ცუცა კაპანაძის პოლიტიკურ-პატრიოტულ-ემოციური ინტერვიუ - გზაპრესი

ცუცა კაპანაძის პოლიტიკურ-პატრიოტულ-ემოციური ინტერვიუ

აქაურ ყოფასა და პოლიტიკურ მდგომარეობას ემოციის გარეშე ვერ განიხილავს. აღნიშნავს, რომ პოლიტიკა მისთვის საძულველი სფეროა და ცდილობს, ნაკლებად დაინტერესდეს, თუმცა, ამ თემაზე სხვებზე უკეთ მსჯელობს და სურს, რომ ვიღაცისტებად დაყოფილი ქართველები, მხოლოდ ერთმა იდეოლოგიამ - ქვეყნისტობამ გააერთიანოს.

- ცუცა, როგორ ხართ? როგორ მიდის თქვენი ამერიკული ცხოვრება?

GzaPress- შემოქმედებითად ძალზე ვაქტიურობთ, ახლაც გაკვეთილები მაქვს ჩვენი სტუდიის ბავშვებთან და 15 ივნისს მიუზიკლის პრემიერა გვექნება, ჯადოსნური ზღაპარია. ახლახან, ოტია იოსელიანის "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი" წარმოვადგინეთ, მალე ჩემი ფილმის პრეზენტაციაც გაიმართება, რომელიც აქ მოღვაწე ქართველმა კინორეჟისორმა - ქეთი ორჯონიკიძემ გადაიღო. სხვათა შორის, აქ კინოფესტივალზე როგორც საუკეთესო რეჟისორმა ქალმა პრიზი აიღო. მოკლედ, კულტურულ ცხოვრებაში აქტიურად ვართ ჩაბმულები.

- საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს თვალ-ყურს თუ ადევნებთ?

- პოლიტიკაზე საუბარი არ მიყვარს, არ ვერევი, ბინძურ სფეროდ მიმაჩნია, არც თვალყურს ვადევნებ, რადგან ამდენ უაზრო ლაპარაკსა და ჩხუბზე ნერვები მეშლება, სულ ვიღაცისტები არიან. როგორ დაინგრა და მოიშალა ურთიერთობები საქართველოში და თქვენ წარმოიდგინეთ, აქაც ეგეთი სიტუაციაა - ზოგი იმისტია, ზოგი - ამისტი და ფაქტობრივად, ქვეყნისტი აღარავინ გამოდის და სულ ამაზე მაქვს ჩხუბი - მოდი, ჩვენი ქვეყნისტები ვიყოთ და ნურავისტები ნუ ვიქნებით, ხომ შეიძლება-მეთქი? მაქსიმალურად ვცდილობ პოლიტიკურ კამათში არ ჩავერთო. ნუ დაიყოფით და კერპთაყვანისმცემლები ნუ გახდებით-მეთქი, ვეუბნები. როგორც იქნა, არმაზის კერპი დავანგრიეთ წინა საუკუნეებში და ახლა, ახალი კერპების შენებას იწყებენ.

- მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, როგორია შენი თვალით დანახული საქართველო? რას ამბობენ ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები?

