"ჩემმა ოჯახმა რამდენიმე სერიოზული დარტყმა მიიღო"... - გზაპრესი

"ჩემმა ოჯახმა რამდენიმე სერიოზული დარტყმა მიიღო"...

გიორგი (გია) ვოლსკი საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და ჩუღურეთის რაიონის დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატია. მიაჩნია, რომ რაიონში, სადაც დაიბადა და გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, უამრავი მნიშვნელოვანი პრობლემა კვლავ მოსაგვარებელია, რომელსაც გულდასმით მიხედვა უნდა.

ბატონ გიას საინტერესო ცხოვრება აქვს გავლილი, არც ტრაგიკული ეპიზოდები დაჰკლებია მის ყოფას, თუმცა სულიერ მხნეობას ყოველთვის ინარჩუნებდა...

- როგორც ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ჩუღურეთის მკვიდრს, რას მეტყვით, რა გეგმები გაქვთ?

- მას მერე, რაც თბილისის საკრებულოს არჩევნებისას "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, რიმა ბერაძემ გაიმარჯვა, ჩუღურეთს მზრუნველი ხელი დაეტყო. გამგეობაც კარგად მუშაობს, ხალხის პრობლემებზე არიან ორიენტირებული, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, რესურსი არ ჰყოფნით, ყველაფერს რომ გასწვდნენ, რაშიც პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის როლი და მნიშვნელობა ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია. რაიონში ბევრ ადამიანს შევხვდი, ბევრს სოციალური პრობლემა მოუგვარდა, ბევრს საცხოვრისი პირობები, პოზიტიურად აფასებენ განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსაც... განხორციელდა არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, - გზები დაიგო, კომუნიკაციები გამოიცვლა, შეკეთდა და გამაგრდა სახიფათო მდგომარეობაში მყოფი შენობები. ვერ ვიტყოდი, რომ ჩუღურეთის მოსახლეობას არ აინტერესებს სახელმწიფო დონის პრობლემები, ჩამოყალიბებული შეხედულებები აქვთ ეროვნულ პოლიტიკაზე, მაგრამ ყოველდღიური, ყოფითი პრობლემები განსაკუთრებით აქტუალურია, რაც თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოს, მით უფრო - დედაქალაქის რაიონებს არ უნდა ახასიათებდეს. ერთ უბრალო მაგალითს მოგიყვანთ: რაიონში არის სავალალო მდგომარეობაში მყოფი შენობები, რომლებიც ისტორიული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, საგანგებო ნებართვის გარეშე მათ ვერც გაარემონტებ და, მით უფრო, ვერც ინვესტორს გადასცემ ახლის ასაშენებლად. დანგრეულ შენობებში ხეები და ბუჩქებია გაზრდილი. ნუსხაში ისეთი მისამართებიცაა, რომელზეც შენობა საერთოდ არაა. ამდაგვარი თემები მაჟორიტარი დეპუტატის ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს. სოციალური დახმარებების განაწილების საკითხიც საგანგებოა. რასაკვირველია, ბიუჯეტი უკიდეგანო არ არის, მაგრამ მისი რაციონალურად გამოყენება შეიძლება. ყურადღებას საჭიროებს თითოეული ოჯახი, რომლებსაც მძიმე საცხოვრებელი პირობები აქვთ და დახმარების გასაწევად გარკვეული რეგულაციებია გადასახედი. მნიშვნელოვანია დევნილების თემა, მათი ჩასახლებები. ამაზეც სახელმწიფომ უნდა იფიქროს. აღმაშენებლის გამზირი რემონტდება, ძალიან ლამაზი ფეხით სავალი ადგილი იქნება. ამდაგვარი პროექტების არეალი უნდა გაფართოვდეს.

- ბატონო გია, როგორ გგონიათ, 4 წლის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ" რისი გაკეთება ვერ შეძლო?

