერთმანეთს ძმურად გადახვიეს ხელი; "ნაცმაც", "ქოცმაც", ნეიტრალურებმაც და ყვარყვარემაც ერთურთს ხელი ჩამოართვეს, როგორც ამბობენ, "ტუჩზე კოცნით" დაემშვიდობნენ, თან, დიასახლისი "დაამშვიდეს": ნუ იდარდებ, ჩვენი ჩხუბი ცოლ-ქმრის ჩხუბს ჰგავს, პოლიტიკოსების გამო ერთმანეთს არ დავკარგავთო და თავ-თავიანთ გზაზე წავიდნენ...

ამ სიტუაციის აღწერით რისი თქმა მინდა? იქნებ ჯობია, პოლიტიკა ზოგჯერ მაინც დავივიწყოთ და ქეიფი ქეიფად შევირგოთ, საქვეყნო საქმეები კი სხვებმა არჩიონ? ასე თუ იქნება, ალბათ, არც ჩვენი ჟურნალის ერთგული მკითხველები დამიწყებენ უსაფუძვლო ლანძღვას ხან იმის გამო, რომ "ნაცების" აგენტი ვარ და ხანაც იმის გამო, რომ ნამდვილი "ქოცი" ვარ - რესპონდენტის გემოვნებიდან და შეხედულებებიდან გამომდინარე. ამ კვირაშიც გემრიელად გამოვილანძე, ამჯერად, "სულ სხვა" პარტიის თაყვანისმცემლისგან, რომელმაც მითხრა: რომ "ნაცები" და "ქოცები" ერთი სისხლისანი არიან, საერთო ჯამიდან იკვებებიან და მე კი მათი გამოზრდილი ლეკვი ვარ... ეს რაღაც ახალი ვერსიაა იმ ბრალდებებიდან, რომელსაც ბოლო დროს მრავლად მიყენებენ. თუმცა, ამ ქალბატონსაც აქვს უფლება, საკუთარი აზრი დააფიქსიროს. ჩვენს დიალოგს მცირეოდენი შემცირებით გთავაზობთ:

- თქვენ ხართ ის, ვისაც "ქოცებისა" და "ნაცების" გარდა, ქვეყანაში სხვა პოლიტიკური პარტია რომ არ ეგულება? არ გრცხვენიათ, გამუდმებით მათზე რომ წერთ და სხვა, უფრო ღირსეულ პოლიტელიტას ჩრდილში აყენებთ? თქვენც ჟურნალისტი გქვიათ, რა. გამაგებინეთ ერთი, რა სიამოვნებას განიჭებთ ერთი ან მეორე პარტიის ხან ლანძღვა და ხანაც - ქება? დავიჯერო, მართლა გიკავშირდებიან ადამიანები და ამდენ სისულელეს გიყვებიან? დავიჯერო, ყველა ისეა დაბრმავებული, რომ სხვას, უფრო ღირსეულს ვერ ხედავენ? დავიჯერო, ისევ ამ ორიდან ერთ-ერთი გაიმარჯვებს და პარლამენტის სავარძლებს სხვები ვერ ეღირსებიან?

- ცოტა არ იყოს, ვერ ვხვდები თქვენი აღშფოთების მიზეზს. რატომ გგონიათ, რომ მოქალაქეების ინტერვიუებს კი არა, შეკვეთილ სტატიებს ვბეჭდავთ?

- იმიტომ, რომ შეგიკვეთეს, მხოლოდ ამ ორ პარტიაზე წეროთ და რას დაწერთ, სულერთია! კარგად იცით ხალხის ყურადღების მიქცევის მეთოდები და ისიც, რომ რიგ შემთხვევებში ანტირეკლამა რეკლამაზე კარგად მოქმედებს. თქვენ, ჟურნალისტები დაღუპავთ ქვეყანას ან პოლიტიკოსები დაღუპავენ, თქვენი ხელშეწყობით.

- გარწმუნებთ, თქვენს მსგავსად, არაერთი ადამიანი გვიკავშირდება საკუთარი სათქმელის დასაფიქსირებლად.