GzaPress- ახალი მთავრობა კი ცდილობს, რაღაც შეცვალოს, მაგრამ... საქართველოში ხუთი წელია აღარ ვყოფილვარ და როცა ვრეკავ და ვეკითხები - რაიმე შეიცვალა-მეთქი? მეუბნებიან - სოფლის მეურნეობას, ჯანდაცვას ცოტა ეშველაო, მაგრამ სამსახურები არ არისო, არჩევნებს ველოდებით და მერე მოგვარდებაო და გამოდის, რომ სანამ "ნაციონალები" არ წავლენ, მანამდე არაფერი შეიცვლება? კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვებს მოვიშველიებ "დიდოსტატის მარჯვენიდან" - "თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ გვიშველის!" თქვენ ვერ წარმოიდგენთ, აქ, ნიუ-იორკში როგორ არიან ქართველები გაყოფილები, ნათელ-მირონი ერთმანეთს არ ეპატიჟება - ის რომ დავპატიჟო, "ოცნებისტია", ის - "ნაციონალი", ისევ პოლიტიკაზე ჩხუბი დაიწყება და მაგათი ნერვი არ მაქვსო, წარმოგიდგენია? ხომ ცუდი სიტუაციაა? ეს ძალიან მძაბავს და პოლიტიკაზე ლაპარაკს როგორც კი იწყებენ, ვეუბნები ხოლმე - თუ აქ იმისთვის მოვედით, რომ ვისიამოვნოთ, ქორწილია თუ დაბადების დღე, ამ პოლიტიკას თავი გაანებეთ-მეთქი! დღევანდელ ხელისუფლებაში ვინც არიან, უმეტესობა ძველი შემადგენლობაა და ნურავინ მიწყენს, მაგრამ პატივს არ ვცემ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ყველა მთავრობას ერგებიან, თანაც სათავისოდ ერგებიან, თორემ ხალხის სასიკეთოდ არავინ მოერგო! ესაა უბედურება! მე შენ იმიტომ აგირჩიე, რომ ჩემს ხალხს ეშველოს, დასაქმდეს და ა.შ. ძალიან კარგად მესმის ისიც, რომ ეს ერთ წელიწადში არ მოხდება, მაგრამ რაღაც ხომ უნდა გააკეთო? რომ გაიძახი, იმათმა დაანგრიესო, მორჩი ახლა წარსულზე ლაპარაკს და შენი საქმე გააკეთე, ნუღარ აძაგებ ყოველ ფეხის ნაბიჯზე! ისინი იყვნენ და კომუნისტებს აძაგებდნენ, შევარდნაძე ამოთხარეს და გადათხარეს, გაანებე ახლა თავი, შენ ქვეყნისტი ხარ? გინდა ხალხი მხარში ამოგიდგეს? გააკეთე გასაკეთებელი! მოსახსნელია? დასაჭერია? ფული გაფლანგა? მოხსენი და დაიჭირე, რაღას უყურებ?! აღარ შემიძლია უკვე, ბოლოს და ბოლოს, დასაჯე დასასჯელი, მიიღე ისეთი კანონი, რომ იზეიმოს სა-მარ-თალ-მა! 1-2 მინისტრია, რომელსაც მართლა უნდა საქმის კეთება, მაგრამ დანარჩენები? იმედს ვიტოვებ, ამ არჩევნების მერე მაინც ეშველება საქართველოს რამე.

- არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა, თქვენი აზრით, როგორი მერი სჭირდება თბილისს და თქვენ ვის ისურვებდით დედაქალაქის მმართველად?

- რომ ამბობენ, თბილისის მერი მაინცდამაინც თბილისელი უნდა იყოსო, შეიძლება ასეცაა, არ ვიცი, მაგრამ მე მირჩევნია, საქმის გამკეთებელი, სულით ხორცამდე ქართველი, ქართული ტრადიციების დამცველი ადამიანი იყოს და ქალაქისთვის სიკეთე გააკეთოს, ქალაქს უშველოს და ყველაფერი მოაწესრიგოს. უამრავი ძველი უბანია, სადაც სახლები ინგრევა და ხალხი საშინელ პირობებში ცხოვრობს. მაგალითად მე, სოლოლაკში ვცხოვრობ, ჩვეულებრივ, "იტალიურ" ეზოში, სადაც სხვებივით, მეც საერთო მაქვს სამზარეულო და ა.შ. ძველი უბნები უნდა შევინარჩუნოთ. ძველი თბილისი კვლავ ძველ თბილისს უნდა დაემსგავსოს, მხოლოდ გარედან მოპირკეთებული ფასადები არაფერია. ყველანაირი თანხა მიზანმიმართულად უნდა დაიხარჯოს ქალაქზე, ბავშვებზე, მოხუცებზე, უმწეოებზე, გაკეთდეს მოედნები და ა.შ. წინა ხელისუფლებამ რაც გააკეთა, ის უნდა დავინახოთ და რაც არ გააკეთა - ჩვენ მივხედოთ. მაინც ვფიქრობ, რომ თბილისელობითა და "კაიბიჭობით" არ უნდა ვიმსჯელოთ. ჩემს ქალაქს ვინც სათანადოდ მოუვლის, ხმასაც იმას მივცემ. ჩემი ოცნება, იცით, რა არის? თუ ოდესმე ბევრი ფული გამიჩნდება, ბავშვებს ულამაზესი ქალაქი მინდა ავუშენო, რომ იქ იცხოვრონ და მაწანწალა, მათხოვარი ბავშვი აღარ არსებობდეს! ჩვენი მოხუცები და პენსიონერები კი ისეთსავე კარგ პირობებში იყვნენ, როგორც აშშ-ში არიან. სამწუხაროდ, ამდენი ფული ალბათ არასდროს მექნება, რაზეც ძალიან მწყდება გული, მაგრამ როცა საქართველოში ვიყავი, მაქსიმალურად ვცდილობდი, საქველმოქმედო აქციებში ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა. საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს... ეს ყველაფერი ხელისუფლებამ, ქალაქის მერმა უნდა გააკეთოს. კარგია და მივესალმები, რომ ნერგებს ვრგავთ, მაგრამ საქმე რეალურად უნდა გაკეთდეს! სიბინძურე არ უნდა იყოს, ძველ თბილისში კი მრავალსართულიანი შენობები არ უნდა შენდებოდეს. ის შუშის ხიდი არქიტექტურულად ლამაზია, მაგრამ აბსოლუტურად უადგილო ადგილასაა, სხვაგან დავდგათ, ბატონო და იყოს იქ, მივესალმები. მსოფლიო მაქვს მოვლილი და ძველ უბნებს ყველა ქვეყანაში იმ იერსახეს უნარჩუნებენ, როგორიც იყო. ჩვენთან კი ისეთი მახინები ააშენეს - აბანოთუბანში და რიყეზე, ჩემს გაოცებას საზღვარი არ აქვს.

