ვის ემეტება "რძის მდინარეები და ოქროს ნაპირები" ხალხისთვის? - გზაპრესი

ვის ემეტება "რძის მდინარეები და ოქროს ნაპირები" ხალხისთვის?

წინასაარჩევნო ციებ-ცხელება დღითი დღე იმატებს. ჩვენი პოლიტიკოსები შესანიშნავად ახერხებენ "ცისფერი ეკრანებიდან" ოპონენტების "შემკობას" და პარალელურად, ხალხის გულის მოსაგებად, ნაირ-ნაირი დაპირებების გაცემას. პოლიტიკოსთა უპირველესი სამიზნე წელსაც პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ადამიანები არიან. ეკონომიკის ექსპერტი, ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ გარკვეული გამოცდილება შეიძინა და ხალხს რძის მდინარეებსა და ოქროს ნაპირებს აღარ სთავაზობს, თუმცა ზოგიერთი მათი დაპირება მართლაც არარეალურია:

- ბატონო ვაჟა, როგორ დაახასიათებდით არჩევნებში მონაწილეების ეკონომიკურ პროგრამებს, რით არის გამორჩეული თითოეული მათგანი?

- მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პარტიის წინასაარჩევნო დაპირებები პიკანტური და სახალისოა, წელს საარჩევნო სუბიექტების პროგრამები შედარებით კონცენტრირებული და მკაფიოდ ჩამოყალიბებულია. ამომრჩევლის გაზრდილმა კულტურამ განაპირობა, რომ არჩევნებში მონაწილეები ცდილობენ, საზოგადოების საკბილოდ არ იქცნენ. აქედან გამომდინარე, თავიანთ დაპირებებს საკმაოდ ფრთხილად უდგებიან. ეს ყველაზე მეტად "ქართულ ოცნებას" ეხება. როგორც ჩანს, ქვეყნის სათავეში მყოფმა ძალამ კარგად აითვისა გაკვეთილი და ამჯერად "ოცნების" დაპირებები გაცილებით რეალისტურია, ვიდრე ხელისუფლებაში მოსვლამდე იყო. აღარ არის დაპირება ტოტალური დასაქმების, ეკონომიკური კეთილდღეობის, უფასო ფულის, იპოთეკარებისთვის ვალის ჩამოწერის თაობაზე, ასევე არსად ჩანს 100 ქარხანა და მსგავსი ზღაპრები, რომლითაც "ქართული ოცნება" წინა არჩევნების დროს თავის პროგრამას კაზმავდა.

- სხვა პოლიტიკურ ძალებზე რას გვეტყოდით?

- პოლიტიკურ ძალთა პროგრამებში ბევრი რამ არის არასერიოზული. თანაც, ის პარტიები გაცილებით უხვად გასცემენ დაპირებებს, რომელთა მოსვლა ხელისუფლებაში სათუოა. მათი მთავარი მიზანი საარჩევნო ბარიერის გადალახვაა და თუ ამ ბარიერს გადალახავენ, ალბათ, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებენ ფიქრს დაპირებების შესრულებაზე. ბავშვობაში ყველას უთამაშია ასეთი თამაში: "გზაზე მიდის ხუთი კაცი, რათა ხუთი? - მაშ, რამდენი?" - წლევანდელი საარჩევნო მარათონი სწორედ ამ თამაშს მაგონებს. მაგალითად: "პენსია უნდა იყოს 300 ლარი" - ამბობენ "თავისუფალი დემოკრატები" და სხვებიც. რატომ 300? - 250 ჯობია, - პასუხობენ ამ მოსაზრებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან". ზოგ-ზოგიერთებს თუ დავუჯერებთ, რუსული პენსია ყველას დანაპირებს ჯობს, რომელიც სულ ცოტა, 400 ლარია.

- "ქართული ოცნება" ამ საკითხში საკმაოდ თავშეკავებულია, რატომ?

- ხელისუფლებას საშუალება რომ ჰქონდეს, პენსიას თვითონაც სიამოვნებით გაზრდიდა და ჩვენი საზოგადოების ამ ყველაზე დაუცველ ფენას საარსებო წყაროს გაუზრდიდა. ამით ყველაზე აქტიური ელექტორატის გულსაც მოიგებდა, მაგრამ როცა არ არის ამის საშუალება, მხოლოდ დაპირებას რა აზრი აქვს? რაც შეეხება ზოგიერთი პარტიის დაპირებას, რომ ბიუროკრატიას ხელფასებს შეუმცირებენ და ამის ხარჯზე გაზრდიან პენსიებს, ეს საზოგადოებაში შუღლის შეტანის მცდელობაა და სხვა - არაფერი. მოკლე მეხსიერება არავის აქვს და ყველას გვახსოვს: თავის დროზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელფასების გაზრდის მოთხოვნით მოვიდა, რის გამოც ჩინოვნიკთა ხელფასები ძალზე გაიზარდა. ეს ხელფასები "ქართულმა ოცნებამ" მემკვიდრეობით მიიღო. მართალია, ზოგი რამ წაამატა, მაგრამ ძირითადად უცვლელი დატოვა. ესეც თავის დროზე გაცემული უნიადაგო დაპირების შედეგი გახლავთ.

