მარათონი აფხაზეთში ლიდერობისთვის და რეგიონში დაგროვილი პრობლემები - გზაპრესი

მარათონი აფხაზეთში ლიდერობისთვის და რეგიონში დაგროვილი პრობლემები

თარიღი გადაწყვეტილია - 2014 წლის 24 აგვისტო. ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალექსანდრ ანქვაბმა გადადგომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ოპოზიციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობისა და სახელმწიფო ტელევიზიის შენობები დაიკავა...

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა ახალი ლიდერის არჩევას ახალი პრობლემებით ხვდება: ოპოზიცია აქციებზე ძირითადად, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს აყენებდა, მაგრამ როგორც ირკვევა, აზრთა სხვადასხვაობა რელიგიური საკითხების გარშემოცაა...

ახალგაზრდა აფხაზი მღვდელმსახური, დოროთეი დბარი აფხაზ საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს შეგონებით, რომ მოჰაჯირების დაბრუნება ქვეყნის გასაძლიერებლად აუცილებელია, რასაც ერთი ნაწილი საფრთხის შემცველად მიიჩნევს...

ამ მძიმე ვითარებაში, აფხაზეთში სიტუაციის მართვა, დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად არჩეულ ვალერი ბგანბას უწევს, რომელიც არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, პრეზიდენტიც გახდება...

ვალერი ბგანბა წარმოშობით გაგრელია, სოფელ ბზიფიდან. მან კუბის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი დაამთავრა, რომლის დასრულების შემდეგ ჩეჩნეთ-ინგუშეთში აგრონომად მუშაობდა. 80-იან წლებში ისევ გაგრაში დაბრუნდა და თავისი სპეციალობით განაგრძო მუშაობა. 1992-93 წლების ქართულ-აფხაზური ომში აქტიურად ჩაება, რა დროსაც ე.წ. თავდაცვის შტაბს ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით, აფხაზეთის ე.წ. უმაღლეს საბჭოს დეპუტატი გახდა. 2000-იან წლებში, გაგრის რაიონის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. შემდგომში სანატორიუმ Àìðà-Èíòåðíåøíë-ის დირექტორი იყო... 2007-12 წლებში აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრად, 2012 წელს კი - პარლამენტის სპიკერად აირჩიეს. აფხაზეთის რეგიონში პოლიტიკური კრიზისის დაწყების შემდეგ, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება იკისრა... ბგანბა, რაულ ხაჯიმბასთან დაახლოებული პირია და მუდმივად სარგებლობდა რუსეთის კეთილგანწყობით...

ბოლო წლებში აფხაზეთში სიტუაცია რომ ძალიან გართულებულია, ამას არც აფხაზები მალავენ...

ზურაბ შენგელია, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი:

- მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და იქ რუსული ჯარი ჩააყენა, აფხაზებს ქართული მხრიდან "საფრთხე მოეხსნათ" და თავიანთ მდგომარეობაზე დაფიქრდნენ. აღმოჩნდა, რომ 2012 წლის ადგილობრივი მონაცემებით, სიკვდილიანობა წელიწადში 3 300 ადამიანი, შობადობა კი - 800-ია. დემოგრაფიული სურათი კი ასეთია: აფხაზი მოსახლეობა 80 ათასი (თუმცა, თავად აღიარებენ, რომ ეს რიცხვი გაზვიადებულია), ქართველები - 60 ათასი, სხვა ეთნიკური უმცირესობები - 33-35 ათასია... როდესაც მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ ყველა პირველკლასელს "ბუკებს" დაურიგებდა საჩუქრად, აფხაზურ მხარეს მივმართეთ წინადადებით, დაედგინათ, რამდენი პირველკლასელი ჰყავდათ, რომ მათთვისაც გადაგვეცა პრეზიდენტის საჩუქარი. იქიდან გვაცნობეს, რომ მთელ აფხაზეთში 28 ათასი პირველკლასელი ჰყავდათ...