- რა აზრის ხართ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე? ეს კანონი აშშ-ის ყველა შტატშია?

GzaPress- არა, ბატონო, ზოგს აქვს, ზოგს - არა. ერთსქესიანების ქორწინებაზე კანონი ნიუ-იორკმა ორიოდე წლის წინ მიიღო, მანამდე არ ჰქონდა. ევროპის უმეტეს ქვეყნებსაც არ მიუღიათ და ამ პატარა საქართველოში საჩქაროდ ამის გაკეთება რა საჭირო იყო, ერთი გამაგებინეთ?! ჩვენს კანონმდებლობაში, კომუნისტების დროს რაც დაიწერა, ისედაც ხომ იყო ეს მუხლები მიმოფანტული, რომ უმცირესობები არ უნდა დაიჩაგრონ. ხომ არიან ეგენი უმცირესობები? ხომ იცავდა მათ ის კანონი? რაღა უნდოდათ? ვერც მათი აღლუმის ჩატარებას დავუჭერ მხარს, რა საჭიროა? 80-იან წლებში გეები არ იყვნენ? ვინმე ურტყამდა? მეც მყავს ასეთი ნაცნობები, მაგრამ არ უყვირიათ, გეები ვართო, თავიანთი "ქლაბი" ჰქონდათ და იქ იკრიბებოდნენ, ვინ უვარდებოდათ? ცუდს თვითონ გააკეთებს თუ ვინმე დაარტყამს, შესაბამისი კანონით დაისაჯოს, ასე ოფიციალურად რად გინდა, როცა ეს ჩვენი ქვეყანა ჯერ მზად არ არის, ასეთი რამ მიიღოს? ისედაც სიგიჟის ზღვარზეა ხალხი ამდენი ცვლილებებისა და სოციალური პრობლემების გამო. ახლა რომ გამოვიდა უსუფაშვილი და ამბობს, ალბათ არ უნდა მიმეღო, ხალხის რისხვად არ ღირდაო, თავს სინანული სჯობია, ბატონო, ბოლო ჟამს დანანებასა. ჯერ ასჯერ გაეზომა და მერე გაეჭრა. მაგრამ იცი, რა არის, საყვარელო? ეტყობა, უსუფაშვილს ევროპა და ამერიკა რასაც უბრძანებს, იმას აკეთებს. ჩემს ქართველ ხალხს არ ჰგონია, მაგრამ ვინც პარლამენტში ზის, ეტყობა, იმას ჰგონია, რომ ჩვენ თუ ამ უაზრო კანონს არ მივიღებდით, ევროპა არ მიგვიღებდა ან ამერიკა გვკრავდა ხელს. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ამერიკას საქართველო რუსეთთან და ავღანეთთან პოლიგონად სჭირდება. ეს კანონი ხომ მიგვაღებინა ევროპამ, ჩვენს პარლამენტარებს დაავიწყდათ, თურქი მესხების ჩამოსახლებასთან დაკავშირებით რამხელა პრობლემა გვქონდა? 7-8 წლის წინ ესეც ხომ მოგვთხოვა? მიშას ხელი რომ უნდა მოეწერა მათ ეტაპობრივ ჩამოსახლებაზე. პრობლემა ამით მოვაგვარეთ? არა. მოდი, ჯერ სხვა რამეს მიხედე და მერე მიიღე ეგ კანონი.

- ამდენი პრობლემის არსებობის პარალელურად, ტერიტორიული მთლიანობა კვლავ მოუგვარებელია...