- სოციალურად დაუცველებს თითქმის ყველა პარტიის ეკონომიკურ პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი აქვთ დათმობილი. მათ მიმართ გაცემულ დაპირებებზე რას იტყოდით?

- ამ დაპირებებს შორის ერთს გამოვყოფდი, რომელიც პაატა ბურჭულაძის პარტიას ეკუთვნის: "მილიონამდე გავზრდით დახმარების მიმღებთა რაოდენობას" - ჰპირდება მოსახლეობას "სახელმწიფო ხალხისათვის". არადა, სოციალურ დახმარებას უკვე იღებს 125 ათასი ოჯახი, ხოლო დახმარების მიღების მსურველთა რაოდენობა 498 ათასს აღწევს - ეს ხალხი უკვე რეგისტრირებულია. თუ ხელისუფლებაში ეს ძალა მოვა, საინტერესოა, როგორ შეძლებს ამ დანაპირების შესრულებას? საოცარია კიდევ ერთი დაპირება - "უფასო წამლები სოციალურად დაუცველებს", რაც თავისთავად ძალზე მიმზიდველი პერსპექტივაა, მაგრამ ვინ უნდა დააფინანსოს ეს ხალხი? - ამ კითხვაზე პასუხი ბუნდოვანი და გაურკვეველია. კიდევ ერთ არარეალურ დაპირებაზე მსურს ყურადღება გავამახვილო: ზოგიერთი პარტია მეწარმეებს ჰპირდება, რომ საშემოსავლო, მოგებისა და იმპორტის გადასახადს 0%-მდე დასწევს. საინტერესოა, როგორ აპირებენ ამის შესრულებას, როცა 2016 წლის ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადიდან გათვალისწინებულია 2 მილიარდ 86 მილიონი ლარის მიღება, მოგების გადასახადიდან - 980 მილიონი ლარისა, ხოლო იმპორტის გადასახადის წყალობით 75 მილიონი ლარი უნდა შევიდეს. საინტერესოა, როგორ აპირებენ ამის შესრულებას? - პასუხი არც ამ კითხვაზე ჩანს.

- არარეალური დაპირებები "ნაციონალური მოძრაობის" პროგრამაშიც არის. მათ შორის რომელს გამოყოფდით?

- არ შემიძლია არ ვახსენო მზაკვრული და თან, ძალზე ნიჭიერად დადგმული კლიპები, რომლებიც "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ეკუთვნის. მაგალითად, კლიპი, სადაც ხაზგასმულია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2012 წელთან შედარებით შემცირდა. აქ არც ერთხელ არ არის ნახსენები, რომ 2012 წლიდან ეკონომიკის შემცირება არ დაფიქსირებულა, პირიქით, ზრდა შეინიშნება. საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებითაც, წელს ჩვენი ეკონომიკა 2,8%-დან 3%-მდე უნდა გაიზარდოს. უბრალოდ, აქ ყველაფერი დათვლის სპეციფიკას ეყრდნობა: თუ ყველაფერს აშშ დოლარში დავითვლით, მაშინ ბუნებრივია, მივიღებთ, რომ ეკონომიკა შემცირებულია, რადგან 2012 წლის შემდეგ ამერიკული დოლარისა და ეროვნული ვალუტის შეფარდება შეიცვალა. ასეთი ჟონგლიორობით შეიძლება იაპონიის ეკონომიკის შემცირებაზეც ვისაუბროთ, რადგან იენასა და დოლარის ურთიერთმიმართებაც შეიცვალა. სხვათა შორის, "ნაციონალების" დაპირებებში ბევრი სახალისო მომენტიც არის. მაგალითად, მათი პროგრამით, 2017 წელს 45 ათასი, ხოლო მომდევნო სამ წელიწადში 90 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება. გამოდის, რომ უმუშევრობა მომდევნო ოთხ წელიწადში 56%-ით შემცირდება - ეს იმას გამოიწვევს, რომ საქართველოში უმუშევრობა საერთოდ გაქრება, რაც ძალზე არარეალურად გამოიყურება. ან ავიღოთ ასეთი, ძალზე სახალისო დაპირება: სახელმწიფოს მიერ სპეციალური ფონდი შეიქმნება, რომელიც ბიზნესის ნულიდან დაწყებაში 8 ათას ოჯახს დაეხმარებაო, რაც ცოტა ძნელი წარმოსადგენია: მარტო ფონდის შექმნა ხომ არ არის? მთავარი მისთვის დაფინანსების მოძიებაა. ალბათ ქართულ გულუხვობას უნდა დავაბრალოთ დაპირება, რომ თურმე იპოთეკარების პრობლემა უნდა მოგვარდეს ბიუჯეტიდან გრძელვადიანი უპროცენტო სესხების გაცემით. ჩვენი ბიუჯეტის პირობებში ამის შესრულება ძალიან ძნელია.