რამდენიმე ხნის წინ, აფხაზურ პარლამენტში არსებული "რუსეთთან მეგობრობის ჯგუფი" მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც უთხრეს, - აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში უნდა შევიდეს და ეს საკითხი გადაწყვეტილი იყოო. აფხაზების კითხვაზე, - ვინ გადაწყვიტა და ჩვენ რატომ არაფერს გვეკითხებითო? - პასუხიც არ გასცეს... რამდენიმე თვის წინ 26 ათას ქართველს მოქალაქეობა ჩამოართვეს. ახლა რუსეთთან მიერთების მოთხოვნით რეფერენდუმი რომ ჩატარდეს და აფხაზები და ქართველები ამას შეეწინააღმდეგნენ, რუსეთის მცდელობა ჩავარდება, არადა, ამისკენ მიჰყავს რუსეთს საქმე. ეს იცის აფხაზმა საზოგადოებამ და რამდენჯერმე მოგვმართეს თხოვნით, დაგვეხმარეთო. ამ საკითხზე, აფხაზეთში მღელვარება იმატებს და ცოტა ხანში, კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება. 1992 წლის შემდეგ, ქართველებსა და აფხაზებს შორის პირველად გაჩნდა საერთო ინტერესი. ახლა ქართველები და აფხაზები თუ არ შეიკვრებიან, მოვლენები ძალზე მძიმე სცენარით განვითარდება. შესაძლოა, რუსეთთან მიერთების ინიციატივით რეფერენდუმი მართლაც ჩატარდეს.

ბოლო წლებში, აფხაზეთში კიდევ ერთი საფრთხე, ისლამის თემის გაძლიერება გამოიკვეთა...

მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში:

GzaPress- XIX საუკუნის 70-80-იან წლებში, როდესაც აფხაზეთიდან თურქეთში მუსლიმანი აფხაზების მასობრივი გასახლება მოხდა, იქ ქრისტიანი აფხაზები მეტნი დარჩნენ, ვიდრე მუსლიმანები. იყვნენ წარმართებიც... მუსლიმანი აფხაზების წასვლის შედეგად გაჩენილი სამოსახლო სხვებით, მათ შორის - ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსახლებული მუსლიმანებითა და აფხაზების მონათესავე ჩერქეზებით შეავსეს, რომლებიც თანდათან გააფხაზდნენ... მაშინდელ აფხაზეთში ისლამის მიმდევრები სულაც არ აქტიურობდნენ, შემდგომ წლებში კი ეს რელიგია პოლიტიკურად გამოიყენეს.

- მაგალითად?

- 1882 წელს, როდესაც სოხუმში თურქები გადმოსხდნენ, მათ დესანტს გათურქებული აფხაზი, მოჰაჯირების შთამომავალი ხელმძღვანელობდა. მაშინ აფხაზების ნაწილი მათ მხოლოდ ფორმალურად მიემხრო, რადგან მხოლოდ ფორმალურად იყვნენ მუსლიმანები... თუმცა, ისლამის რელიგიის თემა აფხაზეთში 90-იან წლებში, ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ "გამოცოცხლდა". ომის შემდეგ თურქეთიდან ჩამოსული, მოჰაჯირების შთამომავლების პირველი ნაკადიც გამოჩნდა. მათი ნაწილი უკან დაბრუნდა, ნაწილი აფხაზეთში დარჩა. სხვათა შორის, თურქეთში სამოქალაქო კი არა, ის სამხედრო პირებიც დაბრუნდნენ, ვინც ქართულ-აფხაზურ ომში აფხაზების მხარეს იბრძოდნენ.

- რა იყო დაბრუნების მიზეზი?

- ცხოვრების დაბალი დონე, ინფრასტრუქტურის არარსებობა და საერთოდ, უპერსპექტივობა. იმ წლებში აფხაზეთში გამოჩნდა მუსლიმანი აფხაზი - ხამზან კიჩბა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, კრივში აფხაზეთის ჩემპიონი იყო. 1995 წელს კიჩბა ცნობილ ტერაქტში, ბორნის გატაცებაში თურქეთის მოქალაქე აფხაზებს, აფხაზეთსა და ჩეჩნეთში მცხოვრებ ჩეჩნებთან ერთად მონაწილეობდა (ამით ჩეჩნებმა რუსეთის მიერ ჩეჩნეთის პირველი ომი გააპროტესტეს). ტერაქტის მონაწილეებიდან ზოგი მოკლეს, ზოგი დააპატიმრეს. დაპატიმრებულთა შორის იყო ხამზან კიჩბაც, რომელიც ორი წლის შემდეგ თურქეთის ციხიდან "გაიქცა".

