"ამ ევრო-სიყვარულის ემოციურ კორიანტელში საქართველოს ინტერესები სადაა დაცული?" - გზაპრესი

"ამ ევრო-სიყვარულის ემოციურ კორიანტელში საქართველოს ინტერესები სადაა დაცული?"

მუსიკოსი, დრამერი, იტალიური ჯგუფის - "პროფუჟენის" ქართველი დამაარსებელი, ლადო სიჭინავა წლებია, იტალიაში ცხოვრობს და ქართული კულტურის, ფოლკლორის პოპულარიზაციას თავისი საქმით ახდენს. ლადო იტალიიდან დანახული ქართული პოლიტიკური ამბების შესახებ საკუთარ აზრს გვიზიარებს.

- როგორც წესი, არჩევნებში ემიგრანტებიც მონაწილეობენ ხოლმე. ლადო, თუ ეცნობი ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამას და რომელი მათგანის შეხედულებები და მიმართულებაა შენთვის უფრო მისაღები?

- საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებს საკმაოდ აქტიურად ვადევნებ თვალყურს, ნეტ-ჟურნალების და სოციალური ქსელის მეშვეობით. პროგრამა და დაპირებები მეტ-ნაკლებად ყველას კარგი აქვს, ბოლოს და ბოლოს, სამშობლოს მტერი გულით და სულით არავინაა. მე ის უფრო მაინტერესებს, რამდენი მათგანი შეძლებს იმ დაპირებების შესრულებას და ამას, მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

- როგორია იტალიაში მცხოვრები ქართველების განწყობა აქაურ პოლიტ-ეკონომიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით? თუ გქონიათ ამაზე საუბარი?

- სხვისი მოსაზრების რა გითხრათ, მე ჩემსას გეტყვით. წარმოიდგინეთ, ცნობილი ტილო, რომელსაც რომელიმე ცნობილ გალერეაში ათვალიერებთ, თან ძალიან ახლოდან, ცხვირთან ახლოს, ასე 2 ან 3 სანტიმეტრის მანძილზე, ალბათ მიხვდებით, რომ ასეთი მანძილიდან რთულია რამის კარგად და მკაფიოდ დანახვა. საჭიროა მოშორება, რაკურსის შეცვლა, რომ ნახატი მთლიანობაში დავათვალიეროთ და აღვიქვათ. მე კი ასე შორს მყოფმა, დავინახე საქართველოს სილამაზე, კარგი თვისებები და ცუდიც. გული მტკივა ზოგიერთი პოლიტიკოსის ბრმა-ყრუობაზე, არაპროფესიონალიზმზე, პროვინციალიზმზე... ბევრი რამე შეიცვალა უკეთესობისკენ, მაგრამ ეს საკმარისი არაა. "2 ნაბიჯი წინ, 3 ნაბიჯი უკან", - თითქოს ასეთმა ტენდენციამ დაისადგურა ამ ბოლო დროს.

- როგორ ფიქრობ, რა შედეგს მოუტანს საქართველოს, მაგალითად, ნატოს ან მაპ-ისთვის ბრძოლა? რის შემდეგ ჩაგვთვლის ევროპა მის "დიდ ოჯახში მიღების ღირსად"?

- ...და გვინდა ჩვენ ასეთ ევროპაში ყოფნა ვითომ? საქართველო პატარა ქვეყანაა და მისთვის რთულია საკუთარი ინტერესების დაცვა. ამ ევროპა-აშშ-რუსეთის დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში კი... საფეხბურთო "აპამპულავებას" ჰგავს. ზოგს გაზ-ნავთობის ტრანზიტისთვის ვჭირდებით, ზოგს სამხედრო ბაზებისთვის, ზოგს კი ჩვენი დესტაბილიზაცია აწყობს, სხვებს საქმე რომ ჩაუშხამოს... ხან რას შეგვპირდებიან, ხან - რას... მაგრამ ზუსტ ინფორმაციას არავინ გვაწვდის და კონკრეტულ საქმეს არავინ აკეთებს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კი ჩვენ გარდა, დამიჯერეთ, არავის აინტერესებს. ამ ევრო-სიყვარულის ემოციურ კორიანტელში საქართველოს ინტერესები სადაა დაცული?

- მრავალსერიიან ფილმ "ჰეროკრატიას" თუ უყურებ, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს ციხეში მომხდარ ამბებს აღწერს?

- სიმართლე გითხრათ, არ მინახავს. ვგმობ წამების ყოველგვარ ფორმას. დარწმუნებული ვარ, სამწუხაროდ, ასეთი ამაზრზენი რამ არა მხოლოდ საქართველოში ხდება ან ხდებოდა, არამედ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ციხეებში, ევროპასა თუ რუსეთში და ეს ცალსახად მიუღებელია. თავისუფლებაზე მყოფ ხალხს არ სცემენ პატივს და პატიმრები რა დღეში იქნებიან?

- შენი აზრით, რა არის საქართველოს უპირველესი პრობლემა და რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის რეალური განვითარებისთვის?

- ამ ეტაპზე, რაც პირველ რიგში მომდის თავში, ჰაერის დაბინძურების პრობლემაა. ამ პარამეტრის მიხედვით, საქართველო თურმე პირველ ადგილზე ყოფილა, ინდოეთს და ჩინეთს ვუსწრებთ... შეუძლებელია ამის დაჯერებაც კი. პლასტმასის ბოთლები კი ტყეებსა და მდინარებში ყრია. პარკები შემოაკლდა დედაქალაქს, და არა მხოლოდ დედაქალაქს. პირველ რიგში, ჯანსაღ საქართველოში უნდა ვიცხოვროთ, დანარჩენს კი მოევლება, თუ ამას ჩვენ მოვინდომებთ! ქვეყნის კეთილდღეობა, ჩემი აზრით, შემოქმედების, კულტურის და განათლების ხარისხის განვითარებით ისაზღვრება. ეს საძირკველია ყველაფრისთვის. როგორც დიდი ილია მართალი იტყოდა: "ღონე ქვეყნისა მარტო ნიჭიერი და მხნე კაცია", - დაე, გვიმრავლოს ღმერთმა ნიჭიერი და მხნე ხალხი!

თამთა დადეშელი