- დავიჯერო, იმ პარტიებიდან არავინ დაგირეკათ, რომლებიც ჩრდილში დგანან იმის გამო, რომ ჟურნალისტები მათ არ სწყალობთ? თქვენ თუ არ გააგებინეთ ხალხს, რომ არსებობს ღირსეული პარტია, რომლის მხარდაჭერითაც გარანტირებული კარგი ცხოვრება ელით, რას გაიგებენ? ამომრჩეველს კიდევ უფრო აბნევთ თქვენი სტატიებით, სიუჟეტებით და ეს ძალიან ცუდია. სინდისზე, სინდისზე იფიქრეთ! მაგ რედაქციაში ყველა "ნაც-ქოცები" ხართ?

- ქალბატონო, ბრაზის ნთხევას ჯობია, თქვენ გვითხრათ, რომელია პოლიტიკურ პარტიებს შორის ყველაზე ღირსეული და გაგვანათლოთ...

- ბევრია ასეთი და ახლა რომელიმე რომ დაგისახელოთ, იტყვით, რომ ამ პარტიის წარმომადგენელი ვარ და ამიტომ ვბრაზობ. თვალები კარგად გაახილეთ და ბევრ ღირსეულ ადამიანს იპოვით გარშემო. მიშა და ბიძინა რომ გაკერიათ პირზე, რა გააკეთეს ისეთი, რის გამოც ისტორიამ ისინი გმირებად უნდა შერაცხოს? ცუდის გარდა არაფერი არ გაუკეთებიათ: კიდევ უფრო მეტად გაყიდეს და დააქუცმაცეს ქვეყანა. ამერიკა-რუსეთს მიუგდეს ყველაფერი საჯიჯგნად. სხვის თამაშს თამაშობენ და თუ ასე გაგრძელდება, საბოლოოდ, როგორც ერი, გავნადგურდებით. ჩვენ მხოლოდ ჩვენი შრომით უნდა მივაღწიოთ მიზანს, თავადაც დავდგეთ ფეხზე და ქვეყანასაც წამოდგომაში შევეშველოთ. მიწა უნდა ვამუშაოთ - ესაა ჩვენი მისია და მოვალეობა. მშრომელი ხალხი ვართ. რაც გვევალება, იმაზე უარს თუ ვიტყვით, აუცილებლად წავიტეხავთ ცხვირს. ნატო და გაერო ბრბოსთვის თვალის ასახვევად გამოგონილი გაერთიანებები რომ არის, ეს უკვე თვალსაჩინო გახდა და თუ ვერ ვხედავთ ამას, დავბრმავებულვართ და ეგ არის.

- იქნება მართალი ხართ, მაგრამ გვითხარით, ვინ არის ის ერის გადამრჩენელი, რომელიც ყველას სწორ გზაზე დაგვაყენებს?

- ხომ გეუბნებით, ის ჩვენ წინაშეა, მთელი თავისი ბრწყინვალებით, უბრალოდ, უნდა დავინახოთ. კარგად გაეცანით პარტიების საარჩევნო პროგრამას და მიხვდებით, ვისაც ვგულისხმობ. ეს გუნდი ძალიან გულწრფელია. არ იტყუებიან და ოქროს კოშკებს არ გვპირდებიან. მხოლოდ იმას ამბობენ, რისი გაკეთების უნარიც შესწევთ და არც 100 ქარხნის აშენებას დაიბრალებენ და არც 100 საავადმყოფოსი. არც მილიონი ხის დარგვა აქვთ მიზნად და არც ნატოში გაწევრება. ისინი ნათელი მომავალი არიან და თუ გონიერებას გამოვიჩენთ, მალე მართლა გაბრწყინდება იბერია. ჩვენ ამერიკის უნდა გვეშინოდეს, მტრად მიჩნეული რუსეთი კი მეგობრად დავიგულოთ, სხვანაირად არაფერი გამოვა. მეზობელს თუ გავაბრაზებთ და მტრად მოვიკიდებთ, ამით ვერაფერს მოვიგებთ.