- გააქციეს?

- რბილად რომ ვთქვათ, თურქეთის ციხიდან გაქცევა არც ისე ადვილია, ამიტომაც გაჩნდა ეჭვი, რომ გაათავისუფლეს. 2000-იან წლებში კიჩბა, რუსეთის გავლით, ისევ აფხაზეთში დაბრუნდა. მალე ისლამისტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად აღიარეს. ამის შემდეგ გაუჩნდათ აფხაზებს ფუნდამენტალისტური ისლამისკენ ლტოლვა...

- კიჩბა ვიღაცის დავალებას ასრულებდა?

- დიახ... ფაქტია, რომ მის გამოჩენას აფხაზეთში ისლამური თემის გააქტიურება მოჰყვა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, კიჩბა რუსეთიდან ჩამოსულმა ადამიანებმა მოკლეს. ეს იყო მესიჯი, რომ რუსეთი აფხაზეთში გაღვივებულ ისლამიზმს არ შეეგუებოდა, მაგრამ ის მაინც აგორდა. ამჟამად აფხაზური მუსლიმანური თემის ხელმძღვანელი კვარაცხელიაა. გასათვალისწინებელია, რომ თურქეთი აფხაზეთში მიმდინარე ამ პროცესებს ყოველთვის დიდი ინტერესით აკვირდებოდა.

- რა შეიცვალა 2008 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით იქ პოზიციები გაიმყარა?

- მუსლიმანური თემი განსაკუთრებით აქტიური იყო 2008 წლამდე. შემდეგ რუსეთმა მისი პირდაპირი შევიწროება დაიწყო. მიუხედავად ამისა, 2012 წელს სტამბოლში მთელი მსოფლიოს მუსლიმან თემთა შეკრება გაიმართა, სადაც აფხაზური თემი დამოუკიდებლად იყო წარმოდგენილი. აქედან ჩანს, რომ თურქეთში მათ გაძლიერებას ყველანაირად უწყობენ ხელს. მათ შორის არიან ადგილობრივი აფხაზები, ასევე - აფხაზეთში მცხოვრები ჩრდილოკავკასიელების ნაწილი, განსაკუთრებით, ჩერქეზები და მოჰაჯირთა შთამომავლები. ასეა თუ ისე, მათი რაოდენობა თანდათან იზრდება...

- ახლა, როდესაც ხაჯიმბას პოლიტიკამ გაიმარჯვა, მოვლენები რა სცენარით შეიძლება განვითარდეს?

- სირიიდან აფხაზების ჩამოსახლების მომხრე ალექსანდრე ანქვაბი ყოფილა. მას შერჩევითი პოლიტიკის გატარება უნდოდა ანუ - დაბრუნებულიყო მხოლოდ აფხაზეთის გენოფონდის ნაწილი, თუმცა, ბაღაფშისგან განსხვავებით, თურქეთიდან აფხაზების ჩამოსახლებას ეწინააღმდეგებოდა... რაც შეეხება ხაჯიმბას, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების სათავეში ხაჯიმბას გუნდის წევრი მოვიდა, სირიელი აფხაზების შერჩევითი ჩამოსახლების პროექტი განხორციელდება.

- 40 ათასი ადამიანის ჩამოსახლებაზე საუბრობენ. გაზვიადებული რიცხვი ხომ არ არის?

- ასეა. სირიაში აფხაზთა რაოდენობა 3-5 ათასამდეა. 40 ათასში ჩერქეზულ-აფხაზური, აფხაზურ-არაბული შერეული ოჯახები იგულისხმება, მაგრამ ამდენის ჩამოსახლების უფლებას მათ რუსები არ მისცემენ, რადგან აფხაზეთი რუსეთს თავისთვის უნდა...

- აფხაზებს კი უნდათ, თავად იყვნენ იქაურობის ბატონ-პატრონი...

- დიახ, მაგრამ ისლამის მოძალებისაც ეშინიათ. იმასაც ფიქრობენ, რომ სირიელი აფხაზები არაბული ფუნდამენტალიზმის გავლენის ქვეშ იქნებიან. ამიტომ უნდათ მათი შერჩევით ჩამოსახლება ანუ - მხოლოდ იმ აფხაზების, ვისაც თვითმყოფადობა შენარჩუნებული აქვს.

ლალი პაპასკირი