- ეკონომისტები "გირჩის" პროგრამასაც აკრიტიკებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ის საკმაოდ საინტერესოა. რატომ?

- დიახ, "გირჩის" ეკონომიკური პროგრამა საკმაოდ საინტერესოა, თუმცა არარეალური დაპირებები აქაც ჩანს. ავიღოთ თუნდაც დაპირება "სანდო ფულის" შესახებ: ისინი ხალხს ე.წ. ფიქსირებული კურსის შემოღებას ჰპირდებიან. დღეის მდგომარეობით, საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს, რომელსაც საბაზრო ეკონომიკის პრინციპები და მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს. "სანდო ფულის" შემოღებაც საკმაოდ არარეალურ და ბუნდოვან დაპირებად მეჩვენება.

- როგორ ფიქრობთ, რატომ აქცევენ პოლიტიკოსები წინა თაობებსა და პენსიონერებს გამორჩეულ ყურადღებას?

- საერთოდ, პენსიონერები ძალიან მოწესრიგებული ხალხია. ისინი ხალისით მიდიან არჩევნებზე ან მათთან მიაქვთ საარჩევნო ყუთები, ამიტომ პოლიტიკოსები მათზე ნადირობენ. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ეს ღვაწლმოსილი ადამიანები, ეს ის თაობაა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა უმძიმეს დროში შეინარჩუნა და დღემდე მოიყვანა, მაგრამ ბიუჯეტის შემოსავლებისა და მაკროეკონომიკური გათვლის გარეშე მათთვის მიცემული ყველა დაპირება არის ფუჭსიტყვაობა და მეტი არაფერი. ბუნებრივია, ყველა დაპირების ანალიზი ერთ ინტერვიუში ვერ მოხერხდება, ამიტომ აქ მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდს შევეხე, ამომრჩეველი კი, კარგად უნდა დაუკვირდეს, ვინ არის თავისი სიტყვის შემსრულებელი და ვინ გასცემს წინასაარჩევნო დაპირებებს ჰაიჰარად.

- თქვენი შეფასებით, პოლიტიკური პარტიების ეკონომიკური პროგრამების მთავარი ნაკლი რა არის?

- ალბათ ის, რომ თითქმის ყველა პარტიას (მათ შორის, მმართველსაც), მესიჯების დონეზე აქვს წარმოდგენილი თავისი ეკონომიკური ხედვა, რასაც თან არ ერთვის სერიოზული მაკროეკონომიკური გათვლები და თუ პროგრამას ასეთი გათვლები არ ახლავს, ყველაფერი პოპულიზმსა და მახვილსიტყვაობაში გადაიზრდება ხოლმე. სამწუხაროა, მაგრამ თითქმის არც ერთი პოლიტიკური ძალა არ ამახვილებს ყურადღებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, რომლითაც საქართველოს ბევრმა მოქალაქემ ისარგებლა, მათ შორის ჩემმა ოჯახმაც. ეს პროგრამა აუცილებელია ამ საყოველთაო შეჭირვების დროს. პენსიების გაზრდას რომ ჰპირდებიან, 5-10 ათას ლარიანი და უფრო ძვირი ოპერაციების დაფინანსებას საკუთარი ჯიბეებიდან აპირებენ? ზოგიერთი პარტია იმასაც ამტკიცებს, რომ ძალიან ცუდია, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მდიდარი ადამიანებიც სარგებლობენ, რომ მათზე ბიუჯეტის ფული არ უნდა იხარჯებოდეს. ერთი შეხედვით, ეს სიმართლეა, მაგრამ მე ვსვამ კითხვას - რამდენია ეს მდიდარი ადამიანი? - ერთი, სამი, თუ ხუთი პროცენტი? და რა ქნას დანარჩენმა 95-მა პროცენტმა? ოპტიმისტები ამბობენ, რომ მდიდარი ადამიანების რიცხვი უფრო მეტია, მაგრამ 20%-ს ზევით ხომ აღარ არის? გამოდის, რომ დარჩენილმა 80-მა პროცენტმა ხელი უნდა აიღოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობაზე?! უნდა გითხრათ, რომ მდიდრები ისედაც არ სარგებლობენ ამ პროგრამით, რადგან მათ უფრო ძვირი დაზღვევა აქვთ და უკეთესი პირობებით მკურნალობენ სამედიცინო დაწესებულებებში. მოდი, ვაღიაროთ, რომ პოპულიზმი საერთოდ არის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი, ოღონდ ხალხის მოტყუება არ ვარგა. ბარაკ ობამამ მაგალითად, ყველა დაპირება შეასრულა, რაც თავის ამომრჩეველს მისცა. იმედი მაქვს, რომ ჩვენთანაც ოდესმე ასე იქნება.

ხათუნა ჩიგოგიძე