- ვფიქრობ, ყველა მთავარი თემა და საკითხი, რისთვისაც ხელი უნდა მოგვეკიდა, დაწყებულია, უბრალოდ, ბოლომდეა მისაყვანი. ჯერჯერობით ცოტა ადამიანს დაუბრუნდა წართმეული ქონება, რადგან უცებ და ერთი ხელის მოსმით, საკითხის წინასწარი შესწავლის გარეშე, ეს ვერ გაკეთდება, გარკვეული საკანონმდებლო რეგულაციებია დასახვეწი. ვფიქრობ, ქვეყნის მასშტაბით კვლავ პრობლემად რჩება საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, რაც აუცილებლად საგანგებო განხილვის თემა უნდა იყოს...

- უმუშევრობა როგორ უნდა დაიძლიოს?

- ეს სხვა საკითხია, რომელსაც საკანონმდებლო ბაზა ვერ გააუმჯობესებს. ყველაფერია გაკეთებული იმისთვის, რომ თბილისი და საქართველო მთლიანად იქცეს ინვესტორისთვის საინტერესო ადგილად. ყველა რეიტინგით საქართველო მიმზიდველია შემოსული ბიზნესისა და ტურისტებისთვის. 2012 წლიდან თუ მოვყვებით, სამუშაო ადგილები ბიზნესის ხარჯზე 70 000-ით და დროებითი სამუშაო ადგილების ჩათვლით, 100 000-მდე გაიზარდა. ქვეყნის სტაბილურობა, საფრთხეების პრევენცია უმთავრესი კომპონენტია სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ამ მხრივ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკა სამაგალითოა. უამრავი ფართომასშტაბიანი ინვესტიციის განხორციელება უკვე ამ წელს იგეგმება, დამაიმედებელია მომავალი წელიც.

- ჩვენს რუბრიკას "პერსონა" ჰქვია, ამიტომ საზოგადო თემებიდან პირადზე გადავინაცვლოთ. რა გავლენა იქონია თქვენზე ოჯახმა, რომელშიც გაიზარდეთ?

- დედ-მამა გეოლოგები იყვნენ და ბავშვობიდან დამატარებდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მთელი საქართველო მოვლილი მაქვს. მშობლებთან ერთად ჩემს აღზრდაში ბებია-ბაბუასაც დიდი წვლილი მიუძღვის. დედისერთა ვარ, თუმცა დეიდაშვილი, გეგა კობახიძე და მე, რომელიც ცოტათი უმცროსი იყო, ძმასავით მყავდა, ერთად ვიზრდებოდით... მამა დღეს სამწუხაროდ, აღარ არის, დედა საკუთარ თავში კიდევ პოულობს ძალას, რომ ყველას მოგვიაროს, მათ შორის - პატარა ძაღლსაც, რომელიც სახლში გვყავს. დღევანდელი გადასახედიდან გულს ის მაკლია, რომ ახალგაზრდობაში მეტი სითბო უნდა გამომეჩინა მშობლების და განსაკუთრებით - მამის მიმართ. მეტად უნდა მოვფერებოდი. ასევე ბებია-ბაბუის მიმართ, მაგრამ თავქარიანი შვილიშვილების ამბავი ხომ იცით, ყოველთვის მეტს მოითხოვენ, ვიდრე გასცემენ და ჰგონიათ, რომ მთელი ცხოვრება ასე გაგრძელდება. ასე რომ, ამ ინტერვიუს საშუალებით, მინდა, ყველას მოვუწოდო, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს, უფრო მეტად მოეფერონ და დაუჯერონ უფროსებს, ყურადღება არ მოაკლონ და თუ რამე არ მოსწონთ, ბევრ საკითხს იუმორით მიუდგნენ...

- თქვენი დეიდაშვილი - გეგა კობახიძე, რომელიც "თვითმფრინავის ბიჭად" არის ცნობილი, არა მარტო თქვენი ტკივილი და წუხილია, მგონი, მთელი საქართველოსი...