- მაგრამ თუ მეზობელი ოკუპანტია და ჩვენზე ძალადობს?

- თუ არ გამოიწვევ, არ იძალადებს. შეიძლება, მიტაცებული ტერიტორიები დააბრუნოს კიდეც, მაგრამ ამისთვის მათთან "სხვა ენაზე" ლაპარაკი უნდა ვისწავლოთ. ახლა რუსული ენის ნაცვლად, სხვა ენებს ასწავლიან ბავშვებს. რატომ უნდა ვილაპარაკო ჩემს სამშობლოში ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად? რატომ უნდა იყოს ამ ენების ცოდნა აუცილებლობა? სამსახურს ვერ იშოვი, თუ მხოლოდ ქართული იცი და ეს მიდგომა მოგწონთ? იქნება, ჩემი საქმის კარგი მცოდნე ვარ და უცხო ენის შესწავლის უნარი არა მაქვს, ამისთვის უნდა დამჩაგრო? ვფიქრობ, მეზობლების ენა უფრო მეტად გამოგვადგება: რუსული, თურქული, აზერბაიჯანული, ვიდრე ამერიკულ-ფრანციცული. ოდესმე, დაგიყვირიათ შვილისთვის?

- როცა ჩემი აზრით, ცუდად იქცევა ან სწავლა ეზარება, შენიშვნა მიმიცია, დამიყვირია კიდეც...

- ჰოდა, ამ დაყვირებასაც მალე რომ აგიკრძალავენ და შვილის შენს ჭკუაზე აღზრდის უფლებას წაგართმევენ, მერე რაღას იტყვი? უკვე მუშაობენ კანონზე, რომელიც მშობელს შვილისთვის ზედმეტად დაყვირების უფლებას წაართმევს. თუ ხელს დაარტყამთ შვილს, შეიძლება, დაგიჭირონ კიდეც ან უარესი, ბავშვი წაგართვან. ამათაც ის უნდათ, რომ ერი გადაშენდეს და ამას ყველანაირად უწყობენ ხელს. აი, მერე რას იტყვით შენ და შენნაირები, ეს კანონი ძალაში რომ შევა? ბავშვი რომ დაგემუქრებათ, - ნუ მიყვირი, თორემ პოლიციას გამოვიძახებო, - რას მოიმოქმედებთ? დაფიქრდით, კარგად დაფიქრდით, თორემ მოახლოვდა განკითხვის დღე და ყველანი ერთად, ჯოჯოხეთის ცეცხლში დავიწვებით...

კიდევ ბევრი კითხვა მქონდა ამ ქალბატონთან, მაგრამ ტელეფონი გამითიშა და მერე მასთან დაკავშირებას ამაოდ ვცდილობდი. მესიჯი რომ გავუგზავნე, მომწერა, რომ საკმარისად ბევრი მითხრა და ჯობია, ნერვები აღარ ავუშალო. იმედია, ამ სტატიის გამოქვეყნების გამო მისგან ისევ არ გავილანძღები. აქვე გთხოვთ ყველას, თუ ვინმეს მსგავსი პრეტენზია გაქვთ, მიუხედავად თქვენი პარტიულობისა, პოლიტიკური გემოვნებისა, დაგვიკავშირდით. მოსინჯეთ, დაგვირეკეთ ნომერზე: 558 25.60.81 და დააფიქსირეთ საკუთარი მოსაზრებები. ამ შემთხვევაში მიხვდებით, რომ ჩვენ მხოლოდ რომელიმე კონკრეტული პარტიის რეკლამას ან ანტირეკლამას არ ვეწევით. ვბეჭდავთ იმას, რაც მოსახლეობას აწუხებს და რისთვისაც მოგვმართავენ. რიგ შემთხვევაში, ისიც გასაგებია, რომ რესპონდენტს არ სურს საკუთარი ვინაობის გამხელა, ამ შემთხვევაში ანონიმურობას ვიცავთ.

ლიკა ქაჯაია