- რუსეთი ჩემთვის ოკუპანტად რჩება, ჩემი ტერიტორია აქვს დაპყრობილი და ვერ შევდივარ. მე უამრავი რუსი მეგობარი მყავს, მაგრამ რა ვქნა ახლა, ხელი ვკრა? ისინი საქართველოს უჭერენ მხარს და ურთიერთობა რაღაცნაირად უნდა მოგვარდეს, თორემ ამ ტერიტორიას ვერ დავიბრუნებთ. ისტორია გაარკვევს, ომი ვინ დაიწყო. ჩვენ ალბათ ჩაგვრთეს ამ ომში და ჩვენს მაშინდელ პრეზიდენტს ჭკუა უნდა დაეყოლებინა, რომ ევროპა და ამერიკა ერთი ციცქნა საქართველოს გამო, რუსეთთან მესამე მსოფლიო ომს არ გააჩაღებდა. ეს მიზანმიმართული პოლიტიკაა, მიშა სააკაშვილი და პუტინი, მე მგონი, "გადაბმულები" არიან და მიშა მის წისქვილზე ასხამს წყალს, თუ უკრაინიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ. უკრაინა მარტივ მამრავლებად დაყვეს, ჩეჩნები "აღგავეს პირისაგან მიწისა" და ჩვენ რას ველოდებით? ასე უნდა გვიქნან? რაღაცით უნდა დავიწყოთ ურთიერთობის დალაგება და ამისათვის მაინცდამაინც "ეს-ენ- გეში" შესვლა არაა საჭირო, ბაზარი მაინც ხომ უნდა აითვისო? ზოგიერთი ქართული ბრენდი ამერიკაშიც შემოდის, მაგრამ იმდენად ცოტა, რომ ჩვენს ეკონომიკას ვერაფერს უშველის. ოდესღაც ხომ უნდა გვეღირსოს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება? ავტონომიური სტატუსით და არა - დამოუკიდებელ რესპუბლიკად. მერე, როცა იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა დაბრუნდება, რეფერენდუმი ჩატარდეს და ყველაფერი ამის შემდეგ გადაწყდეს. დარწმუნებული ვარ, მათ საქართველოსთან მოუნდებათ ყოფნა. აქ აფხაზეთიდანაც არიან დევნილები და სამაჩაბლოდანაც, ურთიერთობა გვაქვს და ამბობენ, ჩვენ ძმები ვართ და ერთად უნდა ვიყოთო! მე მჯერა, სხვებიც ასე ფიქრობენ, ეს ომი მიზანმიმართული პოლიტიკა იყო, რუსეთს ყოველთვის უნდოდა საქართველოს ტერიტორიების მითვისება და აქაურ რუსებთან სულ ამაზე მაქვს ხოლმე დავა. აქ ძალიან ბევრი გაუნათლებელი რუსი ცხოვრობს და იმავე პოლიტიკას ატარებენ, იცით? ბრუკლინი დაიკავეს, აფროამერიკელები გააძევეს და გაიძახიან - "ეტა ნაშა ტერიტორიაო!" წარმოგიდგენიათ? ბრუკლინში რომ ჩამოხვედი საცოდავად, ეს ქვეყანა რომ გარჩენს და გაჭმევს, ამას ამბობ და კიდევ სხვა პრეტენზიებიც გაქვს, რაიმეს უნდა ელოდო ასეთი ერისგან? რაღაც ჭადრაკის თამაშითა და ეშმაკობით უნდა მოუგო. ესე იგი, ჩვენმა პოლიტიკოსებმა ჯერ ჭადრაკის თამაში უნდა ისწავლონ კარგად, ისეთი სვლები უნდა იცოდნენ, პაიკები რომ არიან, მეფეები როგორ გახდნენ ან გამსვლელი პაიკები რომ მაინც იყვნენ და თოჯინები არ ვიყოთ, რომ ხან ამერიკამ არ გვათამაშოს და ხანაც - ევროპამ. გიორგი მეფის სიტყვები გამახსენდა, ისევ "დიდოსტატის მარჯვენიდან" - სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარდა მუდამო და მოდი, რა, ნუ ვიბუქნავებთ სხვის ფანდურზე, ჩვენს ფანდურზე ვიბუქნაოთ, ქართულ კულტურას ვცეთ პატივი და ჩვენს ტრადიციებს ნუ ვუღალატებთ. უძველესი ერი ვართ, სხვა ჩვენ შემოგვნატრის და სხვისი სამათხოვროები ნუ გავხდებით, ეს არის ჩემი უდიდესი სურვილი. პოლიტიკოსების კი ვერაფერი გავიგე, ჩემთვის ეს ბინძური თამაშია და ერთმა გერმანელმა ფილოსოფოსმა ბრწყინვალე რამ თქვა - ჭეშმარიტად ზღვა უნდა იყო, რომ ბინძური მდინარე შეიერთო და არ წაიბილწოო. ჩვენს პოლიტიკოსებს და ზოგ ვაიპოლიტიკოსსაც ამას ვურჩევდი. პოლიტიკა, ჩემო კარგებო, პროფესიაა და სამწუხაროდ, ეს ბევრმა არ იცის.

თამთა დადეშელი