- ჰო, გეგა გარკვეულ სიმბოლოდ იქცა... მასაც ძალიან მოვისაკლისებ. ხშირად მაგონდება მასთან ერთად გატარებული ბავშვობის დღეები. მამაჩემი, როგორც გითხარით, გეოლოგი იყო და მუდმივად ველზე დადიოდა, სადაც მე და გეგაც დავყავდით. ვწუხვარ, რომ გეგას მასობრივად მხოლოდ "თვითმფრინავის თემით" იცნობს საზოგადოება...

- კარგია, რომ მისი სახე კინომ შემოინახა... არსებობს მისი რამდენიმე კინოროლი.

- კი, კინოშიც კარგია, განსაკუთრებით - "ლაზარეში", მაგრამ ის, რაც მას ახასიათებდა, იყო უშველებელი სითბო დედის მიმართ ანუ დეიდაჩემისადმი (ნათელა მაჭავარიანი)... თქვენი ჟურნალის მეშვეობით მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ გეგა შესანიშნავად ხატავდა, ძალიან ბევრს კითხულობდა და გამორჩეული და დახვეწილი იუმორიც ჰქონდა. 22 წლის გახლდათ, როდესაც ის ტრაგედია დატრიალდა...

ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა დეიდაჩემი ცოლად გაჰყვა შესანიშნავ პიროვნებას, იმ პერიოდისთვის უკვე დაქვრივებულ, რობერტ დადიანს და ოჯახში ახალი წევრები შემოგვემატნენ - რობიკო დადიანის შვილები, დეიდაჩემის გერები - დუდუ და ლევან დადიანები... მოკლედ, ესეც ჩემი ცხოვრების მტკივნეული ნაწილია, რადგანაც წლების წინ დუდუც დავკარგეთ...

- ამ ყველაფერმა თქვენში შევარდნაძის რეჟიმის მიმართ აგრესია არ გააჩინა...

- ჩემს აგრესიულ განწყობას კონკრეტული პიროვნების მიმართ ვერ განვიხილავ, იმიტომ, რომ ყოველ ადამიანს სამართალი თუ არა, უფალი მიუზღავს. უფლის წინაშე ყველას თავისი გზა აქვს გასავლელი... ხოლო თუ იმ პერიოდის ჩემს ცხოვრებას გავიხსენებთ, - ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ნათელა მაჭავარიანისთვის საქართველო იყო ყოველთვის უპირველესი! ასე რომ, ბრძოლა კონკრეტულ ადამიანთან არ გვქონია.

- მართლაც, ძალიან ღირსეულად მოიქცა ქალბატონი ნათელა...

- ბევრს ეგონა, რომ მან უკან დაიხია ან ბედს შეეგუა. არა, მან უფრო ფართოდ და ფილოსოფიურად შეხედა ყველაფერს...

- თქვენ დიპლომატიურ სამსახურშიც იყავით...

- დიახ, რუსეთის ფედერაციაში პირველი საელჩო შეიქმნა, შემდეგ აშშ-ში, ვაშინგტონში დამოუკიდებელი საქართველოს პირველი საელჩო და მერე ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პირველი წარმომადგენლობა გაიხსნა. მეამაყება, რომ ყველაფერში ვმონაწილეობდი და ყველა ურთიერთობაში, სადაც პირველი ნაბიჯი იდგმებოდა, საკმაოდ ინტენსიურად ვიყავი ჩართული. მერე კი ისე მოხდა, რომ ნიუ-იორკში უფროსი შვილი დამეღუპა, რასაც დუდუ დადიანის მკვლელობაც მოჰყვა, - დავკარგე შეძენილი დეიდაშვილი და კიდევ რამდენიმე სერიოზული დარტყმა მივიღე არა მარტო მე, ჩვენმა ოჯახმა. რას იზამ, ცხოვრება გრძელდება, მყავს შვილები, შვილიშვილები, მაქვს პასუხისმგებლობები სხვა ადამიანების მიმართ, ვინც გარშემო გვახვევია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, - ჩემთვის ქვეყანა იყო უპირველს ყოვლისა! არასდროს ვიწრო, მერკანტილური იდეებითა და მოსაზრებებით არ მიხელმძღვანელია.

ვფიქრობდი, რომ იქ ვმდგარიყავი, სადაც იმ პერიოდში ვიდექი და ის უნდა მეკეთებინა, რასაც ვაკეთებდი. ასე მასწავლეს ჩემმა ბებიებმა, ბაბუამ, მამაჩემმა, დედამ, რომ სათნოებით, მოთმინებითა და ყურადღებით მეკეთებინა საქმე.

- ისე, ამ ყველაფრის ფონზე, ამდენი ტრაგედიის გადამტანი, ყველაზე მშვიდი პოლიტიკოსი ხართ.

- სიმშვიდე გარეგნულია, შიგნით დუღილის მაღალი ტემპერატურაა. ბევრი ეჭვი, ფიქრი... 60 წლის ვხდები. თითქოს ყველაფერი გუშინ იყო, ამდენმა წელმა გაიარა, ძალიან დიდმა პერიოდმა, მაგრამ ყველაფერს თვალს რომ გადავავლებ, მგონია, რომ ტყუილად არ მიცხოვრია. გამოცდილებაც ბევრი შევიძინე და ვფიქრობ, ჩემი ქვეყნისთვის ბევრი რამ გავაკეთე...

- საკუთარ ოჯახზე რას გვეტყვით?

- ნინო (სოლოღაშვილი), ჩემი მეუღლე ძალიან ახალგაზრდა იყო, ცოლად რომ მოვიყვანე, თუმცა არც მე ვიყავი დიდი. ნინოც ჩუღურეთელია, წინამძღვრიშვილის პირველში ცხოვრობდა. რომ დავოჯახდით, იმის გამო, რომ 17 წლის იყო, საღამოს სკოლაში გადავიდა. აღმასკომმა გადაწყვიტა საკითხი, რომ ჩვენთვის დაქორწინების უფლება მოეცათ. ნინომ წარჩინებით დაამთავრა დასავლეთევროპული ენების ფაკულტეტი. გავზარდეთ სამი ბიჭი. შუათანა ამერიკულ კომპანიაში, საკმაოდ საინტერესო პროექტზე მუშაობს. უმცროსი პირველი კურსის სტუდენტია.

მყავს შვილიშვილი, ნატალია ვოლსკი, სამი წლის არის, ეფერება ბაბუას, ლექსებს ეუბნება და მღერის. მყავს ასევე კარგი რძალი, რომელიც კერძო კომპანიაში მუშაობს, ისინიც საინტერესო პროექტს ახორციელებენ სოფლის მეურნების მიმართულებით. ნატალია ჩვენს გვარში მესამე ქალია. არადა, ვოლსკი, ისევე, როგორც არაერთი პოლონური ოჯახი, 7 თაობის წინ ჩამოსახლდა საქართველოში კრაკოვის ცნობილი აჯანყების შემდეგ. გრიგოლ ვოლსკი, ჩემი დიდი ბაბუა იმ თაობისა და მოღვაწეების რიგებში იყო, რომლებმაც ჩვენს ქვეყანაში ეპოქა შექმნეს. გრიგოლი ილია ჭავჭავაძის მეგობარი იყო, განმანათლებელი, პოეტი. წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იგი დედა საქართველოს ახლად შემოერთებულ აჭარაში მიავლინა, სადაც პირველი ქართული სკოლისა და გიმნაზიის გახსნას მეთაურობდა. მისი და, ბარბარე, ქუთაისის გიმნაზიის ქართული ენის პედაგოგი იყო. შემდეგი ქალი - მამიდაჩემი, თინა ვოლსკი, კარგი ექიმი, შესანიშნავი მხატვრის, კორნელი სანაძის მეუღლე იყო. ახლა დაიბადა ნატალია... და მგონი, ეს არის ყველაფერი, ამ ეტაპზე რისი თქმაც შეიძლება...

ლალი ფაცია